განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2019
საქმის ნომერი
170100119003150134
ინსტანცია
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100119003150134

საქმე #1ბ/1965-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), გ-----–-------–---ის, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), დაოჯახებულის, განათლების არმქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ----------–------–--------–---------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----–-------–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ----------–--------------------------------ს მიმდებარედ არსებულ მინდორში, სადილის დაგვიანებით მიტანით განაწყენებულმა გ-----–-------–---მა ჯოხის მარცხენა ბარძაყის წინა მხარეს და მარჯვენა წვივის უკანა მხარეს დარტყმების გზით, იცოდა რა დაზარალებულის ასაკი, იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი არასრულწლოვანი პირის - გ----------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ----------–--------------------------------ს მიმდებარედ არსებულ მინდორში, სადილის დაგვიანებით მიტანით განაწყენებულმა გ-----–-------–---მა ჯოხის სახის არეში სამჯერ და ბეჭების არეში ორჯერ დარტყმის გზით, იცოდა რა დაზარალებულის ასაკი, იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი არასრულწლოვანი პირის - გ----------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით:

 

გ-----–-------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

გ-----–-------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, გ-----–-------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

გ-----–-------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 17 ივნისიდან 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს გ-----–-------–---ის მიმართ გამოტანილ, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის მიზნით.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ-----–-------–---ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-----–-------–---ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ - გ----------------ის გამოკითხვის ოქმების, გ-----–-------–---ის გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის, N0----- შემაკავებელი ორდერის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ-----–-------–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ-----–-------–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სააპელაციო საჩივრის ავტორი სასჯელის დამძიმების არგუმენტად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ მსჯავრდებულმა ნივთის გამოყენებით ჩაიდინა ოჯახური დანაშაული გენდერული ნიშნით, რაც ბრალად ჰქონდა შერაცხული მსჯავრდებულს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა დანაშაულის გენდერული მოტივით ჩადენა (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ-----–-------–---ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სასჯელის დამძიმების საფუძვლად მოყვანილ სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ გ-----–-------–---მა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინა აღნიშნული დანაშაულები. სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ გ----------------ის გამოკითხვის ოქმზე, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ პირუტყვის სამწყემსად გასული მეუღლისათვის საკვები დააქვს მინდორში, რადგან მეუღლე სახლში ვერ მიდის სადილად. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ აგრესიის მიზეზი იყო მისი დაგვიანებით მისვლა, რის შედეგად განაწყენებულმა მეუღლემ დაარტყა ჯოხი. გარდა აღნიშნული ფიზიკური ძალადობისა, გ-----–-------–---ს მისთვის (დაზარალებულისთვის) ფსიქოლოგიური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა არასოდეს მიუყენებია და არც სხვა რაიმე ფორმით შეუზღუდავს იგი (გ----------------ი). პალატის შეფასებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავს მსჯავრდებულის მხრიდან გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით დანაშაულის ჩადენას. აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულისთვის უცხო არაა საოჯახო საქმიანობა, ბავშვების მოვლა, ტანსაცმლის გარეცხვა, საკვების მომზადება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას და შეფასებას, რომ ორივე შემთხვევაში მსჯავრდებულ გ-----–-------–---ის მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დროს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს გ-----–-------–---ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. გ-----–-------–---მა გამოძიების ეტაპზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი, ხოლო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, გ-----–-------–---ს ოჯახში სამი მცირეწლოვანი შვილი და მოხუცი მშობელი ჰყავს, რომლებიც მატერიალურად დამოკიდებულნი არიან მასზე, დაზარალებული შერიგებულია მასთან. აგრეთვე, გ-----–-------–---მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ-----–-------–---ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ-----–-------–---ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული და პირობითად ჩათვლილი სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ-----–-------–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ-----–-------–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ-----–-------–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

გ-----–-------–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, გ-----–-------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;

 

გ-----–-------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 17 ივნისიდან 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით პერიოდი;

 

პირობით მსჯავრდებულ გ-----–-------–---ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ-----–-------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 1000 ლარის ოდენობით სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს - გ-----–-------–---ს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე