განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 040100119003221501
საქმე №1/ბ-830-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ჭ------ კ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების წყა-–--------------------------–---------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:
ჭ------ კ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ჭ------ კ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჭ------ კ--------ემ ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში: ჭ------ კ--------ემ 2018 წლის ნოემბერში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ლ------ის სატყეო უბნის ჩ---–------ სატყეოს მე-19 კვარტალის მე-5 და მე-6 ლიტერში, უკანონოდ გაჩეხა 6 (ექვსი) ძირი წიფლის ჯიშის ხე, რითაც გარემოს მიადგა 1096,72 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----- ტ--–--–-–---–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ ჭ------ კ--------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1096,72 ლარი, რაც არ არის ანაზღაურებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ ჭ------ კ--------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების _ დ----- ფ------- და რ----– ბ------–---ის გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოილუსტრაციით; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წერილითა და თანდართული მასალებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ჭ------ კ--------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ჭ------ კ--------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია სასჯელის სამართლიანობაზე საუბარი, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ჭ------ კ--------ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ჭ------ კ--------ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
ამდენად, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი ჭ------ კ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი ჭ------ კ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ჭ------ კ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ჭ------ კ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/