განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002759788
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/1787-19 30 სექტემბერი 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე- ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები - ნანა დარასელია
მარიამ ცისკაძე
აპელანტები: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ -შემოსავლების სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე : გ------- ზ-------–---–ი;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება;
სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით გ------- ზ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 04 ოქტომბრის №2---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2018 წლის 27 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ლაგოდეხის’’ -ს საბაჟო კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოში რეგისტრირებული ,,MERCEDES”-ის მარკის მსუბუქი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით G------, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე გ------- ზ-------–---–ი. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის შეკითხვაზე, გადააადგილებდა თუ არა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, გ------- ზ-------–---–მა დაადეკლარირა 200 ღერი სიგარეტი ,,Want“. ეჭვის საფუძველზე განხორციელდა ზემოაღნიშნული ავტომანქანის დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული სიგარეტი ,,Want“ – 540 ღერი და სიგარეტი ,,Keno“ – 40 ღერი აქციზური მარკის გარეშე, რომელიც დამალული იყო სალონში, მაგნიტოფონის ქვეშ, ავტომობილის ძრავში და ჰაერის ფილტრში, ასევე, ავტომობილის საბარგულში განთავსებული ჰქონდა 6 ლიტრი დიზელის საწვავი. აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას პირი ცდილობდა საბაჟო კონტროლისაგან მალულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 27 აგვისტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ გ------- ზ-------–---–ის მიმართ შედგენილ იქნა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მოსარჩელე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარით, ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება.
გ------- ზ-------–---–ის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ასევე, შედგენილ იქნა 2018 წლის 27 აგვისტოს №A------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით.
დადგენილია, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით გ------- ზ-------–---–ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახედ განესაზღვრა ადმინისტრაციული ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
გ------- ზ-------–---–ი საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 04 ოქტომბრის №2---- ბრძანებით გ------- ზ-------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2018 წლის 22 ოქტომბერს გ------- ზ-------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 04 ოქტომბრის №2---- ბრძანებისა და საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი №6---------- არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 04 ოქტომბრის №2---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა, ხოლო საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ 2018 წლის 27 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ლაგოდეხის’’ -ს საბაჟო კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოში რეგისტრირებული ,,MERCEDES”-ის მარკის მსუბუქი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით G------, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე გ------- ზ-------–---–ი. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის შეკითხვაზე, გადააადგილებდა თუ არა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, გ------- ზ-------–---–მა დაადეკლარირა 200 ღერი სიგარეტი ,,Want“. ეჭვის საფუძველზე განხორციელდა ზემოაღნიშნული ავტომანქანის დათვალიერება, რის შედეგადაც, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული სიგარეტი ,,Want“ – 540 ღერი და სიგარეტი ,,Keno“ – 40 ღერი აქციზური მარკის გარეშე, რომელიც დამალული იყო სალონში მაგნიტოფონის ქვეშ, ავტომობილის ძრავში და ჰაერის ფილტრში, ასევე, ავტომობილის საბარგულში განთავსებული ჰქონდა 6 ლიტრი დიზელის საწვავი. აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას პირი ცდილობდა საბაჟო კონტროლისაგან მალულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 27 აგვისტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, მოსარჩელე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარით, ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება.
მოსარჩელე ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას ავტოსატრანსპორტო ჩამორთმევის ნაწილში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა: საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა. ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობით, მართალია, გათვალისწინებულია საქონლის დაუბეგრავი რაოდენობა და ღირებულება, თუმცაღა, ერთი მხრივ, აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პირი უნდა ეცადოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლას, მეორე მხრივ კი, მოსარჩელის მიერ შემოტანილი სიგარეტის რაოდენობა აღემატებოდა დაუბეგრავ ოდენობას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში უდავოდ დგინდება როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე პირის მიმართ საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმის გამოყენება, მხოლოდ გამოყენებული სანქციის სახე არის სადავო, აუცილებელია, განისაზღვროს საგადასახადო სანქციის გამოყენების მიზნები, მისი შეფარდების წესი და უშუალოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის გამოსაყენებელი სანქციის სახეები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შინაარსი ცხადყოფს, რომ კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა მოიცავს სამი სახის ღონისძიებას - დაჯარიმებას, საქონლის ჩამორთმევას, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. საგულისხმოა, რომ მოცემული სახდელები შეიძლება იყოს როგორც ალტერნატიული, ისე კუმულატიური, რომლის განსაზღვრაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მუხლით საგადასახადო ორგანოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ნაკარნახევი კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე გადაწყვეტილების მიღებით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს გამოსაყენებელი სანქციის სახისა და ოდენობის არჩევის შესაძლებლობა, რასაც თან სდევს პირის უფლებათა და კანონით დაცულ ინტერესთა შეზღუდვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას სანქციის შეფარდების ზოგადი პრინციპები.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე ბს-222-219(კ-14), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენებას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის. საკუთარი ქმედებისათვის ადამიანი პასუხს აგებს კანონისა და სასამართლოს წინაშე. იურიდიული პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმაა. იგი ყოველთვის წარსულს (მოქმედება ან უმოქმედობა) აფასებს და დადგება სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევისათვის. იურიდიული პასუხისმგებლობა სამართლის ნორმების დარღვევის გარდაუვალი შედეგია. იურიდიული პასუხისმგებლობა განუყოფლად არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, სამართლის ნორმებთან, ფიზიკური პირებისა და მათი გაერთიანებების ვალდებულებასთან და მართლსაწინააღმდეგო ქცევასთან. პასუხისმგებლობის გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს წინაპირობები: პირის ბრალეულობა, მისი ქცევის მართლწინააღმდეგობა, მიყენებული ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მის ქცევასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის.“ „საგადასახადო პასუხისმგებლობას, იურიდიული ფუნქციის გარდა, სოციალური ფუნქციაც გააჩნია. საგადასახადო პასუხისმგებლობის სოციალური ფუნქცია საგადასახადო სამართალდარღვევის თავიდან აცილების ზოგადი და კერძო პრევენციით ხორციელდება.“ „საგადასახადო პასუხისმგებლობა, იურიდიული პასუხისმგებლობის სხვა სახეების მსგავსად, კანონიერების, სამართლიანობის, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის და ა.შ. პრინციპებს ეფუძნება, ანუ პრინციპთა ერთიან სისტემას, რომლებიც ასახავენ მის შინაარსს, არსს, ფუნქციებსა და რეალიზაციის ფორმებს. საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპები ასახავენ მის ობიექტურ არსს, მიზნებს, ბუნებას და დანიშნულებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრის დროს კანონმდებელი შეზღუდულია სამართლიანობის, პროპორციულობის და სამართლის სხვა კონსტიტუციური და ზოგადი პრინციპების მოთხოვნებით. საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი და არსებითია არა მხოლოდ საგადასახადო სამართალდამრღვევის დასჯა, არამედ საჯარო ქონებრივი ინტერესების აღდგენა და წარმოშობილი ზიანის კომპენსაცია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საგადასახადო სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს.“
ამრიგად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენება საგადასახადო პასუხისმგებლობა. ამასთან, საგადასახდო პასუხისმგებლობის მიზანია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, გააჩნია როგორც „სადამსჯელო“, ისე პრევენციული დანიშნულება და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა იყოს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი და პროპორციული, მას არ უნდა გააჩნდეს მხოლოდ „სადამსჯელო“ ხასიათი და უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას, სამომავლოდ სამართალდარღვევის ჩადენის აცილებას, გათვალისწინებულ უნდა იქნას სამართალდარღვევის შინაარსი, გამოწვეული ზიანი და სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნება. მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე არის შესაბამისი კანონშესაბამისი და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის ბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ „ის გარემოება, რომ საბაჟო ორგანო სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გაეთვალისწინებინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები სახდელის დაკისრებისას, მხედველობაში მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. სზაკ-ის 7.1 მუხლის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთანავე, წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას (სზაკ-ის 53-ე მუხ.). ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული თუ რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული მიზანი მოსარჩელისათვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდებით.“ „კანონმდებლობა სასამართლოს, როგორც ნორმის შემფარდებელ ორგანოს, ანიჭებს უფლებამოსილებას თავად აირჩიოს სამართლებრივი შედეგი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.“ „იმის გათვალისწინებით, რომ საჯარიმო სანქცია უკავშირდება საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, გამოყენებული სანქცია ყველა შემთხვევაში უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს იურიდიული თანასწორობა, გამოყენებული სანქცია უნდა ითვალისწინებდეს ჩადენილი ქმედების ხასიათს და იყოს თანაზომიერი იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო რეჟიმის უზრუნველმყოფი ნორმა, აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შედეგად გამოიღოს ნორმის თვითნებური გამოყენება და განმარტება.“
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რამეთუ მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშეც, სხვა სანქციის შეფარდებით, სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი მიიღწეოდა. კონკრეტული ნორმით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა კი განპირობებულია სამართალდარღვევის შინაარსისა და სამართალდამრღვევის სუბიექტის მაქსიმალური გათვალისწინებითა და მასთან გამოყენებული სანქციის შესაბამისობის დაცვით. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევა ჩადენილია პირველად, მის მიმართ სანქციის სახით გამოყენებულია ჯარიმაც და საქონლის ჩამორთმევაც, შესაბამისად, დამატებით ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ეძლევა სადამსჯელო, რეპრესიული ხასიათი, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპსა და საგადასახადო სანქციის გამოყენების მიზნებს, ჩადენილი სამართალდარღვევის სახე და გამოყენებული სანქცია არ არის თანაბარზომიერი. შესაბამისად, სასამართომ სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივად საფუძვლიანიად მიიჩნია და დააკმაყოფილა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში არ შეესაბამება კანონს და ბათილად იქნა ცნობილი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება,რომლითაც დაკმაყოფილდა გ------- ზ-------–---–ის სარჩელი და გამოიცეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქმევა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის "ტ" პუნქტსა და ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ საბაჟო დეპარტამენტი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მის კომპეტენციაში შემავალი ღონისძიებების განხორციელებისას შეიმუშავოს გარკვეული მიმართულება, რომელიც იქნება პროდუქტიული და სამსახურის მიერ დასახული მიზნების ადეკვატური, საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია გამოავლინოს და აღკვეთოს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადაადგილება, რასაც ახორციელებს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების გზით, კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომლის თანახმადაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
აპელანტი განმარტავს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სადამსჯელო, ასევე პრევენციული ხასიათი, ამასთან გამოყენებული სანქციის ზომა უნდა იყოს ადეკვატური იმ სამართლებრივი სიკეთისა, რომლის მიღწევასაც ემსახურება მისი გამოყენება. საქართველოს საბაჟო ტეორიტორიაზე ეფექტური კონტროლის განხორციელება და კანონის მოთხოვნათა აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, ასევე საჯარო ინტერესს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილზე, 168-ე და 199-ე მუხლებზე. ასევე მიუთითებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დამკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის "ბ" ქვეპუნტზე, ამავე ინსტრუქციის მე-9, მე-10, მე-11 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ 2018 წლის 27 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსული მსუბუქი ავტომობილის დათვალიერებისას სალონში მაგნიტოფონის ქვეშ, ავტომობილის ძრავში და ჰაერის ფილტრში აღმოჩნდა არადეკლარირებული 580 ღერი სიგარეტი, რომელიც აღემატება სსკ-ის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ოდენობას და ექვემდებარება დეკლარირებას და გაფორმებას, ასევე აღმოჩნდა 6 ლიტრი საწვავი, რომლის გადაადგილება შეზღუდულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციით.
აპელანტის ყურადღებას ამახვილებს საბაჟო დეპარტამენტის 26.10.2018 წლის N#1----------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციზე, რომლის თანახმადაც, გ------- ზ-------–---–ი პირველად არ გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე (16 გასვლა/შემოსვლა) და მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი მოქმედი საბაჟო პროცედურების შსახებ. რაც შეეხება მისთვის ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნებას, აპელანტი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში არსებობს მნიშვნელოვანი ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი მომავალშიც იქნას გამოყენებული არადეკლარირებული საქონლის მალულად გადასატანად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილი ადგენს: საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოების განმარტებებს და მიიჩნევს, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო სანქციის დაკისრების პროცესში მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას სახდელის დადების პროცესში გაითვალისწინოს და მხედველობაში მიიღოს სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება.
სააპელაციო სასამართლო კვლავაც ყურადღებას მიაქცევს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსს და აღნიშნავს, ამ შემთხვევაშიც, როგორც პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა უმეტეს ნაწილში, დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქციის, მათ შორის რამოდენიმე სანქციის კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ცალკეული გადაცდომა მათი ერთგვაროვანი შინაარსის მიუხედავად, ყოველთვის ხასიათდება კონკრეტული ობიექტური თუ სუბიექტური მახასიათებლებით, გადაცდომის სიმძიმით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადექვატურობას.
ზაკ-ის მე-7 მუხლი ადგენს: 1. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; 2.დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მითითებული ნორმის შინაარსს და თვლის, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პროცესში ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ცალკეული პირის სუბიექტური უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლება, რომლის შეზღუდვა საჭიროებს განსაკუთრებულ დასაბუთებას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების პროცესში პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც ის იქნა გატარებული.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტების მითითებას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და სანქცია დაკისრებულია კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის საფუძველზე. აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოები ვერ ასაბუთებენ, რითია განპირობებული გამოყენებული სანქციის, კონკრეტულად სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარდაუვალობა და, რატომ ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზანს სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოთვლის საგადასახადო სანქციის სხვადასხვა სახეებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით. ეს მუხლი აწესებს ასევე საგადასახადო სანქციის დაკისრების ზოგად პრინციპებს, როგორიცაა ერთი და იმავე ქმედებისთვის ორჯერ დასჯის აკრძალვა, სახდელთა შეკრების პრინციპი, ასევე აწესრიგებს სხვა საკითხებს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა არ შეიცავს პირდაპირ რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემები უნდა მიიღოს მხედველობაში სახდელის შემფარდებელმა ორგანომ სახდელის შერჩევისას, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული საყოველთაო თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სხვადასხვა სიმძიმის სახდელების დაწესება, სულ მცირე, არ უნდა ატარებდეს რეპრესიულ ხასიათს და ეწინააღმდეგებოდეს სამართლიანობის პრინციპს.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და თვლის, რომ სადავო სანქციის სახე დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, შესაბამისად, სანქციის ამ სახის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი მოპასუხის არგუმენტი მოსარჩელის მხრიდან გადაცდომის შესაძლო განმეორებითობის და პრევენცირების საჭიროების თაობაზე. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, სამართალდარღვევის ჩადენის ინდივიდუალური თუ ზოგადი პრევენცია, თავისთავად, წარმოადგენს სანქციის ერთ-ერთ მიზანს, განსაკუთრებით კი ისეთი სახის სამართალდარღვევის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია, ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. გასათვალისწინებელია საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორები. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ მიიღეს მხედველობაში ამგვარი ინდივიდუალური გარემოებები.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილი გათვალისწინებული სანქციის სამივე სახის გამოყენება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას. სანქციის სახით 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება და საქონლის ჩამორთმევა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევადობას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტები სააპელაციო საჩივრებში ვერ უთითებენ იმ გარემოებებზე, რომელიც გაამართლებდა შეფარდებული სანქციის ერთობლიობაში გამოყენების აუცილებლობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული იმ გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები ნანა დარასელია
მარიამ ცისკაძე