განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001445675
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-333-2019 15 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - გა-–-------–---–- - ვა–-----------–---–- - მე----------- ალ------------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მე-----------ს სარჩელი დაკმაყოფილდა.
- მოპასუხე გა-–-------–---–- მოსარჩელის მე-----------ს სასარგებლოდ დაეკისრა 3 320 ლარის გადახდა.
- მოპასუხე გა-–-------–---–- მოსარჩელის მე-----------ს სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება (იხ. საგადასახადო დავალება N4, 04.12.2015წ, გადამხდელი - მე------------, გადამხდელის ბანკი - სს „საქართველოს ბანკი“, სახელმწიფოს სახაზინო კოდი - 300 693 150, ბანკის კოდი - TRESGE22).
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატივების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
- გა-–-------–---–-ს წარმომადგენლის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
- ძალაში დარჩა უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2016 წლის 25 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მე-----------ს წარმომადგენელმა მოპასუხის გა-–-------–---–-ს მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2.2. სარჩელში აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის გაფორმდა 2014 წლის 06 ოქტომბრის სესხის, ბინით სარგებლობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მე----------- ოჯახთან ერთად 2 წლის ვადით გადავიდა გა-–-------–---–-ს საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებლ სახლში. მხარეთა შეთანხმებით 2015 წლის მე-----------ს თავისი მასალებით უნდა ჩაეტარებინა აღნიშნულ სახლში რემონტი ანაზღაურების სანაცვლოდ, რომელიც დღემდე არ გადაუხდია.
2.3. 2016 წლის 31 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, მოსარჩელის წარმომადგენელს ალ------------------ს სატელეფონო აქტის საშუალებით ეცნობა, რომ სარჩელი მიღებულია წარმოებაში და იგი ვალდებულია აქედან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხეზე ჩაბარება.
2.4. მოსარჩელემ უზრუნველყო გზავნილის მოპასუხეზე ჩაბარება, კერძოდ გზავნილი ჩაბარდა მოპასუხის შვილს ნათია აბაშვილს 2016 წლის 03 აგვისტოს.
2.5. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა, მაგრამ მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
2.6. სასამართლო სხდომაზე მე-----------ს წარმომადგენელმა ალ------------------მ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო.
2.7. მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელზე) გა-–-------–---–-ს წარმომადგენელი თინა იმნაძე არ დაეთანხმა შუამდგომლობის დაკმაყოფილებას, განმარტა, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, რადგან სარჩელის მიმართ მოპასუხეს შემოტანილი ჰქონდა შეგებებული სარჩელი, შეგებებული სარჩელით სადავოდ იყო გამხდარი თავდაპირველ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. გარდა აღნიშნულისა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას, როგორც სარჩელზე, ასევე შეგებებულ სარჩელზე მხოლოდ ერთობლივი გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებებლი. გა-–-------–---–-ს მიერ, სარჩელის მიმართ შესაგებელი და შეგებებული სარჩელიც შემოტანილი იქნა 2016 წლის 19 ოქტომბერს და მოსარჩელეს დაუსრებელი გადაწყვეტილების გამოტანა უნდა მოეთხოვა მანამდე. ახლა კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები აღარ არსებობდა.
2.8. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე, 987-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
2.9. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილება, არ გამორიცხავდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, როგორც სარჩელზე, ასევე შეგებებულ სარჩელზე დავის საგნიდან გამომდინარე. ამდენად ეს გარემოება და ის, რომ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ იქნა გამოტანილი შესაგებლისა და შეგებებული სარჩელის წარმოდგენამდე, არ იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.
2.10. 2019 წლის 14 თებერვალს გა-–-------–---–-ს წარმომადგენელმა შემოიტანა საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა განპიროვნებული იყო იმ გარემოებით, მოპასუხემ შემოიტანა შეგებებული სარჩელი და რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის შემოუტანლობის გამო მიიღო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, უფრო მეტიც სასამართლო სხდომა გაიხსნა და სასამართლოს აცილების საკითხის განხილვის შემდეგ სასამართლო შეეკითხა მე-----------ს და მის წარმომადგენელს ალ------------------ს ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის შუამდგომლობა ძირითად - მე-----------ს სარჩელთან დაკავშირებით. მე-----------ს წარმომადგენელმა კი სასამართლოს სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა მის მიერ სარჩელში მითითებული მოწმეების - ეკატერინე ჯიჯიეშვილისა და გენადი ვადაჭკორიას მოწმეთა სახით სასამართლოს სხდომაზე დაკითხვის შესახებ. შუამდგომლობა დაკმაყოფილებულ იქნა და ასევე საოქმო განჩინებით დადგენილ იქნა მოსარჩელის მიერ მითითებული მოწმეების დაკითხვა. გა-–-------–---–-ს შეგებებულ სარჩელზე კი მე-----------ს მიერ წარმოდგენილ შესაგებელში მოწმეთა დაკითხვა რაიმე ფორმით მოთხოვნილი არ იყო.
2.11. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და შესაბამისად იგი დარჩა ძალაში.
3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება გაასაჩივრა გალინა აბაშვილმა
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა, განიხილა და დააკმაყოფილა მხარეთა შუამდგომლობები და შემდეგ მიიღო საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია საქართველოს სსკ-ის 232 პრიმა მუხლის და 240-ე მუხლის მოთხოვნები.
3.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შესაგებელი მოპასუხეს წარდგენილი აქვს 2016 წლის 18 აგვისტოს, გაუგებარია თუ რატომ თვლის სასამართლო, რომ შესაგებელი წარდგენილი იქნა 2016 წლის 19 ოქტომბერს, როდესაც შესაგებლის მიღებაზე აწერია ორი თარიღი 2016 წლის 18 აგვისტო და 2016 წლის 19 ოქტომბერი, რომელია სწორი გაუგებარია. ამასთან, დადგენილია, რომ სასამართლოს გზავნილი თვით მოპასუხეს არ ჩაბარებია, იგი ჩაბარდა სხვა პირს, ხოლო როდესაც გზავნილი მას გადასცეს, მაშინვე წარადგინა შესაგებელი და შეგებებული სარჩელიც.
3.3. მე-----------ს შესაგებელი აპელანტის 2018 წლის 19 თებერვლის შეგებებულ სარჩელზე ჩაბარდა 2018 წლის 11 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე, ცხრა თვის დაგვიანებით. მე-----------ს მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, წარმოდგენილი შესაგებლის გაცნობის და შესაბამისად მომზადების მიზნით, რაც სასამართლოს მიერ საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა. ზემოთ მითითებული, სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინების მიღების შემდეგ, მე-----------ს წარმომადგენლის მიერ, ზეპირად, წერილობითი ფორმის გარეშე, დაყენებული იქნა შუამდგომლობა გა-–-------–---–-ს მიერ კანონით დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
3.4. სასამართლომ 2018 წლის 11 დეკემბერს ფაქტობრივად დაიწყო საქმის განხილვა, მოისმინა და დააკმაყოფილა მე-----------ს სარჩელზე შუამდგომლობა, სასამართლო სხდომაზე მოწმეთა დაკითხვის შესახებ, რის შემდეგ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება აღარ ჰქონდა. პირიქით სსკ-ის 232 პრიმა მუხლით სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაგრამ თუ სასამართლომ არ მიიღო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სხდომა დანიშნა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, ასეთ შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება. საქმის განხილვა კი წარმოებს დადგენილი წესით. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სასამართლომ უხეშად დაარღვია ზემოთ მითითებული საპროცესო ნორმა და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
3.5. აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ხელმძღვანელობდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში მის მიერ მითითებული სსკ-ის 232 პრიმა მუხლის და 201-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დადგენილი ნორმებით, გა-–-------–---–-ს შეგებებულ სარჩელზეც ანალოგიურად უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მე-----------ს მიმართ, რაც სასამართლომ არ გააკეთა და მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მხარეები არათანაბარ პირობებში ჩააყენა. ზემოთ მითითებული ნორმები დაუსწრებელი გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოსთვის მხარის შუამდგომლობით მიმართვას არ ითვალისწინებს.
3.6. სასამართლომ მხარეთა დასწრებით და უფრო მეტიც, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სიტყვა დაუსწრებელი კი მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მხარეთა დასწრების გარეშე, გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს, თუ მხარეები სასამართლო სხდომას ესწრებიან მაშინ გადაწყვეტილება დაუსწრებელი ვერ იქნება. ასეთ დათქმას საპროცესო კოდექსის არცერთი ნორმა არ ითვალისწინებს. დაუსწრებელი იმიტომ უწოდა კანონმდებელმა, რომ გადაწყვეტილების მიღება სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით არ ხდება, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოსამართლის მიერ სხდომის გარეშე ხდება.
3.7. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ სსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილით შუამდგომლობები სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე დააყენებს შუამდგომლობას სასამართლო სხდომაზე. მე-----------ს მიერ დაყენებული შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მოთხოვნით, ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე არ ყოფილა, ამიტომ მე----------- ვალდებული იყო სასამართლოსთვის შუამდგომლობა წერილობითი ფორმით წარედგინა. გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ თავად კი არ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ მე-----------ს შუამდგომლობა განიხილა და რადგან შუამდგომლობა წერილობითი ფორმით არ იყო წარმოდგენილი სასამართლოს მის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვა. ამ შემთხვევაშიც სასამართლომ უხეშად დაარღვია საპროცესო ნორმები და მიიღო უკანონო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მე-----------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. 2016 წლის 25 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მე-----------ს წარმომადგენელმა მოპასუხის გა-–-------–---–-ს მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
4.2. მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმდა 2014 წლის 06 ოქტომბრის სესხის, ბინით სარგებლობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იგი ოჯახთან ერთად 2 წლის ვადით გადავიდა გა-–-------–---–-ს საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებლ სახლში. იგი არის ხელოსანი, რის გამოც მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2015 წელს მას თავისი მასალებით უნდა ჩაეტარებინა აღნიშნულ სახლში რემონტი ანაზღაურების სანაცვლოდ. შეთანხმებისამებრ მან მისივე მასალებით გა-–-------–---–-ს სახლს ჩაუტარა სარემონტო სამუშაოები, რის შემდეგაც მოპასუხეს გაქირავებული ჰქონდა ბინა. თუმცა მოპასუხეს მისთვის თანხა დღემდე არ გადაუხდია. მის მიერ ჩატარებული გა-–-------–---–-ს საკუთრებაში რიცხული სახლის გაუმჯობესებაზე გაწეული სამუშაოების ღირებულება საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის თანახმად შეადგენს 3320 ლარს, რაც უნდა აუნაზღაუროს მოპასუხემ;
4.3. 2016 წლის 31 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, მოსარჩელის წარმომადგენელს ალ------------------ს სატელეფონო აქტის საშუალებით ეცნობა, რომ სარჩელი მიღებული იყო წარმოებაში და იგი ვალდებული იყო 2 თვის ვადაში უზრუნველეყო სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხეზე ჩაბარება;
4.4. მოსარჩელემ უზრუნველყო დადგენილ ვადაში გზავნილის მოპასუხეზე ჩაბარება, კერძოდ, გზავნილი ჩაბარდა მოპასუხის შვილს ნათია აბაშვილს 2016 წლის 03 აგვისტოს;
4.5. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა, მაგრამ დადგენილ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის;
4.6. სასამართლო სხდომაზე მე-----------ს წარმომადგენელმა ალ------------------მ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, რის საფუძველზეც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე;
4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით;
4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით;
4.9. განსახილველ შემთხვევაში მართალია დადგენილია, რომ მოპასუხემ დადგენილ ვადაში არ წარადგინა შესაგებელი სასამართლოში, რაც იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, თუმცა სასამართლომ მიუხედავად ამისა დანიშნა სასამართლო სხდომა და ჩვეულებრივ განაგრძო საქმის განხილვა, მათ შორის განიხილა მხარეთა, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის, შუამდგომლობები მოწმეთა დაკითხვის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო. აღნიშნული ცხადია ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გაწერილ პროცესუალურ წესებს, ვინაიდან შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებელი მხარის მიმართ, დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ანალოგიურ ჩანაწერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ იცნობს. პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლომ დანიშნა განსახილველ საქმეზე ზეპირი განხილვა და ამით გასცდა იმ პროცესუალურ ეტაპს, რა დროსაც მას შეეძლო შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, სასამართლოს შემდგომ ეტაპზე უნდა მოესმინა მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებები სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული მხარე (მოპასუხე) ფაქტობრივ გარემოებებს იმთავითვე არ შედავებია (არ წარმოუდგენია შესაგებელი), რის შემდეგაც სასამართლოს უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება საერთო წესების საფუძველზე. ამდენად, სასამართლომ არასწორად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო;
4.10. მიუხედავად ზემოაღნიშნული პროცესუალური დარღვევისა, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა გა-–-------–---–-ს საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მიერ გაწეული სარემონტო სამუშაოების ხარჯების - 3320 ლარის ანაზღაურება, რომლის სამართლებრივი საფუძველიცაა სსკ-ის 987-ე მუხლის პირველი ნაწილი (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა). სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან მითითებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობას. ამასთან, მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ განსახილველ სარჩელზე მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაგებელი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;
4.11. პალატა განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება, რომლებზეც მხარეები თავის პოზიციას აფუძნებენ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ ას-233-221-17).
4.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები;
4.13. სააპელაციო პალატა მოუხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლს, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის ზემოხსენებული ზოგადი პრინციპი კონკრეტულად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალური ნორმებით. შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულობა. სწორედ შესაგებლით იგებს მოსარჩელე, თუ სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას. თუ სარჩელში მითითებულ, ამა თუ იმ, ფაქტს მოპასუხე არ ედავება, ეს ფაქტი ითვლება უდავოდ, ანუ დადასტურებულად: სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპიდან გამომდინარე, სამტკიცებელი არის მხოლოდ ის, რაც სადავოა;
4.14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა 2017 წლის 02 მარტის ას-664-635-2016 გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი;
4.15. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო-სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა;
4.16. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულოობა. მოსარჩელე სწორედ შესაგებლით არკვევს სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას. თუ სარჩელში მითითებულ ამა თუ იმ ფაქტს მოპასუხე არ ედავება, ეს ფაქტი მიიჩნევა უდავოდ, ანუ დადასტურებულად და ამ უკანასკნელს ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამასთან, თუ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელს არა აქვს სამართლებრივი საფუძველი, იგი ნიშნავს სხდომას, მაგრამ სხდომაზეც მოპასუხეს არა აქვს სარჩელში მითითებული ფაქტების შედავების უფლება;
4.17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს. ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს;
4.18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით სასამართლო უნიშნავს ვადას მოპასუხეს იმისთვის, რომ მან წარმოადგინოს შესაგებელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, არასაპატიო მიზეზით საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება;
4.19. როგორც უკვე აღინიშნა, დადგენილია, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი არ წარადგინა. შესაბამისად, ვინაიდან, მოპასუხემ არ გამოიყენა მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ისე სააპელაციო სასამართლო შეზღდულია გაიზიაროს მის მიერ შემდგომში მითითებული გარემოებები. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეფასება მისცეს მოპასუხის მიერ შემდგომში მითითებულ სარჩელის დაკმაყოფილების რაიმე სახის გამომრიცხავ, შემაფერხებელ, დამაბრკოლებელ, შემწყვეტ გარემოებას;
4.20. შესაბამისად, პალატის შეფასებით, სასამართლოს შეუძლია შეამოწმოს მხოლოდ მოთხოვნის კანონიერება, მით უფრო, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა და მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა შემოწმდეს, ამართლებს თუ არა ისინი მოთხოვნას. ამდენად, მიუხედავად აპელანტის მიერ საქმის უკან დაბრუნების მოთხოვნისა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებით დისპოზიციურობის პრინციპი არ დაურღვევია;
4.21. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოცემული ვითარებიდან გამომდინარე უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის 201.4. მუხლით. (პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება საჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს) მუხლით და მოპასუხისგან სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან შედავება აღარ უნდა მიეღო, ანუ ამ დროსაც სარჩელში მითითებული ფაქტები დამტკიცებულად ითვლება და მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებების წარდგენა შეუძლია, შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლომ სარჩელი უნდა დააკმაყოფილოს (იხ. უზენაესი სასამართლოს 09.11.2017წ. #ას-1010-971-2014 განჩინება);
4.22. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო შეუდავებელი და შესაბამისად, დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია;
4.23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი;
4.25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.26. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება სსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, გა-–-------–---–-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების, განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
გა-–-------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გა-–-------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლაურა მიქავა