განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210119002825628
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1007-19 23 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი დავის საგანი - - - - - შპს ,,მ-----------------------------–-- ,,რ-------------ი“ მ-----------------–ი ზ---- ხ---------ი ლ--–--------–--ე სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- ზ---- ხ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ცვლილება შევიდა ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------). მოვალე ზ---- ხ---------ის სესხის ძირი თანხის და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში და სესხის ძირი თანხის სახით ზ---- ხ---------ის ვალდებულება კრედიტორ შპს მ---- რ-------------ის წინაშე განისაზღვრა 3896.59 აშშ დოლარით. პირგასამტეხლოს სახით ზ---- ხ---------ის ვალდებულება კრედიტორ შპს მ---- რ-------------ის წინაშე განისაზღვრა 376.53 აშშ დოლარით.
- შპს მ---- რ-------------ს ზ---- ხ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 321 ლარის ანაზღაურება (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 271 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2014 წლის 18 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება №1----, რომლის ფარგლებში გაიცა სესხი 4000 აშშ დოლარის ოდენობთ, 35 თვის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პროცენტი წლიური 24%. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ---------–-, ა---–-----------ის გამზ მ----–----- ბ-------.
2.2. 2017 წლის 17 ნოემბერს ზ---- ხ---------ს და შპს მ---- რ-------------ს შორის გაფორმდა იპოთეკური სესხის ხელშეკრულება №1-----01, რომლის საფუძველზე ზ---- ხ---------მა სესხის სახით გაიტანა 4620 აშშ დოლარი. 83 თვის ვადით. აღნიშნული სესხით დაიფარა 18.11.2014წ სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანება 4620 აშშ დოლარი. 17.11.2017წ ხელშეკრულებით განისაზღვრა პროცენტი წლიური 24%. სესხის დაფარვის ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებთ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო დარჩენილი სესხის თანხის 0,41% ვადაგადაცილების დღეზე.
2.3. კერძო აღმასრულებლის ლ---- პ-------–---–ის წარმოებაშია ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული საღსრულებო წარმოება №A-----------------.
2.4. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო 2018 წლის 27 ნოემბერს ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ზ---- ხ---------ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა 4611,77 აშშ დოლარი, პროცენტი 581,11 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 3063,14 აშშ დოლარის, აგრეთვე სააღსრულები ფურცლის გაცემის ხარჯი 134,36 ლარი.
2.5. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლო 3063,14 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს შემცირება. ნაცვლად ყოველდღიურად სესხის ნაშთის 0,41%-ის დარიცხვისა უნდა დაერიცხოს ყოველდღიურად 0,05%, რაც დღეში შეადგენს 2,31 აშშ დოლარს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა მოხდეს 2018 წლის 17 ივნისიდან ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღამდე 2018 წლის 27 ნოემბრამდე (163 დღე), შესაბამისად სულ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 376,53 აშშ დოლარი. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2017 წლის დეკემბერი 2018 წლის 29 იანვრის ვადაგადაცილებისათვის (43 დღე) პირგასამტეხლოს სახით მოპასუხემ დაარიცხა 814,51 აშშ დოლარი, რაც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა. 43 დღიანი ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა იქნებოდა 99.33 აშშ დოლარი, შესაბამისად ჯარიმის სახით გადახდილი 814,51 აშშ დოლარიდან 715,18 აშშ დოლარი უნდა ჩაეთვალოს სესხის ძირი თანხის გადახდად და გამოაკლდეს სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებულ ძირი თანხის დავალიანებას, შესაბამისად სააღსრულებო ფურცელში ძირი თანხის დავალიანება უნდა განისაზღვრის 3896,59 აშშ დოლარით.
2.6. დადგენილია, რომ 2017 წლის დეკემბერი - 2018 წლის 29 იანვრის პერიოდში ვადაგადაცილებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა პირგასამტეხლო 814,51 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
2.9. ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
2.10. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშვა 2017 წლის 17 ნოემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც განსაზღვრულ იქნა მოსარჩელისა და მოპასუხის, როგორც მსესხებლისა და გამსესხებლის კონკრეტული უფლება- მოვალეობები. უდავო გარემოებაა, რომ მოვალის მიერ დარღვეულ იქნა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულების 3.5.2. პუნქტის საფუძველზე, 2018 წლის 27 ნოემბერს ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ გაცემულ იქნა №1-------- სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ზ---- ხ---------ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა სესხის ძირი თანხა 4611,77 აშშ დოლარი, პროცენტი 581,11 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 3063,14 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 134,36 ლარი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2.13. მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულების 2.8. პუნქტით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ვადაგადაცილებული დავალიანების სესხის ძირი თანხის 0.41%-ის ოდენობით.
2.14. მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ასევე მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობასაც და მიაჩნია, რომ ჯარიმის სახით გადახდილი 814,51 აშშ დოლარიდან 715,18 აშშ დოლარი უნდა ჩაეთვალოს სესხის ძირი თანხის გადახდად და გამოაკლდეს სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებულ ძირი თანხის დავალიანებას, შესაბამისად სააღსრულებო ფურცელში ძირი თანხის დავალიანება უნდა განისაზღვრის 3896,59 აშშ დოლარით. ხოლო პირგასამტეხლო 376,53 აშშ დოლარით.
2.15. სასამართლომ განმარტა, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’.
2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესით განსაზღვრულია, რომ თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
2.17. აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიცია დასაბუთებული და საფუძვლის მქონეა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტს, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 0,05%-მდე, ასევე ზ---- ხ---------ის მიერ 2018 წლის 29 იანვარს გადახდილი 814,51 აშშ დოლარიდან 715,18 აშშ დოლარი მოსარჩელეს უნდა ჩაეთვალოს სესხის ძირითადი თანხის სახით გადახდილად (პირგასამტეხლოს 0,05%-ის გათვალისწინებით), შესაბამისად სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილ სესხის ძირითად თანხას 4611,77 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ 29.01.2018წ გადახდილი თანხიდან 715,18 აშშ დოლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს შემცირების ხარჯზე მოსარჩელის დავალიანება ძირი თანხის ნაწილში მოსარჩელის მიმართ განისაზღვროს 3896.59 აშშ დოლარით.
2.18. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდენ გარკვეული თანხის პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითთებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.
2.19. სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსაბამოდ მაღალია და იგი გონივრული ოდენობით უნდა შემცირდეს.
2.20. სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
2.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, თუმცა აქვე განმარტავს: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, დავის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს კი წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.
2.22. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
2.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ შეესაბამება მოცემული ტიპის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას.
2.24. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული დავალიანების 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ვალდებულების დარღვევაში მხარის ბრალეულობის ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, იგი უნდა განისაზღვროს 0,05%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
2.25. სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება უნდა აისახოს სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 0,41% უნდა განისაზღვროს 0.05%-ით. შესაბამისად ცვლილება უნდა შევიდეს ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------). მოვალე ზ---- ხ---------ის სესხის ძირი თანხის და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში და სესხის ძირი თანხის სახით ზ---- ხ---------ის ვალდებულება კრედიტორ შპს მ---- რ-------------ის წინაშე განისაზღვროს 3896.59 აშშ დოლარით. პირგასამტეხლოს სახით ზ---- ხ---------ის ვალდებულება კრედიტორ შპს მ---- რ---- ე-------ის წინაშე განისაზღვროს 376.53 აშშ დოლარით.
3. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა შპს მ-----------------------------–-- ,,რ-------------ის“ მიერ
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, მართალია სასამართლომ დაადგინა, რომ ზ---- ხ---------ისთვის დარიცხული პირგასამტეხლო - 814.51 აშშ დოლარი მის მიერ ნებაყოფლობით არის გადახდილი, თუმცა ეს გარემოება არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ. ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირგასამტეხლოს გადახდა თავად ზ---- ხ---------ის ნებელებითი აქტი იყო და იგი გამოვლენილ და შესრულებულ იქნა მისი ნების თავისუფალი გამოვლენი პირობებში, მითითებულია სარჩელში, ნებაყოფლობით გადახდის ფაქტი კონკრეტულად მითითებულ იქნა შესაგებელშიც და სადავოდ არ გაუხდია მოვალეს. გარდა ამისა, არანაირი არც რაიმე მითითება ყოფილა, რომ კრედიტორის ჩარევით მოხდა აღნიშნული პირგასამტეხლოს გადახდა.
3.2. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს - 814.51 აშშ დოლარის შემცირების ნაწილში არასწორია.
3.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილით: "ყოველი შესრულება ადასტურებს ვალდებულების არსებობას". აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ---- ხ---------ის მიერ პირგასამტეხლოს - 814.51 აშშ დოლარის გადახდა ადასტურებს ამ ვალდებულების არსებობასაც და მის უდავოდ აღიარებასაც. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ გადახდა მოხდა ნებაყოფლობით, მის მიერ ნების თავისუფალი გავლენის პირობებში. გადახდის ამონაწერიდან თვალნათლივ ვლინდება გარემოება, რომ მან პირგასამტეხლოს გადახდის ოპერაცია შეასრულა პირადად. აღნიშნული ოპერაცია არ ყოფილა შპს მ---- "რ-------------ის" ქმედების შედეგი, ანუ არ მომხდარა გადახდევინება. აღნიშნული ქმედება - პირგასამტეხლოს ნებაყოფლობით გადახდა კი გულისხმობს, რომ კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძვლები და მისი ოდენობა აღიარებულია, უდავოდ არის ქცეული იგი და ამ ნების გამოხატულების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე არ არის სამართლებრივი. ამ დროს კუმულატიურად უნდა მოხდეს შეფასება ასევე ნების გამოვლენის ნამდვილობის, რაც სადავოდ არ გამხდარა.
3.4. სასამართლოს მომეტებულ ყურადღებას მივაქცევთ უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ №ას-1527-2018 სამოქალაქო საქმეზე 31.01.2019 წელს მიღებულ განჩინებას, რომლის 91 და 92 მუხლებში პირდაპირ არის მოცემული მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე და აქ უზენაესი სასამართლო განმატავს შემდეგს: "ამავდროულად, მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა სასამართლოს გააჩნია იქამდე, სანამ მხარე აღნიშნულ თანხას კრედიტორს აუნაზღაურებს. პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია, როცა პირგასამტეხლო უკვე ნებაყოფლობით გადახდილია…მოცემულ შემთხვევაში კასატორმა მიუთითა, რომ მან დაკისრებული პირგასამტეხლო გადაიხადა უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობა კი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია."
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზ---- ხ---------ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები, რის შედეგადაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო;
4.2. საქმეში წარმოდგენილი სწრაფი გადახდის ქვითრების თანახმად, სესხზე ჩარიცხული თანხები ჩარიცხულია ,,პროცენტის გადახდის გადავადების“ დანიშნულებით (იხ. ს/ფ 54);
4.3. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ იმ საკითხის გარკვევა, სწორად შეამცირა თუ არა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა და შემცირებული პირგასამტეხლოს ხარჯზე სწორად გამოაკლო თუ არა გადახდილი თანხის ნაწილი სესხის ძირ თანხას;
4.4. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო სესხის თანხის 0.41%-ის ოდენობით;
4.5. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მოვალემ გადაიხადოს პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, თუმცა, ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება;
4.6. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
4.7. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს;
4.8. სამოქალაქო კოდექსის 115-ე და 420-ე მუხლებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა 0,41% სწორად შეამცირა 0,05%-მდე, რის შედეგადაც პირგასამტეხლოს სახით ზ---- ხ---------ის ვალდებულება კრედიტორ შპს მ---- რ---- ე-------ის წინაშე განისაზღვრა 376.53 აშშ დოლარით;
4.9. დადგენილია, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო 2018 წლის 27 ნოემბერს ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ზ---- ხ---------ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა 4611,77 აშშ დოლარი, პროცენტი 581,11 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 3063,14 აშშ დოლარის, აგრეთვე სააღსრულები ფურცლის გაცემის ხარჯი 134,36 ლარი;
4.10. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობასაც და მიაჩნდა, რომ ჯარიმის სახით გადახდილი 814,51 აშშ დოლარიდან 715,18 აშშ დოლარი უნდა ჩაეთვალოს სესხის ძირი თანხის გადახდად და გამოაკლდეს სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებულ ძირი თანხის დავალიანებას, შესაბამისად სააღსრულებო ფურცელში ძირი თანხის დავალიანება უნდა განისაზღვრის 3896,59 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო 376,53 აშშ დოლარით;
4.11. აპელანტის მტკიცებით, მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა პირგასამტეხლო 814,51 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია, როცა პირგასამტეხლო უკვე ნებაყოფლობით გადახდილია. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
4.12. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს არ წარმოუდგენია არანაირი სახის მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მსესხებელმა 814,51 აშშ დოლარის ოდენობით თანხა ნებაყოფლობით გადაიხადა პირგასამტეხლოს სახით. აღნიშნული გარემოება საქმეში წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულებით არ დგინდება. საქმეში წარმოდგენილი სწრაფი გადახდის ქვითრების თანახმად, სესხზე ჩარიცხული თანხები ჩარიცხულია ,,პროცენტის გადახდის გადავადების“ დანიშნულებით. აღნიშნულ ქვითრები არ შეიცავს რაიმე სახის ინფორმაციას პირგასამტეხლოს სახით თანხის გადახდის თაობაზე გადამხდელის ნების თაობაზე. ამდენად, მოცემული თანხის პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვლა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია;
4.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის არგუმენტს, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 0,05%-მდე, ასევე ზ---- ხ---------ის მიერ 2018 წლის 29 იანვარს გადახდილი 814,51 აშშ დოლარიდან 715,18 აშშ დოლარი მოსარჩელეს უნდა ჩაეთვალოს სესხის ძირითადი თანხის სახით გადახდილად (პირგასამტეხლოს 0,05%-ის გათვალისწინებით). შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილ სესხის ძირითად თანხას 4611,77 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ 29.01.2018წ გადახდილი თანხიდან 715,18 აშშ დოლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს შემცირების ხარჯზე მოსარჩელის დავალიანება ძირი თანხის ნაწილში მოსარჩელის მიმართ უნდა განისაზღვროს 3896.59 აშშ დოლარით;
4.14 იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც - ზ---- ხ---------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, შპს მ-----------------------------–-- ,,რ-------------ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს მ-----------------------------–-- ,,რ-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
6.2. მოცემული შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,მ-----------------------------–-- ,,რ-------------ი“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლაურა მიქავა