განაჩენი

სისხლის სამართლის 28.12.2019
საქმის ნომერი
330100118002579624
ინსტანცია
თარიღი
28.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002579624-1ბ/1242-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

27დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თავმჯდომარე: გ---- ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი: გ------- სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მ----–-----

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: გ------- ა-----ის-ძე მ------–-–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი ფ--–------–---–--------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, გ------–-------------ში.

 

ადვოკატი: ლ---- ხ----------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლი.

 

დისპოზიცია: ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

 

სასჯელი: ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----–-----მ, მოითხოვა ცვლილება იქნეს შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განაჩენში და გ------- მ------–-–---–ი დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

გ------- მ------–-–---–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

განზრახ მკვლელობის მცდელობა, კერძოდ 2018 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 10:35 საათზე, ქ. თბილისში, გ------–-------ში მდებარე გ------- მ------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში მეუღლეებს: ნ---- გ---------ს და გ---- ლ---–--ეს მოუხდათ შელაპარეკება, რა დროსაც გ---- ლ---–--ემ მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ------- მ------–-–---–მა მოუწოდა გ---- ლ---–--ეს შეეწყვიტა შეურაცხყოფა, დაწყნარებულიყო, რაზეც ეს უკანასკნელი აგრესიულად განეწყო გ------- მ------–-–---–ის მიმართ და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ------- მ------–-–---–მა შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი „მაკაროვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ---- ლ---–--ეს მიაყენა გამჭოლი ჭრილობა მუცლის არეში.

 

სასამართლომ დაადგინა :

 

2018 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 10:35 საათზე, ქ. თბილისში, გ------–-------ში მდებარე გ------- მ------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში მეუღლეებს: ნ---- გ---------ს და გ---- ლ---–--ეს მოუხდათ შელაპარეკება, რა დროსაც გ---- ლ---–--ემ მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ------- მ------–-–---–მა მოუწოდა გ---- ლ---–--ეს შეეწყვიტა შეურაცხყოფა და დაწყნარებულიყო, რაზეც ეს უკანასკნელი აგრესიულად განეწყო გ------- მ------–-–---–ის მიმართ და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვინაიდან, გ------- მ------–-–---–ს აქვს რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისთვის თავის არეში ერთი დარტყმაც კი შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს, შეშინების მიზნით, სეიფიდან გამოიტანა მის სახელზე რეგისტირებული „მაკაროვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ლულა მიმართული ჰქონდა იატაკის მიმართულებით, დაზარალებულის შეშენინების მიზნით და მოუწოდებდა გ---- ლ---–--ეს წასულიყო და თავი დაენებებინა მისთვის. თუმცა ამ დროს, იარაღის წართმევის მიზნით, დაზარალებულის მეუღლე - ნ---- გ---------მ მას ხელზე მოჰკიდა ხელი, მოქაჩა და სწორედ მისი ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მოხდა იარაღიდან გასროლა. გასროლილი ტყვია მოხვდა გ---- ლ---–--ეს მუცლის არეში, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ------- მ------–-–---–ის მიერ გ---- ლ---–--ისათვის გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს:

 

მოწმე ნ---- გ---------ს ჩვენების თანახმად გ---- ლ---–--ე იყო მისი მეუღლე, რომელთანაც ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც საცხოვრებელად შვილთან ერთად გადავიდა ქ. თბილისში, გ------–-------------ში მდებარე ბინაში, რომლის მეპატრონეც გ------- მ------–-–---–ია. 2018 წლის 30 ივნისს მისი მეუღლისთვის ცნობილი გახდა მისი ადგილსამყოფელი, რომელმაც მიაკითხა საცხოვრებელ მისამართზე და მთელი ღამე ჩხუბობდა. გამთენიისას ჩაეძინა მის მეუღლეს, რა დროსაც მოახერხა და დაუკავშირდა მის დას - მ----- ს---------ეს, რომელსაც სთხოვა მისულიყო და წაეყვანა. მისი და მივიდა, ჩაალაგეს ნივთები და აპირებდნენ წასვლას, თუმცა გ---- ლ---–--ე ჩხუბობდა და ყვიროდა. ჩხუბის ხმაზე ოთახში შევიდა გ------- მ------–-–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ თავი დაენებებინა ნ----სთვის და მის სახლში არ ეჩხუბა, რაზეც გ---- ლ---–--ემ უპასუხა, რომ მისი ოჯახის საქმეში არ ჩარეულიყო. მან და მისმა დამ შეძლეს სიტუაციის განმუხტვა, რის შემდეგ გ---- წავიდა. აიღეს ბარგი და შევიდნენ გ-------სთან დასამშვიდობებლად და მადლობის სათქმელად, მაგრამ გ---- დაბრუნდა, იყო აგრესიული და ემუქრებოდა გ-------ს „შენ ნახე რა გიქნაო“ და მისკენ გაიწია. მისი და ჩადგა მათ შორის და ამშვიდებდა, მაგრამ გ---- მაინც იწევდა დასარტყმელად გ-------სკენ, იგინებოდა და ემუქრებოდა. გ------- სთხოვდა თავი დაენებებინა და წასულიყო. მისმა დამ გ---- მიიმწყვდია კიბესთან და ცდილობდა ქვევით ჩაეყვანა, თავადაც სთხოვდა წასულიყო. ამ დროს დაინახა, რომ უკნიდან მიუახლოვდა გ------- მ------–-–---–ი, რომელსაც იარაღი ეჭირა ხელში კედლის მხარეს და ლულა იატაკისკენ ჰქონდა მიმართული. მან იარაღიან ხელზე მოჰკიდა გ-------ს ხელი, უნდოდა გაეწია - მოქაჩა ხელზე და სწორედ ამ დროს მოხდა გასროლა - გ-------ს იარაღი გაუვარდა. მას რომ არ მოეკიდა ხელი გ------- მ------–-–---–ისთვის გასროლა არ მოხდებოდა. გ------- მ------–-–---–ი მივიდა გ----სთან, მაისური აუწია, ნახა რომ ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში, რომელიც დაუთვალიერა და უთხრა „ნუ გეშინია, არ მოკვდები, სასწრაფო დახმარება მალე მოვაო“. გ------- მ------–-–---–მა მას მიაწოდა ტელეფონი და სასწრაფო დახმარების გამოძახება სთხოვა.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მ----- ს---------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ სიძე - გ---- ლ---–--ე ორჯერ გაიყვანა გ-------ს კაბინეტიდან, რომელიც იმუქრებოდა და გ------- მ------–-–---–ზე დასარტყმელად იწევდა. მან დაინახა ლულით დაბლა მიმართული იარაღი გ-------ს ხელში, რომელიც მისი დის გ-------სათვის ხელის ხელზე მოკიდების შემდეგ გავარდა და გ----ს მოხვდა. გ-------ს დაზარალებულის მოკვლის განზრახვა ნამდვილად არ ჰქონია. წინააღმდეგ შემთხვევაში გ----ს კიდევ ესროდა და არც სასწრაფოს გამოიძახებდა.

 

მოწმე გ------- ს----–---–ის ჩვენების თანახმად იგი მუშაობდა ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მიიღეს შეტყობინება, რომ ქ. თბილისში, გ------–-------------ში ე.წ. „ჟორას“ სასტუმროში მოხდა მკვლელობის მცდელობა. თანამშრომელ კ----–-- ბ--------სთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, ავიდნენ კიბეებით მეორე სართულზე, სადაც კიბიდან ხელმარცხნივ მდებარე სამუშაო კაბინეტში დააკავეს გ------- მ------–-–---–ი ბრალდებულის სახით. გ------- მ------–-–---–ი იყო აღელვებული და მისი განმარტებით, კონფლიქტის ნიადაგზე შემთხვევით დაჭრა პიროვნება, თუმცა ვინ დაჭრა არ უკითხავს. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე კ----–-- ბ--------მ, რომელმაც დამატებით აღნიშნა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მაგიდაზე იდო.

 

მოწმე დ----- ჯ---–---–ის ჩვენების თანახმად იგი მუშაობს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ დათვალიერებული იქნა ქ. თბილისში, გ------–---------------ში მდებარე შემთხვევის ადგილი, რა დროსაც მეორე სართულზე კიბეებიდან ხელმარცხნივ მდებარე ოთახში, სამუშაო კაბინეტში, შავი ფერის მაგიდიდან ამოღებული იქნა იარაღი, ორი მჭიდი, მასში არსებული ვაზნებით. გამოკითხა დაზარალებული, ბრალდებულის სახით გამოკითხა გ------- მ------–-–---–ი, რომლისგანაც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ამოიღო ტანსაცმელი და სისხლის ნიმუში. დანიშნა კომპლექსური,ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები.

 

ბრალდების მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ გ---- ლ---–--ის 2018 წლის 02 ივლისის გამოკითხვის ოქმი, ვინაიდან მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, რის გამოც მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობდნენ გ------- მ------–-–---–თან საოჯახო ტიპის სასტუმროში. რამდენიმე თვის უკან სწორედ მეუღლემ გააცნო გ------- მ------–-–---–ი. 2018 წლის 30 ივნისს იმყოფებოდა სენაკში, რა დროსაც დაუკავშირდა მეუღლე და უთხრა, რომ კონფლიქტი ჰქონდა მეზობელთან და თბილისში ჩასვლა სთხოვა. იგი მართლაც ჩამოვიდა თბილისში და მივიდა მეუღლესთან, სადაც ნახა რომ ის ცხოვრობდა პატარა ოთახში და ეძინა ტახტზე, ხოლო შვილს აივანზე. აღნიშნულის გამო უსაყვედურა მეუღლეს და სთხოვა საცხოვრებლად მასთან გადასვლა. მისი მეუღლე გახდა აგრესიული და დაუწყო ყვირილი - „შენ რომ გვერდში დამდგომოდი აქამდე უკეთესად ვიცხოვრებდით და გ------- მ------–-–---–ი შემპირდა, რომ უკეთეს პირობებს შემიქმნის საცხოვრებლადო“. არ უნდოდა კონფლიქტის გამწვავება და გამოვიდა გარეთ. მეორე დღეს კვლავ დაელაპარაკა მეუღლეს და სთხოვა გაყოლოდა სახლში, მაგრამ მისი მეუღლე კვლავ აგრესიული გახდა, დაუკავშირდა მის დას - მ----- ს---------ეს და სთხოვა მისულიყო მასთან. ცოლის დას გარეთ შეხვდა და ერთად შევიდნენ ნომერში, თუმცა მისი მეუღლე არ დაწყნარდა და უყვირა - „შენი საქმე არაა სად და ვისთან ვიცხოვრებ, თავი დამანებეო“. ყვირილზე შევიდა გ------- მ------–-–---–ი, რომელმაც იკითხა რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა რომ მისი ცოლ-შვილისთვის დაენებებინა თავი და გაეშვა სახლიდან. გ------- მ------–-–---–მა უთხრა, რომ მათ არავინ აყოვნებდა და შეეძლოთ წასულიყვნენ, რის შემდეგ ოთახიდან გავიდა. ვინაიდან, ოთახში დაძაბული სიტუაცია იყო, მ----- ს---------ემ მის შვილს შესთავაზა მასთან წასულიყო, რაზეც ლ----ი დათანხმდა. გავიდა ოთახიდან, ჩავიდა დაბლა, სადაც ელოდებოდა მ-----ს და ლ----ის, მაგრამ რადგან დააგვიანდათ ავიდა ისევ ზევით და ბრალდებულის ოთახიდან გაიგონა მეუღლის ხმა, რომელიც მას ლანძღავდა. შევიდა ოთახში და მეუღლეს ჰკითხა თუ რატომ ლანძღავდა, რაზეც გ------- მ------–-–---–ი წავიდა მისკენ, ჰკრა ხელი და უთხრა წასულიყო. ოთახიდან გამოსულმა დაინახა, რომ გ-------ს ხელში ეჭირა პისტოლეტი, რომელიც გაისროლა. მაშინვე ვერაფერი იგრძნო, მაგრამ შემდეგ წელის არეში იგრძნო სისველე და წამოუვიდა სისხლი. გასროლის მომენტში იქ იმყოფებოდნენ მისი მეუღლე, შვილი და მ----- ს---------ე. გ------- მ------–-–---–მა ესროლა მხოლოდ ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა შესაძლებლობა კვლავ ესროლა მისთვის.

 

2018 წლის 01 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი, გ------–-------------ში მდებარე სასტუმროს ტიპის სახლი „ჰოსტელი“, რა დროსაც ექსპერტ- კრიმინალისტების მიერ „ჰოსტელის“ დერეფნიდან ლამინატის იატაკის ზედაპირიდან, კიბის მე-3 და მე-11 საფეხურის ზედაპირიდან, ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, 1 ცალი მოყვითალო ფერის ლითონის საგანი - მასრა, ერთი ცალი მოყვითალო ფერის ლითონის საგანი - გულა. „ჰოსტელის“ მისაღებ ოთახში განთავსებულ ფანჯრებთან მდგარი მაგიდის მარჯვენა მხარეს უჯრიდან ამოღებული იქნა 1 ცალი მჭიდი, მასში არსებული 7 ვაზნით. ასევე, 1 ცალი მჭიდი, მასში არსებული 5 ცალი ვაზნით, ამოღებული იქნა პისტოლეტიდან. 1 ვაზნა ამოღებული იქნა პისტოლეტის ლულიდან, 1 ცალი პისტოლეტი ამოღებული იქნა „ჰოსტელის“ მისაღებ ოთახში განთავსებული ფანჯარასთან მდგომი მაგიდის მარჯვენა ზედა სათავსოდან.

 

2018 წლის 01 ივლისის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა დ----- მ------–-–---–ის მიერ განცხადებით წარდგენილი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც გაცემულია 07.10.2013 წელს გ------- მ------–-–---–ის სახელზე პ/ნ 0----------. ასევე მოწმობაში იკითხება მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი N---------. მოწმობის მეორე მხარეს ქართული და ლათინური ასოებით იკითხება წარწერა - „უფლება აქვს შეინახოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი“; ლათინურად წარწერა - „MAKAROV PM“, იარაღის ნომერი Г----------- კალიბრის.

 

2018 წლის 2 ივლისის ამოღების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ალ. ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოში მდებარე უ------------------- დან ამოღებული იქნა გ---- ლ---–--ის ტანსაცმელი, რომელიც ეცვა შემთხვევის დღეს. კერძოდ: ერთი ცალი შავი, ლურჯ ფერებში გაწყობილი მაისური, რომელიც წინიდან მთლიან სიგრძეზე არის გაჭრილი და წინა და უკანა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები; რუხი ფერის ტრუსი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო- მოყვითალო ფერის ლაქები; ჯინსის მუქი ფერის შარვალი ტყავის ქამართან ერთად, რომელსაც წელზე ლათინურად აწერია „PIDNEER“ და აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა. ასევე, ამოღებული იქნა ორი ცალი წინდა, რომლებსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები; ორი ცალი რუხ შავ ფერებში გაწყობილი სპორტული ფეხსაცმელი, რომლებიც იკვრება ლურჯი ფერის თასმებით. მარცხენა ფეხსაცმელს უკანა მხარეს აღენიშნება მუქი ფერის ლაქები.

 

2018 წლის 10 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N005557118 დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. გ---- ლ---–--ეს 2018 წლის 01 ივლისს აღენიშნებოდა: მარჯვნივ მუცლის და წელის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, შემავალი ჭრილობით მუცლის მიდამოში და წელის მიდამოში გამომავალი ჭრილობით. გამოძიების მიერ წარდგენილი მოქ. გ---- ლ---–--ის კომპიუტერული ტომოგრაფიის CD-ჩანაწერი შესწავლილი იქნა სპეციალისტ რადიოლოგის მიერ, რომლის დასკვნითაც: არსებულ კ.ტ. გამოსახულებებზე ფიქსირდება მარჯვნივ თეძოს ფრთის ფრაგმენტული მოტეხილობა; ამავე მიდამოში კანქვეშა და სუბაპონევროზული რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა შეშუპება ფრაგმენტული ემფიზემა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, ჭრილობის არხი მიემართება წინიდან უკან. დაზიანება განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. წარდგენილი სამედიცინო ჩანაწერებით სროლის მანძილის განსაზღვრა შეუძლებელია. წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტში მითითებულია, რომ მოქ. გ---- ლ---–--ეს სხეულზე ასევე აღენიშნებოდა ნაკაწრი და კანქვეშა ჰემატომა. დაზიანებები როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. კანქვეშა ჰემატომა განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად.

 

2019 წლის 29 იანვრის ბიოლოგიური, (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ პაკეტში, წარწერით: „..ობ.N2,3,4 (3 სამი) მოწით). ფერის ლაქის ანაწმენდი 3(სმ) ცალ სტერილურ ჩხირზე ამოღებულ იქნა ჰოსტელიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2,3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- ლ---–--ეს (ობ. N16; პაკეტი, წარწერით: „..გ---- ლ---–--ის სისხლის ნიმუში... “); პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ცალი პისტოლეტი, 1 (ერთი) ცალი ვაზნა ამოღებულია პისტოლეტის ლულიდან. 5(ხუთი) ცალი ვაზნა, რომლებიც მოთავსებული იქნა მჭიდში ასევე ამოღებული იქნა პისტოლეტიდან და 1 (ერთი) ცალი მჭიდი მასში არსებული 7 (შვიდი) ცალი ვაზნით ამოღებული იქნა „ჰოსტელის“ მისაღებ ოთახში მაგიდიდან...“. პისტოლეტზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის გ------- მ------–-–---–ს (ობ. N13; პაკეტი, წარწერით: „..ანაწმენდი ბრალდებულ გ------- მ------–-–---–ის პირის ღრუდან...“). პაკეტში, წარწერით „...გ---- ლ---–--ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ მოშავო ფერის, მოკლესახელოებიან, მთლიანობადარღვეულ მაისურზე (ობ. 5,6), მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალზე (ობ. N7,8), მოთეთრო და მონაცრისფრო, კუბოკრულ, მოკლეტოტებიან ქვედა საცვალზე (ობ. N9), წყვილ ღია მოყავისფრო წინდასა (ობ. N10,11) და მარცხენა ბოტასზე (ობ. N12) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- ლ---–--ეს (ობ. N16).

 

2019 წლის 03 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ 1(12). გამოსაკვლევი იარაღი (პაკეტი კოდით FCD872871) წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ 9მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის 1951 წლის ნიმუშის, 1969 წელს გამოშვებულ NГУ 7157 პისტოლეტს. იგი გამართულია და ვარგისია გამოსაყენებლად სროლისათვის; 2(13). გამოსაკვლევი ტყვია (პაკეტი კოდით FCD658679) და მასრა (პაკეტი კოდით FCD658680) ნასროლია ექსპერტიზაზე წარდგენილი „მაკაროვის“ კონსტრუქციის NГУ 7157 პისტოლეტიდან; 3(14). გამოსაკვლევი ვაზნები საერთო რაოდენობით 13ც. (პაკეტი კოდით FCD872871), წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 9მმ კალიბრის, როგორც „მაკაროვის“ და „სტეჩკინის“ პისტოლეტების, ასევე რიგი შესაბამისი კალიბრის და კონსტრუქციის იარაღებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. მათგან 7 ვარგისი იყო, ხოლო დანარჩენი 6 ცალი ვარგისი უნდა იყოს გამოსაყენებლად - სროლისათვის; 4(15). გამოსაკვლევი ორი ერთეული მჭიდი (პაკეტი კოდით FCD872871) წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, 9მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის 1951 წლის ნიმუშის იარაღებისათვის განკუთვნილ კონსტრუქციულ დეტალს – 8-8 ვაზნის ტევადობის მჭიდებს; 5(16). 6(17). 7(18). გამოსაკვლევად წარდგენილი „გ---- ლ---–--ის“ ნივთებიდან მაისურზე, კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთზე არსებული N1 დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვის მოქმედებით ახლო - დამატებითი ფაქტორების (დენთის დამწვარი და ნაწილობრივ დამწვარი ნაწილაკები და მეტალიზაცია) მოქმედების ზონაში = 30-50სმ მანძილიდან სროლისას. N2 დაზიანება მორფოლოგიური მახასიათებლებითა და დაზარალებულის NOO5557118 დასკვნის მონაცემების მიხედვით წარმოადგენს გამსვლელ ცეცხლნასროლ დაზიანებას. ამავე დასკვნით N1 და N2 დაზიანება ლოკალიზაციის არით შეესაბამება დაზარალებულის სხეულზე არსებულ შემავალ-გამავალ ცეცხლნასროლ დაზიანებას. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: ნ-----–- მ---–----მა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა მსჯავრდებულმა გ------- მ------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში - განზრახ მკვლელობის მცდელობაში, თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა რომ ნ---- გ--------- შვილთან ერთად ცხოვრობდა მასთან. შემთხვევის დღეს გაიგონა წივილ-კივილის ხმა, შევიდა ოთახში სადაც დახვდა ნ----, მისი და მ----- ს---------ე, მეუღლე გ---- ლ---–--ე და მათი შვილი, რომლებსაც სთხოვა დამშვიდებულიყვნენ და წასულიყვნენ. გავიდა თავის ოთახში, სადაც შევიდა მ----- ს---------ე მადლობის გადასახდელად. სწორედ ამ დროს შევიდა გ---- მეუღლესთან ერთად, რომელიც ემუქრებოდა და იწევდა მისი მისამართით დასარტყმელად. მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, გაკეთებული აქვს „ტრეპანაცია“ და მისთვის შესაძლოა ერთი დარტყმაც დასრულდეს ფატალური შედეგით. ნ---- და მ----- ჩადგნენ მათ შორის და აკავებდნენ გ----ს, რათა მისთვის არ დაერტყა ხელი. უნდოდა გ----ს შეშინებოდა და წასულიყო და სწორედ ამ მიზნით, სეიფიდან აიღო მაკაროვის სისტემის იარაღი და გავიდა დერეფანში, სადაც იყვნენ გ----, ნ---- და მ-----. მას იარაღი ეჭირა მარჯვენა ხელში, ლულით იატაკისკენ მიმართული, რათა არავინ დაეზიანებინა. ნ----მ ხელი მოჰკიდა მარჯვენა ხელზე, რომელშიც იარაღი ეჭირა და მოქაჩა, რა დროსაც მოხდა გასროლა. მას გ----ს მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, იარაღში კიდევ ჰქონდა ტყვიები და შეეძლო სროლა, მაგრამ იარაღი დადო მაგიდაზე, გამოიძახა სასწრაფო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და დაელოდა მათ მისვლას.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის გ------- მ------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)

 

სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ გ------- მ------–-–---–თან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა თუმცა არა ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით), არამედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით. კერძოდ, გ------- მ------–-–---–ის მიერ გ---- ლ---–--ის გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ჩადენაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, მოხდა მათი შეფასება მათი სანდოობის, დამაჯერებლობის კუთხით, ასევე შეფასებული იქნა უდავო მტკიცებულებები და პალატას მიაჩნია რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მსჯავრდებულმა გ------- მ------–-–---–მა ჩაიდინა გ---- ლ---–--ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით. შესაბამისად, მსჯავრდებულ გ------- მ------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება სწორად იქნა გადაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე გ------- მ------–-–---–ს ედავება განზრახ მკვლელობის მცდელობას, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის საკმარისი ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, რომ მსჯავრდებულმა გ------- მ------–-–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, სახეზე არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი, ბრალდების მხარის პოზიცია რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობას გაბათილდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კერძოდ, ორივე მოწმემ (ნ---- გ--------- და მ----- ს---------ე) განაცხადა, რომ მსჯავრდებულის იარაღიანი ხელი მიმართული იყო იატაკის მიმართულებით და გასროლა მოხდა შემთხვევით, ნ---- გ---------ს მიერ მსჯავრდებულისათვის იარაღიან ხელზე ხელის მოკიდებითა და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად. ბრალდების მოწმეებმა დაადასტურეს ის გარემოებაც, რომ განმეორებითი გასროლის განხორციელებაში გ------- მ------–-–---–ს ხელს არაფერი უშლიდა, პირიქით, თავად გამოაძახებინა სასწრაფო და საპატრულო პოლიცია, მსჯავრდებულს ამშვიდებდა, რომ მას მალე დაეხმარებოდნენ და არაფერი მოუვიდოდა. შემდეგ, შევიდა კაბინეტში, იარაღი დადო მაგიდაზე და დაელოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისვლას. ამასთან, მნიშვნელოვანია თავად დაზარალებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციაც, სადაც გ---- ლ---–--ე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა დამატებითი გასროლა, თუმცა მას ეს არ გაუკეთებია, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის, მოწმეების ჩვენებებით, დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც გ---- ლ---–--ეზე მიყენებული დაზიანება არის ნაკლებად მძიმე დასტურდება, რომ მსჯავრდებულის ქმედება არ იყო მიმართული დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან პალატა განმარტავს, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედების მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისთვის შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა არ მიენიჭოს დამდგარ შედეგს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩამდენი პირის განზრახვას, მის ქცევას მიზანმიმართულ ქმედებას დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ და იმ ხელის შემშლელ გარემოებებს, რომელთა გამოც განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.

 

პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის ქმედება არ იყო მიმართული დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ - იარაღის ერთხელ გასროლის - გავარდნის შემდეგ, მას განმეორებით გასროლა აღარ განუხორციელებია მიუხედავად იმისა, რომ ხელს არაფერი უშლიდა, იარაღი იყო გამართულ მდგომარეობაში და მჭიდშიც ელაგა ვაზნები. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ გასროლის შემდეგ მსჯავრდებული იდგა ფეხზე - ძირს არ დაცემულა და არც გონება დაუკარგავს და ვარაუდი იმისა, რომ მას მკვლელობის განზრახვა ბოლომდე მიყვანილად ჩაეთვალა, გამორიცხულია. პირიქით, მსჯავრდებული მიდის დაზარალებულთან და ამშვიდებს, რომ არაფერი მოუვა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მალე მივა და აღმოუჩენს სათანადო დახმარებას, რომლის გამოძახების ინიციატორიც თავად გ------- მ------–-–---–ია, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად იქნა დადგენილი რომ გ------- მ------–-–---–ს განზრახ მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. ასეთი განზრახვის არსებობის შემთხვევაში, მას ხელს არაფერი უშლიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ------- მ------–-–---–ის მიერ ჩადენილია გ---- ლ---–--ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

 

საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება: ა) ქმედებაში (მოქმედებასა ან უმოქმედობაში), ბ) დამდგარ შედეგში (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებაში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სსკ-ის 117-ე და 118-ე მუხლებისაგან განსახილველი დანაშაული განსხვავდება მხოლოდ ბრალის ფორმით. კერძოდ, 124-ე მუხლი გაუფრთხილებელი დანაშაულია. საერთოდ, გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩადენის დროს პირი არღვევს წინდახედულობის (უსაფრთხოების) ნორმას. არსებობს ზოგადი წინდახედულების ნორმა (ყოფაცხოვრებაში გამოცდილებით დამკვიდრებული, დაუწერელი გამაფრთხილებელი წესები) და სპეციალური წინდახედულობის ნორმა. ეს უკანასკნელი დადგენილია შესაბამისი ორგანოს მიერ წერილობითი სახით. მისი დაცვა მოეთხოვება იმ პირს, ვისაც გაცნობილი აქვს ეს დაწერილი წინდახედულობის წესები.

 

გაუფრთხილებლობა შეიძლება გამოვლინდეს თავისი ორივე სახით როგორც თვითიმედოვნებით, ასევე დაუდევრობით. გაუფრთხილებელი ქმედების სისხლის სამართლებრივად დასჯა, როგორც წესი (გამონაკლისია სსკ 241-ე და 242-ე მუხლები), დამოკიდებულია იმაზე, გამოიწვია თუ არა ამ ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მოცემულ მუხლთან მიმართებაში მან სულ მცირე, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მაინც უნდა გამოიწვიოს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან და რასაც თავად გ------- მ------–-–---–იც არ უარყოფს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ------- მ------–-–---–ის მიერ გ---- ლ---–--ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტი გაუფრთხილებლობით. კერძოდ, მოწმეთა, მსჯავრდებულის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი ადასტურებს გ------- მ------–-–---–ის მიერ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენის ფაქტს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული, კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, რომ მსჯავრდებულმა გ------- მ------–-–---–მა ჩაიდინა არა მკვლელობის მცდელობა, არამედ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას, რომ გ------- მ------–-–---–ს განზრახული ჰქონდა გ---- ლ---–--ის მკვლელობა, რომელიც ნ---- გ---------ს და მ----- ს---------ის ჩარევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის დაზარალებულის ჩვენება ცალსახად მიუთითებს, რომ გ------- მ------–-–---–ის მხარეს არანაირი ხელის შემშლელი გარემოება, განზრახვის შემთქვევაში ბოლომდე მიეყვანა იგი არ არსებობს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი კვალიფიკაცია სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულ გ------- მ------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის: სახეზეა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუგრთხილებლობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------- მ------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ------- მ------–-–---–ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. პალატას მიაჩნია რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე; პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი - ჯარიმა დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში; პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია) დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი, გ------- მ------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პისტოლეტი ორ ცალ მჭიდთან და ვაზნებთან ერთად, უნდა დარჩეს გ------- მ------–-–---–ის საკუთრებაში მფლობელობის უფლების გარეშე, განკარგვის უფლებით - ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, რის თაობაზეც ეცნობოს შსს მომსახურების სააგენტოს; ერთი ცალი გულა და მასრა, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; სისხლის მაგვარი ლაქების ანაწმენდები, გ---- ლ---–--ის სისხლის ნიმუში, გ------- მ------–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, ხელის და სახიდან აღებული დენთის ანაწმენდები, ნ---- გ---------ს და ლ---- ლ---–--ის ნერწყვის ნიმუშები, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; გ---- ლ---–--ის და გ------- მ------–-–---–ის ტანსაცმელი, უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; ერთი ცალი ელექტრონული დისკი, შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოცხრილი და გ---- ლ---–--ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----–-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. გ------- მ------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე.

 

4. გ------- მ------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით) შეუმცირდეს და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5.გ------- მ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გ------- მ------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ.თბილისი, რ------------------------------–--------------------------------------------------------------------------------------- რომელიც დაყადაღებულია 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ნაწილში.

 

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პისტოლეტი ორ ცალ მჭიდთან და ვაზნებთან ერთად, უნდა დარჩეს გ------- მ------–-–---–ის საკუთრებაში მფლობელობის უფლების გარეშე, განკარგვის უფლებით - ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, რის თაობაზეც ეცნობოს შსს მომსახურების სააგენტოს; ერთი ცალი გულა და მასრა, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; სისხლის მაგვარი ლაქების ანაწმენდები, გ---- ლ---–--ის სისხლის ნიმუში,გ------- მ------–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, ხელის და სახიდან აღებული დენთის ანაწმენდები, ნ---- გ---------ს და ლ---- ლ---–--ის ნერწყვის ნიმუშები, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; გ---- ლ---–--ის და გ------- მ------–-–---–ის ტანსაცმელი, უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; ერთი ცალი ელექტრონული დისკი, შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოცხრილი და გ---- ლ---–--ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას:

 

8. განაჩენი მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ.თეთრაული

 

ხ. კიკილაშვილი