განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010142219700103229
საქმე №1აგ/178-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: ხვიჩა კიკილაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ი-----–- წ----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის განაჩენით:
ი-----–- წ----ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების (ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით;
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 11 ნოემბრის მიმართვიდან ირკვევა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლიც თანახმად ი-----–- წ----ეს დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოვალეს არ წარმოუდგენია ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ მიმდინარეობს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით:
ი-----–- წ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს, მთლიანად დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ი-----–- წ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
2019 წლის 30 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულმა ი-----–- წ----ის შუამდგომლობა, რომლითაც ითხოვს მის მიმართ არსებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის განაჩენის გადასინჯვას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან - ჯარიმისაგან გათავისუფლება.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ი-----–- წ----ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული ი-----–- წ----ე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალების (ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის.
ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-----–- წ----ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი-----–- წ----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ი-----–- წ----ე გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან (ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /ხ. კიკილაშვილი/
/გ. ჯეირანაშვილი/