განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2019
საქმის ნომერი
330210117001806785
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001806785

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

საქმე #2ბ/3350-19

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტები - ც---- შ----ა, გ------- მ------–---–ი

წარმომადგენლები - ა----------–-–---–----------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარეები _ გ------- ჟ----ა, ლ---- გ--------ი

წარმომადგენელი - თ----–-----–-----ი

 

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ც---- შ----ამ და გ------- მ------–---–მა მოპასუხეების გ------- ჟ----ას და ლ---- გ--------ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს გ------- ჟ----ასა და ლ---- გ--------ს სოლიდარულად დაეკისროთ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი 5693 ლარის ოდენობით გადახდა ც---- შ----ასა და გ------- მ------–---–ის სასარგებლოდ, ასევე სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეთა მიერ მიყენებული ზიანის 2453 ლარის გადახდა გ------- მ------–---–ისა და ც---- შ----ას სასარგებლოდ.

 

1.1. სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელის განმარტებით, ც---- შ----ას საკუთრებაში იყო ავტომობილი „ჰ------------ი“ სახელმწიფო ნომრით B------. 2016 წლის 7 დეკემბერს ავტომობილი წერეთლის გამზირის და ზუგდიდის ქუჩის კვეთაზე გააჩერა მისმა მეუღლემ გ------- მ------–---–მა. გაჩერებიდან დაახლოებით ერთ საათში აღმოაჩინეს, რომ მანქანას დაჯახებოდა სხვა ავტომობილი, მძღოლი კი მიმალულიყო. ავარიის ადგილიდან ოდნავ მოშორებით აღმოაჩინეს შეჯახებული „ი--------ის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით W--------, რომელიც ირიცხება ლ---- გ--------ის საკუთრებაში. აღნიშნულ ავტომანქანას მართავდა გ------- ჟ----ა. 2016 წლის 9 დეკემბერს გ------- ჟ----ა დაბარებული იქნა საგამოძიებო უწყებაში და მის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი. მოლაპარაკების არაერთი მცდელობისა სამართალდამრღვევი არ პასუხობდა ტელეფონს და მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის. ავარიის შედეგად წარმოშობილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გ------- ჟ----ასა და ლ---- გ--------ს, როგორც ა/მანქანის მესაკუთრეს. 2016 წლის 07 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ ც---- შ----ას საკუთრებაში არსებული ავტომობილი გადაყვანილი იქნა შსს-ს სპეციალურ სადგომზე, რათა შემდგომ მხარეებს ერთად მოეხდინათ მისი შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ, რაც ვერ მოხერხდა, რადგან გ------- ჟ----ა არ პასუხობდა ტელეფონს, ლ---- გ--------ის სატელეფონო მონაცემები კი მოსარჩელისთვის უცნობი იყო, განხორციელდა ა/მანქანის შეფასება. ც---- შ----ას საკუთრებაში არსებულ „ჰ------------ს“ 2016 წლის 07 დეკემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აღენიშნებოდა ნაწილების დაზიანებები: 1) მარჯვენა წინა ფრთის მისაფარებელი; 2) მარჯვენა წინა ფარი; 3) წყლის ბაჩოკი. 4) წყლის ბაჩოკის ყელი. 5) აბლიცოვკა. 6) მარჯვენა წინა სალასა (პლასტმასის). 7) მარჯვენა წინა სალასა (რკინის). 8) ძრავის ქვედა მისაფარებელი. 9) კონდიციონერის რადიატორი. 10) საყვირი. 11) წინა ბამპერი ზბორში. 12) წინა მარჯვენა ფრთა. 13) კაპოტის პეტლი. 14) წინა ბალკა. 15) 2ც დისკი R15(ალუმინმის). 16) მარჯვენა წინა ამორტიზატორი+საყრდენი ბალიში. 17) მარჯვენა სტერჟინი. 18) მარჯვენა ქვედა გიტარა. 19) მარჯვენა უდარნი ტიაგა; 20) მარჯვენა ნაკანეჩნიკი. 21) მარცხენა ქვედა გიტარა. 22) მარჯვენა წინა დარტყმის სენსორი. 23) ანტიფრიზი. ზემოაღნიშნული დეტალების დასამონტაჟებლად და მანქანის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად საჭიროა შემდეგი სამუშაოების განხორციელება: 1. დაშლა/აწყობა პლასტმასის აღდგენა. 2) სავალი ნაწილები. 3) სათუნუქე სარობოტე სამუშაოები. 4) სამღებრო სამუშაოები. 5) პოლირება 6) ელექტრო მომსახურება.

 

ზემოაღნიშნული დეტალებისა და სამუშაოების საერთო ღირებულება ჯამურად შეადგენდა 5520 ლარს. გ------- ჟ----ას საკუთრებაში არ ირიცხებოდა არც ერთი სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება. ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შეუძლებელია ც---- შ----ას საკუთრებაში არსებული „ჰ------------ით“ გადაადგილება, მოსარჩელე იძულებული გახდა აეღო საბანკო კრედიტი და შეეძინა ახალი ავტომობილი.

 

2017 წლის 03 თებერვალს ც---- შ----ას მეუღლეს გ------- მ------–---–ს და სს ,,ს----------–-------კს’’ შორის გაფორდა #5------ საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ------- მ------–---–მა 3 წლის ვადით, კრედიტად აიღო 13980 ლარი (5000 აშშ დოლარის ექვივალენტი) ხოლო საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა წლიური 17.7%. სს ,,ს----------–-------კის’’ ვებ. გვერდზე არსებული გამოსათვლელი საშუალების თანახმად 3000 აშშ დოლარის (რაც არის ც---- შ----ას საკუთრებაში არსებული „ჰ------------ის“ მინიმალური საბაზრო ღირებულება) ექვივალენტური ლარში კრედიტისთვის 17.5 %-იან განკვეთში, პროცენტის თანხა გამოდის 2453 ლარი. (ტ.1, ს.ფ. 1-16) ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელეები სოლიდარულად ითხოვენ მოპასუხეებისგან როგორც დაზიანების, ასევე შეკეთებისა და ევაკუატორის ხარჯებისა და ა/მანქანის შესაძენად აღებული კრედიტის მხოლოდ სარგებლის დაკისრებას მოპასუხეებზე (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის შესაგებელი:

 

2.1. მოპასუხეებმა ლ---- გ--------მა და გ------- ჟ----ამ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეებისთვის მოპასუხეთა საკონტაქტო ტელეფონის ნომრები თავიდანვე ცნობილი იყო, რადგან ავარიის დღესვე შეხვდნენ ისინი ერთმანეთს საერთო ნაცნობთან ნიკოლოზ იორამაშვილთან და დაილაპარაკეს ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მოსარჩელეებმა განაცხადეს, რომ ავტომობილი აუცილებლად უნდა ყოფილიყო გადაყვანილი სპეციალურ ავტოსადგომზე, რასაც თვითონ აანაზღაურებდნენ, შესაბამისად, აღნიშნული ხარჯები გამოწვეულია მოსარჩელეთა ბრალით. მოსარჩელეებმა ასევე თავიდან განაცხადეს, რომ ავტომობილი იყო სხვისი საკუთრება და მესაკუთრე აუცილებლად მოითხოვდა ახალი ავტომობილის ყიდვას, სინამდვილეში კი მანქანა აღმოჩნდა მათი საკუთრება. აღნიშნული ავტომობილი ავარიამდეც დაზიანებული იყო და აშკარად შეინიშნებოდა ეს დაზიანებები. მართალია მოპასუხე დაეჯახა მოსარჩელის კუთვნილ ავტომობილს, მაგრამ დააზიანა მისი მცირე ნაწილი. რაც შეეხება სამუშაოების საერთო ღირებულებას, იგი არის ხელოვნურად გაზრდილი, არ შეესაბამება საბაზრო ღირებულებას, ხოლო გამოსასწორებელი დაზიანებების დიდი ნაწილი მოპასუხეთა ბრალით არის გამოწვეული. არ დასტურდება, რომ აღებული სესხი მოხმარდა ავტომობილის შეძენას. როგორც მოსარჩელეები თვითონ უთითებენ ავტომობილის მინიმალური საბაზრო ღირებულება არის 3000 აშშ დოლარი, ხოლო სესხი აღებულია 5000 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად, გაურკვეველია სესხის მიზნობრიობა და დანარჩენი 2000 აშშ დოლარის ბედი. (ტ.1, ს.ფ. 107-116)

 

სასამართლოს სხდომაზე გ------- ჟ----ამ განაცხადა, რომ თუ მხარეთა შორის მოხდებოდა მორიგება, თანახმა იყო გადაეხადა 2000 ლარი, ხოლო სარჩელეს კი, როგორც მოპასუხე მხარე, არ ცნობდა უსაფუძვლობის გამო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების ც---- შ----ასა და გ------- მ------–---–ის სარჩელი მოპასუხეების გ------- ჟ----ასა და ლ---- გ--------ის მიმართ - ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე გ------- ჟ----ას მოსარჩელე ც---- შ----ას სასარგებლოდ დაეკისრა 1870 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ------- ჟ----ას მოსარჩელე ც---- შ----ას სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკენელის მიერ გაღებული ხარჯის - ევაკუატორის მომსახურების საფასური - 39 ლარისა და საჯარიმო ავტოსადგომის ხარჯი - 134 ლარის ოდენობით. (იხ.გადაწყვეტილება)

 

4. ც---- შ----ას და გ------- მ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

4.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივ გარემოება, რომ ავტომობილი ჰ------------ი სახ.ნომრით B------ წარმოადგენდა მხოლოდ ც---- შ----ას საკუთრებას. სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ ავტომობილი წარმოადგენს ც---- შ----ასა და გ------- მ------–---–ის თანასაკუთრებას, რადგან სხდომებზე არაერთგზის დაფიქსირდა, რომ მოსარჩელეები არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები და ერთად გადაადგილდებოდნენ ლილოს დასახლებაში მდებარე სამსახურში აღნიშნული მანქანით. აღნიშნული დასტურდება ც---- შ----ასა და გ------- მ------–---–ის ქორწინების მოწმობით და ავტომობილის ტექ. პასპორტი; ავტომობილი ი--------ი სახ.ნომრით W--------, რომლითაც ავარიის დროს მოძრაობდა გ------- ჟ----ა, წარმოადგენს ლ---- გ--------ის საკუთრებას.

 

4.2. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია სოლიდარულ კრედიტორებად რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები: ც---- შ----ა და გ------- მ------–---–ი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სადავო არ გამხდარა მოპასუხეთა მიერ. შესაბამისად ავტომობილი წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას და მისი დაზიანებისგან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნიათ სოლიდარულად, როგორც მანქანის აღდგენის, ასევე სესხის პროცენტის ნაწილში. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია სოლიდარულ მოვალეებად გ------- ჟ----ა და ლ---- გ--------ი. ლ---- გ--------სა და გ------- ჟ----ას არ გაუხდიათ სადავოდ ავტომობილის ლ---- გ--------ის საკუთრებაში არსებობის ფაქტი. შესაბამისად სახეზეა 999-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მფლობელის პასუხისმგებლობის დაყენებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები - ლ---- გ--------ი საკუთრებაში არსებობის ფაქტი და მის მიერ გ------- ჟ----ასთვის ავტომობილის გადაცემა. სასამართლოს პოზიციით ც---- შ----ას უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ დაზიანებული ავტომობილის ნაწილებისათვის დადგენილი საფასური და არ უნდა აუნაზღაურდეს მისი შეკეთების საფასური, ვინაიდან მოსარჩელეებს არ შეუკეთებიათ დაზიანებული ავტომობილი და გაყიდეს იგი, თუმცა მოსარჩელეებს რატომ არ უნდა გაეყიდათ დამტვრეული ავტომობილი და რატომ უნდა დებულიყო 3 წელი გაუგებარია. ამასთან დაზიანებული ავტომობილის საყრდენიც გაღუნული იყო და შემდგომში შეკეთებული ავტომობილით სიარული რისკისშემცველი იყო. ზიანის მიყენების ოდენობა სასამართლოს უნდა დაედგინა ობიექტურად. ზიანის ოდენობა რომ შეფასდეს საჭიროა ობიექტური, შეფასების გაკეთება, რომელიც განსახლილველ საქმეში არის თ----------------სის დასკვნა. დაზარალებულთათვის ანუ მოსარჩელეთათვის აუცილებელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რაც გულისხმობს ზიანის ოდენობის თანხის გადახდას მოპასუხეთა მიერ.

 

4.3. სასამართლომ არასწორად არ დააკისრა მოპასუხეებს სესხის თანხა, ვინაიდან არ იყო საჭიროება ახალი ავტომობილის შეძენის, თუმცა არ გაითვალსიწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ყოველდღიურად მოიხმარდნენ ავტომობილს სამსახურში გადაადგილებისთვის. გ------- მ------–---–ის მიერ აღებული სესხით მათ იგივე ფირმის, ჰოდნა ფიტი, მოდელი შეიძინეს 3 000 აშშ დოლარად. სესხის პროცენტი გამოთვლილია სწორედ მანქანის ღირებულებიდან და არა მთლიანი სესხის 5 000 აშშ დოლარის ღირებულებიდან, რაც სასამართლოს მიერ ვერ იქნა გამორკვეული მოსარჩელეთა მიერ საბანკო სესხით ავტომობილის იძულებით შეძენა და დამატებითი ხარჯების გაწევა სწორედ ამ საქმეზე განხორციელებულმა დელიქტმა განაპირობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ც---- შ----ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე გ------- ჟ----ას მოსარჩელე ც---- შ----ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3650 ლარის გადახდა, აპელანტების მოთხოვნა გ------- ჟ----ასა და ლ---- გ--------ზე ზიანის 2453 ლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფლდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6. მოცემულ შემთხვევაში აპელანტების მოთხოვნას წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად აპელანტის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და ამავე კოდექსის 408-ე მუხლი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება).

 

აპელანტები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ როგორც სოლიდარული კრედიტორები და საფუძვლად მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლზე, რომლის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 455-ე მუხლის თანახმად თუ რამდენიმე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულს შეუძლია მთლიანი შესრულების მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულია მხოლოდ ერთჯერადად შეასრულოს, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულად უფლებამოსილ პირებს - სოლიდარულ კრედიტორებს, ამავე კოდექსის 456-ე მუხლის თანახმად სოლიდარული უფლებამოსილება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

როგორც საქმის მასალებით დგინდება, ც---- შ----ა და გ------- მ------–---–ი 2010 წლის 23 ოქტომბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ავტომანქანა „ჰ------------ი“ სახელმწიფო ნომრით B------, 2014 წლის 28 ივნისიდან რეგისტრირებულია ც---- შ----ას სახელზე. მხარეთა შორის ქონების გაყოფაზე დავა არ მიმდინარეობს, ამასთან ავტომანქანა, რომელიც დაზიანდა ირიცხება ც---- შ----ას სახელზე. შესაბამისად, არსებულ ზიანზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვება ავტომობილის მესაკუთრეს ც---- შ----ას.

 

ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნასთან მიმართებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:

 

7.1. 2016 წლის 7 დეკემბერს თბილისში ა.წ-------–------------------------------- ქუჩის კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა ც---- შ----ას საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ჰ------------ი“. ავტოსაგზაო შემთხვევისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ------- ჟ----ას მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ედა 123-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დამრღვევი - გ------- ჟ----ა დაჯარიმდა 250 ლარით.

 

7.2. „ი--------ის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით W--------, რომელსაც გ------- ჟ----ა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა რეგისტრირებულია ლ---- გ--------ის სახელზე და მის საკუთრებას წარმოადგენს. სატრანსპორტო საშუალება გ------- ჟ----ას გადაცემული ჰქონდა თხოვების საფუძველზე.

 

7.3. ავტომანქანა „ჰ------------ი“ სახელმწიფო ნომრით B------, 2014 წლის 28 ივნისიდან რეგისტრირებულია ც---- შ----ას სახელზე.

 

7.4. შპს „თ----------------სის“ 2016 წლის 29 დეკემბრის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ც---- შ----ას საკუთრებაში არსებულ დაზიანებული ა/მანქანას აღენიშნებოდა შემდეგი ნაწილების დაზიანებები: 1) მარჯვენა წინა ფრთის მისაფარებელი; 2) მარჯვენა წინა ფარი; 3) წყლის ბაჩოკი. 4) წყლის ბაჩოკის ყელი. 5) აბლიცოვკა. 6) მარჯვენა წინა სალასა (პლასტმასის). 7) მარჯვენა წინა სალასა (რკინის). 8) ძრავის ქვედა მისაფარებელი. 9) კონდიციონერის რადიატორი. 10) საყვირი. 11) წინა ბამპერი ზბორში. 12) წინა მარჯვენა ფრთა. 13) კაპოტის პეტლი. 14) წინა ბალკა. 15) 2ც დისკი R15(ალუმინმის). 16) მარჯვენა წინა ამორტიზატორი+საყრდენი ბალიში. 17) მარჯვენა სტერჟინი. 18) მარჯვენა ქვედა გიტარა. 19) მარჯვენა უდარნი ტიაგა; 20) მარჯვენა ნაკანეჩნიკი. 21) მარცხენა ქვედა გიტარა. 22) მარჯვენა წინა დარტყმის სენსორი. 23) ანტიფრიზი, სულ 1870 ლარის ღირებულების. ზემოაღნიშნული დეტალების დასამონტაჟებლად და მანქანის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად საჭიროა შემდეგი სამუშაოების განხორციელება: 1. დაშლა/აწყობა პლასტმაისი აღდგენა. 2) სავალი ნაწილები. 3) სათუნუქე სარობოტე სამუშაოები. 4) სამღებრო სამუშაოები. 5) პოლირება 6) ელექტრო მომსახურება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 3650 ლარს, ხოლო სავარაუდო ხარჯები კი - 610 ლარს.

 

7.5. აპელანტის განმარტებით, დაზიანებული ავტომობილი „ჰ------------ი“ სახელმწიფო ნომრით B------ გაყიდული იქნა 500 აშშ დოლარად.

 

ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 7 დეკემბერს თბილისში ა.წ-------–------------------------------- ქუჩის კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ც---- შ----ას, მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ჰ------------ი“-ს დაზიანების შედეგად მიადგა ზიანი 5520 ლარის ოდენობით, რაც მოიცავს დაზიანებული ნაწილების ღირებულებას 1870 ლარის ოდენობით და დეტალების დასამონტაჟებლად და მანქანის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად 3650 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებულ მუხლში მოცემულია დელიქტურ ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლები. ასეთი სახის ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის აბსოლუტურად სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, იგი ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისაკენ. ამდენად, მოცმული მუხლის საფუძველზე, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია. (სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი)

 

სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის. ზიანში, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე - პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან დაზიანებით, დაზარალებულის მიერ გამომუშავების დაკარგვის ან შემცირებით და ა.შ. დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია არა ზიანის მიმყენებლის დასჯისაკენ, არამედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაკენ, რომელიც არსებობდა უფლების ხელყოფამდე. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი კი აწევს დაზარალებულს. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. (სუსგ ას-72-72-2018)

 

სსკ-ს 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის. ზიანში, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე - პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან დაზიანებით, დაზარალებულის მიერ გამომუშავების დაკარგვის ან შემცირებით და ა.შ. დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია არა ზიანის მიმყენებლის დასჯისაკენ, არამედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაკენ, რომელიც არსებობდა უფლების ხელყოფამდე. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი კი აწევს დაზარალებულს. სწორედ აღნიშნული განმარტების შედეგად თვლის პალატა, რომ ავტომობილის მესაკუთრეს ც---- შ----ას უნდა აუნაზღაურდეს არამარტო ავტონაწილების ღირებულება, არამედ მისი აღდგენისათვის საჭირო თანხები, რათა ავტომობილის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა განხორციელდეს.

 

8. რაც შეეხება მოწინაღმდეგე მხარის განმარტებას, რომ შპს „თ----------------სის“ 2016 წლის 29 დეკემბრის დასკვნაში მითითებულია ზიანის გაცილებით დიდი ოდენობა, ვიდრე ფაქტობრივად არსებობს, პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულ ნორმეთა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი და მისი ოდენობა, მართსაწინააღმდეგო, ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის) სწორედ მოსარჩელის მხარესაა, რომელთა დადასტურების (დამტკიცების) შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რაც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს. მოცემულ შეთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაამტკიცა მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულ იქნა ასევე მიყენებული ზიანის ოდენობა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე მხარემ სრულად უზრუნველყო მის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება. მოპასუხე მხარეს კი, სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული ზიანის ოდენობის უსწორობას და გააქარწყლებდა მას, სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

9. პალატა მიიჩნევს, რომ თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მხოლოდ გ------- ჟ----ას, რადგან მიყენებული ზიანის სოლიდარულად დაკისრების საფუძვლები არ არსებობს. სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. აღნიშნული მუხლი ეხება ზიანის დადგომაში მონაწილე პირთა სოლიდარულ პასუხისმგებლობას. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის წინაპირობას წარმოადგენს ზიანის დადგომაში მონაწილე პირთა ქმედებებს შორის არსებული მიზეზშედეგობრივი კავშირი. ერთობლივად მიყენებულ ზიანად ითვლება ისეთი ზიანი, რომელიც მიზეზშდეგობრივ კავშირშია ერთობლივად მოქმედ ზიანის მიმყენებელ მართლსაწინაარმდეგო ქმედებებთან. მიზეზშედეგობრივი კავშირის გარდა, ზიანის მიმყენებელი პირები უნდა მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით ანუ, სახეზე უნდა იყოს ზიანის დადგომაში განზრახ თანამონაწილეობა (იხ., სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის კომენტარი ელ.რესურსი ).

 

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც _ ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა, ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი) ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ უკანასკნელს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ გადაუცია მოსარგებლისათვის იგი, ანდა გადაცემული ტრანსპორტი მოსარგებლემ გამოიყენა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ). ამასთან, მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების კარები დატოვა ღიად, გასაღები დატოვა მასში). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ დაცვა, რაც გახდა სხვა პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალების დაუფლების საფუძველი. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის ნების საფუძველზეა მოსარგებლისათვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება (იხ. სუსგ №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის პირი, ვისი მოქმედების უშუალო შედეგსაც მიყენებული ზიანი წარმოადგენს, აღნიშნულის შესაბამისად ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მხოლოდ გ------- ჟ----ას.

 

10. რაც შეეხება აპელანტების მოთხოვნას საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის - 2453 ლარის დაკისრების თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სსკ-ს 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

2017 წლის 03 თებერვალს ც---- შ----ას მეუღლეს გ------- მ------–---–ს და სს ,,ს----------–-------კს’’ შორის გაფორდა #5------ საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ------- მ------–---–მა 3 წლის ვადით, კრედიტად აიღო 13980 ლარი (5000 აშშ დოლარის ექვივალენტი) ხოლო საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა წლიური 17.7 %. სს ,,ს----------–-------კის’’ ვებ.გვერდზე არსებული გამოსათვლელი საშუალების თანახმად 3000 აშშ დოლარის (რაც არის ც---- შ----ას საკუთრებაში არსებული ჰ------------ის მინიმალური საბაზრო ღირებულება) ექვივალენტური ლარში კრედიტისთვის 17.5 %-იან განკვეთში, პროცენტის თანხა გამოდის 2453 ლარი.

 

დადგენილია რომ, სესხი აღებულია 5000 აშშ დოლარის ექვივალენტით, ხოლო დაზიანებული ა/მანქანის ღირებულება, როგორც თავად მხარეები აცხადებენ, იყო მხოლოდ 3000 აშშ დოლარი, პალატას მიაჩნია რომ, მოსარჩელის მიერ სესხის აღებით მიყენებული ზიანი არ შეიძლება მიჩნეული იყოს სსკ 412-ე მუხლით გათვალისიწნებულ მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანად, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

11. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ც---- შ----ას სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, მოპასუხე გ------- ჟ----ას მოსარჩელე ც---- შ----ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3650 ლარის გადახდა, ხოლო აპელანტების მოთხოვნა გ------- ჟ----ასა და ლ---- გ--------ზე ზიანის 2453 ლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფლდეს.

 

12. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩლი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორიცულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ გ------- ჟ----ას ც---- შ----ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 146 (ას ორმოცდაექვსი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ც---- შ----ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე გ------- ჟ----ას მოსარჩელე ც---- შ----ას სასარგებლოდ დაეკისროს 3650 ლარის გადახდა.

 

3. აპელანტების ც---- შ----ას და გ------- მ------–---–ის მოთხოვნა გ------- ჟ----ასა და ლ---- გ--------ზე 2453 ლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფლდეს.

 

4. გ------- ჟ----ას ც---- შ----ას სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 146 (ას ორმოცდაექვსი) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი