განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.12.2019
საქმის ნომერი
330210016001382579
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)
თარიღი
31.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210016001382579

საქმე №2ბ/1922-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე – ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - გენადი მაკარიძე, ლევან მიქაბერიძე

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

აპელანტი - მ----- მ–------–--ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - თ------- გ--------–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - ხ------- კ----------ე, ბმა ,,ი----ი", თავმჯდომარე ა-–---------- კ--------ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ნ----- ქ------

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე მ----- მ–------–--ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ხ------- კ----------ის, ბმა ,,ი----ისა" და ა-–---------- კ--------ის მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი----ის“ 2008 წლის 19 სექტემბრის კრების ოქმი #8, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ საკუთრების უფლებით აღირიცხა 81.30 კვ.მ. სხვენი საკადასტრო კოდით N0----------------------, მდებარე ქ. თბილისში, ლ----ის ქუჩა N1-ში.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხე ხ------- კ----------ემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან 2008 წლის 19 სექტემბერს ბმა „ი----ის“ კრება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარდა. ამასთან, მოპასუხე ხ------- კ----------ის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია და მოსარჩელეს არა აქვს თავისი მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი, რაც ასევე სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.

 

მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი----ის“ თავმჯდომარემ, ა-–---------- კ--------ემ, სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან სადავო კრების ოქმი კანონის სრული დაცვით იქნა შედგენილი 10 წლის წინ. ა-–---------- კ--------ემ მიიჩნია, რომ არ არსებობს სადავო ოქმის გაუქმების რაიმე საფუძველი და სადავო ფართი მართებულად არის აღრიცხული მოპასუხის საკუთრებად.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება მ----- მ–------–--ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

5. სააპელაციო საჩივარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:

 

5.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასაჩივრებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებას.

 

5.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ სასამართლოში პირველ რიგში არ მიექცა სასამართლოს ყურადღება მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლომ ვერ დაადგინა, არ მოუსმინა მოსარჩელე მხარის იურიდიული ინტერესის რა მიმართულებით უნდა გამოკვეთილიყო, ამის დადგენა სასამართლოს პრეროგატივა იყო, ვინაიდან იხილავდა აღიარებით სარჩელს, მნიშვნელოვანი იყო დავის საგანი, რომლის მიმართ, ანუ სადავო აქტის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი იყო გამოკვეთილი, სასამართლომ მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება გამოსაკვლევი და შეუფასებელი დარჩა, საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ განმარტებულია თუ რა არის ბინის საერთო ფართობი „ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსები, იზოლირებული სათავსი ან და იზოლირებული სათავსების ფართობთა ჯამი, მოსარჩელემ სადავო გახადა ამხანაგობის გადაწყვეტილება კრების ოქმი, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ ლახავს მოსარჩელის ინტერესს. ამხანაგობის წევრის-მ----- მ–------–--ის ამჟამინდელი საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე იყო ხ------- კ----------ე, რომელსაც გასაჩივრებული კრების ოქმის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა მის საცხოვრებელ ბინასთან მომიჯნავე სხვენი, რომლის რეგისტრაცია მოახდინა საცხოვრებელი ბინის გასხვისების შემდეგ, კანონი არეგულირებს ბინის საერთო ფართობში შემავალ ინდივიდუალურ საკუთრებას და მომიჯნავე სათავსებს, არასაცხოვრებელ ფართობის საკუთრებას, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს, ანდა დაემატოს, ისე რომ გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის ბინის საერთო ფართობს, გამოსაკვლევი დარჩა ის გარემოება, რომ სხვენი ბინის ყოფილ მესაკუთრეს გადაეცა მხოლოდ იმ მიზნით, რომ მხოლოდ ის სხვა ამხანაგობის წევრებისაგან განსხვავებით შეძლებდა სხვენით სარგებლობას, ამ ოქმთან და მის კანონიერებასთან პირდაპირი იურიდიული ინტერესი გააჩნია მოსარჩელეს. ამხანაგობის კრების ოქმი, რომელიც რეალურად არ ჩატარებულა, უნდა შეიცავდეს ნახაზს, რომლის ინდენტიფიცირებაც იქნებოდა შესაძლებელი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც ერთი მხარე მოგებულია, ხოლო მეორე მხარე წაგებული არ არსებობს ასეთი შედეგი, სასამართლომ დატოვა ორივე მხარე ბურუსში, ვინაიდან მოპასუხე, სხვენს ვერ გამოიყენებს, ვინაიდან მის გამოსაყენებლად მ----- მ–------–--ის კედლის დანგრევა დასჭირდება, აქედან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რომელიც არის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

 

5.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" 2-ე მუხლი, რომლის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაცია-ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ფუნქციური გამართულობის და გამართული ფიზიკურ-ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული ქმედებები, რომელიც გულისხმობს ამხანაგობის საერთო ქონების მოვლა-პატრონობას და მიმართულია საერთო ქონების გაუმჯობესებისაკენ, ფუნქციური ცვლილებებისაკენ ან რეკონსტრუქციისაკენ. სასამართლომ ასევე, არ გამოიყენა და შეფასება არ მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო სხვენი, რომლის ფართობში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მ----- მ–------–--ის ინდივიდუალური საკუთრებიდან სხვენიც წარმოადგენს თავისი მდებარეობის მიხედვით იმ ამხანაგობის წევრის საკუთრებას, რომელსაც ემიჯნება, თავისთავად დადასტურებული ფაქტია, რომ მოპასუხე ხ------- კ----------ეს სხვენი საკუთრებაში დაარეგისტრირა, იმ დროს, როდესაც უკვე აღარ იყო ამხანაგობის წევრი, შესაბამისად იმის წერილობითი დოკუმენტი რომ ამხანაგობის კრება ვერ შედგებოდა და არ ჩატარებულა ასეთი დოკუმენტი არ არსებობს აღნიშნულ ოქმს უნდა ერთოდეს უნდა ინახებოდეს თავჯდომარესთან, ნახაზი–ფართის იდენტიფიკაციისათვის, განცხადების ასლი კრების მოწვევის შესახებ, მონაწილე პირების სია ხელმოწერებით, რაც არ არსებობს დადასტურებულია.

 

აპელანტის განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 6-ე მუხლის 4-ე და 5-ე ნაწილით დადგენილია რა შემთხვევაში შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ამხანაგობის საერთო ქონების ნაწილი, ეს უნდა იყოს ამხანაგობის ყველა წევრის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა აღნიშნული კანონის 21ე მუხლის 1 ნაწილის ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია „ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმდაგვარად გამოიყენოს ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება, რომ ამით სხვა მესაკუთრეს არ მიადგეს ზიანი, და იმოქმედოს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებში, მოპასუხემ არაკეთილსინდისიერად იმოქმედა, როცა მან კრების ოქმით, მოახდინა იმ საკუთრების რეგისტრაცია, რომელიც თავის დროზე იყო მისი კუთვნილი ინდივიდუალური ბინის მომიჯნავე, მაგრამ იმ დროს როდესაც მას უკვე აღარ გააჩნდა ინდივიდუალური საკუთრება და შესაბამისად, აღარ იყო ამხანაგობის წევრი.

 

აპელანტი მიუთითებს, საქართველოს სსკ 232-პრიმა მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს მოპასუხის მიერ პასუხის შესაგებლის წარუდგენლობის შედეგებს - მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის-შესაგებლის წარუდგენლობისას თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამასთანავე მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი განსაზღვრავს ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გასხვისების წესებს, ხოლო 26-ე მუხლი განსაზღვრავს თავჯდომარის უფლება-მოვალეობებს, რომელიც ვალდებულია ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეათანხმოს საერთო საკუთრებასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომელსაც ატარებს ამავე კანონის 27-ე, 28-ე მუხლებით განსაზღვრული წესებით წელიწადში ერთხელ, რაზედაც დგება ოქმი, განცხადება იკვრება თვალსაჩინო ადგილას, კრება გადაწყვეტილუნარიანია 2/3 ხმების უფლებით, რომელიც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი წერილობითი დოკუმენტაციით, საერთო ფართიდან წილის გასხვისების შემთხვევაში, შესაბამისად სავალდებულოა შესაბამისი ნახაზი. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ამხანაგობის კრების ოქმი წარმოადგენს იმ დოკუმენტს, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი ზემოთჩამოთვლილი სავალდებულო დოკუმენტაცია, რაც ქმნის იმის სამართლებრივ მდგომარეობას, რომ იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, სააპელაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ არ არსებობს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის საწინააღმდეგო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ხოლო სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

 

6. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 01.10.2019წ. 15:00 საათზე.

 

01.10.2019წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის (მოსარჩელის) წარმომადგენელი, არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე), რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა 17.06.2019წ. სასამართლო სხდომის და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე. აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

7. პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის საწინააღმდეგო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა და გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი. ვიდრე პალატა სააპელაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, ყურადღებას სააპელაციო სამართალწარმოების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილებს:

 

სააპელაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სააპელაციო სასამართლო უპირველესად ამოწმებს, სახეზე ხომ არ არის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება აპელანტის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

განსახილველი საკითხი აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის კვლევას შეეხება. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის - იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ:

 

ქ. თბილისში, ლ----ის ქუჩა #1-ში მდებარე ბინა #7-ს (საკადასტრო კოდით: 0----------------------) და ბინა #17-ს (საკადასტრო კოდით: 0----------------------) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მოსარჩელე მ----- მ–------–--ის სახელზე.

 

მოპასუხე ხ------- კ----------ის საკუთრებად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხულია ქ. თბილისში, ლ----ის ქუჩა #1-ში მდებარე სხვენი - 81,30 კვ.მ (საკადასტრო კოდით: 0----------------------). უფლების დამდგენი დოკუმენტია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი----ის’’ 2008 წლის 19 სექტემბრის #8 კრების ოქმი.

 

ბმა ,,ი----ის’’ 2008 წლის 19 სექტემბრის #8 კრების ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი, სულ 36 წევრი. კრებამ ხმათა უმრავლესობით, ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი ხმით, დაადგინა ხ------- კ----------ისათვის 81,30 კვ.მ სხვენის საკუთრებაში გადაცემა, რომელსაც იგი ფლობდა როგორც საკუტარს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია გარემოება, რომ ის თავად არასოდეს ყოფილა სადავო სხვენის მოსარგებლე და რომ 2008 წლის 19 სექტემბრისათვის სადავო სხვენის მოსარგებლე იყო ხ------- კ----------ე. მოსარჩელე სადავოდ ხდის 2008 წლის 19 სექტემბრის კრების ოქმის შედგენის კანონიერებას მისი შედგენისათვის კანონით გათვალისწინებული პროცედურული წესების დარღვევის გამო.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბმა ,,ი----ის’’ 2008 წლის 19 სექტემბრის #8 კრების ოქმის მართლსაწინააღმდეგოდ აღიარება არ შეიძლება მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი იყოს, რადგანაც სადავო კრების ოქმის გაბათილებით და შემდგომში იმავე სხვენის კვლავ განკარგვით არ შეიცვლება მოსარჩელის უფლება სადავო ფართთან მიმართებით. ამდენად, კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლა მიკუთვნებითი სარჩელის არარსებობის პირობებში მოსარჩელეს უფლებების ეფექტურ დაცვას ვერ უზრუნველყოფს, შესაბამისად, მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს არა თუ ნამდვილი, ფორმალური იურიდიული ინტერესიც არ გააჩნიათ.

 

სააპელაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თვისუფლებათა დაცვის“ ევროპოლ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანის სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება.

 

მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც სახეზე გვაქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

 

ამდენად, აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ხოლო სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული.

 

8. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების გამო, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 17.04.2018წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 275-ე, 372-374-ე, 387-ე, 284-ე, 285-ე, 230-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ----- მ–------–--ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მ----- მ–------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება;

 

4. მ----- მ–------–--ის სასარჩელო განცხადება დარჩეს განუხილველად;

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განჩინებით საქმეზე N2/13810-16 გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას ხ------- კ----------ის საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, ლ----ის ქ. #1-ში მდებარე 81,30 კვ.მ. სხვენს საკადასტრო კოდით #0----------------------.

 

6. მ----- მ–------–--ეს დაუბრუნდეს 2018 წლის 17 აპრილს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 105 ლარის ოდენობით (სს ,,ლიბერთი ბანკი’’, საგადასახადო დავალება #16541910);

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე

 

ლევან მიქაბერიძე