განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119003013797
საქმე №1ბ/1651-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ლ--------------
ადვოკატის: მ---------------
მსჯავრდებულის: ი---------------
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ი--------------- ინტერესების დამცვეკლი ადვოკატისის მ--------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი---------------
მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ---------–---------–-------–------------- ფაქტობრივად მცხოვრები:---------–--------------------–--------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით, ი-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 2(ორი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ი---------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2019 წლის 15 აპრილიდან.
ი--------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონოდ შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 05:35 საათზე, ქ-------–--–------------–---------------------- მოპირდაპირედ განთავსებული სს ,--–---------------- შენობის მიმდებარედ არსებული ამავე ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, ი---------------- სხვა პირთან ერთად, ძალაყინის გამოყენებით, აპარატის თანხის საცავში შეღწევის გზით, შეეცადა ფულადი თანხის ფარულ დაუფლებას. ი--------------ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისას, წაასწრეს ქ-------–---- პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს მ--- განყოფილების თანამშრომლებმა, რის გამოც მან დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი--------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ---------------, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა. კერძოდ, ი--------------- უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მისთვის სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა.
აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ მსჯავრდებული ი-------------- დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდა ჯგუფთან ერთად. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელების არათანმიმდევრულ ჩვენებებს, რომლებიც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უნდა დადებოდა.
სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს სწორედ იმ კრიტერიუმებით, რომელზედაც დაცვის მხარე მიუთითებს სააპელაციო საჩივარში, კერძოდ, კონკრეტულ მტკიცებულებას აქვს თუ არა შეხება მტკიცების საგანთან და რამდენად რელევანტურია მტკიცებულება მისი უტყუარობის თვალსაზრისით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ უშუალოდ ფაქტის შემსწრე მოწმეები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, თუ როდის და სად, რა ფაქტის შემსწრე გახდნენ ისინი, ასევე, მსჯავრდებულ ი--------------ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ი-----–------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს მ--- განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 15 აპრილს, დაახლოებით დილის 05:30 საათზე მეწყვილესთან - ს-–----------–---------რთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, - იგი იმყოფებოდა ზ--------------–-- ტერიტორიაზე, მ---- კორპუსის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახანძრო შენობასთან, რომლის გვერდით მდებარეობს სს ,--–---------------- შენობა, ხოლო შენობის შესასვლელ კართან არის ჩასარიცხი აპარატი. სახანძრო შენობის და სს ,--–---------------- ბანკის შენობის ტერიტორიას ჰყოფს ღობე. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას გაიგონა დარტყმისა და სიგნალიზაციის ხმა, გადაახტნენ, გადავიდნენ ღობეზე და აღმოჩნდნენ სს ,--–---------------- ეზოში, რა დროსაც მათ დაინახეს ერთი პიროვნება, რომელიც აღმოჩნდა ი-------------- გაურკვეველი ნივთებით ამტვრევდა ჩასარიცხ აპარატს. მიუხედავად სიგნალიზაციისა, იგი მაინც აგრძელებდა მოქმედებას. ამავდროულად, მისგან დაახლოებით 15 მეტრის დაშორებით იდგა ერთი პიროვნება, ასევე მეორე პიროვნება, დაახლოებით 20 მეტრის დაშორებით, რომელიც გზის სავალ ნაწილს აკონტროლებდა. მოწმის განმარტებით, როდესაც ი--------------ს მიუახლოვდა, ერთ-ერთი მათგანი შეეცადა სტვენით გაეფრთხილებინა ი---------------- მეორემ კი მიმართა სიტყვებით ,,ძაღლები, გაიქეციო’’, თუმცა ი--------------მ ვერ გაიგონა, რადგან სიგნალიზაცია იყო ჩართული, ხოლო ორივე მათგანი გაიქცა. ი--------------მ მათი დანახვისთანავე სცადა გაქცევა, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან ის ს-–-----------–------- ერთად გაეკიდა მას და მოახდინა მისი დაკავება. ი-----–------–---–-- დაადასტურა, რომ ზუსტად ახსოვს, ი--------------სთან ერთად მყოფი ორი პიროვნება, რომელთაგან ერთი აკონტროლებდა გზის სავალ ნაწილს, ხოლო მეორე შიდა პერიმეტრს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ს-–-----------–----
პალატა აღნიშნავს, რომ ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს. მტკიცებულებები უნდა ადასტურებდეს, რომ თანამზრახველები ერთად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, იცნობდნენ ერთმანეთს, ან როლები ჰქონდათ განაწილებული, რომელთა ერთობლიობაც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ ისინი წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდნენ.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სახეზეა პირდაპირი ხასიათის, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მოწმეების: ი-----–------–---–-- და ს-–-----------–--- ჩვენებების სახით, რითაც უტყუარად დასტურდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
აღნიშნულმა მოწმეებმა ურთიერთთანხვედრილად მოახსენეს სად და რა ვითარებაში დაინახეს ი-------------- თანამზრახველებთან ერთად. კერძოდ ის, რომ ი-------------- იდგა სს ,--–---------------- შენობის კართან დამონტაჟებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან და გაურკვეველი ნივთით აზიანებდა მას, ხოლო მისი თანამზრახველები მისგან ერთი 15 მეტრის მოშორებით იდგა, ხოლო მეორე დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით, რომელიც გზის სავალ ნაწილს აკონტროლებდა. მათ დანახვაზე, ორივე მათგანი შეეცადა ი--------------- გაფრთხილებას, თუმცა უშედეგოდ, რადგან სიგნალიზაციის გამო მან ვერ გაიგონა ერთ-ერთი მათგანის სტვენის ხმა, ხოლო მეორე პიროვნების შეძახილი ,,ძაღლები, გაიქეციო’’, რის შემდეგ ორივე მათგანი გაიქცა, ხოლო ი-------------- მიუხედავად გაქცევის მცდელობისა, ადგილზე დააკავეს.
დაცვის მხარე ი-----–------–---–-- და ს-–-----------–--- ჩვენებებს მიიჩნევს არათანმიმდევრულად იქიდან გამომდინარე, რომ მათ სასამართლოში განაცხადეს, რომ გაიგონეს სიტყვები: ,,ძაღლები, გაიქეციო’’, რასაც არ უთითებდნენ გამოძიების დროს.
პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეების მიერ გამოძიებისათვის და სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის დროის, ადგილის, მასში მონაწილე პირებისა და თავად, მათ მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ იდენტურია. რაც შეეხება მათ მიერ სასამართლოში პირველად დაფიქსირებულ სიტყვებს: ,,ძაღლები, გაიქეციო’’, ის ვერ ცვლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, არაარსებითი ხასიათისაა და არ იძლევა ი-----–------–---–-- და ს-–-----------–--- ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს.
ამასთან, დაცვის მხარემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა, თუ რა პირადი ინტერესი უნდა ჰქონოდათ სამართალდამცავებს ი--------------- ჯგუფურ დანაშაულში მხილებისა და პასუხისმგებლობის დამძიმების მიზნით მიეცათ ცრუ ჩვენება.
გარდა აღნიშნულისა, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ დასდებია მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, მათი შეფასება მოხდა საქმეში არსებულ წერილობით და სხვა სახის მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დარღვევას, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია და მათი ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, ისე რომ, რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ არის.
შემთხვევის ადგილის 2019 წლის 15 აპრილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, რომელიც დაცვის მხარემ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან ერთად უდაოდ სცნო დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------–--–-------------------–-- მ---- კორპუსის მოპირდაპირედ არსებული სს ,--–---------------- შენობის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა, ერთი ცალი დანა და ერთი ცალი ძალაყინი.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ი--------------- ქმედების საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდბეულ ი--------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი--------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ი-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 2(ორი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ი---------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 15 აპრილიდან.
5.მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ი--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ი--------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,------------- ფირმის მობილური ტელეფონი და შავი ფერის ტყავის საფულე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- ი---------------გან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის კვალის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ძალაყინი და ერთი ცალი დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი