განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100119002996556
საქმე №1ბ/1090-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - ოთარ ჯუღაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-------------–-–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - გ----------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ---–---------------–--------------–------------–--------------------------------------);
ადვოკატი - დ---------–-----–---–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის;
სხდომის სახე - ღია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 22:39 საათზე, ქ. თ---–--–-----–--------–----–----------------------------ის მიმდებარედ, 2000 წლის 6 აპრილს, ყაჩაღობისთვის ნასამართლევმა გ----------------–---–მა ჩაამტვრია ნ---------–----–-–---–ის კუთვნილი ,,ტოიოტა ვიტცის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით - S------) წინა მარცხენა კარის მინა და სცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლებოდა ავტომანქანაში მოთავსებულ ნივთებს, რაც ვერ შეძლო მანქანაში მათი არარსებობის და შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლების დროული რეაგირების გამო.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით:
გ----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლის ვადით;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ----------------–---–მა.
მეორე მხარემ - თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-------------–-–---–მა შემოიტანა შესაგებელი სააპელაციო საჩივარეზე.
3. მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულმა გ----------------–---–მა სააპელაციო საჩივრის განხილვისას შეცვალა მოთხოვნა, აღიარა დანაშაული და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენის შეცვლა სასჯელის შემსუბუქების კუთხით. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.
ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ----------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რასაც აღარც დაცვის მხარე ხდის სადავოდ, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ----------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ გ----------------–---–ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ-ის 177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც გ----------------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ----------------–---–ი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს გ----------------–---–ის მიერ დანაშაულის აღიარებასა და სინანულს, ასევე იმ გარემოებას, რომ გ----------------–---–მა უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ქმედეაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის მყარ სურვილს ავტომანქანაში შეღწევით, ფარულად დაუფლებოდა სხვის ნივთებს), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), მსჯავრდებულის პიროვნებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), განსაკუთრებით იმ გარემოებას, რომ ზიანი ფაქტობრივად ანაზღაურებულია, ვინაიდან სახეზეა დაუმთავერებელი დანაშაული და მიიჩნევს, რომ გ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით იქნება ზომიერად მკაცრი სასჯელი და სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა. თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
სააპელაციო პალატას, გ----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალოს პირობითად. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა მძიმე დანაშაული, 4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან 1/3 ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობითად და განესაზღვროს 2 წელი და 8 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოდსახდელად, ხოლო 1 წელი და 4 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
გ----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი და 8 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 4 თვე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 4 თვე;
გ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 აპრილის 23:40 საათიდან;
მსჯავრდებულ გ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ კონტროლი მსჯავრდებულის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- გ----------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხატი - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; გ----------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, მასში მოთავსებული ნივთებით; გ----------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ბანქო - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- პირადი ჩხრეკისას გამოყენებული ხელთათმანი 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; გ----------------–---–ის ნერწყვის ნიმუში - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; გ----------------–---–ის სუნის ნიმუში - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის ნატეხები - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი