განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210117002149537
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-590-19 23 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლაურა მიქავა
მოსამართლეები - ინდირა მაშანეიშვილი თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - ბ---- ო----–--ე - სს ,,თ----------ი“ - ლე-–--------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა სს ,,თ----------ი“-ს სარჩელი.
- დაეკისრა ბ----ი ო----–--ეს სს ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად, 2011 წლის 17 ნოემბერს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9309.10 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 6990.55 ლარი, პროცენტი - 1269.95 ლარი და ჯარიმა - 1048.60 ლარი.
- დაეკისრა ბ----ი ო----–--ეს სს ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად, 2017 წლის 19 სექტემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 6990.55 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 209.71 ლარს.
- დაეკისრა ბ----ი ო----–--ეს სს ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად, 2017 წლის 19 სექტემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 6990.55 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0,5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 34.95 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 2500 ლარი.
- დაეკისრა ბ----ი ო----–--ეს სს ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად, 2015 წლის 21 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8522.87 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 6609.34 ლარი, პროცენტი - 999.25 ლარი და ჯარიმა - 914.28 ლარი.
- დაეკისრა ბ----ი ო----–--ეს სს ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად, 2017 წლის 19 სექტემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 6609.34 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 30% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 165.23 ლარს.
- დაეკისრა ბ----ი ო----–--ეს სს ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად, 2017 წლის 19 სექტემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 6609.34 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0,5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 33.04 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 2500 ლარი.
- დაეკისრა ბ----ი ო----–--ეს სს ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად, სს ,,თ----------ი’’-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1089.89 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარი, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - დავის საგნის ღირებულების 4% - 500 ლარის გადახდა.
- სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა უცვლელი.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
- არ დაკმაყოფილდა მოპასუხე ბ----ი ო----–--ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის (საქმე N2/3149-17), დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
- ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმეზე N 2/3149-17.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2017 წლის 30 ოქტომბერს, ქუთაისის საქალაქო სასამარლოს სარჩელით მიმართა სს ,,თ----------ის“ წარმომადგენელმა მოპასუხე ბ---- ო----–--ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით;
2.2. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სს ,,თიბის ბანკსა’’ და ბ---- ო----–--ეს შორის 2011 წლის 17 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო ქოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. 2012 წლის 13 ივნისს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და მსესხებლის მიერ ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 6990.55 ლარი;
2.2.1. ბ---- ო----–--ის მიერ პერიოდულად ირღვეოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 11 აპრილის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის არსებული დავალიანების დაკისრება;
2.2.2. 2017 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2011 წლის 17 ნოემბერს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 9309.10 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 6990.55 ლარი, პროცენტი - 1269.95 ლარი და ჯარიმა - 1048.60 ლარი.
2.2.3. სს ,,თ----------სა’’ და ბ---- ო----–--ეს შორის 2015 წლის 21 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 6610 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 30%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 30%-ით კრედიტის სს ,,თ----------ის’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვა ყოველი თვის 18 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
2.2.4. ბ---- ო----–--ის მიერ პერიოდულად ირღვეოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 12 აპრილის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის არსებული დავალიანების დაკისრება;
2.2.5. 2017 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2015 წლის 21 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 8522.87 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 6609.34 ლარი, პროცენტი - 999.25 ლარი და ჯარიმა - 914.28 ლარი;
2.2.6. როგორც აღინიშნა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებდა შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობდა პრეზუმცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რიც გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება;
2.3. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად მომზადების მიზნით მოპასუხე მხარეს გადაეგზავნა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები და დაენიშნა ვადა იმისთვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს;
2.4. სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე და 2017 წლის 11 ნოემბერს ჩაიბარა ადრესატის დისშვილმა - თ----- ო----–--ემ;
2.5. მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი სასამართლოში არ წარმუდგენია და არც რაიმე საპატიო მიზეზის გამო საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ უშუამდგომლებია;
2.6. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე-625-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ;
2.7. 2018 წლის 29 ოქტომბერს მოპასუხე ბ----ი ო----–--ემ შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე;
2.7.1. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, რადგან სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე და 2017 წლის 11 ნოემბერს ჩაიბარა ადრესატის დის შვილმა თ----- ო----–--ემ. ვინაიდან თ----- ო----–--ე არის მისი ცოლის დისშვილი და რადგან იგი იმყოფებოდა სტუმრად, არ არის ბ----ი ო----–--ის ოჯახის წევრი. თ----- ო----–--ეს მისთვის არ გადაუცია სარჩელი და არ უცნობებია გზავნილის არსებობის თაობაზე;
2.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი უსაფუძვლო იყო, რადგან ბ----ი ო----–--ის სახელზე შედგენილი გზავნილი ჩაიბარა მის მისამართზე მცხოვრებმა პირმა, ხოლო მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი არ იყო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თ----- ო----–--ეს მისთვის გზავნილი არ გადაუცია, რაც საჩივრის უსაფუძვლობაზე მიუთითებდა და მიმართული იყო საქმის განხილვის უსაფუძვლოდ გახანგრძლივებისკენ. განსახილველ შემთხვევაში, ვერ დადასტურდა მოპასუხის მიერ სასამართლოში შესაგებელის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი, საჩივრის ავტორს მტკიცებულება არ წარუდგენია, რომლითაც უტყუარად და სარწმუნოდ დადასტურდება, თუ რატომ უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საჩივრის ავტორი შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება გაასაჩივრა ბ---- ო----–--ემ
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, ცალსახად ტენდენციურად გამოიტანა 2018 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მიმდინარე წლის 07 მაისის განჩინება მაშინ, როდესაც მას ბანკისათვის კეთილსინდისიერად ჰქონდა თანხები გადახდილი, ბანკი კი აშკარად გაზრდილი პროცენტის გადახდას ითხოვს მისგან, რისი მტკიცებულებაც თავად ბანკს არ წარმოუდგენია;
3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონდარღვევით მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც საქმეში იყო მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელი და თანდართული საბუთები ჩაბარდა მის ცოლის დისშვილს თ----- ო----–--ეს ე.ი არა ოჯახის წევრ პირს, რომელიც ისე დაბრუნდა თავის სახლში, რომ მისთვის არაფერი გადაუცია, რამაც გამოიწვია ის გარემოება, რომ ვერ შეძლი შესაგებლით პოზიციის დაფიქსირება;
3.3. მან დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება, სადაც ცალსახა მტკიცებულებებით ადასტურებდა, რომ სარჩელის ჩამბარებელი პირი მისმი ცოლის დისშვილი თ----- ო----–--ე არ იყო მისი ოჯახის წევრი, იგი რეგისტრირებულია არა მის მისამართზე, არამედ ტ------––ი, თ---–--------- -ში. ასევე სასამართლოს წარუდგინა მისი ოჯახის სულადობის შესახებ ცნობა, სადაც ფიქსირდება, რომ მასთან, გ-------------- ქ-------ში რეგისტრირებული არიან მხოლოდ ის, მისი მეუღლე და მათი სამი შვილი;
3.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომის გამო ზარალდება, ერთმევა კანონითა და კონსტიტუციით მონიჭებული უფლება. გაურკვევლობა კი გამოწვეულია იმით, რომ მისი ცოლის დისშვილი თ----- არის მისი გვარის, ე.ი ო----–--ე, რადგან მისი ცოლი ნ--- კ----–-–---–ი დაქორწინდა მასზე და მისი დაც ე.ი თ-----ს დედა - ლ--–- კ----–-–---–იც ცოლად გაყვა გ-- ო----–--ეს. თუმცა, მასსა და მის ქვისლს გ-- ო----–--ეს შორის სისხლით ნათესაობა არ არსებობს, რაც დასტურდება მათი ქორწინების და დაბადების მოწმობებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სს ,,თ----------ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს, ქუთაისის საქალაქო სასამარლოს სარჩელით მიმართა სს ,,თ----------ი“-ს წარმომადგენელმა მოპასუხე ბ---- ო----–--ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით;
4.2. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხე ბ---- ო----–--ის მისამართად სარჩელში მიუთითა - ქ.ქუთაისი, გ-------------- 7---;
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მოსარჩელე მხარეს გადაეცა სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად;
4.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და წარადგინა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო შეტყობინება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქ.ქუთაისი, გ-------------- 7---, რაც 11.12.2017წ. ჩაბარდა მოპასუხე ბ---- ო----–--ის დის შვილს - თ----- ო----–--ეს, პ/ნ 4---------- (იხ. ს/ფ.: 103-104);
4.5. მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია და არც რაიმე საპატიო მიზეზის გამო საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ უშუამდგომლია, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე-625-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ;
4.6. 2018 წლის 29 ოქტომბერს მოპასუხე ბ----ი ო----–--ემ შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის განჩინებით;
4.7. დადგენილია, რომ თ----- ო----–--ის (დაბ. 1---------წ., პ/ნ 4----------) რეგისტრაციის მისამართია ტ------–-, თ---–---- ქუჩა #-. ამასთან, მისი მშობლები არიან გ-- ო----–--ე და ლ--–- კ----–-–---–ი (ს/ფ 172, 173, 178);
4.8. დადგენილია, რომ ბ---- ო----–--ე, ნ--- კ----–-–---–ი, ა---------–--ე და თ----- ო----–--ე (პ/ნ 4----------) დაბადებული 1---------წ. რეგისტრირებული არიან ქ.ქუთაისი, გ-------------- #7----ში. ამასთან, წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის თანახმად, ბ---- ო----–--ე და ნ--- კ----–-–---–ი არიან მეუღლეები (ს/ფ 170, 174, 179);
4.9. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ცნობიდან დგინდება, რომ ბ---- ო----–--ის ოჯახი შედგება 5 სულისაგან: თვით ბ---- ო----–--ე (დაბ. 1---–.); მეუღლე - ნ--- კ----–-–---–ი (დაბ. 1---–-); შვილები - თ----- ო----–--ე (დაბ. 1---–.), ა---------–--ე (დაბ. 1999წ.) და შ--–-- ო----–--ე (დაბ. 2---–). (ს/ფ 180-181);
4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით;
4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის;
4.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას სასამართლო საქმის განხილვას სხვა დროისათვის ნიშნავს, რის შესახებაც ატყობინებს გამოუცხადებელ მხარეს და საქმეში მონაწილე სხვა პირებს, ხოლო „დ” ქვეპუნქტში მითითებული სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობისას სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას 272-ე მუხლის შესაბამისად. ხოლო მესამე ნაწილის თანხმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას;
4.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს;
4.14. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით;
4.15. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას;
4.16. საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილით ირკვევა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები, მოპასუხე ბ---- ო----–--ეს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქ.ქუთაისი, გ-------------- ქ. #7---, რაც 11.12.2017წ. ჩაბარდა მოპასუხე ბ---- ო----–--ის დის შვილს - თ----- ო----–--ეს, პ/ნ 4----------. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საფოსტო შეტყობინებაში არ არის მითითებული ის გარემოება, რომ თ----- ო----–--ე წარმოადგენს მოპასუხე ბ---- ო----–--ესთან მცხოვრებ ოჯახის წევრს. აღნიშნული გარემოება არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება. პირიქით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ თ----- ო----–--ის რეგისტრაციის მისამართია ტ------–-, თ---–---- ქუჩა #-. ხოლო ბ---- ო----–--ესთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს წარმოადგენენ მეუღლე - ნ--- კ----–-–---–ი (დაბ. 1---–-); შვილები - თ----- ო----–--ე (დაბ. 1---–., პ/ნ 4----------), ა---------–--ე (დაბ. 1999წ.) და შ--–-- ო----–--ე (დაბ. 2---–). ამდენად, სააპელაციო პალატას სარწმუნოდ მიაჩნია აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისას ადგილი აქვს შეცდომას;
4.17. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ----- ო----–--ისათვის სასამართლოს გზავნილის ჩაბარება ვერ ჩაითვლება ბ---- ო----–--ისათვის ჩაბარებად, ვინაიდან არ დასტურდება ის გარემოება, რომ თ----- ო----–--ე არის ბ---- ო----–--ესთან მცხოვრები ოჯახის წევრი. ამდენად, სსსკ-ის 73.1 მუხლის შესაბამისად, მხარისათვის სასამართლოს გზავნილი ჩაბარებულად ვერ ჩაითვლება;
4.18. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ აპელანტს სარჩელი კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, ეს კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბ---- ო----–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე მოსამზადებელი ეტაპიდან უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმის ხელახალი განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ---- ო----–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საქმის მოსამზადებელი ეტაპიდან;
3. სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხი გადაწყდეს მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: ინდირა მაშანეიშვილი
თეიმურაზ სიხარულიძე