განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2019
საქმის ნომერი
010100119002837704
ინსტანცია
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119002837704

საქმე №1/ბ-612-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

23 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი თ--------------–---–ი;

 

გამართლებული: ბ------------–---–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №1----------), ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ზ--------------------–----------------;

ადვოკატები: თ--------------ე, მ------–--------ე;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით;

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ------------–---–---–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 30 აგვისტოს, ღამის საათებში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბ------------–---–---–მა, ქ--------–--------–----------------ის მიმდებარედ მოძრაობისას, იმავე მისამართზე არსებული ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის შესასვლელი კარის გვერდიდან გამოაძრო ლამინატის ნაჭერი, რის შემდეგაც გზა გააგრძელა ა----–----------------ში მდებარე სავაჭრო ობიექტებისკენ, რომლის გვერდითაც მიბჯენით მდებარეობს მ--------------------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, ის ავიდა ქუჩის მხრიდან სახლზე არსებულ კიბეზე მეორე სართულის სიმაღლეზე და თანნაქონი სანთებელას მეშვეობით, განზრახ წაუკიდა ცეცხლი მის ხელთ არსებულ ლამინატის ნაჭერს, რომელიც კარგად აალებისა და მასზე ცეცხლის მოკიდების შემდეგ, მიადგა სახლის კედელთან მიბჯენით არსებულ სავაჭრო ობიექტის კედლის იმ ნაწილს, სადაც მიკრული იყო ე.წ. "ონდოლინი", რის გამოც, ცეცხლი კიდევ უფრო აალდა და ხანძარი ცეცხლმოკიდებული ე.წ. "ონდოლინიდან" გადაედო სავაჭრო ობიექტის სხვენს და მასში სასაწყობედ განთავსებულ ფართში დაწყობილ შპალერებს. აღნიშნულის გამო, ხანძარი გავრცელდა მთელიანად ობიექტზე და გადაედო როგორც მ--------------------ის საცხოვრებელ სახლს, ასევე, სხვა სავაჭრო ობიექტებს, რის შედეგადაც დაზიანდა და განადგურდა შემდეგი სავაჭრო ობიექტები და მასში განთავსებული საქონელი, კერძოდ: შპს „ა------ის“, შპს „ე-----------ს“, ინდ. მეწარმე „გ--–----------ის“, შპს „ნ---------ის“, შპს „ა---------ის“, ინდ. მეწარმე „ლ------------------ის“, შპს „ვ----ს“, შპს „მ-------ის“, შპს „ნ--------სის“, შპს „ბ--------ის“ სავაჭრო ობიექტები და მასში განთავსებული საქონელი, ასევე მ--------------------ის საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულის გამო, თითოეულ მათგანს მიადგა სხვადასხვა ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ზემოაღნიშნულის გამო, ბ------------–---–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განაჩენით: ბ------------------------–---–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ბ------------–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

გამართლებულ ბ------------–---–---–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ;

ნივთმტკიცებების საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ელექტრო სადენები, ნამწვავები, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; - მოწმე ე-–----------–--ისგან ამოღებული „სამსუნგ გალაქსი ჯ7“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება გამოძიების ორგანოში- დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე, მობილური ტელეფონის ამოღების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე, სასამართლოს განჩინებით მოპოვებული ვიდეო ჩანაწერები შვიდ ცალ DVD დისკზე, რომლებიც ასევე ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----------–---–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ბ------------–---–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: პუშკინის ქუჩაზე მდებარე სხვადასხვა ობიექტებიდან ვიდეო ჩანაწერები, საგამოძიებო ექპსერიმენტის ოქმთან ერთად, ბ-–---–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებებია და მათში ნათლად ჩანს ბრალდებულის მხრიდან მცენარისათვის ცეცხლის მოკიდების მცდელობის ფაქტი, ასევე ის გარემოება თუ როგორ იღებს ლამინატის ნაჭერს და ადის მის მიერ დასახელებულ კიბეებზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში კი ასახულია, რომ ბ------------–---–---–მა ცეცხლი წაუკიდა ლამინატს ჯიბეში არსებული სანთებელით და გააგრძელა გზა. აღნიშნული ადგილი კი წარმოადგენდა ჩიხს და მასში მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთი მხრიდან. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ ბ------------–---–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.

 

დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განაჩენი.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა ბ------------–---–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: მ------–--------ემ და თ--------------ემ ითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ბ------------–---–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ------------–---–---–ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქმეში წარმოდგენილი N2101105 შეტყობინების თანახმად, 2018 წლის 30 აგვისტოს 02:03 სთ-ზე 112-ის სამსახურში შევიდა შეტყობინება ქ--------–------–----------აზე არსებული ხანძრის თაობაზე. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით.

ინფორმაციული პატაკის თანახმად, 2019 წლის 15 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ-------------–--ის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს ბათუმში, ა-–----–-------------ში მდებარე სავაჭრო ობიექტების და ამავე ქუჩის N26-ში მდებარე საცხოვრებელი სახლზე ხანძარი გააჩინა ზესტაფონის რაიონის სოფ. საქარაში რეგისტრირებულმა ბ--------- ბ-–---–---–მა, რომელიც 2018 წლის 29 აგვისტოს 23:00 საათიდან 2018 წლის 30 აგვისტოს 02:00 საათამდე დროის მონაკვეთში მოძრაობდა ბათუმში, პუშკინის და იმედაშვილის ქუჩების კვეთაში. პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ-------------–--ის მიერ 2018 წლის 22 სექტემბერს შედგენილი ინფორმაციული პატაკის თანახმად, კვლავ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბ-–---–---–ი პუშკინის ქუჩაზე მოძრაობისას და ცეცხლის გაჩენისას სარგებლობდა და კვლავ სარგებლობს "სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონით, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა ნომერი - 557 96 73 05. ტელეფონის იმეი კოდია - 353237079200326.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე რ-------------–--ემ დაადასტურა 2018 წლის 15 სექტემბერს და 22 სექტემბერს მითითებული შინაარსის ოპერატიული ინფორმაციის მიღება, რომელიც მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან სამი თვის შემდეგ, 21 დეკემბერს, საქმეზე მოწმის სახით პირველად დაიკითხა ბ--------- ბ-–---–---–ი. საქმეში არ არის წარმოდგენილი დოკუმენტური ინფორმაცია თუ როგორ მოხდა ბ-–---–---–ის დაბარება და გამოცხადება პოლიციის მესამე განყოფილებაში.

 

2018 წლის 22 დეკემბერს ბ-–---–---–ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის მიმდინარეობის ამსახველი ოქმის თანახმად, გამომძიებელმა იმ ეტაპზე მოწმის სტატუსის მქონე ბ-–---–---–ს წაუკითხა ჩვენება, რის შემდეგაც მისცა წინადადება "ჩვენებაში აღწერილი ფაქტების და მიმართულების დემონსტრირების მიზნით" ჩვენებაში მითითებულ ადგილებზე გასულიყვნენ, რის შემდეგაც გაემართნენ იმედაშვილის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი იმედაშვილის და პუშკინის ქუჩების კვეთაში, ბ-–---–---–მა მიუთითა სად მოუკიდა სანთებელით ცეცხლი მცირე ზომის ნაძვს, რომელი ბანკომატიდან აიღო თანხა, შემდეგ რა მიმართულებით წავიდა და ა.შ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაფიქსირდა მხოლოდ პუშკინის და მიმდებარე ქუჩაზე არსებული ადგილები, სადაც ბ-–---–---–ი გადაადგილდებოდა 2018 წლის 30 აგვისტოს ღამეს. საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ჩატარებულა უშუალოდ შემთხვევის ადგილას, შესაბამისად, ბ-–---–---–ი ხანძრის ადგილას არ მიუყვანიათ და მას არ მიუთითებია ის კონკრეტული ადგილები, თუ საიდან, რა გზებით შევიდა ობიექტზე, კონკრეტულად რა მოქმედებები განახორციელა ხანძრის გასაჩენად, როგორ დატოვა შემთხვევის ადგილი და ა.შ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა ნ-------------ემ, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედება არ მოიცავს შემთხვევის ადგილს (იხ. სხდომის ოქმი 14:03.19. -13:14 სთ), არ მიიჩნია მიზანშეწონილად ხანძრის ადგილზე მიეყვანათ ბ-–---–---–ი, ამიტომ მხოლოდ მიმდებარე ქუჩები მოიარეს მასთან ერთად, შესაბამისად, ექსპერიმენტის ოქმით დაფიქსირდა მხოლოდ ბ-–---–---–ის გადაადგილება პუშკინის ქუჩაზე.

საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტმა ე-----------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ბ-–---–---–ი თავისუფლად, ძალდაუტანებლად აჩვენებდა იმ ადგილებს, სადაც გადაადგილდებოდა 30 აგვისტოს ღამეს. მოწმის განმარტებით, ნახეს ნახევრად დამწვარი ბუჩქიც, რომელიც ბრალდებულის განმარტებით მან გადაწვა.

 

2018 წლის 23 დეკემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბ------------–---–---–ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მასზედ, რომ საგამოძიებო ექპსერიმენტის ოქმითა და პუშკინის ქუჩაზე მდებარე სხვადასხვა ობიექტებიდან ვიდეო ჩანაწერებით დასტურდება ბ.ბ-–---–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება და მათში ასახულია თუ როგორ უკიდებს ბრალდებული ცეცხლს ჯერ ხეს, შემდეგ ბუჩქს, იღებს ლამინატის ნაჭერს და მიდის იმ ადგილისკენ, სადაც ხანძარი მოხდა.

 

შპს "ჰ---–-----------------–-----------ის", შპს "თ---ის", შპს "ო-----ის", შპს "ა------------ის", შ----------ს" და ბათუმის მერიის კუთვნილი ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებში საერთოდ არ ჩანს ხანძრის არათუ ფაქტი, არამედ ის ობიექტებიც კი, სადაც ხანძარი მოხდა. ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია იდენტიფიცირება არის თუ არა ბრალდებული ბ-–---–---–ი ჩანაწერებში დაფიქსირებული პირი.

 

შპს "ჰ---–---------------–----------ის" ვიდეო-კამერების მიერ დაფიქსირებულ ჩანაწერში, 30 აგვისტოს, 01:09 საათზე კადრში ჩანს ახალგაზრდა, რომელიც ვიზუალურად წააგავს ბ-–---–---–ს, ის ჩერდება დიდ მცენარესთან, რომელიც უფრო ხეს გავს, ვიდრე ბუჩქს და სანთებელით მცენარის ტანზე უკიდებს ცეცხლს. ცეცხლი სულ ოდნავ ინთება და იბჟუტება, ქრება. ახალგაზრდა აგრძელებს გზას.

 

შ----------ს" კამერების მიერ დაფიქსირებულ ჩანაწერში, რომელიც დათარიღებულია 20.09.2018-ით, 22:00 საათზე კადრში ჩანს შავმაისურიანი ახალგაზრდა, რომლის იდენტიფიცირება შეუძლებელია, საუბრობს ტელეფონზე, მიდის ხესთან, ჩანს ერთი-ორი გაელვება, თუმცა არ ჩანს ცეცხლი, არც კვამლი, არც ცეცხლმოკიდებული ხე.

 

დანარჩენი ობიექტებიდან ამოღებული ჩანაწერები აბსოლუტურად არაინფორმატიულია. შპს "თ---ის" კამერების მიერ დაფიქსირებულ ჩანაწერში ბუნდოვნად ჩანს ვიღაც მამაკაცის მიერ, სავარაუდოდ, მოგრძო ნივთის ხელში აღება. (ბრალდების მხარის ვერსიით, კადრში ჩანს როგორ აიღო ლამინატის ნაჭერი ხელში ბ-–---–---–მა).

 

ამდენად, საააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ ჩანაწერებით ვერ დასტურდება ბრალდების მხარის ვერსია, რომ ბ.ბ-–---–---–მა სავაჭრო ობიექტების გადაწვამდე, გზად ცეცხლი წაუკიდა და დაწვა ხე, შემდეგ ბუჩქი, შესაბამისად, არ გაუჭირდებოდა უფრო დიდი მოცულობის ხანძრის გაჩენაც. აღნიშნული ვერსიის საპირისპიროდ, ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ ცეცხლი არ მოკიდებია და მით უფრო არ დამწვარა არც ხე, არც ბუჩქი. ამასთან, ჩანაწერები აფიქსირებს სხვადასხვა დროს და რაც ყველაზე საყურადღებოა - დათარიღებულია სხვადასხვა თარიღებით.

საქმეში წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, როგორებიცაა - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებები, ნივთიერი მტკიცებულებები, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები Nს/ტ--- და 1-------, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა Nქ----, დოკუმენტაცია ხანძრისგან განადგურებულ ქონებასთან და მის მესაკუთრეებთან დაკავშირებით - მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. აღნიშნული მტკიცებულებებით მხოლოდ დასტურდება პუშკინის ქუჩა N24-ში მდებარე სავაჭრო ობიექტების და N26-ში მდებარე სახლის ხანძრისგან განადგურების ფაქტი, თუმცა, ეს მტკიცებულებები არ იძლევიან ინფორმაციას ხანძრის გაჩენაში დამნაშავე პირის თაობაზე.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებას, მოწმე ა-–----------------–---–ის ჩვენებას, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმემ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.ბათუმში, არის ტაქსის მძღოლი. ბ------------–---–---–ი მისი ნათესავია, რომელიც ხშირად სტუმრობდა მის ოჯახს. ის ეკონომიურად საკმაოდ შეჭირვებული ოჯახიდანაა და ცდილობდა სამსახური ეშოვა და ოჯახს დახმარებოდა. მალე მზარეულად მოეწყო გონიოში მდებარე კაფე-ბარში, მუშაობდა და არასდროს არავის შეუმჩნევია ცუდ საქციელში. ამიტომ ძალიან გაუკვირდა, როდესაც შეიტყო, რომ პოლიცია ბ---------ს დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. 2018 წლის დეკემბრის თვეში პოლიციის განყოფილებაში ბ----ს მიყვანის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, მივიდა თავადაც იმავე განყოფილებაში, ესაუბრა გამომძიებელს, რომელმაც დაამშვიდა და უთხრა, რომ სერიოზული პრობლემები ბ----ს არ ჰქონდა, საუბარი იყო ბუჩქის გადაწვაზე და როგორც შეიტყო, ბ---- სწორედ ამის თაობაზე იკითხებოდა პოლიციაში. გამომძიებლისგან გაიგო, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩაეტარებინა ბ-–---–---–ის მონაწილეობით, შემდეგ კი მას სახლში გაუშვებდნენ. სთხოვა გამომძიებელს, რომ თვითონაც გაყვებოდა და დაესწრებოდა საგამოძიებო მოქმედებას, მაგრამ აუხსნეს, რომ არ შეიძლებოდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა უკან გაყოლოდა მათ მანქანას და თავისი თვალით დაენახა რა მოქმედებები ჩატარდებოდა ბ-–---–---–ის მონაწილეობით. ასეც მოიქცა, რამდენიმე ათეული მეტრით უკან მისდევდა პოლიციელების ავტომანქანას, ხედავდა, რომ ისინი გარკვეულ ადგილებზე ჩერდებოდნენ, ბ---- მანქანიდან გადმოყავდათ, უღებდნენ სურათებს და ისევ მანქანაში სვამდნენ. დაბეჯითებით შეუძლია თქმა იმისა, რომ ბ---------ი არ მიუყვანიათ იმ ადგილას, სადაც ხანძარი გაჩნდა და სავაჭრო ობიექტები დაიწვა.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტთან მიმართებით, საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმის და ჩამტარებელი გამომძიებლის, ასევე დაცვის მხარის მოწმე ა-–-----------------–---–ის ჩვენებების თანახმად, პალატა განმარტავს, რომ ის არ ჩატარებულა შემთხვევის ადგილას, ბ.ბ-–---–---–ი ხანძრის ადგილას არ მიუყვანიათ და მას არ მიუთითებია ის კონკრეტული ადგილები, თუ საიდან, რა გზებით შევიდა ობიექტზე, რა მოქმედებები განახორციელა ხანძრის გასაჩენად, როგორ დატოვა შემთხვევის ადგილი და ა.შ. ექსპერიმენტმა, მოიცვა მხოლოდ მიმდებარე ქუჩები, სადაც ბ-–---–---–ი გადაადგილდებოდა 2018 წლის 30 აგვისტოს ღამეს. სასამართლო განხილვისას ბ-–---–---–მა მიუთითა, რომ ის ამ დროს ეძებდა პლასტიკურ ბარათზე დარიცხული ხელფასის მოსახსნელად ბანკომატს, ხელფასი მოხსნა და სახლში წავიდა. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიციით ბრალდებული, რომელსაც განუმარტეს, რომ ბუჩქზე ცეცხლის მოკიდებას ედავებოდნენ, მიუთითებდა გამომძიებლებს სწორედ ამ ადგილებზე - ბანკომატზე, ბუჩქზე და იმ სხვა ობიექტებზე, სადაც ჩაიარა აღნიშნულ ღამეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ხანძრის ადგილს საგამოძიებო ექსპერიმენტი საერთოდ არ მოიცავდა, შესაბამისად, გამომძიებელმა ბრალდებულისგან მიიღო ინფორმაცია მხოლოდ იმ ადგილებთან დაკავშირებით, სადაც გადაადგილდებოდა ფეხით 2018 წლის 30 აგვისტოს ღამეს, იგივეს ადასტურებს ფოტოილუსტრაციაც. აღნიშნულის გამო, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ არ იქმნება საკმარისი საფუძველი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევისთვის. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეთა ჩვენებებს, დამაჯერებლობლობის, თანმიმდევრულობის შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან გაზიარების საფუძველი სახეზეა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ სასამართლო განხილვისას მიცემული ჩვენების მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებისას ნანახი ბუჩქი, რომელზეც ბრალდებული მიუთითებდა, სანახევროდ იყო დამწვარი. ვიდეოკადრებში კი კარგად ჩანს, რომ ამ ბუჩქს ცეცხლი საერთოდ არ მოკიდებია და მცირე ნაპერწკალი ორიოდე წამში ჩაქრა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ბ------------–---–---–ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია: გამოძიების ეტაპზე მოწმედ დაკითხვისას ბ.ბ-–---–---–ის მიერ მიცემული ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგები და ვიდეო-კამერების ჩანაწერებში ასახული ინფორმაცია, რომლებიც არ იძლევიან ინფორმაციას ხანძრის გაჩენაში დამნაშავე პირის თაობაზე. აღნიშნულ მტკიცებულებათა გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად ბ------------–---–---–ი უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობა.

 

მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი, თუ გარემოება.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო, ბ------------–---–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლს 30 აგვისტოს ბ------------–---–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით. რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბ------------–---–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და ბ------------–---–---–ი სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, ბ------------–---–---–ის მიმართ, 2019 წლის 04 ივლისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განაჩენი, ბ------------–---–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.ბ------------–---–---–ი, ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

4.გამართლებულ ბ------------–---–---–ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

5.ბ------------–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;

 

6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ელექტრო სადენები, ნამწვავები, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

- მოწმე ე-–----------–--ისგან ამოღებული „სამსუნგ გალაქსი ჯ7“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება გამოძიების ორგანოში- დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე, მობილური ტელეფონის ამოღების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე, სასამართლოს განჩინებით მოპოვებული ვიდეო ჩანაწერები შვიდ ცალ DVD დისკზე, რომლებიც ასევე ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6) მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/

 

მოსამართლეები: /მ. გორგოძე/

 

/თ. სვანიძე/