განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.10.2019
საქმის ნომერი
330310018002663442
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002663442

№3ბ/584-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

01 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი - მა------–-------ე

წარმომადგენელი - ამ---------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინიტროს აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - სო--------–-------ე

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია

 

2.1 მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მა------–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2018 წლის 10 აგვისტოს მა------–-------ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ქ. თბილისი, ჩუ--------------------------------------- №13 (მე-3 სართული) მისამართზე განთავსებული გე-–--–-------ის და მა------–-------ის კუთვნილი მოძრავი ნივთების და ფართის აღწერა (ფოტო ასლებით) მოითხოვა.

 

2018 წლის 17 სექტემბერს, მა------–-------ის 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი გამოცხადდა მისამართზე: ქ. თბილისი, ჩუ--------------------------------------- №13 (მე-3 სართული). სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა იმ საფუძვლით, რომ მა------–-------ემ ვერ წარადგინა ზემოაღნიშნულ მისამართზე განთავსებული უძრავი ქონების მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის დამადასტურებელი დოკუმენტი და მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის თანხმობა ფაქტების კონსტატაციის განხორციელებასთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას მსგავს ვითარებაში განეხორციელებინა ფაქტების კონსტატაცია.

 

2018 წლის 17 სექტემბერს მა------–-------ემ №48915 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ფაქტების კონსტატაციის განხორციელებაში დახმარება მოითხოვა.

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 ოქტომბრის №72699 წერილით ეცნობა, რომ 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინა მესაკუთრის ან/და კანონიერი მფლობელის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი ფაქტების კონსტანტაციის განხორციელებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 9114-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ინფორმაციის მიუწოდებლობა ფაქტების კონსტატაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინიტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს მა------–-------ის 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადებაში მითითებული ფაქტების კონსტატირება.

 

სასამართლომ მოიხმო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის XVI2 თავით რეგულირდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ფაქტების კონსტატაციის პროცედურები. მითითებული საკანონმდებლო აქტის 9113 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას დაინტერესებული მხარის მიმართვის ან სასამართლო დავალების საფუძველზე. ფაქტების კონსტატაცია გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არსებული მდგომარეობის ასახვას ამ თავით დადგენილი წესით.

 

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტის 9117 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფაქტების კონსტატაციის შეუძლებლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ადგენს ოქმს და მიუთითებს გარემოებებზე, რომლებმაც ხელი შეუშალა ფაქტების კონსტატაციას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს მა------–-------ემ (01030022537) განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ქ. თბილისი, ჩუ--------------------------------------------- №13 (მე-3 სართული) მისამართზე განთავსებული გე-–--–-------ის და მა------–-------ის კუთვნილი მოძრავი ნივთების და ფართის აღწერა (ფოტო ასლებით) მოითხოვა.

 

2018 წლის 17 სექტემბერს, მა------–-------ის 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი გამოცხადდა მისამართზე: ქ. თბილისი, ჩუ--------------------------------------- №13 (მე-3 სართული). სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა იმ საფუძვლით, რომ მა------–-------ემ ვერ წარადგინა ზემოაღნიშნულ მისამართზე განთავსებული უძრავი ქონების მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის დამადასტურებელი დოკუმენტი და მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის თანხმობა ფაქტების კონსტატაციის განხორციელებასთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას მსგავს ვითარებაში განეხორციელებინა ფაქტების კონსტატაცია.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ან/და ხელს შეუწყობს ფაქტების კონსტატაციას. ინფორმაციის მიუწოდებლობა ფაქტების კონსტატაციაზე უარის თქმის საფუძველია.

 

ამავე კანონის 9115 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელია ისეთი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეუძლებელია მტკიცებულებების შეგროვება. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს შემთხვევას, როდესაც დაუშვებელია ფაქტების კონსტატაცია, კერძოდ, ფაქტების კონსტატაცია იმ პირის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის დაინტერესებული მხარე, დაიშვება მისი თანხმობით. თანხმობა შესაძლებელია იყოს წერილობითი ან აღბეჭდილი ტექნიკური საშუალებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ გარემოების

დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ტერიტორია (ქ. თბილისი, ჩუ--------------------------------------- №13 (მე-3 სართული)), რომელზეც იგი ითხოვს ფაქტების კონსტატაციას, წარმოადგენს მის კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიას. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრის გარდაცვალების ფაქტზე, აღსანიშნავია, რომ მა-------–-------ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება მითითებული უძრავი ქონების მემკვიდრ(ეებ)ის ვინაობა (არსებობის შემთხვევაში), მათ შორის ის გარემოება, რომ თვითონ წარმოადგენს მითითებული უძრავი ქონების გარდაცვლილი მესაკუთრის მემკვიდრეს.

 

მოსარჩელე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ იდენტური გარემოებების არსებობის პირობებში სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელა ფაქტების კონსტატაცია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული დოკუმენტაციით არ ირკვევა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი იყო თუ არა მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის თანხმობა და შესაბამისად ვერ დგინდება ფაქტების იდენტურობა და თანასწორობის პრინციპის დარღვევა. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაშიც კი ერთი პირის მიმართ უკანონო გადაწყვეტილების მიღება, არ წარმოშობს მეორე პირის უფლებას იმავე სახის გადაწყვეტილებაზე, რამდენადაც „არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში“. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული არგუმენტი ვერ გახდება წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელი გარემოება, კერძოდ, მა-------–-------ემ ვერ წარმოადგინა მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ფაქტების კონსტატაციის განხორციელების თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინიტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთვის მა------–-------ის 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადებაში მითითებული ფაქტების კონსტატირების დავალების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მა------–-------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ გადაწყვეტილებაში ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით არ არის ნახსენები იმ გარემოებაზე, რომ მოძრავი ნივთები არის მოსარჩელის და მისი ძმის, ხოლო ფართი, სადაც ნივთები ინახება ირიცხება გარდაცვლილი სვ----–------------ას სახელზე, ვისგანაც თანხმობას ითხოვდა აღსრულების ეროვნული ბიურო, რაც წარმოუდგენელია, რადგან გარდაცვლილი პირის თანხმობას არანაირი სამართლებრივი ნორმა არ ითვალისწინებს.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178.3-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. არ მისცა არანაირი შეფასება სარჩელის ძირითად არგუმენტებს, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, არასწორად განმარტა საერთაშორისო სამართლის ნორმები, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24.2 მუხლი, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის მე-162 თავი და 9117 -ე მუხლის მე-2 პუნქტი და 9115 მუხლი, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი და არ გამოიყენა ამავე მუხლი მე-2 ნაწილი, რითაც დაირღვა გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების მოთხოვნა, რის გამოც გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი. სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელეების მიერ 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადებაში მითითებული ფაქტების კონსტატაციის დავალებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელის შემშლელი გარემოებების არსებობის საკითხის გადაწყვეტა. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, პალატის აზრით, არსებითი მნიშვნელობისაა დადგინდეს, აღმასრულებლის მოქმედება ფაქტების კონსტანტაციასთან დაკავშირებით, რამდენად შესაბამისობაშია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან.

 

სადავო აქტით იმ საფუძვლით ეთქვა მხარეს ფაქტების კონსტანტაციაზე უარი, რომ მან ვერ წარადგინა ზემოაღნიშნულ მისამართზე განთავსებული უძრავი ქონების მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის დამადასტურებელი დოკუმენტი და მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის თანხმობა, ფაქტების კონსტატაციის განხორციელებასთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელი ქმედების განხორციელბის თაობაზე წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის განსაკუთრებულ ფორმას. ასეთი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით. მითითებული ნორმის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. მავალდებულებელი სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე უნდა აღძრას დაინტერესებულმა პირმა, რომლის კანონიერ უფლებას ან ინტერესს პირდაპირ და უშუალო ზინას აყენებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება. სააპელაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან ქმედების განუხორციელებლობა აყენებს თუ არა პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელეს, რა დროსაც უნდა შემოწმდეს ქმედებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების გავლენის ხარისხი მოსარჩელის სუბიექტური უფლებების მიმართ.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 9113 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას დაინტერესებული მხარის მიმართვის ან სასამართლო დავალების საფუძველზე. ფაქტების კონსტატაცია გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არსებული მდგომარეობის ასახვას ამ თავით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს მა--------–-------ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ქ. თბილისი, ჩუ--------------------------------------- №13 (მე-3 სართული) მისამართზე განთავსებული გე-–--–-------ის და მა------–-------ის კუთვნილი მოძრავი ნივთების და ფართის აღწერა (ფოტო ასლებით) მოითხოვა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ან/და ხელს შეუწყობს ფაქტების კონსტატაციას. ინფორმაციის მიუწოდებლობა ფაქტების კონსტატაციაზე უარის თქმის საფუძველია.

 

ამავე კანონის 9115 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელია ისეთი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეუძლებელია მტკიცებულებების შეგროვება. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს შემთხვევას, როდესაც დაუშვებელია ფაქტების კონსტატაცია, კერძოდ, ფაქტების კონსტატაცია იმ პირის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის დაინტერესებული მხარე, დაიშვება მისი თანხმობით. თანხმობა შესაძლებელია იყოს წერილობითი ან აღბეჭდილი ტექნიკური საშუალებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა იმ საფუძვლით, რომ მა------–-------ემ ვერ წარადგინა ზემოაღნიშნულ მისამართზე განთავსებული უძრავი ქონების მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის დამადასტურებელი დოკუმენტი და მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის თანხმობა ფაქტების კონსტატაციის განხორციელებასთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას მსგავს ვითარებაში განეხორციელებინა ფაქტების კონსტატაცია.

 

პალატა თვლის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მოქმედებდა კანონით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ადმინისტრაციული ორგანოს ვერ წარუდგინა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავი ქონების მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის დამადასტურებელი დოკუმენტი და მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის თანხმობა ფაქტების კონსტატაციის განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარის მიერ ვერც სასამართლოში იქნა წარმოდგენილი.

 

მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე გარდაცვლილია. პალატა აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი, არ შეიძლება მივიჩნიოდ საკმარისად იმისთვის, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის თანხმობის გარეშე განახორცილოს მოქმედება ფაქტების კონსტატაციასთან დაკავშირებით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ფართის აღწერის მოთხოვნით, მხარე რეალურად ითხოვს საჯარო რეესტრში სხვა პირის სახელზე დარეგისტრირებული უძრავი ქონების ფართის აღწერას, ისე, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არც მისი მემკვიდრეობა გარდაცვლილ მესაკუთრესთან და არც სხვა მემკვიდრ(ეებ)ის(არსებობის შემთხვევაში) თანხმობა - ფაქტების კონსტატაციასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158.1-ლი მუხლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. თუმცა ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. მოცემულ შემთხვევაში კი სადავოს არ წარმოადგენს, რომ ფართი, რომლის აღწერასაც მხარე ითხოვს, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე.

 

რაც შეეხება საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საცხოვრებელ ფართში განთავსებულ მოძრავი ნივთების აღწერას, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი უძრავი ქონების მესაკუთრეა, მოცემულ შემთხვევაში გარდაცვლილი პირი(ან მისი მემკვიდრე(ეები) ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვიდრე არ დადასტურდება საპირისპირო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით, მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან (სამკვიდროს დამტოვებელთან). თვითონ აპელანტი განმარტავს, რომ იგი იმ ფართში, რომლის აღწერასაც ითხოვს, არ ცხოვრობს. ეს კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, მა------–-------ის, როგორც მფლობელის, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას გამორიცხავს.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის განჩინებაში საქმეზე Nას-586-561-2016 განიმარტა, რომ საკუთვნებელი არ არის მხოლოდ მთავარი ნივთით სარგებლობის უკიდურესი აუცილებლობა, არამედ ნებისმიერი ნივთია, რომლებიც ხელს უწყობს მთავარი ნივთის სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლით დაშვებულია კანონისმიერი პრეზუმფცია, რომელიც დამატებით მტკიცებას არ ექვემდებარება. ეს ვარაუდი არსებობს მანამ, ვიდრე პირი, რომლის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული(ამ შემთხვევაში - აპელანტი), დამაჯერებლად არ გააქარწყლებს ამ მოსაზრებას. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აპელანტი მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმ გარემოების დადასტურება, რომ სხვა პირის სახელზე საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ ფართში განთავსებული მოძრავი ნივთები მის კუთვნილებას წარმოადგენს და არა მესაკუთრისას, თუმცა მხარეს არც სასამართლოსთვის წარმოუდგენია ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამასთან, არ ყოფილა წარმოდგენილი მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის (მემკვიდრ(ეებ)ის) თანხმობა ფაქტების კონსტატაციის განხორციელებასთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, რამდენადაც არსებობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 9115.2-ე მუხლით გათვალისწინებული განსაზღვრული შემთხვევა; შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს უარი ქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ1’“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. აპელანტ მა------–-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);

 

მოსამართლე: მანანა ჩოხელი