განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 340210018002418850
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2137-19 18 ოქტომბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - მ------- მ--–-----–---–- (მოპასუხე)
წარმომადგენელი - მ-----–- ხ-------–---–- - ღ---–---
მოწინააღმდეგე მხარე - ზ--–--- ც----–-–---–- (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გურჯაანის რაიონული სასამართლოს 09.08.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 24.10.2018წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოპასუხეს დაეკისროს 9595 ლარი.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
2.2. 2013 წელს მოსარჩელემ 4500 აშშ დოლარად შეიძინა ქ. ყ------––-, ჭ--------- ქ. N--ში მდებარე საცხოვრებელი ბინა და იგი გააფორმა მოპასუხის სახელზე.
2.3. მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით გაარემონტა ბინა, შეიყვანა გაზი და წყალი, შეძინა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. გაწეული ხარჯების ღირებულებამაც შეადგინა 8504 ლარი. მოსარჩელემ ოჯახის საჭიროებისთვის ბანკიდან აიღო სესხი 706 ლარის ოდენობით, რომლის დაფარვის შემდეგაც გადაიხადა 1091 ლარი და თანხა მთლიანად მოახმარა ოჯახის კეთილდღეობას. მოპასუხეს უნდა დაეკისროს უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის ანაზღაურება 9595 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო:
3.1.მოსარჩელის რჩევით მოპასუხემ გაყიდა ბებიის ბინა და შეიძინა ბინა ქ. ყ------––-, ჭ--------- ქ. N--ში.
3.2. დარჩენილი თანხით უნდა გაერემონტებინათ ბინა, მაგრამ მოსარჩელემ მოპასუხის ბებიის ბინის ფულით შეიძინა ავტომანქანა, რომლითაც დღესაც მოძრაობს.
3.3. მოსარჩელემ მოპასუხის ბებიის კუთვნილი მიწის ნაკვეთიც გაყიდა და აიღო 1500 ლარი. ასევე, ბებიას ააღებინა საპენსიო სესხი.
3.4. მოსარჩელეს არა აქვს გაწეული მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე სარჩელში მითითებული ხარჯი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 09.08.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე მ------- მ--–-----–---–ს მოსარჩელე ზ--–--- ც----–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის - 9 595 ლარის გადახდა.
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უწყება ჩაბარდებათ იმ ვარაუდით, რომ მათ ქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
4.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეებს ეცნობათ 2018 წლის 09 აგვისტოს 16:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ. მოპასუხე მხარეს არ მოუმართავს სასამართლოსთვის და არ უცნობებია მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით.
4.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველები, რის გამოც მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა არასაპატიოა და უნდა იმსჯელოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
4.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლზე და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 24.10.2018წ. განჩინებით მ------- მ--–-----–---–-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება №2/326-18 სამოქალაქო საქმეზე, ზ--–--- ც----–-–---–-ს სარჩელის გამო მოპასუხე მ------- მ--–-----–---–-ს მიმართ, უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის ანაზღაურების თაობაზე.
5.1. საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას 2018 წლის 09 აგვისტოს დანიშნული სასამართლო სხდომის დღის თაობაზე, ასევე გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებზე კანონით დადგენილი წესით ეცნობა 2018 წლის 03 აგვისტოს. საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მოხუცი ბებიის ავადმყოფობით, აღნიშნულის დასადასტურებლად კი უთითებს მხოლოდ აფთიაქის დირექტორის მიერ გაცემულ ცნობას მედიკამენტების შეძენის შესახებ, რაც სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული როგორც სსსკ 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით შედგენილი ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ავადმყოფობის თაობაზე მხოლოდ მხარის ზეპირი მითითება და აფთიაქის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა მედიკამენტების შეძენის შესახებ, საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული. ამდენად, მოპასუხე ვერ ადასტურებს სასამართლოში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, რაც მისი მტკიცების საგანს წარმოადგენს, ასევე ვერ უთითებს გარემოებას, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების თუნდაც სატელეფონო გზით შეტყობინებისათვის, ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დასტურდება რაიმე ისეთი გარემოების არსებობა, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა მოპასუხისთვის სასამართლოში გამოცხადებისთვის, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველია.
ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა მითითებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე და 233-ე მუხლებით გათვალისწინებული, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, ამასთან, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
6. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 09.08.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 24.10.2018წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მათი გაუქმება, საქმის განსახილველად დაბრუნება.
6.1. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა მხარის გამოუცხადებლობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სამართალწარმოების კონსტიტუციური პრინციპის დისპოზიციურობის დაცვა და მხარეს უნდა მისცეს საქმეში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, თუნდაც ეჭვი ეპარებოდეს მხარის გამოუცხადებლობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობაში. აღნიშნული გამომდინარეობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების, როგორც საპროცესო დასჯის მექანიზმის არსიდან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით უარს განაცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე, ანუ როდესაც მას აქვს პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობა, მაგრამ არა აქვს ნება მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. მაგრამ თუ ამას ხელს უშლის გარემოებები, რომელიც შესაძლოა მისი უნებური შეცდომითა და გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს საქმის მიმართ ინტერესი არ ჰქონია დაკარგული და მან დადგენილ ვადაში წარადგინა შესაგებელი. რაც შეეხება სხდომაზე გამოუცხადებლობას, აღნიშნული გარემოება გამოწვეული იყო მოპასუხესთან მცხოვრები ღრმად მოხუცი ბებიის ავადმყოფობით. ბებია არის მწოლიარე ავადმყოფი და როდესაც გაიგო სასამართლო სხდომის შესახებ, ინერვიულა და ცუდად გახდა. მოპასუხე წავიდა აფთიაქში, მოიტანა წამალი, დაალევინა ავადმყოფს და შემდეგ წავიდა პროცესზე დასასწრებად. სასამართლოში განუცხადეს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. აფთიაქის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა სასამართლომ არ ჩათვალა საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუმცა აღნიშნულ ცნობაში გარკვევით არის დაწერილი, რომ მოპასუხე იყო აფთიაქში 14:20 სთ-ზე და ნამდვილად შეიძინა წამლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების ძალაში დატოვების დასაბუთება
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
7. გათვალისწინებით იმისა, რომ სააპელაციო საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქმის არსებითად განხილვამდე გადაწყვიტოს პროცესუალური საკითხი სააპელაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით. კერძოდ, სააპელაციო საჩივარს ერთვის ი/მ „-------- ს----–---–ის“ მიერ 02.10.2018წ. გაცემული ცნობა მასზედ, რომ მოსარჩელემ ყ------––- მდებარე აფთიაქში 09.08.2018წ. 14:20 საათზე შეიძინა გარკვეული მედიკამენტები და შპრიცი (ტ.1, ს.ფ. 167, ტ.2, ს.ფ. 20). (აღნიშნულ ცნობას საქმეში უკვე წარმოდგენილი ცნობისგან განასხვავებს მხოლოდ ის ფაქტი, რომ მასში მითითებულია აპელანტის მიერ წამლის შეძენის კონკრეტული დრო - 14:20 სთ, იხ.: ტ.1, ს.ფ.155). სააპელაციო საჩივარს ასევე ერთვის ცნობა 1930 წელს დაბადებული ანა მ--–-----–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტ.1, ს.ფ.168, ტ.2, ს.ფ. 21,22). აღნიშნულ მტკიცებულებებზე მითითებულია სააპელაციო საჩივრის ახალი ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში (ტ.2, სფ. 10).
აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შესაგებელში მიუთითებს, რომ ეთანხმება აპელანტის მიერ მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებას (ტ.2, ს.ფ. 33), რომელშიც, როგორც უკვე აღინიშნა, აპელანტი მიუთითებს აფთიაქში წამლების შეძენის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებზე. ამდენად, ფაქტობრივად, აპელანტის მოწინააღმდეგ მხარე გამოთქვამს თანხმობას ამ მტკიცებულებების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით. ასეც რომ არ იყოს, ეს არის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულების მხოლოდ დაზუსტებული ვერსია.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 104-ე, 380-ე მუხლების შესაბამისად აპელანტის მიერ წარმოდგენილი ი/მ „-------- ს----–---–ის“ 02.10.2018წ. ცნობა და ოჯახის ექიმ ქ------- გ----------- მიერ 17.12.2018წ. გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 167, 168, ტ.2, ს.ფ. 20-22) უნდა დაერთოს საქმეს მტკიცებულების სახით.
8. დადგენილია, რომ 27.04.2018წ. გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ--–--- ც----–-–---–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) მოპასუხე მ------- მ--–-----–---–-ს (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ 9 595 ლარის დაკისრების მოთხოვნით (ტ. I, ს.ფ. 2-15).
9. გურჯაანის რაიონულ სასამართლოს 02.08.2018წ. განჩინებით მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 09.08.2018წ. 16:00 საათზე (ტ.1, ს.ფ.126,127).
10. მხარეთა შორის სადავო არ არის და საქმის მასალებითაც დგინდება, რომ მოპასუხე გურჯაანის რაიონულ სასამართლოს 09.08.2018წ. სხდომაზე მიწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლო უწყება 03.08.2019წ. პირადად ჩაბარდა მოპასუხეს (ტ.1, ს.ფ. 129).
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს, მისი მიღების წინაპირობებს და მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი შეიცავს იმ საფუძვლებს, რა შემთხვევაში არ შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, ესენია:
1. მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:
ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;
გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
აპელანტი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ ფაქტს, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, სასამართლო სხდომის დღეს შეუძლოდ გახდა მისი ხანდაზმული ბებია და იგი იძულებული გახდა აფთიაქში შეეძინა წამლები, მიეცა ავადმყოფისთვის და მხოლოდ შემდეგ წასულიყო სასამართლო სხდომაზე. იგი დაგვიანებით გამოცხადდა სასამართლოში, სადაც განუცხადეს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი იყო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საქმეში წარმოდგენილია ი/მ „-------- ს----–---–ის“ მიერ 02.10.2018წ. გაცემული ცნობა მასზედ, რომ მოპასუხემ ყ------––- მდებარე აფთიაქში 09.08.2018წ. 14:20 საათზე შეიძინა გარკვეული მედიკამენტები და შპრიცი (ტ.1, ს.ფ. 167, ტ.2, ს.ფ.20). საქმეში ასევე წარმოდგენილია ოჯახის ექიმ ქ------- გ----------- მიერ 17.12.2018წ. გაცემული ცნობა 1930 წელს დაბადებული ანა მ--–-----–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ავადმყოფის დიაგნოზია არტერიული ჰიპერტენზია, იგი უჩივის სისუსტეს, მოძრაობის გაძნელებას და მუდმივად იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ (ტ, ს.ფ. 168, ტ.2, ს.ფ.21,22).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელ პრეცედენტულ სამართალში სასამართლომ სამოქალაქო სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ საჩივრებთან მიმართებით გამოიყენა სისხლისსამართლებრივი სტანდარტი in absentia საქმის განხილვის შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ სამოქალაქო საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების დროს სასამართლომ უნდა განსაზღვროს: (i) ხელისუფლების ორგანოებმა გამოიჩინა თუ არა გულმოდგინება, როდესაც მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია; აგრეთვე, შეიძლება თუ არა მიჩნეულ იქნეს, რომ მომჩივნებმა უარი თქვეს მათ უფლებაზე - წარმდგარიყვნენ სასამართლოს წინაშე და დაეცვათ საკუთარი თავი; (ii) ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა თუ არა სათანადო საშუალებებს, რომლებიც მომჩივნებს უზრუნველყოფდა ახალი შეჯიბრებითი სამართალწარმოებით, მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდებოდა მათ წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე (იხ., დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ, ციტირებულია ზემოთ, §§78, 80 და 88, 4 მარტი 2014; აზდაჯიჩი, ციტირებულია ზემოთ, §§50 და 53; გიულევა ბულგარეთის წინააღმდეგ (Gyuleva v. Bulgaria), №38840/08, § 38, 9 ივნისი 2016; და გახარია საქართველოს წინააღმდეგ (Gakharia v. Georgia), №30459/13, § 38, 17 იანვარი 2017) (იხ.: ბართაია საქართველოს წინააღმდეგ (Bartaia v. Georgia) (საჩივარი № 10978/06) გადაწყვეტილება სტრასბურგი 26 ივლისი, 2018 წელი ).
ამდენად, საქმის განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობას უკავშირდება მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდი. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს. თუმცა ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, არ უნდა დადგეს ისეთი მხარის მიმართ, რომლის მიერაც საპროცესო მოვალეობების შეუსრულებლობა განპირობებულია ობიექტური საფუძვლით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 3 იანვრის განჩინება №ას-1647-2018).
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ ვივარაუდოთ გამოუცხადებელი მხარის მხრიდან მოცემული დავის მიმართ ინტერესის დაკარგვა. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელისგან თავის დასაცავად წარდგენილი აქვს შესაგებელი, ამასთან, მოპასუხე მიუთითებს, რომ დაგვიანებით, მაგრამ მაინც გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმის მასალებით დადასტურდა მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომის დღეს, სხდომის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე ყვარელში მდებარე აფთიაქში წამლების შეძენის ფაქტი და მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღნიშნული მტკიცებულებების ფონზე საყურადღებოა აპელანტი მხარის განმარტება მასზედ, რომ სწორედ ხანდაზმული ბებიის შეუძლოდ ყოფნის გამო დააგვიანდა სასამართლო სხდომაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აფთიაქი, რომელშიც აპელანტმა შეიძინა წამლები, ასევე აპელანტის საცხოვრებელი ადგილი, მდებარეობს ქ. ყვარელში, ხოლო სასამართლო სხდომა დანიშნული იყო გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ლოგიკურია, რომ მხარეს გარკვეული დრო დასჭირდებოდა სხვა ქალაქი მდებარე სასამართლომდე მისასვლელად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის ერთობლიობაში შეფასების შედეგად პალატას მიაჩნია, რომ მითითებული გარემოებები არ ქმნის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მხარეს დაკარგული ჰქონდა დავის მიმართ ინტერესი.
მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], no. 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), no. 44962/98, § 31, ECHR 2003-V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). შემდგომში, სასამართლო ხაზს უსვამს ეროვნული ორგანოების ვალდებულებას - უზრუნველყოს „სამართლიანი განხილვის“ მოთხოვნები თითოეულ საქმეზე (იხილეთ Dombo Beheer B.V. ნიდერლანდების წინააღმდეგ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), 27/10/1993, §33, Series A no. 274).
ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 09.08.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 24.10.2018წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, საქმე კი განსახილველად უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.
12. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ. 23). რადგან სააპელაციო პალატა სარჩელზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას არ იღებს და საქმე უბრუნდება პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველად, წინამდებარე განჩინებით სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს სახელმწიფო ბაჟის საკითხზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------- მ--–-----–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 09.08.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 24.10.2018წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე