განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001827291
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/3197-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - შპს „თ---–------- ჯ-----ი“
წარმომადგენლები - ლ--–------–--–--ე, გ------- ი------ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ი----’’
წარმომადგენლები - თ--------------–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით შპს „თ---–------- ჯ-----ის“ სარჩელი შპს „ი----ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიერ ჩატარებული №S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, 2014 წლის 05 ნოემბერს შპს „თ---–------- ჯ-----სა“ (შემსყიდველი) და შპს „ი----ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №4---------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმადაც შპს „ი----მ“ იკისრა ვალდებულება შპს „თ---–------- ჯ-----ისათვის“ მიეწოდებინა ერთი ერთეული უწვეტი კვების წყარო (CPV კოდები: 3-------; 3-------; მარკა E---, მოდელი E--- C1 Series 4---- UPS).
ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, შესასყიდი საქონლის ღირებულება განისაზღვრა - 13 0-8.56 ლარით; ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შესასყიდი ობიექტის მიღება ფორმდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით, რაც ასევე ადასტურებს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
ხელშეკრულების 12.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ შეძენილ საქონელზე ვრცელდება საგარანტიო მომსახურება სამი წლის განმავლობაში, მხარეთა მირ მიღება- ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო სერვისის პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულების 12.2. პუნქტის თანახმად, საგარანტიო ვადაში მიმწოდებელი მოვალეა უფასოდ განახორციელოს საქონლის შეკეთება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეცვლა.
ხელშეკრულების 12.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი თავისუფლდება ზემოთ ხსენებული მოვალეობის შესრულებისაგან თუ დადგინდა, რომ დაზიანება შემსყიდველის პერსონალური ბრალითაა გამოწვეული.
ხელშეკრულების დანართი №3-ში („ფასების ცხრილი“) დამატებით მითითებულია საგარანტიო სერვისის პირობები, სადაც აღნიშნულია, რომ არასწორი ექსპლუატაციის პირობებში გარანტია არ ვრცელდება.
ხელშეკრულების დანართი №3-ში („ფასების ცხრილი“), ასევე შენიშვნის სახით მითითებულია შემდეგი: „შემოთავაზებული უპს-ი შერჩეული და წარმოდგენილია თქვენი ტექნიკური მოთხოვნების (იგულისხმება უპს-ს პარამეტრები) მიხედვით. რაც შეეხება იმას, რომ მან უნდა უზრუნველყოს ნაგავსაყრელ პოლიგონზე არსებული წყლის გაწმენდა, დანადგარის შეუფერხებელი ფუნქციონირება - ეს უპს-ის პარამეტრს არ წარმოადგენს. მთავარია განხორციელდეს სწორი მონტაჟი კვალიფიციური კადრის მიერ, დატვირთოთ სწორად, აკუმულატორების დამუხტვა დაცლა აწარმოოთ ისე, როგორც ექნება ტექნიკურ პასპორტში, ასევე შეუქმნათ სამუშაო გარემო პირობები (ეს ყველაფერი გახლავთ აბსოლუტურად სტანდარტული მოთხოვნები). ანუ როდესაც არ დაირღვევა ექსპლუატაციის პირობები, თქვენ გამოიყენებთ წყლის გამწმენდ დანადგარზე თუ სხვაზე მნიშვნელობა არ აქვს“.
უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიერ განხორციელდა მხოლოდ ერთი ერთეული კვების წყაროს შეძენა, მონტაჟისა და შემდგომი მეთვალყურეობის მომსახურების გარეშე.
2.2. 2014 წლის 03 დეკემბერს შპს „თ---–------- ჯ-----სა“ და შპს „ი----ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც 05.11.2014წ. №4---------- ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ი----მ“ მიაწოდა, ხოლო შპს „თ---–------- ჯ-----მა“ მიიღო ერთი ცალი უწყვეტი კვების წყარო, ღირებულებით - 13 0-8.56 ლარი.
2.3. 05.11.2014წ. №4---------- ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „თ---–------- ჯ-----ისათვის“ მიწოდებული უწყვეტი კვების წყარო - UPS, მონტაჟის შემდგომ რამდენიმე დღეში გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც შპს „ი----მ“ ხელშეკრულების შესაბამისად, მოახდინა მისი შეკეთება. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, უწყვეტი კვების წყარო კვლავ გამოვიდა მწყობრიდან.
2.4. 2--- წლის 11 მარტს შპს „თ---–------- ჯ-----მა“ №2/578 წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა შპს „ი----ს“, რომლითაც აცნობა 05.11.2014წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4---------- ხელშეკრულებით მიწოდებული საქონლის - უწყვეტი კვების წყაროს, მწყობრიდან გამოსვლის შესახებ და აღნიშნული ხელშეკრულების 12.1. პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის პირობების შესაბამისად, მოითხოვა საქონლის შეკეთება ან გამოცვლა.
შპს „ი----მ“ 2--- წლის 13 მარტს საპასუხო წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა შპს „თ---–------- ჯ-----ს“, რომლითაც უარი განაცხადა საქონლის შეკეთებაზე ან/და გამოცვლაზე იმ საფუძვლით, რომ შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიერ დარღვეულ იქნა ექსპლუატაციის პირობები, ხოლო გარანტია ვრცელდებოდა მხოლოდ სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში. აღნიშნულ წერილობით შეტყობინებაში მითითებულია, რომ შპს „ი----ს“ კვალიფიციური კადრის მიერ მოხდა პრობლემისა და დაზიანების არსის დეტალურად შესწავლა, რის საფუძველზეც ცალსახად დასტურდება, რომ უპს-ის შემადგენელი აკუმულატორები იმუხტებოდა მაღალი დენით. კერძოდ, მოცემული სიმძლავრის აკუმულატორების რეკომენდირებული დამუხტვის დენის ნორმაა 1.7 ამპერი, არსებული კი, როგორც აღმოჩნდა, იმუხტებოდა 4.7 ამპერით, რამაც გამოიწვია აკუმულატორების მწყობრიდან გამოსვლა.
2.5. 2017 წლის 31 იანვარს შპს „თ---–------- ჯ-----მა“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა შპს „ი----ს“, რომლითაც აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
2.6. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ UPS-მა მწყობრიდან გამოსვლამდე არაერთხელ გამოსცა დაზიანების შესახებ გაფრთხილების სიგნალი თავისსავე მონიტორზე, რასაც შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
2.7. შპს „თ---–------- ჯ-----ის“ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსის - გ------- ც------ის მიერ 22.0-.2017წ. შედგენილი მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „ი----საგან“ მოწოდებული პირველი უწყვეტი კვების წყაროს UPS-ის სრული დამონტაჟება ელ. ენერგიაზე მიერთება მოხდენილ იქნა მომწოდებელი კომპანიის მიერ (შპს „ი----). კერძოდ, შემომავალი ელ. ენერგიის კაბელის დაერთება (380 ვოლტი) UPS-ზე და UPS-დან გამავალი ელ. ენერგიის კაბელის მიერთება შპს „ი----ს“ რჩევით მოწყობილ ელ. კარადაში არსებულ ჩამრთველ გამომრთველ ელ. ავტომატებზე.
2.8. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვ---------ს“ ექსპერტის მიერ 14.05.2---წ. შედგენილი №0---- ენერგეტიკული დასკვნის თანახმად:
- შპს „თ---–------- ჯ-----ის“ კუთვნილი ელექტრომომარაგების სქემა შესრულებულია მაღალ დონეზე სტანდარტების დაცვით. ამიტომ UPS-ის შესასვლელზე გამორიცხულია არასტანდარტული ძაბვის მიწოდება;
- UPS მწყობრიდან გამოსულია აკუმულატორების დაზიანების გამო;
- აკუმულატორის დაზიანება გამოიწვია მისმა უხარისხობამ და დანადგარში დენის შემზღუდველი მოწყობილობის უქონლობამ. აღნიშნულ დანადგარში არის 120 აკუმულატორი. ზუსტად ერთნაირი მახასიათებლების მქონე ასეთი მცირე სიმძლავრის აკუმულატორის პოვნა ძალიან ძნელია. ერთი რომელიმე აკუმულატორის დაზიანება იწვევს სხვა აკუმულატორზე ძაბვის მომატებას და შესაბამისად დამუხტვის დენის გაზრდას. სწორედ ამ პროცესებმა განაპირობეს აკუმულატორების მასიური დაზიანება;
- დაზიანება გამოწვეულია დანადგარების აკუმულატორების უხარისხობით და არა მომხმარებლის მიერ არასწორი ექსპლუატაციით;
- მომხმარებლის დადანაშაულება UPS-ის დაზიანების საქმეში სრულიად გამორიცხულია;
დასკვნაში, ასევე მითითებულია შემდეგი: იმის გათვალისწინებით, რომ უწყვეტი კვების წყაროს დაზიანების პერიოდში (თებერვალი) მუშა ტემპერატურა ბოქსში არ აღემატებოდა დასაშვებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ აკუმულატორების მწყობრიდან გამოსვლა გამოწვეულია UPS-ის დასამუხტი მოწყობილობის გაუმართაობით (არ იმუშავა დენის და ძაბვის შეზღუდვის მოწყობილობამ).
უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვ---------ს“ ექსპერტის მიერ, აღნიშნული დასკვნა შედგენილ იქნა მხოლოდ შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და მას უწყვეტი კვების წყარო - UPS, პირადად არ უნახავს და არ შეუმოწმებია.
2.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0-.0-.2---წ. №0------- კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მწარმოებლის ოფიციალური გვერდიდან მოპოვებული უწყვეტი კვების წყაროს ტექნიკური მომსახურების (ექსპლუატაციის) პირობების შესწავლის თანახმად, მომხმარებლის (კლიენტის) მხრიდან პერიოდულად უნდა ხდებოდეს მონიტორინგი, მნიშვნელოვანი კომპონენტების გაწმენდა და გასუფთავება.
2.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.0-.2---წ. №0-------- სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური დასკვნის თანახმად:
- შპს „ი----ს“ მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილ, ორმაგი გარდაქმნის ტექნოლოგიით (Online double conversion) დამზადებული თურქული წარმოების უწყვეტი კვების წყაროს E--- (მოდელი - C1 Series), ჩინური წარმოების 12 ვოლტიანი და 9 ამპ/სთ-იანი აკუმულატორები გამოსულია მწყობრიდან მათი ძლიერი დეფორმაციის, გაბერვის და ხშირ შემთხვევაში მთლიანობების დარღვევის გამო;
აღნიშნული აკუმულატორების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზია მათი დამუხტვის არასათანადოდ მაღალი დენი, რომელიც გახდა მიზეზი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი გადახურების, შინაგანი წნევის გაზრდის შედეგად მაღალი ხარიხის დეფორმაციისა და ხშირ შემთხვევაში კორპუსის მთლიანობის დარღვევისა;
-აღნიშნული უწყვეტი კვების წყაროს მიკროკონტროლერის მეხსიერებიდან ამოღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნული მოწყობილობა თავის თხევადკრისტალურ ეკრანზე სისტემატიურად აგზავნიდა შეტყობინება-გაფრთხილებებს („Warnings”) დამუხტვის დენის გადაჭარბებაზე;
ვინაიდან, აღნიშნული მრავალჯერადი შეტყობინების მიუხედავად, არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები, აღნიშნული უწყვეტი კვების წყაროს დაზიანების მიზეზია - დანადგარის სწორი ექსპლუატაციის პირობების დარღვევა;
2.11. სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა თ------ მ-----–---მა (შეადგინა 14.05.2---წ. №0---- დასკვნა) განმარტა შემდეგი:
მას UPS და მისი აკუმულატორი არ უნახავს. მისი სამუშაო მოიცავდა იმის გამოკვლევას, თუ როგორი კვება ეწოდებოდა გარედან და შეეძლო თუ არა მას გამოეყვანა მწყობრიდან UPS. იგი ვარაუდებით მივიდა დასკვნამდე. მისი დასკვნა ემყარება ვარაუდებს და არ არის კატეგორიული.
ექსპერტის განმარტებით, UPS-ის მონიტორზე გამოსახული პირველი ინფორმაცია იყო იმის მანიშნებელი, რომ იყო დაზიანება. ამისათვის მომსახურე პერსონალს ყურადღება უნდა მიექცია. ეს არის სწორი ექსპლუატაცია. ნივთი დაზიანდა ექსპლუატაციის შედეგად. (იხ.
12.12.2017წ. სხდომის ოქმი)
3.1.12. სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა ზ------ გ---–-----მა (შეადგინა 23.0-.2---წ. №0-------- დასკვნა) განმარტა შემდეგი:
როდესაც UPS ნახა ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო. ყველა აკუმულატორი იყო დაბერილი და დამსკდარი. პირველი რაც ითხოვა იყო ეჩვენებინათ დამუხტვის დენი. აღმოჩნდა, რომ იმ პირობებში, როდესაც 1 ამპერიც არ იყო მისი დატენვის დენი, ამ შემთხვევაში იყო 4-ზე მეტი. ფიზიკის კანონია, რომ გამოყოფილი ენერგია პროპორციულია დენის კვადრატის. ე.ი თუ დენი იზრდება ორჯერ, გამოყოფილი ენერგია, ანუ სითბო, იზრდება 4-ჯერ. ამ შემთხვევაში, გვქონდა 5-ჯერ მეტი დამუხტვის დენი. ეს ნიშნავს, რომ 25-ჯერ მეტი ენერგია გამოიყოფოდა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ეს გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში. შესაბამისად, ერთადერთი პასუხი არსებობს - UPS-ის დაზიანების მიზეზია ცუდი, არასწორი ექპლუატაცია. მითუმეტეს მას აქვს ტექნიკური პასპორტი, სადაც ყველაფერი წერია და რომელსაც უნდა გაცნობოდა მყიდველი.
UPS-ის აკუმულატორი ცვლადი დენით არ იტენება თვითონ აპარატი გარდაქმნის. თავიდანვე არ იყო დაყენებული სწორად დამუხტვის დენი. დამუხტვის დენი ყენდება პროგრამულად. ვისაც აქვს კოდი შეუძლია შევიდეს და დააყენოს. თუმცა, პარამეტრებს ჭირდება შემოწმება პერიოდულად. ეს არის მომსახურების საკითხი. აპარატი ისეთ სპეციალისტს უნდა დაეყენებინა ვისაც აქვს გავლილი შესაბამისი კურსები და მიღებული აქვს სერთიფიკატი.
ძალიან დაბალი პროცენტულობით შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ აკუმულატორის დაზიანება გამოიწვია მისმა უხარისხობამ. ამის ალბათობა არის თითქმის ნული. უშუალო მიზეზობრივ კავშირში არის გადამეტებული დამუხტვის დენი. რამ გამოიწვია დამუხტვა ამ აკუმულატორების გაბერვისთვის არ აქვს მნიშვნელობა. თუნდაც რაიმე ნაწილი ყოფილიყო დაზიანებული, ის დაზიანება, რაც ამჟამად აკუმულატორს აქვს, გამოიწვია დამუხტვის დენის გადაჭარბებით მიწოდებამ.
ნებისმიერ ხელსაწყოს კომპიუტერზე მომუშავე ერთადერთი დაცვის საშუალება აქვს - ის გაძლევს შეტყობინებას - ინფორმაცია გამოაქვს ეკრანზე, ამის საფუძველზე, კი უნდა მოხდეს რეაგირება. შეუძლებელია ვინმემ მექანიკურად შეცვალოს შეტყობინების ტექსტი. მთლიანად ნებისმიერი ქმედება რაც ტარდება UPS-ზე ეს არის აღწერილი მეხსიერებაში. ვინმეს რომ მოეხდინა კორექტირება დენზე, ანუ დამუხტვის დენზე, მაშინვე ჩაიწერებოდა ეს ინფორმაცია. ნებიმიერ შეტყობინებაზე უნდა იყოს მომხმარებლის შესაბამისი რეაგირება. (იხ. 05.02.2019წ. სხდომის ოქმი)
2.13. მოწმე გ------- ც------ის ჩვენების თანახმად: გამარტივებული ტენდერის გზით, შპს „ი----საგან“ შეიძინეს უწყვეტი კვების წყარო UPS, რომლის დამონტაჟება და ელექტროობაზე დაერთება მოხდა მომწოდებელი კომპანიის - შპს „ი----საგან“, ვინაიდან მათ მანამდე არ ჰქონიათ შეხება UPS-ის აპარატთან. პირველი დაერთების დროს ჩვენი ჩარევა არ ყოფილა. გ------- ც------ის განმარტებით, იგი ესწრებოდა UPS-ის დამონტაჟებას, სხვა გარემოებების შესახებ მისთვის ცნობილი არ არის. (იხ. 06.02.2---წ. სხდომის ოქმი)
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.14. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4---------- ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ი----ს“ მიერ შპს „თ---–------- ჯ-----ისათვის“ მიწოდებული უწყვეტი კვების წყაროს - UPS-ის მონტაჟი არც თავდაპირველად და არც მისი შეკეთების შემდგომ, არ მომხდარა შპს „ი----ს“ მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ განმარტა, რომ UPS-ის მონტაჟი როგორც თავდაპირველად, ასევე შეკეთების შემდგომ განხორციელდა შპს „ი----ს“ წარმომადგენლის მიერ. აღნიშნულ გარემოებას არ ეთანხმება მოპასუხე და თავის მხრივ უთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხოლოდ ნასყიდობის საგნის გადაცემას. მისი მონტაჟი ან/და შემდგომი მეთვალყურეობა წარმოადგენდა ცალკე შეთანხმების საგანს, რაც ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული და შესაბამისად მოპასუხეს აღნიშნული მომსახურება მოსარჩელისათვის არ გაუწევია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
შპს „თ---–------- ჯ-----სა“ და შპს „ი----ს“ შორის 05.11.2014წ. დადებული №4---------- ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიერ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდულ იქნა მხოლოდ საქონელი - ერთი ერთეული უწყვეტი კვების წყარო - UPS. ხელშეკრულებით შემსყიდველს არ შეუსყიდია უწყვეტი კვების წყაროს მონტაჟის ან/და შემდგომი მეთვალყურეობის მომსახურება, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენდა ცალკე შეთანხმების საგანს. ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია არც მოსარჩელე მხარეს. შესაბამისად, გამყიდველის ერთადერთ მოვალეობას წარმოადგენდა მყიდველისათვის მიეწოდებინა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. ამასთან, 2014 წლის 03 დეკემბერს შპს „თ---–------- ჯ-----სა“ და შპს „ი----ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც 05.11.2014წ. №4---------- ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ი----მ“ მიაწოდა, ხოლო შპს „თ---–------- ჯ-----მა“ მიიღო ერთი ცალი უწყვეტი კვების წყარო, ღირებულებით - 13 0-8.56 ლარი. მოპასუხის განმარტებით, სხვა მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, მხარეთა შორის, ასევე გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
მოპასუხეს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს შპს „თ---–------- ჯ-----ის“ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსის - გ------- ც------ის მიერ 22.0-.2017წ. შედგენილი მოხსენებითი ბარათი, სადაც მითითებულია, რომ შპს „ი----საგან“ მოწოდებული პირველი უწყვეტი კვების წყაროს UPS-ის სრული დამონტაჟება ელ. ენერგიაზე მიერთება მოხდენილ იქნა მომწოდებელი კომპანიის მიერ (შპს „ი----). კერძოდ, შემომავალი ელ. ენერგიის კაბელის დაერთება (380 ვოლტი) UPS-ზე და UPS-დან გამავალი ელ. ენერგიის კაბელის მიერთება შპს
„ი----ს“ რჩევით მოწყობილ ელ. კარადაში არსებულ ჩამრთველ გამომრთველ ელ. ავტომატებზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, ასევე საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსი - გ------- ც------ე, რომელმაც განმარტა, რომ იგი ესწრებოდა შპს „ი----ს“ მიერ უწყვეტი კვების წყაროს UPS-ის მონტაჟს, თუმცა სხვა გარემოებების შესახებ მისთვის ცნობილი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული მოხსენებითი ბარათი წარმოადგენს ცალმხრივ დოკუმენტს, ხოლო მოწმე გ------- ც------ემ ვერ მიუთითა ისეთ კონკრეტულ და უტყუარ გარემოებებზე, რასაც შეეძლო სასამართლოსთვის თუნდაც გონივრული ეჭვი შეექმნა მოპასუხის მხრიდან უწყვეტი კვების წყაროს მონტაჟის თაობაზე.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული შესასყიდი ობიექტის - უწყვეტი კვების წყაროს, მონტაჟი, ხოლო მოპასუხე უარყოფს მის მიერ სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებებად.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების სათანადოდ დადასტურება.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.15. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიერ ჩატარებული №S----------- გამარტივებულ ელექტრონული ტენდერის შესაბამისად, 2014 წლის 05 ნოემბერს შპს „თ---–------- ჯ-----სა“ და შპს „ი----ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება №4---------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს „ი----მ“ იკისრა ვალდებულება შპს „თ---–------- ჯ-----ისათვის“ მიეწოდებინა ერთი ერთეული უწვეტი კვების წყარო (CPV კოდები: 3------; 3-------). შესასყიდი საქონლის ღირებულება განისაზღვრა - 13 0-8.56 ლარით.
2014 წლის 03 დეკემბერს შპს „თ---–------- ჯ-----სა“ და შპს „ი----ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც 05.11.2014წ. №4---------- ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ი----მ“ მიაწოდა, ხოლო შპს „თ---–------- ჯ-----მა“ მიიღო ერთი ცალი უწყვეტი კვების წყარო, ღირებულებით - 13 0-8.56 ლარი.
2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 488-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას.
ვარგისიანობის ვადა გარანტიის ერთგვარი სახეა. ეს არის სახელშეკრულებო შეთანხმება, რომელიც მყიდველს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მეტი დაცვის გარანტიას ანიჭებს და მის უფლებებს აფართოებს. ნივთის ვარგისიანობის ვადის განსაზღვრა გამყიდველის მიერ ნივთის თვისებების თაობაზე გარანტიის დაკონკრეტებაა. კერძოდ, გამყიდველი გარანტიას გასცემს ნივთის თვისებებთან დაკავშირებით გარკვეულ ვადამდე.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მყიდველის უფლებებს შორის ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ნივთის ნაკლის გამო მისთვის მინიჭებული კანონისმიერი მოთხოვნის უფლებები, საგარანტიო ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებებისაგან. ისინი ერთმანეთისაგან პარალელურად არსებობს და გააჩნია დამოუკიდებელი სამართლებრივი წინაპირობები. ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი თვისებაა, რომ გარანტიით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლების არსებობისათვის არ არის მნიშვნელოვანი ნაკლის წარმოშობის პერიოდი, მთავარია რომ მისი გამოვლენა მოხდეს საგარანტიო პერიოდში. მიუხედავად მისი, განსხვავებული ბუნებისა, საგარანტიო პერიოდში წარმოშობილი მოთხოვნის უფლებები, ანალოგიურად მიმართულია იმ სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, რომელიც არსებობს ნივთის ნაკლის გამო წარმოშობილი კანონისმიერი უფლებებისათვის.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული №4---------- ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ საგარანტიო მომსახურებაზე, რომელიც იმოქმედებდა სამი წლის განმავლობაში, შემსყიდველის მიერ შეძენილ საქონელზე მხარეთა მირ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან (ხელშეკრულების 12.1. პუნქტი). შესაბამისად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება საგარანტიო ვადაში უფასოდ განეხორციელებინა საქონლის შეკეთება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეცვლა (ხელშეკრულების 12.2. პუნქტი). ამასთან, განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა დაზიანების შემსყიდველის პერსონალური ბრალით გამოწვევის ფაქტი, მიმწოდებელი გათავისუფლდებოდა ზემოთ ხსენებული მოვალეობის შესრულებისაგან (ხელშეკრულების 12.3. პუნქტი). გარანტია არ გავრცელდებოდა, ასევე არასწორი ექსპლუატაციის პირობებში (ხელშეკრულების დანართი №3).
2.17. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის დასაბუთებულობის გამოსარკვევად მნიშვნელოვანია დადგინდეს თუ რამ გამოიწვია №4---------- ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ი----ს“ მიერ შპს „თ---–------- ჯ-----ისათვის“ მიწოდებული დენის წყაროს - UPS-ის მწყობრიდან გამოსვლა - აკუმულატორების უხარისხობამ თუ UPS-ის არასწორმა ექსპლუატაციამ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი:
ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ნასყიდობის საგნის მიღების შემთხვევაში, სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპის შესაბამისად, ნივთის ნაკლის დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მატარებელია მყიდველი. ის ვალდებულია დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით დაასაბუთოს ნივთობრივი ნაკლის საქონლის გადაცემის დროისათვის არსებობის ფაქტი. თუმცა, განსხვავებული მდგომარეობაა მაშინ, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ნივთის ვარგისიანობის - საგარანტიო ვადა. ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა მიიღო თუ არა მყიდველმა ნასყიდობის საგანი, საგარანტიო პერიოდში ნივთის ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, მყიდველს - მოსარჩელეს ნაკლთან დაკავშირებით მხოლოდ ფაქტების მითითების ვალდებულება ეკისრება, ხოლო გამყიდველის მტკიცების ტვირთია გამორიცხოს აღნიშნული ნაკლის არსებობა და მისი პასუხისმგებლობა. ამრიგად, მყიდველს ეკისრება მხოლოდ იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი ნივთის ვარგისიანობის ვადაში გამომჟღავნდა და გამყიდველის მიერ განსაზღვრული იყო ნივთის ვარგისიანობის შესაბამისი ვადა. ამის საპირისპიროდ, გამყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ ნივთის ნაკლი მყიდველის ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია. გამყიდველის პასუხისმგებლობის თავისებურება სწორედ იმაში ვლინდება, რომ საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში ნივთის ნაკლის დაფიქსირების შემთხვევაში, პრეზუმირებულია მისი ბრალეულობა და გაყიდული ნივთის ნაკლის არსებობა, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი, ეკისრება გამყიდველს.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვ---------ს“ 14.05.2---წ. №0---- (ენერგეტიკული) ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც დასკვნის სახით მითითებულია, რომ აკუმულატორის დაზიანება გამოწვეულია აკუმულატორების უხარისხობით და არა მომხმარებლის მიერ არასწორი ექსპლუატაციით. მომხმარებლის დადანაშაულება UPS-ის დაზიანების საქმეში სრულიად გამორიცხულია.
უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვ---------ს“ ექსპერტის მიერ ზემოთ აღნიშნული დასკვნა შედგენილ იქნა მხოლოდ შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი ვარაუდების საფუძველზე და მას უწყვეტი კვების წყარო უშუალოდ არ უნახავს და არ შეუმოწმებია. აღნიშნული გარემოება თავად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა
- თ------ მ-----–---მა (მის მიერ იქნა შედგენილ ზემოთ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა). სასამართლოს სხდომაზე თ------ მ-----–---მა, ასევე განაცხადა, რომ დასკვნის შედგენისას მისი სამუშაო მოიცავდა მხოლოდ იმას, რომ დაედგინა როგორი იყო კვება გარედან და შეეძლო თუ არა მას გამოეყვანა მწყობრიდან UPS. თ------ მ-----–---მა, მის მიერ 14.05.2---წ. შედგენილი დასკვნის საწინააღმდეგოდ, სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა უწყვეტი კვების წყაროს არასწორ ექპლუატაციას. მისი განმარტებით, UPS-ის მონიტორზე გამოსახული ინფორმაცია იყო იმის მანიშნებელი, რომ სახეზე იყო დაზიანება, რაზეც მომსახურების პერსონალს ყურადღება უნდა მიექცია. ამდენად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლო სხდომაზე მოწვეული შესაბამისი ექსპერტის ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგო და ერთმანეთის გამომრიცხველია. აღნიშნულის გათვალისწინებით, დასახელებული ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
რაც შეეხება მოპასუხეს, მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და განმარტა, რომ UPS-ის შემადგენელი აკუმულატორები იმუხტებოდა მაღალი დენით, რის შესახებაც UPS რამდენიმე კვირის განმავლობაში აგზავნიდა მონიტორზე შეტყობინებას. აღნიშნულზე მომხმარებელს შესაბამისი რეაგირება უნდა მოეხდინა და UPS-ის დამუხტვა გადაეყვანა შესაბამის რეჟიმში. თუმცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, შემსყიდველმა UPS თვეების მანძილზე ამუშავა ავარიულ რეჟიმში და არ მიაქცია განგაშის შეტყობინებებს ყურადღება. მოპასუხემ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.0-.2---წ. №0-------- სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური დასკვნა, სადაც დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ აკუმულატორების მწობრიდან გამოსვლის მიზეზია მათი დამუხტვის არასათანადოდ მაღალი დენი, რომელიც გახდა მიზეზი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი გადახურების, შინაგანი წნევის გაზრდის შედეგად მაღალი ხარიხის დეფორმაციისა და ხშირ შემთხვევაში კორპუსის მთლიანობის დარღვევისა. დასკვნაში, ასევე აღნიშნულია, რომ უწყვეტი კვების წყაროს მიკროკონტროლერის მეხსიერებიდან ამოღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნული მოწყობილობა თავის თხევადკრისტალურ ეკრანზე სისტემატიურად აგზავნიდა შეტყობინება-გაფრთხილებებს („Warnings”) დამუხტვის დენის გადაჭარბებაზე. ვინაიდან, აღნიშნული მრავალჯერადი შეტყობინების მიუხედავად, არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები, აღნიშნული უწვეტი კვების წყაროს დაზიანების მიზეზია - დანადგარის სწორი ექსპლუატაციის პირობების დარღვევა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ზ------ გ---–-----მა დამატებით განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავიდანვე არ იყო დაყენებული სწორად დამუხტვის დენი, რის გამოც UPS-ის აკუმულატორებს დიდი ხნის განმავლობაში ნაცვლად მათთვის განსაზღვრული დატენვის დენის ოდენობისა მიეწოდებოდა 4-ჯერ მეტი დატენვის დენი, რომელიც პროგრამულად მომხმარებელს უნდა დაეყენებინა. შესაბამისად, ერთადერეთი პასუხი UPS-ის დაზიანების მიზეზისა არის არასწორი ექსპლუატაცია. ძალიან დაბალი პროცენტულობით შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ აკუმულატორის დაზიანება გამოიწვია მისმა უხარისხობამ. ამის ალბათობა არის თითქმის ნული. უშუალო მიზეზობრივ კავშირში არის გადამეტებული დამუხტვის დენი. ნებისმიერ ხელსაწყოს კომპიუტერზე მომუშავე ერთადერთი დაცვის საშუალება აქვს - ის გაძლევს შეტყობინებას, ინფორმაცია გამოაქვს ეკრანზე, ამის საფუძველზე, კი უნდა მოხდეს რეაგირება. შეუძლებელია ვინმემ მექანიკურად შეცვალოს შეტყობინების ტექსტი. ნებისმიერ შეტყობინებაზე, კი უნდა იყოს მომხმარებლის შესაბამისი რეაგირება. თუნდაც რაიმე ნაწილი ყოფილიყო დაზიანებული, ის დაზიანება რაც ამჟამად აკუმულატორს აქვს, გამოიწვია დამუხტვის დენის გადაჭარბებით მიწოდებამ.
მოსარჩელემ, ასევე წარმოადგინა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0-.0-.2---წ. №0------- კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ მომხმარებლის (კლიენტის) მხრიდან პერიოდულად უნდა ხდებოდეს UPS-ის მონიტორინგი, მნიშვნელოვანი კომპონენტების გაწმენდა და გასუფთავება.
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ UPS-მა მწყობრიდან გამოსვლამდე არაერთხელ გამოსცა დაზიანების შესახებ გაფრთხილების სიგნალი თავისსავე მონიტორზე, რასაც შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ი----ს“ მიერ შპს „თ---–------- ჯ-----ისათვის“ მიწოდებული უწყვეტი კვების წყაროს - UPS-ის მონტაჟი არც თავდაპირველად და არც მისი შეკეთების შემდგომ, არ მომხდარა შპს „ი----ს“ მიერ. შესაბამისად, UPS-ის მონტაჟი განხორციელებულ იქნა შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიერ, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ UPS-ის აკუმულატორების დამუხტვის დენის რეჟიმი პროგრამულად განსაზღვრულ იქნა სწორედ ამ უკანასკნელის მიერ. ამასთან, როგორც საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებიდან დგინდება, UPS-ის აკუმულატორები იმუხტებოდა 4.7 ამპერი დენით მაშინ როდესაც დამუხტვის დენის რეკომენდირებული ნორმა იყო 1.7 ამპერი.
ამასთან, სასამართლო სადავო გარემოებასთან დაკავშირებით, დამატებით განმარტა შემდეგი:
უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს „თ---–------- ჯ-----სა“ და შპს „ი----ს“ შორის 05.11.2014წ. დადებული №4---------- ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიერ შესყიდულ იქნა მხოლოდ საქონელი - ერთი ერთეული უწყვეტი კვების წყარო - UPS. ხელშეკრულებით შემსყიდველს არ შეუსყიდია უწყვეტი კვების წყაროს მონტაჟის ან/და შემდგომი მეთვალყურეობის მომსახურება. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ი----ს“ არც ფაქტობრივად განუხორციელებია UPS-ის მონტაჟი. შესასყიდი საქონლის მიწოდებასთან ერთად შპს „თ---–------- ჯ-----ს“ გადაეცა ტექნიკური პასპორტი, სადაც დეტალურად იყო მითითებული, UPS-ის მოხმარებისა და გამოყენების წინაპირობები. გარდა ამისა, ხელშეკრულების დანართი №3-ში („ფასების ცხრილი“) შპს „ი----ს“ მიერ შენიშვნის სახით მითითებულ იქნა, რომ UPS-ის მონტაჟი უნდა განხორციელებულიყო კვალიფიციური კადრის მიერ, უნდა დაეტვირთათ სწორად, აკუმულატორების დამუხტვა, დაცლა ეწარმოებინათ ისე, როგორც იქნებოდა ტექნიკურ პასპორტში და შეექმნათ სამუშაო გარემო - პირობები. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებისა და მისი უფლებამოსილების ფარგლებში, შემსყიდველს მიაწოდა საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ მას მინიმუმ იმის წარმოდგენა შექმნოდა, რომ უწყვეტი კვების წყაროს მონტაჟი და ექსპლუატაცია საჭიროებდა სათანადო წესების დაცვით განხორციელებას. შესაბამისად, ვინაიდან შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიერ არ ყოფილა შესყიდული UPS-ის მონტაჟი და შემდგომი მეთვალყურეობა, იგი ვალდებული იყო გამოეჩინა სათანადო გულისხმიერება და აღნიშნული განეხორციელებინა წესების დაცვით. ამრიგად, შპს „თ---–------- ჯ-----ის“ პირად პასუხისმგებლობას წარმოადგენდა მონტაჟის დროს პროგრამა მოემართა კონკრეტული UPS-ის აკუმულატორებისათვის რეკომენდირებული დამუხტვის დენის ოდენობის გათვალისწინებით, ხოლო შემდგომ ყურადღება მიექცია UPS-ის მონიტორზე გამოსახული გაფრთხილების სიგნალისათვის და მასზე რეაგირება მოეხდინა. შესაბამისად, აღნიშნული მოვალეობის განუხორციელებლობის გამო, უმოქმედობის შესაბამისი რისკის მატარებელს თავადვე წარმოადგენს. გაფრთხილების სიგნალებზე რეაგირების მოხდენის შემთხვევაში, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მოწყობილობა მწყობრიდან არ გამოვიდოდა.
რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ი----ს“ მიერ შპს „თ---–------- ჯ-----ისათვის“ მიწოდებული უწყვეტი კვების წყაროს UPS-ის მწყობრიდან გამოსვლა გამოწვეულ იქნა, ასევე შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მხრიდან მისი არასწორი მონტაჟით, სასამართლომ არ გაიზიარა და მასზე არ იმსჯელა, ვინაიდან სასამართლოს განმარტებით აღნიშნული წარმოადგენდა მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული ახალ გარემოებას, რის თაობაზეც მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიერ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლში მითითებული „მოთხოვნის უფლება“ გულისხმობს მეორად მოთხოვნებს, ვინაიდან აღნიშნული მუხლის დისპოზიცია გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს დანაწესი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირველადი ვალდებულება (ვალდებულებები) შესრულებულია არაჯეროვნად, და მხარის კანონიერი ინტერესების დასაცავად აუცილებელია ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების უზრუნველყოფა. ამასთან, იმისათვის, რომ არსებობდეს ხსენებული მეორადი მოთხოვნების განხორციელების ნამდვილი უფლება აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა. უპირველეს ყოვლისა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლის მიხედვით სახეზე უნდა იყოს ნაკლი, რომელიც გამოვლენილია საგარანტიო ფურცლის მოქმედების პერიოდში.
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ ვარგისიანობის ვადის განსაზღვრის ფარგლებში გამყიდველის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება ნაკლზე, რომლის წარმოშობაზე გავლენის შესაძლებლობაც გამყიდველს არ ჰქონდა და რომელიც მყიდველის მიერ შესრულების შესაბამისად განხორციელებასთან დაკავშირებული არ არის. ეს შესაძლებელია იყოს ნაკლი, რომელიც გამყიდველის პასუხისმგებლობისა (რისკის) და ზეგავლენის სფეროში არ ექცევა. გამორიცხულია გამყიდველის პასუხისმგებლობა საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ისეთი ნაკლის გამო, რომელიც მყიდველის ბრალეული ქმედების, ნივთისადმი შეუსაბამო მოპყრობის, ინტსრუქციის წესები დარღვევის ან მესამე პირების ზემოქმედების შედეგად გამოვლინდა.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ი----ს“ მიერ შპს „თ---–------- ჯ-----ისათვის“ მიწოდებული უწყვეტი კვების წყაროს - UPS-ის მწყობრიდან გამოსვლა გამოწვეულ იქნა შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მხრიდან მისი არასწორი ექსპლუატაციის შედეგად.
შესაბამისად, სახეზეა მყიდველის ბრალეული ქმედებით გამოწვეული ნაკლი, რაც გამორიცხავს მიმწოდებლის პასუხისმგებლობას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, სათანადო და კვალიფიციური მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, მოსარჩელე შპს „თ---–------- ჯ-----ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ი----სათვის“ ნასყიდობის საგნის ღირებულების - 13 0-8.56 ლარის დაკისრების თაობაზე.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით მოწყობილობის მონტაჟი განახორციელა შპს ,,ი----მ’’, რომელმაც მონტაჟის დროს დააზიანა რა ნასყიდობის საგანი, დაუყოვნებლივ წაიღო ის შესაკეთებლად. აპელანტის მითითებით, დაზიანებასთან დაკავშირებით მიმწოდებელმა კომპანიამ მიაწოდა ინფორმაცია მოწყობილობაზე მცველების შეცვლის შესახებ, თუმცა აპელანტი ეჭქვეშ აყენებს აღნიშნულ ფაქტს და განმარტავს, რომ საზოგადოებისთვის უცნობია რეალურად რა სახის დაზიანება განიცადა მოწყობილობამ. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას, რომ ნივთის მონტაჟი შპს ,,ი----ს’’ მიერ არ განხორციელებულა და განმარტავს, რომ მოწმე გ------- ც------ის ჩვენება და შპს ,,ი----ს’’ მიერ ნივთის შესაკეთებლად წაღება იძლეოდა დასკვნის საფუძველს, რომ მოწყობილობის მონტაჟი სწორედ მიმწოდებელმა კომპანიამ განახორციელა.
3.2. აპელანტის მოსაზრებით სადავო გარემოების დადგენისას სასამართლოს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ უნდა ეხელმძღვანელა, რადგან ექსპერტს არ გააჩნდა შესაბამისი კომპეტენცია სადავო საკითხზე ექსპერტიზის ჩასატარებლად, ამასთან მისი მხრიდან საკითხის გამოკვლევისას არ მომხდარა ისეთი არსებითი საკითხების გამორკვევა, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად. აპელანტის განმარტებით იმ პირობებში, როდესაც ექსპერტი დაზიანების მიზეზად ჭარბი დენის მიწოდების შესახებ უთითებდა, მისი მხრიდან გამოკვლეული არ ყოფილა საკითხი თუ რა პერიოდის განმავლობაში ხდებოდა ჭარბი დენით მოწყობილობის დამუხტვა, ან რატომ არ იმუშავა მოწყობილობის დამცავმა საშუალებებმა. აპელანტი პრეტენზიას აცხადებს იმ ფაქტზეც, რომ ექსპერტმა მოწყობილობის მეხსიერების დათვალიერება შპს ,,ი----ს’’ წარმომადგენელთან ერთად განახორციელა. აპელანტის განმარტებით შეფასების მიღმა დარჩა თუ რა სიხშირით ხდებოდა მოწყობილობაზე შეტყობინებების გამოტანა და მოწყობილობის დაზიანებამდე ორი თვით ადრე გამოტანილ შეტყობინებას შეძლო თუ არა მოწყობილობის მწყობრიდა გამოყვანა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სადავო არ ხდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ 2014 წლის 05 ნოემბერს ერთი მხრივ შპს ,,თ---–------- ჯ-----ს’’ (შემდგომში ,,მოსარჩელე, აპელანტი, შემსყიდველი’’) და მეორე მხრივ შპს ,,ი----ს’’ (,,მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი) შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც შპს „ი----მ“ იკისრა ვალდებულება შპს „თ---–------- ჯ-----ისათვის“ მიეწოდებინა ერთი ერთეული უწვეტი კვების წყარო (CPV კოდები: 3-------; 3-------; მარკა E---, მოდელი E--- C1 Series 4---- UPS).
ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განისაზღვრა შესასყიდი ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი. კერძოდ, ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შესასყიდი ობიექტის მიღება ფორმდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით, რაც ასევე ადასტურებს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
ხელშეკრულების მე-12 პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს საგარანტიო მომსახურების პირობები. ხელშეკრულების 12.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ შეძენილ საქონელზე ვრცელდება საგარანტიო მომსახურება სამი წლის განმავლობაში, მხარეთა მირ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო სერვისის პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების 12.2. პუნქტის თანახმად, საგარანტიო ვადაში მიმწოდებელი მოვალეა უფასოდ განახორციელოს საქონლის შეკეთება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეცვლა. ხელშეკრულების 12.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი თავისუფლდება ზემოთ ხსენებული მოვალეობის შესრულებისაგან თუ დადგინდა, რომ დაზიანება შემსყიდველის პერსონალური ბრალითაა გამოწვეული.
ხელშეკრულების დანართი №3-ში („ფასების ცხრილი“) ასევე მითითებულია საგარანტიო სერვისის პირობების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ არასწორი ექსპლუატაციის პირობებში გარანტია არ ვრცელდება.
ხელშეკრულების დანართი №3-ში („ფასების ცხრილი“), შენიშვნის სახით მითითებულია რომ: „შემოთავაზებული უპს-ი შერჩეული და წარმოდგენილია თქვენი ტექნიკური მოთხოვნების (იგულისხმება უპს-ს პარამეტრები) მიხედვით. რაც შეეხება იმას, რომ მან უნდა უზრუნველყოს ნაგავსაყრელ პოლიგონზე არსებული წყლის გაწმენდა, დანადგარის შეუფერხებელი ფუნქციონირება - ეს უპს-ის პარამეტრს არ წარმოადგენს. მთავარია განხორციელდეს სწორი მონტაჟი კვალიფიციური კადრის მიერ, დატვირთოთ სწორად, აკუმულატორების დამუხტვა დაცლა აწარმოოთ ისე, როგორც ექნება ტექნიკურ პასპორტში, ასევე შეუქმნათ სამუშაო გარემო პირობები (ეს ყველაფერი გახლავთ აბსოლუტურად სტანდარტული მოთხოვნები). ანუ როდესაც არ დაირღვევა ექსპლუატაციის პირობები, თქვენ გამოიყენებთ წყლის გამწმენდ დანადგარზე თუ სხვაზე მნიშვნელობა არ აქვს“. (ტ.1.ს.ფ. 16-22)
2014 წლის 03 დეკემბერს შპს „თ---–------- ჯ-----სა“ და შპს „ი----ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც 05.11.2014წ. №4---------- ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ი----მ“ მიაწოდა, ხოლო შპს „თ---–------- ჯ-----მა“ მიიღო ერთი ცალი უწყვეტი კვების წყარო, ღირებულებით - 13 0-8.56 ლარი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი შპს ,,თ---–------- ჯ-----ის’’ მხრიდან დადასტურებულია #1 საწყობის უფროსის მიერ. (ტ.1.ს.ფ. 23)
4.1.2. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ 2014 წლის 05 ნოემბრის ხელშეკრულების საგნის დაზიანება გამოწვეულია ნივთის არასწორი ექსპლუატაციის შედეგად, რაზეც საგარანტიო პირობები არ ვრცელდება.
პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალში აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის ფარგლებშიც სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები შეჯიბრებითობის პრინციპი წარმოადგენს რა, სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ, სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
განსახილველ შემთხვევაში შპს ,,თ---–------- ჯ-----ის’’ სასარჩელო მოთხოვნას შპს ,,ი----სთვის’’ 13 0-8.56 ლარის დაკისრება წარმოადგენს. მოსარჩელის მითითებით გარიგების საგანი დაზიანდა რა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვადის პერიოდში, შპს ,,ი----ს’’ წარმოეშვა ნივთის შეკეთების ან/და მისი ახლით ჩანაცვლების ვალდებულება, გათვალისწინებით იმისა, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ამ უკანასკნელმა უარი განაცხდა დაზიანებული ნივთის შეკეთებაზე ან/და ახლით ჩანაცვლებაზე, შპს ,,თ---–------- ჯ-----ს’’ შპს ,,ი----ს’’ მიმართ წარმოეშვა ზიანის სახით ნასყიდობის საფასურის მოთხოვნის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,თ---–------- ჯ-----მა’’ შპს ,,ი----ს’’ მიერ ნაკლიანი შესრულების და ნასყიდობის საგნის დაზიანებასთან მიმართებით მისი ბრალეულობის გამორიცხვის დასადასტურებლად დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს ,,ვ---------ს’’ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაზე მიუთითა. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ საქმის მასალებში არსებობს შპს ,,ი----ს’’ მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის“ ბიუროს დასკვნები, რომლებიც შინაარსობრივად მოსარჩელე აპელანტის მიერ წარდგენილ დასკვნებს არ ემთხვევა.
4.1.2.1. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს ,,ვ---------ს’’ 2--- წლის 14 მაისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
-ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვები იყო:
1. რას შეიძლება გამოწვია უწყვეტი კვების წყაროს აკუმულატორების დაზიანება;
2. შპს ,,თ---–------- ჯ-----ის’’ ნაგავსაყრელის გარე ელექტრომომარაგების სქემას შეეძლო თუ არა გამოეწვია უწყვეტი კვების წყაროს აკუმულატორების დაზიანება;
3. რამდენად შესაძლებელია დარღვეული ყოფილიყო უწყვეტი კვების წყაროს ექსპლოატაციის რეჟიმი მომხმარებლის მხრიდან.
- შპს ,,თ---–------- ჯ-----ის’’ კუთვნილი ელექტრომომარაგების სქემა შესრულებულია მაღალ დონეზე სტანდარტების დაცვით. ამიტომ UPS -ის შესასვლელზე გამორიცხულია არასტანდრტული ძაბვის მიწოდება;
- UPS მწყობრიდან გამოსულია არასტანდარტული ძაბვის გამო;
- აკუმულატორების დაზიანება გამოიწვია მისმა უხარისხობამ და დანადგარში დენის შემზღუდველი მოწყობილობის უქონლობამ. აღნიშნულ დანარგარში არის 120 აკუმულატორი. ზუსტად ერთნაირი მახასათიაბლების მქონე ასეთი მცირე სიმძლარის აკუმულატორების პოვნა ძალიან ძნელია. ერთი რომელიმე აკუმულატორი დაძიანება იწვევს სხვა აკუმულატორებზე ძაბვის მომატებას და შესაბამისად, დამუხტვის დენის გაზრდას, სწორედ ამ პროცესებმა განაპირობა აკუმულატორების მასიური დაზიანება.
- დაზიანება გამოწვეულია დანადგარის აკუმულატორების უხარისხობით და არა მომხმარებლის მიერ არასწორი ექსპლოატაციით.
- მომხმარებლის დადანაშაულება UPS დაზიანების საქმეში სრულად გამორიცხულია;
- ნაწილობრივ მისაღებია შპს ,,ი----ს’’ პრეტენზია, რომ ავარიული სიგნალის ანთების შემთხვევაში მომხმარებელმა დროულად არ აცნობა მას ამის შესახებ. მაგრამ რადგან დანადგარი მაინც მუშაობდა ამიტომ მათ შეიძლება საჭიროდ არ ჩათვალეს შეტყობინება.
- რადგან საგარანტიო ვადა სამი წელია და მომხმარებლის მიერ ექსპლოატაციის რეჟიმი დარღვეული არ ყოფილა, ამიტომ დანადგარის მუშაობაზე საგარანტიო ვადის გასვლამდე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ,,მიმწოდებელს’’.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაყრობს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2--- წლის 12 დეკემებრის სხდომაზე ზემოაღნიშნული დასკვნის ავტორმა ექსპერტმა - თ------ მ-----–---მა მის მიერ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ საექსპერტო კვლევის ჩატარებისას UPS მოწყობილობა არ უნახავს, მისი დასკვნა ემყარება ვარაუდებს და დასკვნას არ აქვს კატეგორიული ხასიათი. ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვების ფარგლებში მისი სამუშაო მოიცავდა იმის გარკვევას როგორი დენი მიეწოდება მოწყობილობას გარედან და შეეძლო თუ არა მიწოდებულ დენს მოწყობილობის დაზიანება. ექსპერტმა თ------ მ-----–---მა აღნიშნულ სასამართლოს სხდომაზე ისიც განმარტა, რომ შპს ,,თ---–------- ჯ-----ის’’ მხრიდან ადგილი ჰქონდა მოწყობილობის არასწორ ექსპლოატაციას, რადგან მოწყობილობაზე გამოსული შეტყობინებები იყო მანიშნებელი იმისა, რომ მოწყობილობას ჰქონდა პრობლემა, რისთვისაც ყურადღება უნდა მიექცია კომპანიის პერსონალს. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული განმარტების საპირისპიროდ ექსპერტი თ------ მ-----–---ი თავის 2--- წლის 14 მაისის დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად იმ გარემოებაზე უთითებდა, რომ მოწყობილობის დაზიანება არა მომხმარებლის მხრიდან არასწორმა ექსპლოატაციამ, არამედ დანადგარის უხარისხობამ გამოიწვია.
4.1.2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 0- სექტემბრის და 2--- წლის 23 აგვისტოს დასკვნები.
ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 0- სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად
ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები იყო:
1. თუ მოწყობილობას აქვს ფუნქცია, რომ თავისავე საინფორმაციო მონიტორზე პრობლემის შემთხვევაში იძლევა განგაშის შეტყობინებას, რისთვის და ვისთვის არის ეს მიმართული? უნდა მოყვეს თუ არა რაგირება რაიმე კონკრეტულ საგანგაშო სიგნალს?
2. არის თუ არასწორი ექსპლოატაცია ის რომ აპარატი პრობლემის თაობაზე შეტყობინებას აგზავნის ორი თვის განმავლობაში და მომხმარებელი არ თვლის საჭიროდ რეაგირებას იმ მოსაზრებით, რომ მაინც მუშაობს უპს და მიხედვა ღარდ უნდა?
3. სულ რომ ყველაფერს სწორად აკეთებდეს მომხმარებელი იმის ფონზე, რომ როდესაც მან მხოლოდ ერთი კვირაში 17 საგანგაშო შეტყობინებას არ მიაქცია ყურადღება, სანამ საბოლოოდ არ დაიწვა უპს, შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ მომხმარებლის მხრიდან 100 %-ით დაცული იყო ექსპლოატაციის პირობები და მომსახურე პერსონალის მხრიდან 100 %-ით სწორად მიმდინარეობდა მოწყობილობის მართვა და ყურადღების მიქცევა.
- მწარმოებლის ოფიციალური გვერდიდან მოპოვებული უწყვეტი კვების წყაროს ტექნიკური მომსახურების (ექსპლოატაციის) პირობების შესწავლის თანახმად მომხმარებლის (კლიენტის) მხრიდან მპერიოდულად უნდა ხდებოდეს მონიტორნიგი, მნიშვნელოვანი კომპონენტების გაწმენდა და გასუფთავება.
საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს ექსპერტ გელა კვიტანძეს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტს სპეციალობით მუშაობის ერთი წლის სტაჟით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 23 აგვისტოს დასკვნის მიხედვით:
ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები იყო 2014 წლის 05 ნოემბრის ხელშეკრულების საგნის დაზიანების მიზეზის განსაზღვრა, ასევე ექსპლოატაციის პირობების გამოვლენა.
1. შპს ,,ი----ს’’ მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ორმაგი გარდაქმნის ტექნოლოგიით დამზადებულ თურქული წარმოების უწყევტი კვების წყაროს E--- ჩინური წარმოების 12 ვოლტიანი და 9 ამპ/საათიანი აკუმულატორები გამოსულია მწყობრიდან, მათი ძლიერ დეფრომაციის, გაბერვის და ხშირ შემთხვევაში მთლიანობის დარღვევის გამო.
აღნიშნული აკუმულატორების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზია მათი დამუხტვის არასათანადოდ მაღალი დენი, რომელიც გახდა მიზეზი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი გადახურების და შინაგანი წნევის გაზრდის შედეგად მაღალი ხარისხის დეფორმაციის და ხშირ შემთხვევში კორპუსის მთლიანობის დარღვევისა.
2. აღნიშნული უწყვეტი კვების წყაროს მიკროკონტროლერის მეხსიერებიდან ამოღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნული მოწყობილობა თავის თხევადკრისტალურ ეკრანზე სისტემატურად აგზავნიდა შეტყობინება-გაფრთხილებებს (,,WARNINGS’’) დამუხტვის დენის გადაჭარბებაზე.
ვინაიდან აღნიშნული მრავალჯერადი შეტყობინების მიუხედვად არ იქნა შესაბამისი ზომები მიღებული, აღნიშნული უწყვეტი კვების წყაროს დაზიანების მიზეზია - დანადგარის სწორი ექსპლუატაციის პირობების დარღვევა.
აღნიშნული საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს ექსპერტ ზ------ გ---–-----ს კრიმინალისტიკური ექპერტიზის დეპარტამენტს სატრანსპორტო ტექნიკური -ტრასოლოგირი რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტს სპეციალობით მუშაობის ექვსი წლის სტაჟით.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დასკვნის განმარტების მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპერტი ზურაბ გველესიანიც დაიკითხა. სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას 2--- წლის 23 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა ექსპერტმა განმარტა, რომ როდესაც UPS ნახა ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო. აკუმულატორები იყო დაბერილი და დამსკდარი. მოწყობილობის შემოწმებისას აღნოჩნდა, რომ 0.9 ამპერის ნაცვლად, მოწყობილობას 4.7 ამპერი დენი მიეწოდებოდა. ფიზიკის კანონია, რომ გამოყოფილი ენერგია პროპორციულია დენის კვადრატის. ე.ი თუ დენი იზრდება ორჯერ, გამოყოფილი ენერგია, ანუ სითბო, იზრდება 4-ჯერ. ამ შემთხვევაში, სახეზე იყო 5-ჯერ მეტი დამუხტვის დენი, რაც იმას ნიშნავს, რომ 25-ჯერ მეტი ენერგია გამოიყოფოდა. სხდომაზე მიცემული განმარტებისას ექსპერტმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ მოწყობილობის დამუხტვისთვის საჭირო დენი პროგრამულად ყენდება, მოწყობილობის მოხმარების პარამეტრები, მათ შორის მისი დამუხტვისთვის საჭირო დენის შესახებ მონაცემები მითითებულია მოწყობილობის ტექნიკურ პასპორტში, შესაბამისად, მონტაჟზე უფლებამოსილი პირი, უნდა შევიდეს პროგრამაში და ტექნიკური პასპორტის შესაბამისად უნდა დააყენოს მოწყობილობის დამუხტვისთვის საჭირო დენი, რომლითაც შემდეგში მოწყობილობა დაიტენება. ექსპერტის განმარტებით მოწყობილობის მონტაჟის დროს გასათვალისწინებელია მთელი რიგი სპეციფიკური საკითხებისა, აღნიშნულის გათვალისწინებით აპარატი სპეციალური ცოდნით აღჭურვილმა სპეციალისტმა უნდა დაამონტაჟოს, ვისაც გავლილი აქვს შესაბამისი კურსი და გააჩნია საამისოდ საჭირო სერთიფიკატი. ექსპერტის განმარტებით მონტაჟის დროს მონაცემების სწორად დაყენების შემთხვევაშიც კი მოწყობილობას პერიოდული შემოწმება, მეთვალყურეობა სჭირდება.
ექსპერტ ზ------ გ---–-----ის განმარტებით მოწყობილობის მეხსიერებაში ინფორმაციის გადამოწმება შპს ,,ი----ს’’ მიერ მოწყობილობის მწარმოებელისგან მიღებული შესაბამისი კოდების საფუძველზე განხორციელდა, რა დროსაც მან შპს ,,ი----ს’’ წარმომადგენლის თანდასწრებით მოწყობილობის მეხსიერებაში მოიპოვა და შეისწავლა ის ინფორმაცია, რაც მას ექსპერტიზაზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით სჭირდებოდა. ექსპერტის განმარტებით მოწყობილობის მეხსიერებაში ნანახი შეტყობინებების ერთადერთი შინაარსი იყო გადაჭარბებული დენის მიწოდება. ოდესმე, ვინმეს, რომ მოეხდინა შეტყობინებებზე რეაგირება და დამუხტვის დენი დაეკორექტირებინა, აღნიშნული მოქმედების შესახებ ინფორმაცია მაშინვე მოწყობილობის მეხსიერებაში ჩაიწერებოდა და შესაბამისად გამოჩნდებოდა მოწყობილობის მეხსიერებაში. ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ შეტყობინება ჭარბი დენის მიწოდების შესახებ მოწყობილობის მონიტორზე მანამდე გამოჩნდებოდა ვიდრე ჭარბი დენი მოწყობილობის დამუხტვისთვის საჭირო დენით შეიცვლებოდა.
სასამართლოში მიცემული ახსნა-განმრტებისას ექსპერტმა ზ------ გ---–-----მა არაერთხელ და კატეგორიულად განმარტა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი მოწყობილობის დაზიანება დამუხტვის დენის ჭარბმა მიწოდებამ, ე.ი. არამართებულმა ექსპლოატაციამ განაპირობა. (იხ. 05.02.2019წ. 11:44:28;11:49:27; 18.02.201914:13:55; 14:16:28) ექსპერტის განმარტებით იმ პირობებში, როდესაც მოწყობილობა იძლეოდა შეტყობინებას ჭარბი დენის მიწოდების შესახებ და ამას არც ერთხელ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, საკმარისია ერთმნიშვნელოვანი დასკვნისთვის მასზედ, რომ მოწყობილობის დაზიანება მისმა არასწორმა ექსპლოატაციამ განაპირობა, რადგან შეტყობინებაზე რეაგირების შემთვევაში ნივთის განადგურების შედეგი აღარ დადგებოდა. ფაქტია, რომ მოწყობილობა ჭარბი დენის მიწოდებამ და ამის შესახებ შეტყობინების უგულებელყოფამ განაპირობა.
4.1.2.3. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ სასამართლოს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2--- წლის 23 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნით არ უნდა ეხელმძღვანელა, ვინაიდან აღნიშნული დასკვნის ავტორ ექსპერტს სადავო საკითხზე პასუხის გასაცემად არ გამოუკვლევია მთელი რიგი საკითხებისა (მაგ: არასწორი დამუხტვის პერიოდი, რამ გამოწვია მაღალი დენის წარმოქმნა და ა.შ), რაც ექსპერტიზის დასკვნის სრულყოფილად მიჩნევის საფუძველს გამორიცხავს. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა, უპირველესად, მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. წერილობითი მტკიცებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის კონტექსტში გადმოცემულ ინფორმაციას წარმოადენს, რომელიც სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ დოკუმენტის, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრაციას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობა ან ის გზა თუ როგორ უნდა შეფასდეს იგი, პირველ ყოვლისა ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა. ეროვნული სასამართლოების ამოცანაა შეაფასონ მათ წინაშე არსებულ მტკიცებულებები. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე: García Ruiz v. Spain [GC], § 28, და ამავე სასამართლ,ოს განჩინება საქმეზე: Farange S.A. v. France (dec.)).
2--- წლის 23 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით აპელანტის პრეტენზიებთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნისგან განსხვავებით კატეგორიული ხასიათისაა, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტის მიერ გამოკვლეულია უშუალოდ სადავო მოწყობილობა. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია და დასკვნის ავტორი ექსპერტის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებიდანაც ირკვევა, რომ ექსპერტმა მოწყობილობის მეხსიერებაში იმ მოცულობის მონაცემები გამოიკვლია, რაც საჭირო იყო ერთმნიშვნელოვანი დასკვნისთვის მასზედ, რომ მოწყობილობის დაზიანება ჭარბი დენის მიწოდებამ განაპირობა. ექსპერტის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებიდან ისიც ირკვევა, რომ მოწყობილობის მეხსიერებაში ნანახი ყველა შეტყობინება ჭარბი დენის მიწოდებას შეეხებოდა, იმ შემთხვევაში თუ ჭარბი დენის მიწოდების გარდა მოწყობილობას სხვა პრობლემაც შეექმნებოდა ჭარბი დენის მიწოდების შესახებ ინფორმაციის მსგავსად ,ისიც აუცილებლად მეხსიერებაში აისახებოდა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნასთან მიმართებით აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპელანტის პრეტენზია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2--- წლის 23 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის არასრულობასთან მიმართებით გაზიარებული იქნებოდა, ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,ვ---------ს’’ მიერ ჩატარებული 2--- წლის 14 მაისის ექსპერტიზის დასკვნის გაზიარების საფუძვლები მაინც არ იარსებებდა, ვინაიდან შპს ,,ვ---------ს’’ ექსპერტმა მის მიერ შედგენილი დასკვნის საპირისიროდ სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებისას ცალსახად აღნიშნა, რომ მოწყობილობის მონიტორზე გამოტანილ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირების არ არსებობის გათვალსიწინებით სახეზე იყო ნივთის არასწორი ექსპლუატაცია. აღნიშნული კი შპს ,,ვ---------ს’’ მიერ შედგენილი დასკვნის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა, ვინაიდან აღნიშნული დასკვნით მოწყობილობის დაზიანებასთან მიმართებით სრულად გამორიცხულია რა შპს ,,თ---–------- ჯ-----ის’’ ბრალეულობა, დაზიანების ერთადერთ მიზეზად მითითებულია დანადგარის აკუმულატორების უხარისხობა. ხსენებული გარემოებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე აპელანტ მხარეს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კატეგორიული დასკვნის საპირისპიროდ, სადაც ექსპერტი, როგორც მის მიერ გაცემულ დასკვნაში, ასევე ამ დასკვნის ირგვლივ სასამართლოში მიცემულ ახსნა-განმარტებაში მოწყობილობის დაზიანების ერთადერთ მიზეზად ჭარბი დენის მიწოდებაზე და ამის შესახებ მოწყობილობაზე არსებული არაერთი შეტყობინების რეაგირების გარეშე დატოვებაზე უთითებს, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, პალატა მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის საქმეში არსებული სხვა გარემოებების გათვალისწინებასთან ერთად სასამართლო არა შპს ,,ვ---------ს’’, არამედ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 23 აგვისტოს დასკვნას უნდა დაეყრდნოს.
4.1.2.4. საგულისხომოა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე აპელანტი ნასყიდობის საგნის დაზიანებასთან მიმართებით მისი პასუხისმგებლობის გამორიცხვის ერთ-ერთ საფუძვლად იმ გარემოებაზე უთითებდა, რომ ნივთის მონტაჟი თავად მიმწოდებელმა კომპანიამ განახორციელა, შესაბამისად, ყველა ის რისკი, რაც ნივთის მონტაჟის შედეგად დადგა სწორედ მიმწოდებელ მხარეს (გამყიდველს) ეკისრება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარემ მოპასუხის მიერ გარიგების საგნის მონტაჟის დასადასტურებლად მასთან დასაქმებული პირის გ------- ც------ის მოხსენებით ბარათზე და ამ უკანასკნელის როგორც სასამართლოში დაკითხული მოწმის ჩვენებაზე მიუთითა. ხაზგამისთ უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმე გ------- ც------ემ, რომელიც როგორც აღინიშნა მოსარჩელე საზოგდაოებაში ნარჩენების მართვის სასამხაურის უფროსის თანამდებობაზე დასაქმებული პირია, მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენლების მიერ 2--- წლის 04 ნოემბრის გარიგების საგნის მონტაჟის გარდა ამ გარიგებასთან მიმართებით სხვა დეტალები (მაგალითად მოტაჟის შემდეგ მუშაობის ხანგრძლივობა, როგორ შეიტყო დაზიანების მიზეზის შესახებ და ა. შ.) ვერ გაიხსენა. უფრო მეტიც, მოწმემ სადავო შემთხვევასთან მიმართებით ურთიერთობის ისეთ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მხარეებს შორის არა სადავო გარიგების საფუძველზე, არამედ მის შემდეგ წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე არსებობდა. ამრიგად, მოწმის ჩვენების არათანმიმდევრულობის გათვალისწინებით, პალატა სადავო გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე საზოგადოებაში დასაქმებული პირის ჩვენებას რელევანტურ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს და ამ მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას მასზედ, რომ მოპასუხე კომპანიამ თავად განახორციელა რა ნივთის არასწორი მონტაჟი, ნივთის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ამ უკანასკნელს ეკისრება. მოსარჩელე აპელანტის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აქვე ყურადღება გაამახვილოს სადავო მოწყობილობის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ გარიგების საგანს მხოლოდ ერთი ერთეული უწყვეტი კვების წყაროს შეძენა წარმოადგენდა. სადავო არ არის ის გარემოება, რომ გარდა ნივთის ნასყიდობისა, ამ ნივთის მონტაჟის და შემდეგში მისი მეთვალყურეობის შესახებ მხარეებს შორის ცალკე შეთანხმება არ გაფორმებულა. უფრო მეტიც, 2--- წლის 04 ნოემბრის ხელშეკრულებაში (დანართი #3 ფასების ცხრილი) განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კვალიფიციური კადრის მიერ მოწყობილობის მონტაჟის და ტექნიკურ პასპორტში მითითებული წესით მისი სწორი ექსპლოატაციის შესახებ. შესაბამისად, ცალსახაა, რომ შემსყიდველისთვის გარიგების დადების ეტაპზევე ცნობილი იყო ან უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ გარიგების საგანი კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის მიერ მონტაჟს და ტექნიკური პასპორტში მითითებული წესით ექსლოატაციას, მათ შორის მონიტორინგს საჭიროებდა. შესაბამისად, ხელშეკრულებაში სპეციალური დათქმის პირობებში, რომლის მიხედვითაც მკაფიოდ იყო განსაზღვრული მოწყობილობის კვალიფიციური კადრის მიერ მონტაჟის სავალდებულოობის შესახებ, ამასთან, უდავოა, რომ 2--- წლის 04 ნოემბრის ხელშეკრულების საგანს მხოლოდ ნივთის მიწოდება წარმოადგენდა, გაუგებარია შესაბამისი ვალდებულების არ არსებობის პირობებში მიმწოდებელი კომპანია თუ რატომ გააგზავნიდა დამონტაჟებაზე უფლებამოსილ სპეციალისტს და რატომ შეასრულებდა ნასყიდობის საგნის მონტაჟის ვალდებულებას (ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების დროს მოსარჩელე საზოგადოების მხრიდან ადგილი ჰქონდა მოპასუხის იმ წარმომდგენელებთან მონტაჟის შესახებ მითითებას, რომელსაც ნასყიდობის საგანი მხოლოდ დანიშნულების ადგილამდე უნდა მიეტანა, მონტაჟის კვალიფიციური კადრის მიერ შესრულების ცოდნის პირობებში, არასწორი დამონტაჟებიდან მომდინარე რისკი არა მიმწოდებელ კომპანიას, არამედ თავად შემსყიდველ საზოგადოებას ეკისრება). გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის პრეტენზია მიმწოდებელის მიერ ნივთის მონტაჟის დღესვე შესაკეთებლად წაღების შესახებ, რადგან აპელანტმა სასამართლოს მოპასუხის მიერ ნივთის მონტაჟის და მითუმეტეს მონტაჟისთანავე მისი შესაკეთებლად წაღების დასადასტურებლად სამართლებრივ ვარგის მტკიცებულებებზე ვერ მიუთითა, მხოლოდ ზეპირი განცხადება, რომ მოპასუხემ შესაბამისის ვალდებულების არ არსებობის პირობებში არასწორად დაამონტაჟა რა მოწყობილობა, რომელიც მაშინვე მწყობრიდან გამოვიდა და მიმწოდებელმა ის შესაკეთებლად დაუყოვნელიბ წაიღო, გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედება, ვინაიდან იგი პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეა და მხოლოდ მისი ზეპირი განცხადება, თუ იგი რელევანტური მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის ტესტს ვერ ლახავს. საქმის მასალებით არც ის ფაქტი არ დასტურდება, რომ 2--- წლის 04 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს ჭარბი დენის მიწოდების გარდა სხვა დაზიანებაც ჰქონდა, აღნიშნულის საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ 2--- წლის დეკემბერში მოწყობილობა მუშაობდა და ის ერთადერთი შინაარსის, ჭარბი დენის მიწოდების შესახებ შეტყობინებებს გამოსცემდა, რასაც არც ერთხელ შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.
4.1.3. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ გარიგების საგანს მხოლოდ ნასყიდობის საგნის მიწოდება წარმოადგენდა, სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებზე მითითებით დადასტურებული ვერ იქნა ფაქტი მასზედ, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მხარეების უფლებამოსილი წარმომადგენლები რაიმე ფორმით გარიგების საგნის მონტაჟის ან/და მონიტორინგის შესახებ შეთანხმდნენ, უფრო მეტიც, ვინაიდან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2--- წლის 23 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნით, ასევე დასკვნის ავტორი ექსპერტის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ 2--- წლის 04 ნოემბრის გარიგების საგნის - უწყვეტი კვების წყაროს დაზიანება ნივთის არასწორმა ექსპლოატაციამ განაპირობა, პალატა ასკვნის, რომ ნივთის დაზიანებასთან მიმართებით არ არსებობს მოპასუხე საზოგადოების პასუხისმგებლობის საფუძველი.
ზემოთ მითითებული მსჯელობის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას მასზედ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლში მითითებული „მოთხოვნის უფლება“ გულისხმობს მეორად მოთხოვნებს, ვინაიდან აღნიშნული მუხლის დისპოზიცია გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს დანაწესი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირველადი ვალდებულება (ვალდებულებები) შესრულებულია არაჯეროვნად, და მხარის კანონიერი ინტერესების დასაცავად აუცილებელია ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების უზრუნველყოფა. ამასთან, იმისათვის, რომ არსებობდეს ხსენებული მეორადი მოთხოვნების განხორციელების ნამდვილი უფლება აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა. უპირველეს ყოვლისა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლის მიხედვით სახეზე უნდა იყოს ნაკლი, რომელიც გამოვლენილია საგარანტიო ფურცლის მოქმედების პერიოდში. ვარგისიანობის ვადის განსაზღვრის ფარგლებში გამყიდველის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება ნაკლზე, რომლის წარმოშობაზე გავლენის შესაძლებლობაც გამყიდველს არ ჰქონდა. ეს შესაძლებელია იყოს ნაკლი, რომელიც გამყიდველის პასუხისმგებლობისა (რისკის) და ზეგავლენის სფეროში არ ექცევა. გამორიცხულია გამყიდველის პასუხისმგებლობა საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ისეთი ნაკლის გამო, რომელიც მყიდველის ბრალეული ქმედების, ნივთისადმი შეუსაბამო მოპყრობის, ინტსრუქციის წესები დარღვევის ან მესამე პირების ზემოქმედების შედეგად გამოვლინდა.
ამრიგად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა მხარემ, სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის სტანდარტი სათანადოდ ვერ დასძლია, მან სასამართლოს ვერ შეუქმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ ნივთის დაზიანებასთან მიმართებით მისი ბრალი არ არსებობდა და ნივთის დაზიანება მისმა უხარისხობამ ან/და მოპასუხის მიერ არასწორმა მონტაჟმა განაპირობა, რაც შეეხება მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარე), მან მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში შეძლო იმგვარი საპირწონე მტკიცებულებათა (ექსპერტიზის დასკვნა) წარმოდგენა, რომლებმაც მოსარჩელის მიერ განვითარებული მსჯელობა ეჭვქვეშ დააყენა და სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი ნასყიდობის საგნის უხარისხობის არ არსებობის და არასწორი ექსპლოტაციის შედეგად მისი დაზიანების შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ შპს ,,თ---–-------’’ ჯ-----ის’’ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,თ---–------- ჯ-----ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური