განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019003043492
საქმე №3ბ/2406-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
20 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი - მი----–---------ი
წარმომადგენელი - სა-–--------–-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება.
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტი ითხოვს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია
მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მი----–---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2019 წლის 11 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მი----–---------ი (დაბადებული 1981 წლის 11 ნოემბერს, რუსეთის რესპუბლიკის მოქალაქე).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 აპრილის განჩინებით დგინდება, რომ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის, 2019 წლის 05 მარტს კრასნოდარის სასამართლოს მიერ, მიღებულია მი----–---------ის დაკავების გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 13 აპრილს ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს - მი----–---------ს შეუფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 (სამი) თვის ვადით.
რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ, 1981 წლის 11 ნოემბერს დაბადებულ, მი----–---------ს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ წერილობითი განმარტება რუსულ ენაზე ჩაბარდა 2019 წლის 11 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მი----–---------მა 2019 წლის 30 აპრილს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 7 მაისს მიღებული იქნა №MIA71901165964 გადაწყვეტილება, რომლითაც მიგრაციის დეპარტამენტმა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მი----–---------ს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ საქმის არსებით განხილვაზე.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 7 მაისის №MIA71901165964 გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომლის კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციასთან, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმსა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონთან.
სასამართლომ მიუთითა „საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-14, მე-15 მუხლებზე. ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც დაკავებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ან საქართველოდან გაძევების მიზნით, ანდა ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, სამინისტროში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში. ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა და ამის შესახებ თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს, საქართველოს პროკურატურის, პენიტენციური დაწესებულების ან სხვა საპატიმრო დაწესებულების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილი თანამდებობის პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ ინფორმაციას.
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის 2019 წლის 05 მარტს კრასნოდარის სასამართლოს მიერ მიღებულია მი----–---------ის დაკავების გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 13 აპრილს ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს - მი----–---------ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით. რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ, 1981 წლის 11 ნოემბერს დაბადებულ მი----–---------ს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ წერილობითი განმარტება რუსულ ენაზე ჩაბარდა 2019 წლის 11 აპრილს შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ პროცედურების დაცვით აცნობა მოსარჩელეს მისი უფლებების შესახებ.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას, ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართოს ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებს, ამ უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელისაგან ან მოქალაქეობის არმქონე პირისაგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლის საერთაშორისო დაცვის ამ პუნქტით დადგენილ ვადაში მოთხოვნაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ამ გარემოებების არსებობის ვადისა. საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის ან პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს სამინისტროს ინფორმირება იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ, რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, და სამინისტროს არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უნდა გადაუგზავნოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მი----–---------მა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით შსს მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა 2019 წლის 30 აპრილს, კანონით განსაზღვრული 15-დღიანი ვადის დარღვევით.
მოსარჩელის განმარტებით, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსადმი დაგვიანებით მიმართვა გამოიწვია იმ გარემოებებმა, რომ მი----–---------ს დამკავებელმა პირმა განუმარტა არა საერთაშორისო დაცვის შესახებ, არამედ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის მოთხოვნის უფლება. საქმეში დაცული მასალით ცალსახად დასტურდება, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების შესახებ მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე განემარტა 2019 წლის 11 აპრილს. შესაბამისად, მისთვის საერთაშორიო დაცვის შესახებ მოთხოვნის ვადის ათვლა დაიწყო აღნიშნული დღიდან. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის აპელირება მითითებულ გარემოებაზე და განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლი არეგულირებს ადმინისტრაციულ წარმოებაში დადგენილ ვადებთან დაკავშირებით არსებულ საკითხებს. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება არ იყო დაკავშირებული დაუძლეველ ძალასთან, ავადმყოფობასა ანდა სხვა საპატიო გარემოებასთან. შესაბამისად, იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საპატიო გარემოებად, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობას მისცემდა განმცხადებლის მოთხოვნის თაობაზე ემსჯელა არსებითად, ვადის დარღვევით წარდგენის მიუხედავად.
რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოს უნდა შეექმნა წარმოდგენილი უფლებებით დაცვის შესაძლებლობის შესახებ წერილობითი დოკუმენტი ქართულ ენაზე, სასამართლომ აღნიშნა, მოსარჩელეს განემარტა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით და წარმომადგენელით სარგებლობის უფლებების თაობაზე მისთვის გასაგებ ენაზე. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მან გვიან მიიღო გადაწყვეტილება ამ უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით, არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიო გარემოებად. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები შეესაბამება საკითხის მომწესრიგებელ ნორმებს, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ აძლევდა შესაძლებლობას განსახილველ საკითხზე ემსჯელა არსებითად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მი----–---------ს განემარტა საერთაშორისო დაცვის უფლება. აღნიშნული არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით. დოკუმენტი, რომელიც მოპასუხემ წარმოადგინა სასამართლოში, იყო რუსულენოვანი, დასაზუსტებელია ვინ მოაწერა მას ხელი და ამავე დოკუმენტში არსად წერია, რომ მას გაეცნო მი----–---------ი.
აპელანტი აღნიშნავს, რომ გამომძიებელმა 2019 წლის 11 აპრილს, როდესაც პირადად იმყოფებოდა მი----–---------თან, განუმარტა მხოლოდ გამარტივებული ექსტრადიციის შესახებ ნორმები და ოქმში არაფერი აღნიშნა საერთაშორისო დაცვის შესახებ. სასამართლო განხილვისას წარდგენილი იქნა ორი რუსულენოვანი ფურცელი (სასამართლომ თარგმნა თავისი ინიციატივით), რომელიც, მოპასუხის განმარტებით, ადასტურებდა მოსარჩელისთვის საერთაშორისო დაცვის შესახებ განმარტების მიცემას. აღნიშნული დოკუმენტი მი----–---------ის მხრიდან სადავოდ იქნა მიჩნეული, მან არ დაადასტურა მისი ნამდვილობა. უფრო მეტიც, საერთაშორისო დაცვის უფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი განმარტება უნდა მომხდარიყო თარჯიმნის მონაწილეობით, რათა კითხვების არსებობისას დაკავებული პირისათვის სრულად მომხდარიყო ინფორმაციის მიწოდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რატომ დასჭირდებოდა პროკურორს დოკუმენტების დამატებით გადაგზავნა, როდესაც გამომძიებელი პირადად შეხვდა აპელანტს. 2019 წლის 16 ოქტომბერს შედგენილი ოქმის მიხედვით, მი----–---------ს განმეორებით განემარტა გამარტივებული პროცედურებით ექსტრადიციის შესახებ, მაგრამ არც ამ ოქმით მომხდარა მისი ინფორმირება საერთაშორისო დაცვის უფლების შესახებ.
აპელანტის მითითებით, დავის დაწყების მეორე დღიდან ჰყავს ადვოკატი, რომლისთვისაც საერთაშორისო დაცვის უფლების განმარტება არ მომხდარა, მოპასუხეს საექსტრადიციო მხარისათვის ქართულენოვანი დოკუმენტი არასდროს გადაუცია, სასამართლოშიც მხარემ წარადგინა მხოლოდ რუსულენოვანი დოკუმენტი. ამასთან, ამ უკანასკნელ დოკუმენტზე არ იკითხება, რომ განკუთვნილია მი----–---------ისათვის და დაუდგენელია მასზე ხელმომწერი პირის ვინაობა.
აპელანტი აღნიშნავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იქნა აღნიშნული ნორმა, ვინაიდან მტკიცებულებად მხარემ წარადგინა, ხოლო სასამართლომ გაიზიარა რუსულენოვანი დოკუმენტი. საერთაშორისო დაცვის უფლება ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მის რეალიზაციას. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებიდან გამომდინარე, დამკავებელი უწყება ვალდებულია დაკავებულს მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის უფლებისა და პროცედურების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში უწყების მიერ უგულებელყოფილი იქნა მითითებული ვალდებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას ითხოვს.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო არსებითად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა მი----–---------ის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა გაუშვა განცხადების წარდგენის ვადა.
უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს; სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში განსაზღვრავს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის მესამე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია თავშესაფრის მაძიებლის ცნება - თავშესაფრის მაძიებელი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი დეტალურად აწესრიგებს თავშესაფრის მაძიებლის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვის წესს, ფორმას, ვადას. კერძოდ, მითითებული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც დაკავებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ან საქართველოდან გაძევების მიზნით, ანდა ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, სამინისტროში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში. ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა და ამის შესახებ თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს, საქართველოს პროკურატურის, პენიტენციური დაწესებულების ან სხვა საპატიმრო დაწესებულების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილი თანამდებობის პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ ინფორმაციას.
იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართოს ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებს, ამ უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელისაგან ან მოქალაქეობის არმქონე პირისაგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლის საერთაშორისო დაცვის ამ პუნქტით დადგენილ ვადაში მოთხოვნაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ამ გარემოებების არსებობის ვადისა. საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის ან პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს სამინისტროს ინფორმირება იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ, რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, და სამინისტროს არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უნდა გადაუგზავნოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ უფლებამოსილი პირების მიერ საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დაუყოვნებლივ უნდა განემარტოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ. მითითებული წარმოადგენს შესაბამისი უწყების ვალდებულებას და მიზნად ისახავს უცხოელის უფლებების დაცვას, რათა შესაბამისი პირობების არსებობისას შეძლოს საქართველოს სახელმწიფოსთვის მიმართვა და დაცული იქნეს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მეშვეობით. ამასთან, ვინაიდან საერთაშორისო დაცვის უფლების განმარტება მიზნად ისახავს პირის მიერ უფლების რეალურად გამოყენების შესაძლებლობის მინიჭებას, პირის ინფორმირებას, რა საფუძვლით და რა ვადაში უნდა მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონის მოთხოვნაა, რომ უცხოელს/მოქალაქეობის არმქონე პირს საერთაშორისო დაცვის უფლების თაობაზე უნდა განემარტოს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე. მსგავსი განმარტების მიღების შემდეგ კი პირმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით უფლებამოსილ ორგანოს უნდა მიმართოს 15 კალენდარული დღის ვადაში.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით - საერთაშორისო დაცვის უფლების განმარტების შესახებ რუსულენოვანი დოკუმენტით დასტურდება, რომ მი----–---------ს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ წერილობითი განმარტება რუსულ ენაზე ჩაბარდა 2019 წლის 11 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში. ამდენად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით დადგენილი წესით - წერილობით და მხარისთვის გასაგებ ენაზე, განემარტა აპელანტს უფლება საერთაშორისო დაცვის უფლების შესახებ. აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით, რომელიც ადასტურებს მის გაცნობას და ასლის ჩაბარებას (იხ.ს.ფ.71-73). ამრიგად, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ მი----–---------ს არ განემარტა საერთაშორისო დაცვის უფლების შესახებ.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტი შედგენილია არა მართლმსაჯულების განხორციელების ენაზე - ქართულზე, არამედ რუსულზე, მითითებული ემსახურება სწორედ მოსარჩელის უფლებების დაცვას, რომლისთვისაც სწორედ რუსული ენა არის გასაგები და წარმოადგენს კანონის იმპერატიული მოთხოვნის აღსრულებას, ეცნობოს უცხოელს უფლების დაცვის შესაძლებლობის თაობაზე მისთვის გასაგებ და არა ქართულ ენაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით განცხადება უნდა წარედგინა 2019 წლის 11 აპრილიდან 15 კალენდარულ დღეში, თუმცა მი----–---------მა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა მხოლოდ 2019 წლის 30 აპრილს, განსაზღვრული 15-დღიანი ვადის დარღვევით. ამასთან, იგი ვერ ასახელებს ისეთ ობიექტურ გარემოებას, რაც ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობაზე მიუთითებდა. ამრიგად, ვინაიდან განცხადება წარდგენილი იქნა ვადის დარღვევით, არსებობდა მისი არსებითად განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.
დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 2125-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აპელანტ მი----–---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოო და არ საჩივრდება
მოსამართლე მანანა ჩოხელი