განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2019
საქმის ნომერი
080100119002863432
ინსტანცია
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002863432

საქმე №1/ბ-810-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ს-----------ის მიმართ, დაბადებულის 1991 წლის 23 ივნისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების წ---–--------------------------–--------––-, მ--------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი :

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ს-----------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 17:10 საათზე, წ---–-------- რაიონის სოფელ ხ------–ში, მ----------------–- მდებარე სახლში, გ------- ს-----------ემ იძალადა მამაზე _ დ----- ს-----------ეზე, რომელსაც თავში ჩაარტყა იატაკის საწმენდი ჯოხი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნულის გამო გ------- ს-----------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით:

 

გ------- ს-----------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

გ------- ს-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და შესაბამისად, გირაოს უზრუნველსაყოფად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას დ----- ს-----------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე წ---–-------- რაიონი, ს------–-----------ს დასახლება №1--- (საკადასტრო კოდი №-------------------).

 

გამართლებულ გ------- ს-----------ეს, განემარტა რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იატაკი საწმენდი ჯოხი უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- გ----------ემ, რომელმაც ითხოვა გ------- ს-----------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ: შსს წ---–-------- რაიონულ სამმართველოში დ----- ს-----------ისგან შესული შეტყობინება; დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ------- ა-------, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელების _ გ------- ა-------ა და მ-----–--------ს ჩვენებები; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გ------- ს-----------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს გ------- ს-----------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება გ------- ს-----------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულმა დ----- ს-----------ემ და მოწმე ნ--- ს-----------ემ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს საკუთარი შვილის _ გ------- ს-----------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, შსს წ---–-------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- ა------მ აჩვენა, რომ 2019 წლის იანვრის თვეში წ---–-------- რაიონულ სამმართველოში შევიდა წ---–--------------------------–--------––- მცხოვრები დ----- ს-----------ის შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე იგი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ-----–--------სთან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისულებს დახვდათ დაზარალებული დ----- ს-----------ე, რომელმაც განუმარტათ, რომ მას შვილმა, გ------- ს-----------ემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, იატაკის საწმენდი ჯოხი ჩაარტყა თავში, რის გამოც მოხდა გ------- ს-----------ის ბრალდებულის სახით დაკავება.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა წ---–-------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ-----–-----------.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, შსს წ---–-------- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------- ა------მ აჩვენა, რომ 2019 წლის იანვრის თვეში, წ---–-------- რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე, წ---–--------------------------–--------––- გამოცხადდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გ------- ა------ და მ-----–--------, რომლებსაც დ----- ს-----------ემ განუმარტა, რომ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა გ------- ს-----------ემ. აღნიშნულის გამო მოხდა გ------- ს-----------ის ბრალდებულის სახით დაკავება. მოწმე გ------- ა------- განმარტებით, მის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, გ------- ს-----------ის დაკავების შესახებ ეცნობა მისი ოჯახის წევრებს, გამოიკითხნენ მოწმეები, ექსპერტებთან ერთად დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და დაზარალებულს განემარტა უფლებები.

 

დანაშაულის შესახებ №1----- შეტყობინებით დასტურდება, რომ 2019 წლის 24 იანვარს, შსს წ---–-------- რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე. ზარის ინიციატორის განცხადებით, შვილმა, რომელიც არის 27 წლის, თავში ჩაარტყა „პოლის ჯოხი“, რის შედეგადაც დაზიანებული ჰქონდა თავი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი დოკუმენტაციის მონაცემებისა, მოქ.დ----- ს-----------ეს გაეწია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 2019 წლის 24 იანვარს და დაესვა დიაგნოზი: ნაკვეთი ჭრილობა თავის მიდამოში, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. 2019 წლის 24 იანვარს, 22:52 –22:58 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ.დ----- ს-----------ეს კეფის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ზომით: 0,5X0,2 სმ, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ, როგორც შესამოწმებელმა პირმა მოუყვა, 2019 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 17:30 საათზე, წ---–-------- რაიონის სოფელ ხ------–ში, თავის საცხოვრებელ სახლში, შვილმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მას კეფის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, კიდეებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. შესამოწმებელ პირს ჩივილები ტკივილთან დაკავშირებით არ ჰქონია.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს გ------- ს-----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა გ------- ს-----------ის მიერ თავისი მამის _ დ----- ს-----------ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ------- ს-----------ისათვის წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა დაზარალებულ დ----- ს-----------ისა და მოწმე ნ--- ს-----------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს, რომლებიც ამხელდნენ გ------- ს-----------ეს დ----- ს-----------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დ----- ს-----------ემ და ნ--- ს-----------ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

 

სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ------- ს-----------ის მიერ 2019 წლის 24 იანვარს, დ----- ს-----------ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება მოწმეების _ დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ------- ა-------, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების გ------- ა------- და მ-----–--------ს და ექსპერტ გ--------------ის ჩვენებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, აღნიშნული მოწმეები არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ დ----- ს-----------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

საქმეზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა იძლევა ინფორმაციას მხოლოდ იმის შესახებ, რომ დ----- ს-----------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით და ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს მისთვის ამ დაზიანების გ------- ს-----------ის მიერ მიყენების ფაქტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არც სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება დ----- ს-----------ემ გ------- ს-----------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მიიღო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გ------- ს-----------ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გ------- ს-----------ის მიმართ 2019 წლის 15 ოქტომბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი გ------- ს-----------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.გ------- ს-----------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------- ს-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს უზრუნველსაყოფად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას დ----- ს-----------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე წ---–-------- რაიონი, ს------–-----------ს დასახლება №1--- (საკადასტრო კოდი №-------------------).

 

5.გამართლებულ გ------- ს-----------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.ნივთიერი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იატაკის საწმენდი ჯოხი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/