განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100119003291673
საქმე N1/ბ-882-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2020 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ----- კ-------ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 3----------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: საჩხერის რაიონი, სოფელი გ------------------;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ----- კ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში;
2019 წლის 11 ოქტომბერს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთში მცხოვრებმა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ზ----- კ-------ემ, დაახლოებით 22:00 საათზე, საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ--- მ------–---–ს, ხოლო შემდეგ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ძლიერად მოქაჩა თმებში ხელი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ზ----- კ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით შეუმსუბუქდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 155 საათის ვადით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–------–------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ზ----- კ-------ეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობით არ იქნება გამოყენებული. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია, არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებას, მსჯავრდებულის პიროვნებას. დანიშნული სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეულ იქნას სასჯელის მიზნები.
მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ----- კ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ----- კ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ მ--- მ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; არასრულწლოვანი მოწმეების - მ------ კ-------ის, თ----- კ-------ის და ნ---- კ-------ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების - თ-------- ც---–--ის, ი-----–- ს-------–--ის და ნ---- კ-------ის გამოკითხვის ოქმებით; ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების N--------- დასკვნით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ზ----- კ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ზ----- კ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ზ. კ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია და მასთან შერიგებულია, მსჯავრდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს ხუთი შვილი, პენსიონერი დედა და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, პალატას მიაჩნია, რომ ზ. კ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მსჯავრდებულ ზ. კ-------ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა და მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–------–-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ზ----- კ-------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 13 ოქტომბრიდან, 2019 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით) მსჯავრდებულ ზ----- კ-------ეს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 155 (ას ორმოცდათხუთმეტი) საათის ვადით;
ზ----- კ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; შესაბამისად, გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის N12/16-2019 განჩინებით, ზ----- კ-------ის (პ/ნ 3----------) და ნ---- კ-------ის (პ/ნ 3----------- თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით N------------) დადებული ყადაღა;
ზ----- კ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე