განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2019
საქმის ნომერი
330210117001965804
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001965804

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/484-19 “08” ნოემბერი, 2019წ.

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე სხდომის მდივანი თამარ ზამბახიძე ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - წარმომადგენელი - მოწინააღმდეგე მხარე - ნ--- წ---–-----ი (მოპასუხე) ე---------- ი------ მ---–---- ჩ-----–---ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.12.2018წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეს დაეკისროს საადვოკატო ჰონორარის სახით 4050 აშშ დოლარის და 1000 აშშ დოლარის, სულ 5050 აშშ. დოლარის გადახდა.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.05.2018წ. გადაწყვეტილებით:

1. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–---ის სასარგებლოდ 4050 აშშ. დოლარის გადახდა.

2. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3.1. მხარეებს შორის 26.02.2016წ. დაიდო საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა იურიდიული მომსახურების გაწევა ნ--- ი--–---–ის სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს ყველა ინსტანციაში. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ კლიენტი ნ--- ი--–---–ი (ამჟამინდელი გვარი „წ---–-----ი“) ადვოკატს მ---–---- ჩ-----–---ს უხდის იურიდიული მომსახურების საფასურს (ჰონორარს) 1000 აშშ დოლარის ოდენობით. საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში (იგულისხმება 27 000 აშშ დოლარის არ დაკისრება) კლიენტი იღებს ვალდებულებას ადვოკატს გადაუხადოს 27 000 აშშ დოლარის 15%. ხელშეკრულების 4.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა, რომელშიც იგულისხმებოდა 1000 აშშ დოლარი, უნდა განხორციელდეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე ან მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში. აღნიშნული შეთანხმება დანართის სახით უნდა დაერთოს წინამდებარე ხელშეკრულებას. ამავე ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, კლიენტის მიერ ,,საპროცესო ოპონენტებთან“ მორიგების, ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით, რომელიც არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საქმის შემდგომ წარმოებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა, კლიენტი ვალდებულია ადვოკატს სრულად გადაუხადოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასური (ჰონორარი). ამავე ხელშეკრულების 3.2.5 პუნქტით კლიენტი ვალდებულია დროულად და სრულად გადაუხადოს ადვოკატს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასური (ჰონორარი).

 

3.2. მოპასუხე ნ--- ი--–---–მა ზემოაღნიშნული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 26.02.2016 წელს მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–---ის სახელზე გასცა რწმუნებულება/მინდობილობა განუსაზღვრელი ვადით. რომლის გაუქმება ცალმხრივად მოხდა მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიერ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდეგ 07.07.2017 წელს.

 

3.3. მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–---მა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში 04.03.2016 წელს მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, 16.03.2016 წელს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნოტარიუს ბ----ა შ-----–-ას მიერ გაცემული 29.04.2015 წლის N--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.03.2016 წლის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და შეჩერდა სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. 25.03.2016 წელს მ---–---- ჩ-----–---მა ნ--- ი--–---–ის სახელით სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,მ-----------------------------–-----------------–-----------------ს“ მიმართ 2015 წლის 29 აპრილს ნოტარიუს ბ----ა შ-----–-ას მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, კერძოდ მოსარჩელემ მოითხოვა დავალიანების 13 028.27 აშშ დოლარით შემცირება და დავალიანების თანხის 14 013.66 აშშ დოლარით განსაზღვრა.

 

3.4. 02.02.2017 წელს შპს კ-------------– ს---- კ---------ს მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ ნ--- ი--–---–ს 01.02.2017 წლის მდგომარეობით შპს კ-------------– ს---- კ---------ს მიმართ სასესხო ვალდებულება არ გააჩნია.

 

3.5. 06.03.2017 წელს მოსარჩელე ნ--- ი--–---–ის წარმომადგენელმა მ---–---- ჩ-----–---მა სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა სარჩელის გამოხმობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით ნ--- ი--–---–ის სარჩელი შპს მ---- კ-------------– ს---- კ---------ს მიმართ დარჩა განუხილველი.

 

3.6. მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად არ შეუსრულებია იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრ ფულად ვალდებულებას 27000 აშშ დოლარის 15%-ის, კერძოდ 4050 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე.

 

3.7. შპს კ-------------– ს---- კ---------ს მიერ 08.10.2018 წელს გაცემული ცნობაში მითითებულია, რომ ნოტარიუსს ბ----ა შ-----–-ას მიერ 29.04.2015 წელს გაცემულ №150422307 სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე დაწყებული იძულებით აღსრულებისას დაფარულ იქნა ნ--- ი--–---–ს და შპს ....... სესხი სრულად. თანხა გადახდილია შპს კ-------------– ს--------------–- სალაროში გადახდის გზით. კერძოდ შპს ........ დავალიანება 2500.40 ლარი გადაიხადა გ--- რ---–---–მა, ხოლო ნ--- ი--–---–ის დავალიანება 1400.55 ლარი გადახდილ იქნა გ--- რ---–---–ის მიერ.

 

შპს კ-------------– ს---- კ---------ს მიერ 20.07.2017 წელს გაცემული ცნობაში მითითებულია მოპასუხეს შპს კ-------------– ს--------------–- 02.02.2017 წელს დაიფარა მისი სესხი, ამასთან გაცნობებთ, რომ არ მომხდარა ვალის პატიება ან/და აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით შპს კ-------------– ს---- კ---------ს მიერ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ცნობა საქმე №2/------- ან/და ნებაყოფლობით აღსრულება.

 

3.8. მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მოპასუხის უძრავ ქონებას იძულებით აღსრულების გზით ემუქრებოდა საფრთხე, კერძოდ 29.04.2015წ. ნოტარიუსის მიერ მოპასუხის წინააღმდეგ გაცემული სააღსრულებლო ფურცლით კრედიტორის მიერ მოთხოვნილ იყო მოპასუხისაგან 28 000 აშშ დოლარი.

 

3.9. მოპასუხის დაყადაღებული ქონება გათავისუფლებულ იქნა ყადაღისაგან სააღსრულებლო წარმოების შეწყვეტის საფუძველზე კრედიტორის მოთხოვნით. მოპასუხეს არ დაკისრებია და მას არ გადაუხდია კრედიტორის დავალიანება 28 000 აშშ დოლარი.

 

3.10. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ საადვოკატო მომსახურების ღირებულების სახით 1000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება შესრულებული აქვს, რის გამოც ვალდებულება ამ ნაწილში სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად უნდა ჩაითვალოს შეწყვეტილად.

 

3.11. მოსარჩელე მიუთითებს და საქმის მასალებითაც დგინდება, რომ დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება რწმუნებულის მიერ შესრულებულ იქნა, კერძოდ მოპასუხე გათავისუფლდა 27000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისაგან. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების და ფაქტობრივი გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მსჯელობის საგანია, რას მოიცავდა მხარეთა შეთანხმება და შესრულდა თუ არა რწმუნებულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

სასამართლო განმარტავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტო გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მარწმუნებელმა ნ--- ი--–---–მა 07.07.2017 წელს ცალმხრივად გააუქმა რწმუნებულება მოსარჩელესთან და უარი განაცხადა შემდგომში მის მომსახურების მიღებაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რწმუნებულების გაუქმების დროისათვის რწმუნებულს დავალებული მოქმედება უკვე შესრულებული ჰქონდა, ანუ არ დადგა ის უარყოფით სამართლებრივი შედეგები რაც მოპასუხის ქონებას ემუქრებოდა იძულებით რელიზაცის გზით, შეჩერდა სააღსრულებლო წარმოება და მოპასუხეს არ გადაუხდია კრედიტორის მიერ სააღსრულებლო ფურცლით მოთხოვნილი თანხა, ხოლო მარწმუნებლის მხრიდან რწმუნებულების ცალმხრივად გაუქმება განპირობებული იყო მხოლოდ იმ მიზნით რომ თავიდან აეცილებინა ხელშეკრულების 4.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს რწმუნებულს ხელშეკრულებით შეთანხმებული გასამრჯელო 27000 აშშ დოლარის 15%-ის ოდენობით.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.12.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

4.1. სასამართლოს უნდა დაედგინა იურიდიული მომსახურების საზღაურის გადახდის სახელშეკრულებო საფუძვლები. კერძოდ, ხელშეკრულების 4.1 პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს ორი ტიპის საზღაური: ჰონორარი, რომელიც შეადგენდა 1000 აშშ დოლარს და წარმატების საზღაური, რომელიც შეადგენდა სადავო თანხის - 27 000 აშშ დოლარის 15 %-ს და ის გადახდილი უნდა ყოფილიყო დავის წარმატებით დასრულების, ანუ მოპასუხისთვის 27 000 აშშ დოლარის არდაკისრების შემთხვევაში.

 

ხელშეკრულების 4.3 პუნქტი, რომელიც ადგენდა საზღაურის გადახდის ვალდებულებას მიუხედავად მორიგებისა ან ნებისმიერი საფუძვლით საქმის შემდგომ წარმოებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ეხებოდა მხოლოდ 4.1 პუნქტით განსაზღვრულ ჰონორარს, ანუ 1000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმატების საზღაურზე, რომლის გადახდაც მხოლოდ სასამართლო დავის წარმატებით დასრულების, ანუ ადვოკატის საქმიანობის შედეგად მოპასუხისთვის 27 000 აშშ დოლარის გადახდისგან განთავისუფლების შემთხვევაში უნდა გადახდილიყო.

 

4.2. სასამართლომ დაადგინა, რომ ადვოკატის განცხადების საფუძველზე მოხდა ნ--- ი--–---–ის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის შეჩერება. 25.03.2016წ. ნ--- ი--–---–ის სახელით აღძრული სარჩელით მის მოთხოვნას წარმოადგენდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული დავალიანების 13028,27 აშშ დოლარით შემცირება და დავალიანების თანხის 14013,66 აშშ დოლარით განსაზღვრა. სასამართლომ ადვოკატის წარმატებად მიიჩნია 27 000 აშშ დოლარის გადახდისგან განთავისუფლება და სრულიად უმნიშვნელოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ დავის საგანი იყო არა 27 000 აშშ დოლარის გადახდისგან განთავისუფლება, არამედ 13028,27 აშშ დოლარის არ დაკისრება.

 

ამასთან, სარჩელის გამოხმობის საფუძველი გახდა თავად კრედიტორის მიერ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა, რაც, თავის მხრივ, განპირობებული იყო მოვალის მიერ სესხის დაფარვით. საქმეში წარმოდგენილია საკრედიტო ორგანიზაციის ცნობა იმის თაობაზე, რომ სესხის გადახდა მოხდა მოვალის მიერ და ადგილი არ ჰქონია ვალის პატიებას ან სესხთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნის ცნობას ან/და ნებაყოფლობით აღსრულებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

6. 26.02.2016წ. მ---–---- ჩ-----–---ს (შემდგომში „მოსარჩელე“, „ადვოკატი“) და ნ--- ი--–---–ს (ამჟამინდელი გვარია „წ---–-----ი“) (შემდგომში „მოპასუხე“, „კლიენტი“) გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა იურიდიული მომსახურების გაწევა მოპასუხის სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს ყველა ინსტანციაში (ტ.1, ს.ფ. 14-19).

 

7.იმავე დღეს მოპასუხემ მოსარჩელის სახელზე გასცა რწმუნებულება/მინდობილობა განუსაზღვრელი ვადით (ტ.1, ს.ფ. 241). აღნიშნული რწმუნებულება/მინდობილობა მოპასუხემ გააუქმა 07.07.2017წ. (ტ.1, ს.ფ. 279).

 

8. მოსარჩელემ აღძრული სარჩელით მოითხოვა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარის - 1000 აშშ დოლარის და 4 050 აშშ დოლარის - მოპასუხისთვის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა 4050 აშშ. დოლარის გადახდა. დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების 4.1. პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასურის (ჰონორარის) 1000 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის ფაქტი და შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ.378,379). სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.09.2019წ. განჩინება მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ტ.2, ს.ფ. 30-32; საფოსტო შეტყობინება, ტ.2, ს.ფ. 35).

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

 

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად: მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

10. მხარეთა შორის სადავოა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლში გამოვლენილი ნება ანაზღაურების წესის და პირობების შესახებ. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, გათვალისწინებით იმისა, რომ მის მარწმუნებელი (მოპასუხე) გათავისუფლდა 27 000 აშშ დოლარის გადახდისგან, იგი მოვალეა ადვოკატს გადაუხადოს ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალიწინებული წარმატების საზღაური 27 000-ის 15%-ის ოდენობით რაც 4050 აშშ დოლარს შეადგენს (ტ.1, ს.ფ.3).

 

აღნიშნულის საპასუხად მოპასუხე განმარტავს, რომ ხელშეკრულების 4.3 პუნქტი, რომელიც ადგენდა საზღაურის გადახდის ვალდებულებას მიუხედავად მორიგებისა ან ნებისმიერი საფუძვლით საქმის შემდგომ წარმოებაზე უარის თქმისა, ეხებოდა მხოლოდ 4.1 პუნქტით განსაზღვრულ ჰონორარს, ანუ 1000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება წარმატების საზღაურზე, რომლის გადახდაც მხოლოდ სასამართლო დავის წარმატებით დასრულების, ანუ ადვოკატის საქმიანობის შედეგად მოპასუხისთვის 27 000 აშშ დოლარის გადახდისგან განთავისუფლების შემთხვევაში უნდა გადახდილიყო, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

“ნების გონივრული განსჯა” ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა.

 

ხელშეკრულების 4.1. პუნქტით:

- კლიენტი ადვოკატს უხდის იურიდიული მომსახურების საფასურს (ჰონორარს) 1000 აშშ დოლარის ოდენობით. საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში (იგულისხმება 27 000 აშშ დოლარის არ დაკისრება) კლიენტი იღებს ვალდებულებას ადვოკატს გადაუხადოს 27 000 აშშ დოლარის 15%.

 

ხელშეკრულების 4.2. პუნქტით:

- იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე ან მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში. აღნიშნული შეთანხმება დანართის სახით უნდა დაერთოს წინამდებარე ხელშეკრულებას.

 

ხელშეკრულების 4.3. პუნქტით:

- კლიენტის მიერ „საპროცესო ოპონენტთან“ მორიგების ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით, რომელიც არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საქმის შემდგომ წარმოებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა, კლიენტი ვალდებულია ადვოკატს სრულად გადაუხადოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასური (ჰონორარი).

 

ამდენად, დგინდება, რომ მხარები შეთანხმებულები იყვნენ ორი ტიპის გასამრჯელოზე : 1) იურიდიული მომსახურების საფასური - 1000 აშშ დოლარი, რომელიც ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად უნდა გადახდილიყო ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე ან მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში

და

2) 27 000 აშშ დოლარის 15% - რომლის გადახდის ვალდებულებაც კლიენტს ეკისრებოდა საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში (იგულისხმებოდა 27 000 აშშ დოლარის არ დაკისრება).

 

პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების 4.3 პუნქტი უფრო ცხადს ხდის ხელშეკრულების 4.1 პუნქტში გამოვლენილ მხარეთა ნებას და მიჯნავს იმ გარემოებებს, თუ რა შემთხვევაში უნდა მომხდარიყო კლინეტის მიერ იურიდიული მომსახურების საფასური - 1000 აშშ დოლარის გარდა დამატებით 27 000 აშშ დოლარის 15%-ის გადახდა. კერძოდ, ხელშეკრულების მითითებული პუნქტების ერთობლივი, სისტემური, ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა „საპროცესო ოპონენტთან“ მორიგების ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით საქმის შემდგომ წარმოებაზე უარის თქმის შემთხვევებს, რა დროსაც ხელშეკრულების 4.3 პუნქტით, კლიენტი ვალდებული იყო ადვოკატისთვის სრულად გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასური (ჰონორარი), რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გულისხმობდა სწორედ იურიდიული მომსახურების საფასურის - 1000 აშშ დოლარის ნებისმიერ შემთხვევაში (მათ შორის მორიგების, ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით წარმოებაზე უარის თქმის შემთხვევაში) გადახდის ვალდებულებას. რაც შეეხება 27 000 აშშ დოლარის 15% - ს (ე.წ „წარმატების საზღაური“), პალატას თანმიმდევრულად და გონივრულად მიაჩნია აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება კლიენტს ეკისრებოდა საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში (იგულისხმებოდა 27 000 აშშ დოლარის არ დაკისრება), რა დროსაც თანხის არდაკისრება მოხდებოდა ადვოკატის აქტიური ჩართულობით და არა საპროცესო მხარესთან მორიგების ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით საქმის შემდგომ წარმოებაზე უარის თქმის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განამტკიცებს კერძო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს - კეთილსინდისიერების პრინციპს, რომლის ძალითაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

ხელშეკრულების მითითებული პუნქტების განსხვავებულად განმარტება სცილდება გონივრული განსჯისა და კეთილსინდისიერად ქცევის სტანდარტს.

 

11. პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხისთვის 26.02.2016წ. იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული 27 000 აშშ დოლარის 15% - ის დაკისრების წინაპირობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

- 08.09.2014წ. შპს მ-----------------------------–-- კ-------------– ს---------------ა და მსესხებელს (წინამდებარე დავის მოპასუხეს) და მესაკუთრეს (შპს C------------------------------ს) შორის გაფორმდა #0------------1 (ტ.1, ს.ფ.110) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დაამოწმა ნოტარიუსმა ბ----ა შ-----–-ამ (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------) (ტ.1, ს.ფ.107-117).

 

- ამ ხელშეკრულების საფუძველზე 29.04.2015წ. ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი N---------, რომელშიც მიუთითა ვალდებულების მოცულობა, იპოთეკის საგანი და განმარტა, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა მსესხებლის მთელი ქონებიდან (ტ.1, ს.ფ.222-225).

 

- 24.11.2015წ. განკარგულებით შპს C------------------------------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა შპს მ-----------------------------–-----------------–----------------- (ტ.1, ს.ფ.226).

 

- 04.03.2016წ. მოსარჩელეს, როგორც მოპასუხის წარმომადგენელს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ განუმარტა, რომ წარმოებაში იყო ნოტარიუს ბ----ა შ-----–-ას მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორი გახლდათ შპს მ-----------------------------–-----------------–-----------------, რომლის უზრუნველსაყოფადაც რეალიზაციას ექვემდებარებოდა მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონება (ტ.1,ს.ფ.185).

 

- 16.03.2016წ. მოსარჩელემ მოპასუხის რწმუნებულების საფუძველზე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნოტარიუს ბ----ა შ-----–-ას მიერ გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება (ტ,1, ს.ფ. 186-189). აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.03.2016წ. განჩინებით და შეჩერდა სააღსრულებო ფურცლის აღსრულება (ტ.1, ს.ფ. 190-195).

 

- 25.03.2016წ. მოსარჩელემ, როგორც მოპასუხის წარმომადგენელმა, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს ,,მ-----------------------------–-----------------–-----------------ს“ მიმართ და მოითხოვა 29.04. 2015წ. ნოტარიუს ბ----ა შ-----–-ას მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა. კერძოდ, სააღსრულებო წარმოების საფუძველზე მოთხოვნილი სესხის ძირითადი თანხის, 27 041.93 აშშ დოლარის შემცირება 13 028.27 აშშ დოლარით და დავალიანების 14 013.66 აშშ დოლარით განსაზღვრა (ტ.1, ს.ფ. 196-208). ანუ 27 000 დოლარის გადახდისაგან სრულად გათავისუფლების მოთხოვნის სარჩელი აღძრულიც კი არ ყოფილა.

 

- 02.02.2017წ. შპს „კ-------------– ს---- კ---------ს“ მიერ გაცემული ცნობით, მოპასუხეს 01.02.2017 წ. მდგომარეობით შპს „კ-------------– ს---- კ---------ს“ მიმართ სასესხო ვალდებულება არ გააჩნია (ტ.1, ს.ფ.43).

 

- 06.03.2017წ. მოსარჩელემ, როგორც მოპასუხის წარმომადგენელმა, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელის გამოხმობა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მხარემ (წინამდებარე დავის მოპასუხე) უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, მოპასუხემ გასცა ცნობა დავალიანების არარსებობის თაობაზე და შესაბამისად, შეწყვეტილია ნოტარიუს ბ----ა შ-----–-ას მიერ 29.04.2015წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმე (ტ.1, ს.ფ. 122).

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.03.2017წ. განჩინებით სარჩელი შპს „მ---- კ-------------– ს---- კ---------ს“ მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო (ტ.1, ს.ფ. 129-132).

 

- 20.07.2017წ. ცნობით, რომელიც მოპასუხის სახელზეა შედგენილი, ადრესატს ეცნობა რომ შპს „კ-------------– ს--------------–-“ 02.02.2017წ. დაიფარა მისი სესხი. არ მომხდარა ვალის პატიება ან/და აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით შპს „კ-------------– ს---- კ---------ს“ მიერ სასარჩელო მოთხოვნის ცნობა (საქმე №2/-------) ან/და ნებაყოფლობითი აღსრულება (ტ.1, ს.ფ.128).

 

- შპს „კ-------------– ს---- კ---------ს“ 08.10.2018წ. ცნობის თანახმად, ნოტარიუსს ბ----ა შ-----–-ას მიერ 29.04.2015წ. გაცემულ №150422307 სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე დაწყებული იძულებით აღსრულებისას დაფარულ იქნა მოპასუხის და შპს „C------- t-------- d----------“-ის სესხი სრულად. თანხა გადახდილია შპს „კ-------------– ს--------------–-“ სალაროში გადახდის გზით (ტ.1, ს.ფ. 338).

 

ამდენად, დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში დავა, რომელშიც მოსარჩელე ახორციელებდა მოპასუხის წარმომადგენლობას, დასრულდა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების გარეშე. კერძოდ, წინამდებარე დავის მოპასუხის სარჩელი დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, რასაც საფუძვლად დაედო ვალდებულებების შესრულება - სესხის თანხის გადახდა, რაც ვერ ჩაითვლება ადვოკატის აქტიური ქმედების შედეგად მხარის დავალიანებისგან განთავისუფლებად (სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებად) და ამ საფუძვლით ხელშეკრულებით გათვალისწინებული საადვოკატო ჰონორარის გარდა დამატებით ე.წ „წარმატების საზღაურის“ კლიენტისათვის დაკისრების წინაპირობად.

 

არ არსებობს მოპასუხისთვის 26.02.2016წ. იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული 27 000 აშშ დოლარის 15% - ის დაკისრების საფუძველი.

 

ამდენად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.12.2018წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი 4050 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, აპელანტის მოწინააღმდეგ მხარეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 433 ლარის ოდენობით. ამასთან, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.12.2018წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი მოპასუხისთვის საპროცესო ხარჯის სახით 343 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

13 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან

 

ვინაიდან სარჩელი არ კმაყოფილდება, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.06.2017წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს (პ/ნ 4----------) აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, ნ--------–-- ქუჩის მ-----------–--–-----, ს/კ. 0---------------. გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნ--- წ---–-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.12.2018წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-3, მე-5 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. მ---–---- ჩ-----–---ის სარჩელი 4050 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მ---–---- ჩ-----–---ს ნ--- წ---–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 433 ლარის ოდენობით.

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.06.2017წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს (პ/ნ 4----------) აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, ნ--------–-- ქუჩის მ-----------–--–-----, ს/კ. 0---------------. გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე