განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.12.2019
საქმის ნომერი
080210017002136250
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210017002136250

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-807-19 23 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მოსამართლეები - ლაურა მიქავა ინდირა მაშანეიშვილი თეიმურაზ სიხარულიძე

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი დავის საგანი - - - ს-----------–------------------------- ს----------–----------- უ----------–------------------ (ს--–---–--------------------ს ს-------ოს უფლებამონაცვლე) ლ---------------–--ე შპს ,,ს--- კ----------–--ი“ ი-----–---------ე თანხის (პირგასამტეხლოს) დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- სსიპ „ს--–---–--------------------ს ს-------ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

- შპს „ს--- კ----------–--ს“ სსიპ „ს--–---–--------------------ს ს-------ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 339 194.87 ლარის გადახდა;

- შპს „ს--- კ----------–--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის გადახდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. დადგენილია, რომ საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–-------ა, გ------–--ის და ლ-----–---–--ა სამინისტროს და შპს „ს--- კ----------–--ს“ შორის 2015 წლის 9 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0-- ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება ქ.ქ-------–- შ-----–--ის ქ.N---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-----------), დ-----–--ა გრძელვადიანი გ------–--ისთვის საცხოვრებელი კომპლექსის მე-3 და მე-4 კორპუსების ორი თექვსმეტსართულიანი კორპუსის, (თითოეულის საერთო საცხოვრებელი ფართი 3962,4 კვ.მ. თითოეულ კორპუსში ბინათა რაოდენობა - 80), მშენებლობის და გარე (ეზო) კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 6918981,42 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადა იყო 2016 წლის 30 აგვისტო, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, შეიძლებოდა გაგრძელებულიყო „სამუშაოს“ შესრულებისათვის აუცილებელი გონივრული ვადით, იმ შემთხვევაში, თუ „მიმწოდებელი“ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართავდა „შემსყიდველს“, სამუშაოს დასრულების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ხელშეკრულების 12.2 პუნქტით, ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, „ხელშეკრულების ღირებულების“ 0.05% ოდენობით. ხელშეკრულების 12.3 პუნქტით, „ხელშეკრულების“ მე-5 მუხლის 5.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მონაკვეთების/ეტაპების ვადის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ეკისრებოდა პირგასამტეხლო თითოეული მონაკვეთის/ეტაპის ვადის დარღვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.01%-ის ოდენობით, „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების 12.4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის 12.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო „მიმწოდებელს“ დაეკისრებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაარღვევდა „ხელშეკრულების“ მე-4 მუხლის 4.2 პუნქტით განსაზღვრული „სამუშაოს“ დასრულების ვადას. ასეთ შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ასევე დაეკისრებოდა ამ მუხლის 12.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. ხელშეკრულების 13.1 პუნქტით, ნებისმიერი ცვლილება „ხელშეკრულებაში“ შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ წერილობითი ფორმით, ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით, ხოლო 13.2 პუნქტის თანახმად, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა „ხელშეკრულების“ პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილების შეტანის ინიციატორი ვალდებულია 10 (ათი) დღით ადრე წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.

 

2.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0-- ხელშეკრულებაში 2015 წლის 26 ივნისს შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნულის შესაბამისად, შეიცვალა გეგმა-გრაფიკის ვადებიც. სხვა ვალდებულებები დარჩა უცვლელი. 2016 წლის 12 იანვრის ცვლილებით, სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 2016 წლის 29 სექტემბრის შეთანხმებით N0--/6 – 2016 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

 

2.3. საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–-------ა, გ------–--ის და ლ-----–---–--ა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით ცნობილი იქნა სსიპ „ს--–---–--------------------ს ს-------ო“.

 

2.4. სს „საქართველოს ბანკის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში საბანკო გარანტიის სახით, პრინციპალის შპს „ს--- კ----------–--ის“ მიმართ არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, გადაირიცხა 174194.43 ლარი.

 

2.5. 2016 წლის 13 დეკემბერს და 2017 წლის 17 იანვარს მოპასუხემ წერილობით აცნობა მოსარჩელეს, რომ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოები ობიექტის შემოწმებისას არ მიმდინარეობდა, რაც შეიძლება გამხდარიყო პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი, ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში. შესაბამისად, მოითხოვა სამი დღის ვადაში ინფორმაცია ჩამორჩენის მიზეზების თაობაზე.

 

2.6. შპს „ს--- კ----------–--მა“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა დაარღვია 74 დღით, კერძოდ, ნაცვლად 2016 წლის 28 დეკემბრისა, „სამუშაოები“ დაასრულა 2017 წლის 13 მარტს, გეგმა-გრაფიკით ჩამორჩენილ სამუშაოთა ჩამონათვალმა კი შეადგინა 557 დღე. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2017 წლის 10 მაისს, სსიპ ლ----------------–--------–-----------------–-- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 03 მაისის დასკვნის წარდგენის შემდგომ.

 

2.7. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა გადაიწია ობიექტური მიზეზების გამო, რომ მოპასუხემ ვადის გაგრძელების თაობაზე შეთანხმება დადო „შემსყიდველთან“, ასევე არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან „სამუშაოების“ დასრულება 45 დღის ვადაში, ანუ 2017 წლის 2 თებერვალს, არ დასტურდება ვადის გადაცილების გამოთვლა ძველი გეგმა-გრაფიკების მიხედვით. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გასაბათილებლად მოწინააღმდეგე მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ახსნა-განმარტება კი, რაც უარყო მეორე მხარემ, არ იყო საკმარისი სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადასატურებლად.

 

2.8. დადგენილი იქნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობამ, შპს „ს--- კ----------–--ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევის გამო, შეადგინა 256002.26 ლარი, რაც წარმოადგენდა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 6918981.42 ლარის 0.05%, ყოველდღიურად, 74 დღეზე გაანგარიშებით (დღეში 3459.49 ლარი), გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო კი, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 385388.3 ლარი, რაც წარმოადგენდა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 6918981.42 ლარის 0.01% ყოველდღიურად, 557 დღეზე გაანგარიშებით (დღეში 691.90 ლარი).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

2.10. დადგენილი იქნა, რომ საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–-------ა, გ------–--ის და ლ-----–---–--ა სამინისტროს და შპს „ს--- კ----------–--ს“ შორის 2015 წლის 9 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0-- ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება ქ.ქ-------–- შ-----–--ის ქ. N---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-----------), დ-----–--ა გრძელვადიანი განსახლებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის მე-3 და მე-4 კორპუსების ორი თექვსმეტსართულიანი კორპუსის, (თითოეულის საერთო საცხოვრებელი ფართი 3962,4 კვ.მ. თითოეულ კორპუსში ბინათა რაოდენობა - 80), მშენებლობის და გარე (ეზო) კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 6918981,42 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადა იყო 2016 წლის 30 აგვისტო. მითითებულ ხელშეკრულებაში 2015 წლის 26 ივნისს შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნულის შესაბამისად, შეიცვალა შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკის ვადებიც, ხოლო სხვა ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

 

2.11. 2016 წლის 12 იანვრის ცვლილებით, სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 2016 წლის 29 სექტემბრის შეთანხმებით 2016 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

 

2.12. მოსარჩელე მხარემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შპს „ს--- კ----------–--ს“ გადაუხადა სამუშაოს შესრულებისათვის შეთანხმებული საზღაური, ხოლო „მენარდემ“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა დაარღვია 74 დღით, კერძოდ, ნაცვლად 2016 წლის 28 დეკემბრისა, „სამუშაოები“ დაასრულა 2017 წლის 13 მარტს, გეგმა-გრაფიკით ჩამორჩენილ სამუშაოთა ჩამონათვალმა კი შეადგინა 557 დღე. მოპასუხის განმარტებით, სამუშაოების დასრულების ვადამ გადაიწია ობიექტური მიზეზების გამო და ვადის გადაწევა შეთანხმებული იყო მოსარჩელესთან, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ვერ შეძლო. მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულების 13.1 პუნქტით ნებისმიერი ცვლილება „ხელშეკრულებაში“ შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ წერილობითი ფორმით, ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით, ხოლო 13.2 პუნქტის თანახმად, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა „ხელშეკრულების“ პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილების შეტანის ინიციატორი ვალდებულია 10 (ათი) დღით ადრე წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. „მენარდეს“ ასეთი შეთანხმება არ წარმოუდგენია, რაც მის განმარტებას უსაფუძვლოს ხდიდა. ასევე არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ სამუშაოთა შესრულება დასრულდა 2017 წლის 2 თებერვალს, როცა მოპასუხემ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს. სსიპ ლ-----------------–---------–------------------–-- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 03 მაისის დასკვნის მიხედვით, მოპასუხეს მართალაც ჰქონდა მიმართული „ბიუროსათვის“ 2017 წლის 2 თებერვალს, თუმცა სამუშაოების დასრულების შემთხვევაში „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო აღნიშნული დაუყონებლივ ეცნობებინა „შემსყიდველისათვის“, ასევე უნდა წარედგინა მისთვის მიმართვა (წერილი), გაგზავნილი სსიპ ლ----------------–--------–-----------------–-- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში, შესრულებული სამუშაოს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე (N0-- ხელშეკრულების 5.4 პუნქტი), რაც არ განუხორციელებია. რაც შეეხება გეგმა-გრაფიკის ვადების დარღვევას, ყოველი ცვლილების შემდეგ შედგენილია ახალი გეგმა-გრაფიკი და გადაცილებები გამოყვანილია ამ დოკუმენტის და არა ძველი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მართალია მოპასუხე სადაოდ ხდიდა ამ გარემოებას, თუმცა კონკრეტულად ვერ ასახელებდა, რაში გამოიხატებოდა უსწორობა.

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

2.14. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 12.2 პუნქტით, ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, „ხელშეკრულების ღირებულების“ 0.05% ოდენობით. ხელშეკრულების 12.3 პუნქტით, „ხელშეკრულების“ მე-5 მუხლის 5.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მონაკვეთების/ეტაპების ვადის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ეკისრება პირგასამტეხლო თითოეული მონაკვეთის/ეტაპის ვადის დარღვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.01 %-ის ოდენობით, „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად.

 

2.15. დადგენილი იქნა, რომ შპს „ს--- კ----------–--ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 256002.26 ლარი, რაც წარმოადგენდა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 6918981.42 ლარის 0.05% ყოველდღიურად, 74 დღეზე გაანგარიშებით (დღეში 3459.49 ლარი), გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო კი, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 385388.3 ლარი, რაც წარმოადგენდა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 6918981.42 ლარის 0.01% ყოველდღიურად, 557 დღეზე გაანგარიშებით (დღეში 691.90 ლარი).

 

2.16. ხელშეკრულების 12.4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის 12.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო „მიმწოდებელს“ დაეკისრებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დაარღვია „ხელშეკრულების“ მე-4 მუხლის 4.2 პუნქტით განსაზღვრული „სამუშაოს“ დასრულების ვადა. ასეთ შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ასევე დაეკისრებოდა ამ მუხლის 12.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

 

2.17. აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია „სამუშაოს“ დასრულების ვადა, მას ხელშეკრულების 12.2 პუნქტის მიხედვით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან ერთად უნდა დაკისრებოდა 12.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოც, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მონაკვეთების/ეტაპების ვადის დარღვევის გამო.

 

2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

2.19. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.

 

2.20. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ 12.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების - 6918981.42 ლარის 0.05% ყოველდღიურად, იყო შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და იგი უნდა შემცირებულიყო 0.02%-მდე, რის შედეგადაც 12.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გახდებოდა 102400.90 ლარი (1383.79 ლარი 74 დღეზე), რასაც დაემატა 12.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 385388.3 ლარი, მიღებულ ჯამს 487789.2 ლარს გამოაკლდა სს „ს----------–----------“ მიერ საბანკო გარანტიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული 174 194,43 ლარი. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა შეადგენდა 339194.87 ლარს.

 

3. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ს-----------–------------------------- ს----------–----------- უ----------–------------------ს მიერ.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, მიიჩნია რომ სახეზე იყო ხელშეკრულების 12.2 პუნქტით გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო 0,05%-ის ოდენობით და შეამცირა ის 0,02%-მდე. მართალია სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დასაბუთებული და ახსნილი არ არის, რა გარემოებებზე დაყრდნობით, საქმის რა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მივიდა იმგვარ დასკვნამდე, რომ უნდა შეემცირებინა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 12.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა. აღნიშნული პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05%-ის ოდენობით.

 

3.2. ხელშეკრულებაში გამოყენებული იყო ორი სანქცია: პირველი - ხელშეკრულების 12.2 პუნქტი ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება იყო 6,818,981.42 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვადას გადააცილა 74 დღით. შესაბამისად, მოპასუხეს ხელშეკრულების 12.2 პუნქტით უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო 256,002.26 ლარის ოდენობით. მეორე სანქცია - ხელშეკრულების 12.3 პუნქტი და 12.4 პუნქტი ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მონაკვეთის/ეტაპების ვადის გადაცილებისათვის, ხელშეკრულების ღირებულების 0,01%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება იყო 6,818,981.42 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მონაკვეთის/ეტაპების ვადას გადააცილა საერთო ჯამში 557 დღით. შესაბამისად, მოპასუხეს ხელშეკრულების 12.3 და 12.4 პუნქტებით ასევე უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო 256,002.26 ლარის ოდენობით. საერთო ჯამში, ორივე პირგასამტეხლოს ჯამი წარმოადგენდა 641,390.56 ლარს. აღნიშნულ რიცხვს გამოაკლდა 174,194.43 ლარი, რომელიც საბანკო გარანტიის ფარგლებში გადაიხადა სს "ს----------–----------" სახელმწიფო ბიუჯეტში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი დარჩა პირგასამტეხლოს თანხა 467,196.13 ლარი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა იყო 467,196.13 ლარი.

 

3.3. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა, 0,05%-ის ოდენობით (რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების 12.2 პუნქტით) იყო შეუსაბამოდ მაღალი და შეამცირა ის 0,02%-მდე. შესაბამისად, მოპასუხეს დააკისრა შემცირებული პირგასამტეხლო 102,400.90 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უცვლელად დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს თანხის შემცირება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

3.4. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში გამოყენებულ იქნა ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმები პირგასამტეხლოს სახით. ამ მექანიზმის გამოყენება განპირობებული იყო იმისათვის, რომ მიღწეულიყო ხელშეკრულების დროული და ჯეროვანი შესრულება. სახელმწიფოს მიზანი იყო, ხელშეკრულებაში წინასწარ გათვალისწინებული სანქცია-საურავების დათქმით, შეექმნა დამატებითი მოტივაცია კონტრაქტორი ფირმისათვის, რომ ამ უკანასკნელს, დათქმულ ვადაში და დათქმული ხარისხით შეესრულებინა ის სამუშაოები, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული და რომლის შესრულებაც ნებაყოფლობით ივალდებულა. სახელმწიფოს ამგვარი ინტერესი, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების გარდა, განპირობებულია იმ გარემოებითაც, რომ საკითხი ეხებოდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო შეჭირვებული ჯგუფისათვის - იძულებით გადადგილებული პირების - დ-----–ებისათვის ჯეროვანი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას. ამასთანავე, რამდენადაც ამგვარი ხასიათის კონტრაქტები ს-------ოს/სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, მათი პრიორიტეტია, რომ კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით მოვახდინოთ სამომავლოდ ამგვარი კონტრაქტების დარღვევების შესაძლო შემთხვევების წინასწარი პრევენცია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ს-----------–------------------------- ს----------–----------- უ----------–------------------ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები, რის შედეგადაც გონივრულ ოდენობამდე შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა;

 

4.2. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ იმ საკითხის გარკვევა, სწორად შეამცირა თუ არა, პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა;

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას;

 

4.4. განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო მხარეთა შორის წერილობითი ფორმით არის შეთანხმებული

 

4.5. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდეობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული მუხლი ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას

 

4.7. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე ითხოვდა პირგასამტეხლოს დაკისრებას, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების (691 898,42 ლარი) 0,05%-ის ოდენობით, ასევე გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების მონაკვეთების/ეტაპების ვადების დარღვევის გამო, ყოველდღიურად ხელშეკრულების ღირებულების (691 898,42 ლარი) 0,01%-ს, რაც ვადაგადაცილებული დღეებისა (74 დღე და 557 დღე) და საბანკო გარანტიის სახით მიღებული თანხის გამოკლების გათვალისწინებით ჯამურად შეადგენდა 467 196,13 ლარს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი სასამართლოს მიერ შემცირებული იქნა მხოლოდ ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობა 0,05%-ის ოდენობით 0,02%-მდე. ამდენად, შესაბამისი გაანგარიშების შედეგად სასამართლოს მიერ დაკისრებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 339 194,87 ლარი

 

4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება მოხდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა იმ კონკრეტული სამუშაოს ღირებულების გათვალისწინებით, რომლის მიწოდების ვადის დარღვევის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. თუმცა, აღნიშნულ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და მოპასუხეს იგი სადავოდ არ გაუხდია

 

4.9. მართალია, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, თუმცა ისეთ ვითარებაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებული იქნა ხელშეკრულების საერთო/ჯამური ღირებულებიდან, ამასთან, არ დგინდება ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო, ზიანის წარმოშობის ფაქტი, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა (339 194,87 ლარი) სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ შემსრულებელს დაეკისროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთგვარი სანქცია, ხოლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,05%-ზე გაანგარიშებით პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვევს მოსარჩელის გამდიდრებას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდა 339 194,87 ლარამდე დასაბუთებულია

 

4.10 იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც - ს-----------–------------------------- ს----------–----------- უ----------–------------------ს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ს-----------–------------------------- ს----------–----------- უ----------–------------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს-----------–------------------------- ს----------–----------- უ----------–------------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

6.2. მოცემული შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს-----------–------------------------- ს----------–----------- უ----------–------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: ინდირა მაშანეიშვილი

 

თეიმურაზ სიხარულიძე