განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
330100119003087454
ინსტანცია
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003087454

საქმე №1ბ/1618-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ოთარ ჯუგაშვილის, ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ვ--–-------------–---–ის,ადვოკატ - ლ------------–-–---–ის,მსჯავრდებულ - ლ--------------–--ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ--------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლ--------------–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, ა----------------------–------------–------------------------------------–------------------–------------------–--------------–----------–-----------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენით:

 

ლ--------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ლ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 28 მაისიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ლ--------------–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონოდ შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 03 მაისს, დღის საათებში, ლ--------------–--ემ, წინასწარი შეთანხმებით სხვა პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქ-------–--–---------------------–------------------------------ში მდებარე ი---------ას საცხოვრებელ ბინაში და იქიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სხვადასხვა ნივთებს, კერძოდ: „Braun-ის’’ ფირმის საპარს მანქანას, ღირებულს 50 (ორმოცდაათი) ლარად, პლასტიკურ ბარათებს და ვერცხლის ოთხ ცალ ბეჭედს, ღირებულს 40 (ორმოცი) ლარად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლევან ზულბულიძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ------------–-–---–მა.

 

აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ლ--------------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად არ დამდგარა რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი, იგი არის ოთხი არასრულწლოვანი შვილის მამა და საკუთარი ოჯახის გვერდით ყოფნა არის მეტად მნიშვნელოვანი ინტერესის მატარებელი, ვიდრე მისი მკაცრად დასჯა. სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე ასევე სადავოდ ხდის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ცალკეულ ფაქტობრივ გარემოებებს; კერძოდ, მიუთითებს, რომ ლ--------------–--ემ დააზიანა დაზარალებულის კუთვნილი ბინის საკეტი და მისი ნებართვის გარეშე ნამდვილად შეაღწია ბინაში, თუმცა თვითონ არ დაუფლებია არცერთ ნივთს და მისი მხრიდან სხვისი მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების განზრახვა არ არის დადასტურებული.

 

სააპელაციო ინისტანციის სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ლ--------------–--ემ და მისმა ადვოკატმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება შესაბამისი სანქციის ფარგლებში, ან მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა. ასევე, მსჯავრდებულმა ლ--------------–--ემ განაცხადა, რომ სრულად აღიარებს იმ დანაშაულის ჩადენას, რისთვისაც მას მსჯავრი დაედო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ხოლო ადვოკატმა განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტებზე აპელირებს როგორც მსჯავრდებულის მიმართ არსებულ შემამსუბუქებელ გარემოებებზე.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვ--–-------------–---–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ლ--------------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ლ--------------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებით, კერძოდ: დაზარალებულ ი---------ას გამოკითხვის ოქმით; მოწმეების - გ-------------------------------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამოღებული ნივთებით; ნივთის გახსნისა და დათვალიერების ოქმებით; ნივთის ამოცნობის ოქმებით; სასაქონლო და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სააპელაციო პალატა აფასებს რა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში; აღნიშნულ პროცესში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს ქონდათ სრული შესაძლებლობა, წარმოედგინათ თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები. 2019 წლის 16 ივლისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა ნუსხის წარმოდგენის შემდეგ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ------------–-–---–მა განაცხადა, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდიდა ნუსხაში ასახულ არცერთ მტკიცებულებას. აღნიშნულის შემდეგ მსჯავრდებულს მოსამართლის მიერ ამომწურავად განემარტა, თუ რას ნიშნავს მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და რა შედეგები მოყვება მას. კერძოდ, მოსამართლემ ლ--------------–--ეს აუხსნა, რომ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს სადავოდ ვეღარ გახდიდა საქმის განხილვის მომდევნო ეტაპებზე და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მათი გამოკვლევის შესაძლებლობა აღარ მიეცემოდა. ლ--------------–--ემ დაუდასტურა სასამართლოს, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის არსი და არ სურდა მათი გამოკვლევა.

 

ყოველივე აღნიშნულის საფიძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ ლ--------------–--ე ნამდვილად იმყოფებოდა სხვა პირთან ერთად დაზარალებულის ბინაში, სადაც უკანონოდ შეაღწიეს, თუმცა მის მიერ არ იქნა დაუფლებული არცერთი მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე ნივთი, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, დანაშაულის ერთობლივად ჩადენაში არ იგულისხმება ორივე ამსრულებლის ერთობლივი და თანაბრად აქტიური ქმედების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ თანაამსრულებლები შესაძლოა წინასწარ იყვნენ შეკავშირებულები დანაშაულის ჩასადენად, თითოეულის როლი ქმედების მომენტში შეიძლება გამოირჩეოდეს მეტი ან ნაკლები აქტიურობით, მათ დანაშაულებრივი აქტივობა ვერ იქნება ყველა შემთხვევაში თანაბარი. სწორედ მსგავს გარემოებას ჰქონდა ადგილი განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულ ლ--------------–--ესა და მის თანამზრახველს შორის, რაც ვერ მოახდენს გავლენას ლ--------------–--ის, როგორც დანაშაულის ერთ-ერთი ამსრულებლის ქმედების შეფასებაზე. მტკიცებულებათა ანალიზის შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ--------------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონოდ შეღწევით,რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯვრდებულ ლ--------------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე. მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

 

მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს პალატა ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირად და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულმა ლ--------------–--ემ მის მიმართ ბარალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა სრულად აღიარა გამოძიების დაწყებისთანავე გამოკითხვისას; ასევე მან უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარმოდეგნილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, თუმცა ლ--------------–--ემ არ დაასახელა მასთან ერთად ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე მეორე პირის ვინაობა, რაც გულისხმობას, რომ არ შედგა სრულყოფილი თანამშრომლობა მსჯავრდებულსა და ბრალდების მხარეს შორის.

 

ასევე, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს ლ--------------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფართოდ გავრცელებულ ხასიათს, ხერხს, მისი საზოგადოებრივ საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნებას, ინდივიდუალური მახასიათებლებს და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლ--------------–--ის მიმართ არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში მინიმალური ზომის სასჯელის შეფარდების ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკევთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის საფუძვლები. ჩადენილი დანაშაულებისათვის დადგენილი სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, სასამართლოს მიერ ლ--------------–--ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის შემსუბუქებაც სააპელაციო პალატას არ მიაჩნია მიზანშეწონილად. თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ამასთან, შეძლებს დააფიქროს ლ--------------–--ე, რომ უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 სეტემბრის განაჩენი ლ--------------–--ის მიმართ, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ლ--------------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი;

 

ლ--------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ლ--------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ლ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 28 მაისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე