განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2020
საქმის ნომერი
080100119003174354
ინსტანცია
თარიღი
17.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003174354

საქმე №1/ბ-867-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ფ-------- ო---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–--------------------–--–---------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი :

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ფ-------- ო---ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 07:00 საათზე, ქ---------–--------------------–--–----------------–-, ფ-------- ო---ე თავის მეუღლეს _ მ-------- პ---–------–---–ს ემუქრებოდა დანის გამოყენებით, რომ აკუწავდა. მ-------- პ---–------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნულის გამო ფ-------- ო---ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:

 

ფ-------- ო---ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ფ-------- ო---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა, ხოლო გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 1000 (ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული, გ------- ო---ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი), მდებარე ქ-----------–-–--------–---–----------- (ს/კ 3-----------), ღირებულებით 10000 (ათი ათასი) ლარი, განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

გამართლებულ ფ-------- ო---ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-----------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---–- ტ-------ემ, რომელმაც ითხოვა ფ-------- ო---ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ფ-------- ო---ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ფ-------- ო---ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ფ-------- ო---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

 

№1------ შეტყობინებით დადგენილია, რომ 2019 წლის 25 ივლისს, მ-------- პოლოლიკაშვილმა „112“-ის სამსახურს აცნობა ოჯახური კონფლიქტის თაობაზე.

 

საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ---------–--------------------–--–----------------–-, მ-------- პ---–------–---–ის საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნული ბინის დათვალიერებისას ფეხსაცმლის თაროდან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის პლასტმასის ტარიანი დანა. მ-------- პ---–------–---–ის განმარტებით, სწორედ აღნიშნული დანით დაემუქრა მას მეუღლე ფ-------- ო---ე საძინებელ ოთახში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა მ-------- პ---–------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა ფ-------- ო---ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

თავად ბრალდებულმა ფ-------- ო---ემ სასამართლოში საქმის განხილვისას თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ისარგებლა დუმილის უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს ფ-------- ო---ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ ფ-------- ო---ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს, მ-------- პ---–------–---–ს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფ-------- ო---ისათვის წარდგენილი ბრალდება ეფუძნებოდა ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას _ დაზარალებულ მ-------- პ---–------–---–ის გამოკითხვის ოქმს, რომელიც სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ამხელდა მეუღლეს _ ფ-------- ო---ეს, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მ-------- პ---–------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

 

რაც შეეხება ქ---------–--------------------–--–----------------–- მდებარე საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმს, რომელშიც მითითებულია, რომ მ-------- პ---–------–---–ის განმარტებით, მას ამავე ბინის დათვალიერებისას ამოღებული დანით დაემუქრა მეუღლე, საფუძვლად ვერ დაედება ფ-------- ო---ის მსჯავრდებას, ვინაიდან, აღნიშნულ ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება ვერ მოხერხდა მის პირველწყაროსთან _ დაზარალებულ მ-------- პ---–------–---–თან, მის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო.

 

სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა 2019 წლის 25 ივლისს, ფ-------- ო---ის მიერ თავისი მეუღლის _ მ-------- პ---–------–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება ფ-------- ო---ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ფ-------- ო---ის მიმართ 2019 წლის 24 ოქტომბრის გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი ფ-------- ო---ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ფ-------- ო---ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ფ-------- ო---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 1000 (ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული, გ------- ო---ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი), მდებარე ქ-----------–-–--------–---–----------- (ს/კ №3-----------), განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

5.გამართლებულ ფ-------- ო---ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.ნივთიერი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-----------------------–---–-, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/