განაჩენი

სისხლის სამართლის 03.01.2020
საქმის ნომერი
080100119003180129
ინსტანცია
თარიღი
03.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119003180129

საქმე №1/ბ-868-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 იანვარი, 2020 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ-------- ფ---------- ძე ჩ-------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: თერჯოლის რაიონი, სოფელი ზ-------------, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ა------–-----–-ს ქ. №18/32.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ დ-------- ჩ-------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქუთაისში, ა------–-----–-ს ქუჩა №18-ში მდებარე მაღაზიაში, დ-------- ჩ-------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ------ ხ-------–---–ს. იმავე დღეს, ღამის საათებში მობილურ ტელეფონზე საუბრისას დ-------- ჩ-------ე კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს. მ------ ხ-------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დ-------- ჩ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით;

 

მსჯავრდებულ დ-------- ჩ-------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 21 აგვისტოდან 2019 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დღე ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით;

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, რომ ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში და დ-------- ჩ-------ეს საქართველოს სსკ-ს 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი დ-------- ჩ-------ის მიმართ არის დაუსაბუთებელი სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა მუქარა ოჯახის წევრის მიმართ,რაც მეტყველებს მასზე, როგორც მოძალადე პიროვნებაზე, რისი გათვალისწინებითაც დ-------- ჩ-------ისთვის დანიშნული სასჯელი ბრალდების მხარეს მსუბუქად მიაჩნია. ბრალდების მხარე, აგრეთვე, უთითებს, რომ სასამართლოს მიერ ამგვარი მსუბუქი სასჯელის დანიშვნით არ მოხდა ჩადენილი დანაშაულის სათანადო შეფასება და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინება, რაც შეუსაბამოა სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ სასჯელის მიზნებთან.

 

მსჯავრდებულმა დ-------- ჩ-------ემ პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა, რომლითაც მან მოითხოვა, რომ უარი ეთქვას აპელანტს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად იქნეს დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ-------- ჩ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ------ ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ხ----- შ--–------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმე ე---------–--ის გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობით. შესაბამისად, მსჯავრდებულ დ-------- ჩ-------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ დ-------- ჩ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, წარსულში არ არის ნასამართლევი, პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ მ. ხ-------–---–ის პოზიციაზე, რომელსაც მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ყოველივე ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ დ-------- ჩ-------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

დ-------- ჩ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით;

 

მსჯავრდებულ დ-------- ჩ-------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 21 აგვისტოდან 2019 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და დ-------- ჩ-------ეს საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით;

 

დ-------- ჩ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს ვ-–-------- მ-------ეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდა გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარი.

 

მსჯავრდებულ დ-------- ჩ-------ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე