განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002951116
საქმე №1/ბ-801-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ---------- გ-------ს ძე ჯ------–-–---–ის მიმართ დაბადებული: 196- წლის 19 ო----------ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, კ. გ-------------ს ქუჩა №87, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
თ---------- ჯ------–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 10 მარტს დაახლოებით 22:00 საათზე, ქუთაისში, გ-------------ს ქუჩა N87-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თ---------- ჯ------–-–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ნ---- მ----–---–ს. კერძოდ, აგინებდა რა მას, ხელს ურტყამდა და უჭერდა სხეულის სხვადასხვა ადგილას, რა დროსაც ნ---- მ----–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით თ----------ი ჯ------–-–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
თ----------ი ჯ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გამართლებულ თ---------- ჯ------–-–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და თ---------- ჯ------–-–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდენილ მტკიცებულებებს და არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადენილ მოთხოვნებს. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში საპროცესო კანონმდებლობით დადენილი წესით და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ თ---------- ჯ------–-–---–ის ბრალდებას გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ თ---------- ჯ------–-–---–ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს. კერძოდ: მოწმეების - დ----- გ--------ის და ლ---- ც----ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, შემაკავებელი ორდერი და სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ნ---- მ----–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმე გ------- ჯ------–-–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
ბრალდებულმა თ---------- ჯ------–-–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით, ასევე უარი განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, 2019 წლის 10 მარტს ქუთაისში კ. გ-------------ს ქუჩა N87-ში განთავსებულ საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ---- მ----–---–მა მის მეუღლეს თ---------- ჯ------–-–---–ს.
N------ შეტყობინების თანახმად, თ---------- ჯ------–-–---–ის გადმოცემით, მეუღლემ ნ---- მ----–---–მა, რომელიც არის ფსიქიურად აშლილი პიროვნება, თავში ჩაარტყა უთო და დაკბინა ხელებზე.
თ---------- ჯ------–-–---–ი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2019 წლის 15 მარტს 14:45 სთ-ზე ქუთაისში კ. გ-------------ს ქუჩა N87-ში განთავსებულ საცხოვრებელ სახლში.
მოწმის სახით დაკითხული დ----- გ--------ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 10-დან 11 მარტის ჩათვლით დილის ათი საათიდან მეორე დილის ათ საათამდე იყო ოპერატიულ ჯგუფში. საღამოს დაახლოებით 10-დან 11 საათამდე მათ დაუკავშირდა განყოფილების ოპერატიული მორიგე და აცნობა, რომ კ. გ-------------ს ქ. N87-დან დარეკა თ---------- ჯ------–-–---–მა, რომელიც იტყობინებოდა, რომ მეუღლემ ნ---- მ----–---–მა თავში ჩაარტყა უთო და უკბინა ხელის არეში. დ----- გ--------ე იმყოფებოდა პარალელურ ქუჩაზე, იქვე ახლოს და ინსპექტორ-გამომძიებელ მ------ წ------თან ერთად წავიდა მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისვლისას დახვდათ ნ---- მ----–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მისაღებ ოთახში მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ, თ---------- ჯ------–-–---–მა. იმისათვის, რომ მთვრალი მეუღლე მოეშორებინა თავიდან და დაეცვა თავი, ჩაარტყა უთო თავში. შემდეგ ნ---- მ----–---–მა განმარტა, რომ მეუღლე სისტემატიურად ძალადობს უმიზეზოდ მასზე და ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, დაახლოებით 5 წელი გრძელდებოდა ეს ვითარება. მისი განმარტებით, 2018 წლის ოქტომბრის თვეში ახრჩობდა თ---------- ჯ------–-–---–ი. ამავე წლის დეკემბრის თვეში დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ყოველივე ამის გამო მოახდინა მეუღლისთვის თავში უთოს ჩარტყმა, რის შემდეგაც მისმა მეუღლემ თ---------- ჯ------–-–---–მა დარეკა პოლიციაში 112- ის ოპერატორთან. ვინაიდან შვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტრავმას და თ---------- ჯ------–-–---–ს ჰქონდა რეგისტრირებული იარაღი, არ იყო გამორიცხული, რომ მათ ზიანს მიაყენებდა. ყოველივე ამის გამო ნ---- მ----–---–მა მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რაც გამოცემული იქნა 30 დღის ვადით. ამის შემდეგ ქალბატონი გადაყვანილი იქნა პოლიციის შენობაში და დაიკითხა მოწმის სახით. მოწმის განმარტებით, როდესაც ის გამოცხადა შემთხვევის ადგილზე, ბრალდებული იქ არ დახვდათ და მოგვიანებით მოვიდა ეზოში მის დაძახებაზე, მაგრამ მათთან საუბარზე უარი განაცხადა. მან ბრალდებულს შემაკავებელი ორდერის შესახებ გააცნო ტელეფონით.
მოწმის სახით დაკითხული ლ---- ც----ს ჩვენების თანახმად, 2019 წლის 11 მარტს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება 1261 მუხლის პირველი ნაწილით. მის მიერ აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ იქნა მსხვერპლი, ასევე მისი შვილი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დ----- გ--------ე. ბრალდებულს და მისი ინტერესების დამცველს გააცნო ბრალდება, მათ გადასცა მტკიცებულებები. მოწმის ლ---- ც----ს განმარტებით, მის მიერ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი, ასევე მან განახორციელა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს დაზარალებულის მითითებით ამოღებული იქნა უთო, რომელიც დაზარალებულის განმარტებით მეუღლესთან კონფლიქტის დროს დაარტყა თავში. მოწმის განმარტებით, ის იყო ძირითადი გამომძიებელი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. მას როგორც ახსოვს, შეტყობინების ინიციატორი იყო ბრალდებული, რომელიც აცხადებდა, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ და უკბინა ხელზე.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით თ---------- ჯ------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა ნ---- მ----–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ---------- ჯ------–-–---–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, თ---------- ჯ------–-–---–ი დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად, სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია, კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით თ---------- ჯ------–-–---–ის მსჯავრდება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
თ----------ი ჯ------–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
განემარტოს თ----------ი ჯ------–-–---–ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თ----------ი ჯ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (გ------- ჯ------–-–---–ს) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარი (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი დამსხვრეული უთო, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
- თ----------ი ჯ------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული პისტოლეტის მაგვარი საგანი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მაკა გორგოძე