განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.12.2019
საქმის ნომერი
010210018002726096
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210018002726096

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1149-19 23 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ლაურა მიქავა

მოსამართლეები - ინდირა მაშანეიშვილი თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - შპს ,,ა-------------“ - ს---–--- ფ--–-------–---–- - შპს ,,ნ--–----–-“ - ჯა-------ლაძე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- შპს ,,ნ--–----–-ს" სარჩელი შპს ,,ა------------ის“ მიმართ დაკმაყოფილდა;

- შპს ,,ა-------------ს“ შპს ,,ნ--–----–-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 31 881 ლარის გადახდა;

- შპს ,,ა-------------ს“ შპს ,,ნ--–----–-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 956,40 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- შპს ,,ა------------ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე N2/4775-18);

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. შპს ,,ნ--–----–-ს" წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს ,,ა------------ის“ მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

2.1.1. სარჩელში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 31 იანვარს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სასტუმროს მომსახურების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელემ აიღო ვალდებულება მოპასუხისათვის გაეწია მომსახურება სასტუმრო ,,ნ--–----–ში“, საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, ხელშეკრულებაში მითითებული პირობებით. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეს 5000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2018 წლის 01 აპრილს. ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო თვეში ორჯერ უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე, გარანტირებულ ბლოკ-ნომრებზე N--------ს დაფიქსირების შემთხვევაში მოპასუხე ვალდებული იყო უზრუნველყო თანხის სრულად ჩარიცხვა.

 

2.1.2. მოსარჩელის მხრიდან პირნათლად იქნა ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ: მოსარჩელის მიერ გადაკეტილი იქნა ზაფხულის სეზონზე თავისუფალი ნომრები მოპასუხის სასარგებლოდ. მოპასუხემ 2018 წლის 31 იანვრის ხელშეკრულებით ხელი მოაწერა N--------ს, რომლითაც იკისრა აღნიშნული პირობების შესრულება. მოპასუხის მიერ დატვირთული ბლოკ ნომრები 17% ფასდაკლებით იყო 102 255 ლარის. ბლოკ ნომრების გარე ნომრები 15% ფასდაკლებით იყო 23 685 ლარის. დატვირთვა ნომრების მოპასუხის მხრიდან მთლიანობაში უნდა ყოფილიყო 51 591 აშშ დოლარის ანუ 134 136 ლარის. მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა მოსარჩელეზე 102 255 ლარი ანუ გადასახდელი დარჩა 31 881 ლარი. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე შპს ,,ა------------ს“, შპს ,,ნ--–----–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 31 881 ლარის გადახდა.

 

2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს გადაეცა სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.

 

2.3. 2018 წლის 12 დეკემბერს, შპს ,,ნ--–----–-ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და წარმოადგინა მოპასუხეზე გზავნილის (სარჩელის და თანდართული მასალების) ჩაბარების დასტური (იხ.დანართი), საიდანაც დგინდება, რომ გზავნილი ჩაბარდა მოპასუხეს, 2018 წლის 07 დეკემბერს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

2.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2.5. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარმოადგინა შპს ,,ა------------მა“. მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

 

2.5.1. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე შპს ,,ა------------ს“ არ ჩაბარებია. საჩივრის თანახმად, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გზავნილი ჩაბარდა მოპასუხე მხარეს 2018 წლის 7 დეკემბერს. აღნიშნული ფაქტის დადგენისას სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ დასტურს, რომელშიც არ არის იდენტიფიცირებული იმ პირის სახელი, გვარი ან/და კომპანიაში დაკავებული პოზიცია, ხოლო მითითებული პირადი ნომრით შპს ,,ა------------ის" ადმინისტრაციაში არავინ არ არის დასაქმებული.

 

2.5.2. საჩივრის თანახმად, შპს "ა------------ს" ჰყავს ერთი დირექტორი ი-----–ი თ----------–--ე, რომელიც, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, იმავე პერიოდში იმყოფებოდა ქალაქ თბილისში. აღნიშნულის დასადასტურებლად მხარემ წარმოადგინა სამედიცინო დაწესებულებებში გავლილი დიაგნოსტირების დოკუმენტაცია. მისივე განმარტებით, შპს "ა------------ს" არ ჰყავს კორესპონდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილი თანამშრომელი და აღნიშნულს მხოლოდ დირექტორი ახორციელებს. ამავე დროს, მხარე არ დაეთანხმა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შპს-ს ვალდებულება შესრულებული აქვს და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით იგივე ვალდებულების დაკისრება მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევს.

 

2.6. მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა საჩივარს და მოითხოვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. კერძოდ, "საქართველოს ფოსტიდან" გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ გზავნილი შპს ,,ა------------ს“ ჩაბარდა 2018 წლის 7 დეკემბერს. გზავნილი ჩაიბარა შპს ,,ა------------ის“ მენეჯერმა ლ----- ს----------მა (პ/ნ 6----------). ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი წარმოადგენს მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებულ უფლებამოსილ პირს, მხარეს, შესაბამისი მტკიცებულებით, არ გაუქარწყლებია. წარმომადგენელი არ დაეთანხმა საჩივარში მითითებულ გარემოებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შესაგებლის წარმოდგენის შეუძლებლობის შესახებ.

 

2.7. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს "ა------------ის" სახელზე გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი განსაზრღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, ვინც უფლებამოსილია ჩაიბაროს სასამართლოს გზავნილი. მათ შორის, ნორმა უთითებს "ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირზე, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს". მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ გზავნილი, დირექტორზე გადასაცემად, ჩაბარდა შპს ,,ა------------ის“ მენეჯერს ლ----- ს----------ს (პ/ნ 6----------). არის თუ არა შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი საზოგადოების მენეჯერი, შედის საჩივრის ავტორის მტკიცების საგანში, ანუ სწორედ, მის ვალდებულებას წარმოადგენს იმ გარემოების გაქარწყლება, რომ საზოგადოების მენეჯერს არ გააჩნია გზავნილის მიღების უფლებამოსილება. სასამართლომ არ გაიზიარა მხარის მხოლოდ სიტყვიერი მითითება იმის შესახებ, რომ მენეჯერი არ წარმოადგენდა შპს "ა------------ის" უფლებამოსილ პირს. რაიმე მტკიცებულება გარდა მხარის ახსნა-განმარტებისა საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო საკუთარი პროცესუალური ვალდებულების შესრულება და სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა მის მიერვე მითითებული გარემოება.

 

2.8. სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზად დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიჩნევის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადიაგნოსტიკო დოკუმენტაცია დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თარიღდება 13 დეკემბრიდან 18 დეკემბრამდე პერიოდით. ამასთან, დოკუმენტაცია არ შეიცავდა ინფორმაციას ი-----–ი თ----------–--ის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შესახებ, არ მიუთითებდა პაციენტისათვის წოლითი რეჟიმის აუცილებლობის ან სხვა ისეთი მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეაფერხებდა ან გამორიცხავდა შესაგებლის მომზადების შესაძლებლობას. საჩივარში არ იყო მითითებული დაუძლეველი ძალის, მოვლენის ან სხვა საპატიო მიზეზის შესახებ, რის გამოც მოპასუხემ ვერ წარადგინა შესაგებელი.

 

2.9. საჩივრის ავტორი დავობდა სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობაზეც. სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია საჩივრის ავტორის მოსაზრება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო უკანონო და არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო თავისებურებებიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას, არ ხდება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა-შეფასება. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად და სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მოსარჩელის მოთხოვნებთან ამ ფაქტობრივი გარემოებების იურიდიულ შესაბამისობაზე. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 629-630-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება გაასაჩივრა შპს ,,ა-------------ს“ წარმომადგენელმა ს---–--- ფ--–-------–---–მა

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში 2018 წლის 12 დეკემბერს წარდგენილ დასტურს, რომელშიც არ არის იდენტიფიცირებული იმ პირის სახელი, გვარი ან/და კომპანიაში დაკავებული პოზიცია, რომელმაც ჩაიბარა სასარჩელო განცხადება. დასტურში მითითებული პირადი ნომრით შპს ,,ა------------ი“-ს ადმინისტრაციაში არავინ არ არის დასაქმებული. ამასთან, დასტურზე გაკეთებული ხელმოწერა მარტივი დაკვირვებით არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, აღნიშნულის გათვალისწინებით ბუნებრივია იმ პირმა რომელმაც ჩაიბარა გზავნილი დიდი ალბათობით არც იცოდა სახელმწიფო ენა და ვერც აღიქვავდა ჩაბარებული გზავნილის შინაარსს. არც სასამართლო გადაწყვეტილებით არ არის იდენტიფიცირებული სარჩელის მიმღები პირის ვინაობა და პოზიცია, ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომაც მრავალი მცდელობის მიუხედავად მათ თავის ოფისში ვერ მოიძიეს 07.12.2018 წელს ჩაბარებული რაიმე გზავნილი, მით უმეტეს შპს ,,ნ--–----–-“-ს სასარჩელო განცხადება. აღნიშნული გარემოებების ფონზე ბუნებრივია სარჩელი და თანდართული მასალები არ შეიძლება ჩაითვალოს ჩაბარებულად. სასამართლომ არასწორად დააკისრა მათ სარჩელის ჩაბარების მტკიცების ტვირთი.

 

3.2. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ ,,იმ შემთხვევაშიც თუ 07.12.2018 წელს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარებულად ჩაითვლებოდა მათ გააჩნდათ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი". ფაქტია, რომ შპს ,,ა------------ს“ ჰყავს ერთი დირექტორი ი-----–ი თ----------–--ე (პ/ნ 6----------) ანუ მხოლოდ ერთი პირი, რომელსაც გააჩნია, კომპანიის წარმომადგენლობის და ხელმძღვანელობის უფლებამოსილება, ასევე ფაქტია, რომ გზავნილი (შპს ,,ნ--–----–-“-ს სარჩელი) დირექტორს არ ჩაუბარებია, გზავნილი ჩაბარდა უცნობ პირს, რომელიც სავარაუდოდ არ ფლობდა ქართულ ენას და რომლის კავშირიც შპს ,,ა------------თან“ უცნობია. დავუშვათ, რომ გზავნილის მიმღები პირი არის შპს ,,ა------------ი“-ს თანამშრომელი, ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში აღნიშნული თანამშრომელი სარჩელზე დამოუკიდებლად რეაგირებას ვერ მოახდენდა, მას სარჩელი უნდა გადაეცა დირექტორისთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩავთვლით, რომ 2018 წლის 07 დეკემბერს პარასკევს შპს ,,ა------------ი“-ს რომელიმე თანამშრომელს მართლაც ჩაბარდა შპს ,,ნ--–----–-“-ის სარჩელი და თანდართული მასალები ის ვერ მოახერხებდა შპს ,,ა------------ი“-ს დირექტორისთვის მის გადაცემას ეს უკანასკნელი კი სასამართლოში შესაგებლის წარმოდგენას ვინაიდან 2018 წლის 6 დეკემბერს ორგანიზაციის დირექტორს ი-----–ი თ----------–--ეს შეექმნა მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები გულთან დაკავშირებით, რის გამოც ის არ იმყოფებოდა სამსახურში და ფიზიკურად არ შეეძლო მუშაობა, ი-----–ი თ----------–--ის მდგომარეობა იმდენად მძიმედ შეიქმნა, რომ ის იძულებული გახდა წასულიყო თბილისში გამოკვლევებზე, სადაც მოუწია გაჩერება 2018 წლის 20 დეკემბრამდე;

 

3.3. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ ,,იმ შემთხვევაშიც კი თუ საპატიო მიზეზი არ არსებულიყო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას". მოსარჩელე მხარეს 2018 წლის 31 იანვრიდან 2018 წლის სექტემბრის ბოლომდე საბანკო გადარიცხვის გზით მიღებული აქვს 134 997,53 ლარი ანუ იმაზე მეტი ვიდრე თავად მისი მტკიცებით მომსხურების ჯამური მოცულობა შეადგენდა. ის ფაქტი, რომ მათ სრულად აქვს გადახდილი მომსახურების საფასური დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით წარდგენილი საჩივრის განხილვისას დაადასტურა მოპასუხე მხარემ. სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა ფაქტობრივად აღიარეს, რომ თანხა სრულად არის გადახდილი, თუმცა მაინც მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება;

 

3.4. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ სარჩელი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო წარმოდგენილი, კერძოდ: სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელედ მითითებულია შპს ,,ნ--–----–-"-ს დირექტორი გ------- ბ---–----ე, სარჩელს ხელს აწერს დ--–ი ჭ----ე, ხოლო მინდობილობა გაცემულია მოსარჩელის სახელით ჯა-------ლაძის მიერ, რწმუნებულის სახით კი მითითებულია ,,დ--–ი ვ----ე". ამ ყველაფრის ფონზე სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და სარჩელზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,ნ--–----–-ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები;

 

4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით;

 

4.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

4.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე;

 

4.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას;

 

4.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის;

 

4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს;

 

4.8. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით;

 

4.9. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით;

 

4.10. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს;

 

4.11. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლო გზავნილი გაეგზავნა მოპასუხე შპს ,,ა------ტ----ს“ სარჩელში მითითებულ მისამართზე (ქ--------------–---–---–---------), რაც 07.12.2018 წელს ჩაბარდა შპს ,,ა-------------“-ს წარმომადგენელს, რომლის პირადი ნომერია 6---------- (იხ. ს/ფ 27). საფოსტო შეტყობინებაზე აღნიშნულია მისი ხელმოწერაც. საქმეში დამატებით წარმოდგენილი საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ ინფორმაციის თანახმად, მოცემული გზავნილი 07.12.2018წ. ჩაბარდა შპს ,,ა-------------“-ს მენეჯერს/ორგანიზაციის წარმომადგენელს ლ----- ს----------ს - პ/ნ 6---------- (იხ. ს/ფ 81-82). ამდენად, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ სასამართლოს გზავნილი მოპასუხე მხარეს 07.12.2018წ. ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით;

 

4.12. დადგენილია, რომ წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა, შესაბამისად მას შესაგებელი უნდა წარმოედგინა 17.12.2018 წლის ჩათვლით, მაგრამ მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის;

 

4.13. სააპელაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ არაუფლებამოსილი პირი არ არის ვალდებული, კომპანიისთვის განკუთვნილი გზავნილები ჩაიბაროს. ასეთ შემთხვევაში, მას შეუძლია შესაბამისი აღნიშვნით (არაუფლებამოსილების მოტივით) უწყების ჩაბარებაზე უარი განაცხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს პრეზუმფცია, რომ დაწესებულებისათვის გაგზავნილი უწყების მიმღები (ჩამბარებელი) პირი ყოველთვის საამისოდ უფლებამოსილ პირს წარმოადგენს;

 

4.14. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან, სასამართლოს გზავნილი (სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) ჩაბარდა მოპასუხე შპს ,,ა-------------“-ს მენეჯერს/ორგანიზაციის წარმომადგენელს, პალატა მიიჩნევს, რომ ჩაბარება სრულად შეესაბაამება საპროცესო მოთხოვნებს და გამორიცხავს სსკ-ის 233.3-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობას, რაც შეიძლება გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, შპს ,,ა-------------ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი;

 

4.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

4.17. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება სსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, შპს ,,ა-------------“-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების, განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

შპს ,,ა-------------“-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ა-------------“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: ინდირა მაშანეიშვილი

 

თეიმურაზ სიხარულიძე