განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100119003144894, №1ბ/1738-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- მ---------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ე-–---- ე-–---ის ძე ი----------ი - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------–---–----------------------;
ადვოკატი - ც------ მ--–--------ი.
თარჯიმანი -ა---- ს---–--------ი
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილები (ორი ეპიზოდი) - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით 7 (შვიდი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება, შემდეგ გარემოებათა გამო: ე-–---- ი----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ, აღიარა და მოინანია გულწრფელად, აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან და კვლავ აგრძელებს თანამშრომლობას საგამოძიებო ორგანოებთან, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არის ნასამართლობის არმქონე, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არის მკაცრი და არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან სასამართლომ გაითვალისწინა ყველა შემამსუბუქებელი გარემოება და ე-–---- ი----------ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით, ე-–---- ი----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:
- ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (ორი ეპიზოდი).
- დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
- დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
ე-–---- ი----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,027 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2019 წლის 12 ივლისს 700 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ზ----- ქ-----–--ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ზ-----ი ქ-----–--ს თანხმობით ქ------–---------------------–-----------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ უკანასკნელისგან იქნა ამოღებული.
ე-–---- ი----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,012 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2019 წლის 13 ივლისს 200 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ზ----- ქ-----–--ზე, თუმცა თანხის გადაცემის შემდეგ პატივისცემის ნიშნად ე-–---- ი----------მა 30 ლარი უკან მისცა ზ----- ქ-----–--ს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და ფულადი თანხა, იმავე დღესვე შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ზ----- ქ-----–--ს თანხმობით ქ.------–---------------------–-----------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ უკანასკნელისგან იქნა ამოღებული.
ე-–---- ი----------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, საიდანაც ნარკოტიკულ საშუალებებს „ჰეროინს“ წონით 0,233 გრამს, მორფინს (ფუძე) 0,0086 გრამს და კოდეინს (ფუძე) წონით 0,0028 გრამს ინახავდა პირადად, ხოლო ფსიქოტროპულ საშუალება „პრეგაბალინს“ წონით 2,094 გრამს ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, 2019 წლის 30 ივლისს, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა თ---–--–---–-----------------------ში მდებარე, ე-–---- ი----------ის საცხოვრებელ სახლში მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერებები კი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 ოქტომბრის განაჩენით, ე-–---- ი----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ე-–---- ი----------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ე-–---- ი----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2019 წლის 30 ივლისიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ე-–---- ი----------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, ე-–---- ი----------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N-------- დასკვნა, სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე. სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, პუნ 159.). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ. 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (ვრცლად იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ე-–---- ი----------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ე-–---- ი----------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებების (მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტებით და მასალებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ე-–---- ი----------ის პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმებით, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით) ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ე-–---- ი----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ე-–---- ი----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ც------ მ--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ვინაიდან, აღნიშნული ნივთიერებები არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით, აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებადაა შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციით. ამავე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ე.ი. გადაცემა სხვა პირისათვის ნებისმიერი ხერხით (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა და ა.შ.) როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. რაც შეეხება ამავე კოდექსის 261-ე მუხლს, აღნიშნული მუხლით კრიმინალიზებულია ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული ქმედებები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი კი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა საბოლოო სასჯელი ე-–---- ი----------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან თერთმეტ წლამდე.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ხასიათი, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას და ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტებს, წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვისაც. უნდა აღინიშნოს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა და ქმედების განხორციელების სახე, სისტემატურობა, ნარკოტიკული საშუალების სახეობები, არ იძლევა სასჯელის შემცირების საფუძველს.
სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაქცია სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გაითვალისწინა ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებაზე. მითითება იმ გარემოებაზე, რომ ე-–---- ი----------მა აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები, მხედველობაში იქნა მიღებული სასჯელის დანიშვნისას და გამოხატულია დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციის ფარგლებში დანიშნული მინიმუმთან მიახლოვებული სასჯელით - 7 (შვიდი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ე-–---- ი----------ის მიმართ სასჯელის კიდევ უფრო შემცირების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე-–---- ი----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ც------ მ--–--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ე-–---- ი----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ე-–---- ი----------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვოს 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ე-–---- ი----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2019 წლის 30 ივლისიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ე-–---- ი----------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.
ნივთიერი მტკიცებულებები:
§ 2019 წლის 12 ივლისს და 13 ივლისს ზ----- ქ-----–--სგან ამოღებული ე-–---- ი----------ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები, ე-–---- ი----------ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული საშუალებები და მათი შესაფუთი მასალა, ე-–---- ი----------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
§ საქმეზე არსებული დისკები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
§ ზ----- ქ-----–--სგან ამოღებული ე-–---- ი----------ისგან საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული ფულადი თანხა 30 ლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლე ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე