განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
330100119003094135
ინსტანცია
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119003094135

საქმე № 1ბ/1888-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 დეკემბერი, 2019 წ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი

სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ლ-–- ა-------–---–ი

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული:

ს------ ს---–----–---–ი, დაბადებული 1----–-–------------------, სიღნაღის რაიონში, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქალაქ თ---–--–----------------------------------–---------------------------–-.

ადვოკატი: ი-----–- ე----ა

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 22 ოქტომბრის, განაჩენით ს------ ს---–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2014 წლის 20 მარტის, განაჩენით ს------ ს---–----–---–ისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 (ერთი) წელი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს------ ს---–----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს------ ს---–----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

2019 წლის 05 ივნისს, შუადღის საათებში, ქალაქ თბილისში, წ-------------------------------–-, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ს------ ს---–----–---–ი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ--–- ზ---------ს, რის შედეგად ლ--–- ზ---------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 22 ოქტომბრის, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს------ ს---–----–---–ის ადვოკატმა ი-----–- ე----ამ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით. საჩივრის და სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შედეგ დაზარალებული შეურიგდა მსჯავრდებულს. წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი განცხადება. მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას. ამ გარემოებებზე მითითებით, დაცვის მხარემ ითხოვა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარე არ დაეთანხმა ამ მოთხოვნას და ითხოვა განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება.

სააპელაციო პალატამ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს------ ს---–----–---–ის ადვოკატის ი-----–- ე----ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - ლ--–- ზ---------ის ჩვენებით დასტურდება როგორც ს------ ს---–----–---–ის მიერ მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი, ასევე - ის ფაქტიც, რომ ასეთი მუქარა მან (დაზარალებულმა) აღიქვა რეალურად. კერძოდ, დაზარალებულის განმარტებით, 2019 წლის 05 ივნისს, შუადღის საათებში იგი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, შვილთან - ნ---- გ--------თან ერთად, რა დროსაც მასთან მივიდა ყოფილი მეუღლე - ს------ ს---–----–---–ი, რომელიც იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. ს------ ს---–----–---–მა სთხოვა შერიგება, ხოლო უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული და დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა. ვინაიდან ს------ ს---–----–---–ის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებს წარსულშიც ჰქონდა ადგილი, მან ეს მუქარა აღიქვა რეალურად.

არასრულწლოვანი მოწმის - ნ---- გ--------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს დედასთან - ლ--–- ზ---------თან, დასთან - მ------ გ--------თან და ძმასთან - გ------- გ--------თან ერთად. 2019 წლის 05 ივნისს, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში ლ--–- ზ---------თან ერთად, რა დროსაც მათთან მივიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ს------ ს---–----–---–ი, რომელიც ლ--–- ზ---------ს სთხოვდა შერიგებას. უარის მიღების შემდეგ ს------ ს---–----–---–ი გახდა აგრესიული და ლ--–- ზ---------ს დაემუქრა მოკვლით, კერძოდ - უთხრა მას, რომ ყელს გამოჭრიდა, რის გამოც ლ--–- ზ---------ი იყო ძალიან შეშინებული.

მოწმეების - ვ-----–- გ-----–--ს, გ--- ა-–----–---–ის და ზ------ ს--------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადასტურებულია საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების ფაქტი და ამ მოქმედებების შედეგად მიღებული იმ წერლობითი მტკიცებულებების წარმომავლობა და ავთენტიკურობა, რომლებიც საფუძვლად დაედო ს------ ს---–----–---–ისათვის წაყენებულ ბრალდებას.

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ, შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები - მოწმეთა ჩვენებები და დოკუმენტები, რომელთა წარმომავლობა ცნობილია და დადასტურებულია იმ პირთა ჩვენებებით, რომლებმაც მოიპოვეს ან/და შექმნეს ეს მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებები მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით და მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ს------ ს---–----–---–ის მიერ ოჯახის წევრის - ლ--–- ზ---------ის - მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ს------ ს---–----–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ--–- ზ---------ს. ამასთანავე, ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, დაზარალებულთან ურთიერთდამოკიდებულება, მუქარის გამოხატვის ფორმა და თანმდევი აგრესიული ქმედებები ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს------ ს---–----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მხარეებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან კვალიფიკაციასა და პირის დამნაშავედ ცნობას.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად, იმ ცვლილებით, რომ სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. აღნიშნულის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არის მხოლოდ სასჯელის შემცირება, პალატა პირის დამნაშავეობისა და კვალიფიკაციის საკითხს მეტად აღარ შეეხება.

რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ იზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

იხელმძღვანელა რა ამ კრიტერიუმებით, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება - რომ ის არის ნასამართლევი და დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა ს------ ს---–----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მუქარის გამოხატვის ფორმა. კერძოდ, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ს------ ს---–----–---–ის მიერ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია ჯარიმა, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, სასამართლომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებლად ჩათვალა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში.

გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2014 წლის 20 მარტის განაჩენით ს------ ს---–----–---–ისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ს------ ს---–----–---–მა ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის საკმაოდ ხანგრძლივი გამოსაცდელი ვადის - ხუთი წლის - დასრულებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დამატებოდა მხოლოდ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს რა ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ შორის ზემოთ დასახელებულ, ს------ ს---–----–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით.

ამავდროულად სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ სასჯელის შემსუბუქების საჭიროებას ადასტურებს და განაპირობებს დაზარალებულთან შერიგება. პალატა განმარტავს, რომ ასეთი ფაქტობრივი გარემოება ყოველთვის და უპირობოდ არ იწვევს სასჯელის შემსუბუქებას. ის უნდა შეფასდეს საქმის ყველა გარემოებასთან, მათ შორის მსჯავრდებულის პიროვნებასთან (პიროვნულ მახასიათებლებთან) ერთობლიობაში.

აფასებს რა ამ კრიტერიუმით დანიშნული სასჯელის კანონიერებას, პალატა მხედველობაში იღებს ზემოთ დასახელებულ დამამძიმებელ გარემოებებს. ასევე პალატა დამატებით უთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი დიდი ხანია არსებობს, მსჯავრდებული კი წარსულში ნასამართლევია და დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. ეს ნიშნავს, რომ მისი მხრიდან მომატებულია დანაშაულის რეციდივის ვარაუდი, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია მხოლოდ ადეკვატური და საკმაოდ მკაცრი სასჯელის გამოყენებით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ს------ ს---–----–---–ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ხოლო ნაკლებად მკაცრი სასჯელის პირობებში, ამ მიზნების შესრულება შეუძლებელია. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 22 ოქტომბრის, განაჩენი ს------ ს---–----–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ს------ ს---–----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი-----–- ე----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 22 ოქტომბრის, განაჩენი ს------ ს---–----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ს------ ს---–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2014 წლის 20 მარტის, განაჩენით ს------ ს---–----–---–ისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 (ერთი) წელი.

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს------ ს---–----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

ს------ ს---–----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ს------ ს---–----–---–ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 06 ივნისიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი