განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2020
საქმის ნომერი
330100119003003951
ინსტანცია
თარიღი
17.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119003003951, №1/ბ-1546-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ------- ჭ---------–--.

 

დაცვის მხარე:

 

გამართლებული - ვ----– ჩ-------, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: თ---–-------–----------------------------------------------------- (მონაწილეობის გარეშე);

 

ადვოკატები - დ----- ჩ--–--ე, ო-–--- გ-----ე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასჯელი:

 

ვ----– ჩ------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------- ჭ---------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ვ----– ჩ-------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებდნენ ვ----– ჩ-------ს მიერ დანაშაულის ჩადენას;

▪ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა ც----- ს--------მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ვ----– ჩ-------ს ბრალეულობას. თ----- ქ-----ს გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 15 აპრილს ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - დათვალიერების ოქმი, რა დროსაც თბ--–--–-----–------------------------------------------------------ს ქვემოთ განთავსებულ სარდაფში, ც----- ს--------ს მითითებით ამოღებული იქნა ორი ცალი დანა, რომლებითაც, დაზარალებულის განმარტებით, ვ----– ჩ------- დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით. მოწმე ზ----- ქ--------მ, რომელიც ვ----– ჩ-------ს და ც----- ს--------ს ნათესავია, დაადასტურა, რომ დაზარალებულისგან გადმოცემით იცის, რომ ვ----– ჩ------- სისტემატურად იღებს ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც ც----- ს--------ს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება მას. 2019 წლის 13 აპრილს, ღამით, მას სახლში დახვდა ც----- ს--------, მეორე დღეს, 2019 წლის 14 აპრილის დილას, დაზარალებულისგან შეიტყო, რომ 2019 წლის 11 აპრილს ვ----– ჩ-------მ დაამტვრია სახლში ყველაფერი და ც----- ს--------ს დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ვინაიდან ც----- ს-------- იყო შეშინებული, მას ღამე გაუთენებია სხვენზე, ხოლო შემდეგ მისულა მათთან. მხედველობაშია მისაღები ვ----– ჩ-------ს პიროვნებაც. ის ნასამართლობის მქონეა დედის და ბაბუის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის, რისთვისაც მოიხადა სასჯელი, ხოლო მოცემულ ეტაპზე, აღკვეთის ღონიძიების სახით ასევე შეფარდებული აქვს პატიმრობა მუქარის ფაქტზე.

▪ ვ----– ჩ-------სთვის ბრალად წარდგენილი ქმედება მიეკუთვნება იმ დანაშაულთა კატეგორიას, რომელთა შემსწრე პირები უმეტესწილად არიან ოჯახის წევრები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არ აძლევენ ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებას, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაშიც. იმისთვის, რომ დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი და ეს არ გახდეს ოჯახში ძალადობის წამახალისებელი, სასამართლომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეაფასოს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა სხვა მტკიცებულება (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

დაცვის მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს, ამასთან, სხვა რაიმე პირდაპირი სახის მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ----– ჩ-------ს ბრალი წარედგინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ-------–--–-----–------------------------------------------------ის სარდაფში, ვ----– ჩ------- სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ბებიას - ც----- ს--------ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით, ვ----– ჩ------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას.

სააპელაციო სასამართლოში, გამართლებულმა ვ----– ჩ-------მ უარი განაცხადა სხდომებში მონაწილეობის მიღებაზე, რის გამოც პროცესი გაგრძელდა მისი მონაწილეობის გარეშე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ც----- ს--------მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის - შვილიშვილის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.

 

მოწმე ზ----- ქ--------მ დაკითხვისას განმარტა, რომ არის ვ----– ჩ-------ს და ც----- ს--------ს ახლობელი. 2019 წლის 13 აპრილს, სამსახურიდან შინ დაბრუნებულს სტუმრად დახვდა ც----- ს--------, რომელიც იყო აღელვებული. როდესაც მოწმემ მას ჰკითხა მიზეზი, დაზარალებულმა უთხრა, რომ შვილიშვილთან - ვ----– ჩ-------სთან მოუვიდა შეკამათება, რა დროსაც ვ----–მა დაამსხვრია სახლში არსებული ჭურჭელი. ზ----- ქ--------ს განმარტებით, მას ადრეც სმენია მსგავსი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ, თუმცა მსგავსი ქმედების უშუალო მომსწრე არასოდეს ყოფილა.

 

მოწმე ი-----–- კ-----–---ის ჩვენებით, 2019 წლის აპრილის თვეში გლდანი-ნაძალადევის მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ვ----– ჩ-------ს მიერ ც----- ს--------ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. 2019 წლის 15 აპრილს, მან მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვ----– ჩ-------, რომელმაც შეიტყო ბებიის - ც----- ს--------ს მიერ სამართალდამცავი ორგანოებისათვის განცხადებით მიმართვის თაობაზე და რომელიც იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში, აპირებდა მიმალვას. მოწმემ მოცემულ საქმეზე ასევე მოახდინა ბრალდებულის გამოკითხვა.

 

ბრალდებულმა ვ----– ჩ-------მ უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ: მოწმე თ----- ქ-----ს გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 15 აპრილის ოქმი დათვალიერების შესახებ, მიღებული იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდა სამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ დაზარალებულად ცნობილ პირს წარმოადგენს ვ----– ჩ-------ს ბებია - ც----- ს--------.

 

მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. შესაბამისად, იმისათვის, რომ მუქარა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია სუბიექტის ქმედებამ დაზარალებულს გაუჩინოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან, მათ შორის, კონვენცია მოუწოდებს მხარეებს მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა კი არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განაჩენში აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (ვრცლად იხილეთ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა არათუ შეცვალა, არამედ ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, რაც უპირობოდ არ გულისხმობს გამოძიების მიმდინარეობისას საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის გამორიცხვას და დაუდასტურებლობას. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, შიშის საფუძვლიანობა უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს დაზარალებულის პოზიციას - ისაუბრებს თუ არა განცდილ შიშთან დაკავშირებით.

 

დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის დროს ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებსაც, რაც, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით, მოძალადისადმი დამოკიდებულებით და სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოეყენებინა გამოძიების ეტაპზე შედგენილი მისი გამოკითხვის ოქმი. პალატის შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს სხვა მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, წარმოადგენს თუ არა საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

პრეიუდიციად ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი:

 

ც----- ს--------ს განცხადებით, რომელიც საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას, დადგენილია, რომ შვილიშვილი ვ----– ჩ-------, რომელიც სვამს ყოველდღე ალკოჰოლურ სასმელებს და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, სისტემატურად აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ემუქრება სიცოცხლის მოსპობით, რასაც რეალურად აღიქვამს და ითხოვს რეაგირებას. აღნიშნული განცხადება დათარიღებულია 2019 წლის 14 აპრილით.

 

მოწმე თ----- ქ-----ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, მან და მისმა მეწყვილე - მ------ ქ-----მ მოახდინეს ბრალდებულ ვ----– ჩ-------ს დაკავება ქ.თბ--–--–-----–------------------------------------------------------ის ქვემოთ განთავსებულ სარდაფში.

 

2019 წლის 15 აპრილს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ი-----–- კ-----–---ი პატაკით მიმართავს შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილეს. პატაკის შინაარსიდან ირკვევა, რომ ვ----– ჩ-------სთვის ცნობილი გახდა მისი ბებიის მიერ სამართალდამცავ ორგანოებში გაკეთებული განცხადება, რის გამოც აპირებდა მიმალვას.

 

2019 წლის 15 აპრილს, ვ----– ჩ------- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით, ხოლო 2019 წლის 16 აპრილს მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

 

დათვალიერების ოქმის (15.04.2019) მიხედვით, 2019 წლის 15 აპრილს 02:20 საათიდან 03:30 საათამდე პერიოდში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება დათვალიერება, რა დროსაც ქ. თ---–-------–------------------------------------------------------ის ქვემოთ განთავსებულ სარდაფში, ს---------------მა, ს---------ემ და ს------------–---–მა, ც----- ს--------ს მითითებით ამოიღეს ორი ცალი დანა - ერთი თეთრ ტარიანი, ხოლო მეორე ყავისფერ ტარიანი. ც----- ს--------ს განმარტებით, სწორედ ამ დანებით დაემუქრა ვ----– ჩ------- მას სიცოცხლის მოსპობით. ექსპერტების - ს---------------ის და ს---------ის მიერ ასევე მოხდა სარდაფის დასურათება.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ სწორია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენი, რომლითაც ვ----– ჩ------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

პალატა აღნიშნავს, რომ მიუხედავად ც----- ს--------ს განცხადებაში დაფიქსირებული პოზიციისა, მასში არ არის მითითებული მუქარის კონკრეტული გარემოებები, მათ შორის არც დრო, ხოლო ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, სახელმწიფო ბრალდება ვ----– ჩ-------ს ბრალად დებს 2019 წლის 11 აპრილს და არა 2019 წლის 14 ან 15 აპრილს განხორციელებულ მუქარას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ინფორმაციისა, ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიცაა 2019 წლის 11 აპრილს ც----- ს--------ს მიერ 112-ში განხორციელებული შეტყობინება, საპატრულო პოლიციის მისვლა და გასაუბრება ც----- ს--------სთან. არც ის ფაქტია დადგენილი, გამოიცა თუ არა შემაკავებელი ორდერი აღნიშნულ დღეს ან რა რეაგირება მოჰყვა საპატრულო პოლიციის გამოძახებას.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

თავდაპირველად უნდა გაიმიჯნოს, თუ რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ უნდა შეფასდეს, გამოყენებული იყოს თუ არა ეს მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად. შესაძლებელია, რომ მხოლოდ ჩვენების ნაწილი ეხებოდეს გარემოებას (რასაც მოცემულ შემთხვევაშიც აქვს ადგილი), რომელიც სხვა პირისგან გახდა ცნობილი. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის მიმართ განხორციელებული მუქარის დამადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. მოწმე ზ----- ქ--------ს ჩვენებით, 2019 წლის 13 აპრილს, სამსახურიდან შინ დაბრუნებულს სტუმრად დახვდა ც----- ს--------, რომელიც იყო აღელვებული. მიზეზის კითხვის შემდეგ დაზარალებულმა უთხრა, რომ შვილიშვილთან - ვ----– ჩ-------სთან მოუვიდა შეკამათება, რა დროსაც ვ----–მა დაამსხვრია სახლში არსებული ჭურჭელი. ზ----- ქ--------ს განცხადებით მსგავსი ქმედების უშუალო მომსწრე არასოდეს ყოფილა. აღნიშნული ჩვენებით არ დგინდება, რომ ც----- ს--------ს მიმართ მუქარის ფაქტი განხორციელდა 2019 წლის 11 აპრილს. რაც შეეხება დანარჩენ მტკიცებულებებს, რომლებზეც ბრალდების მხარე აპელირებს, არც ერთი მოწმე თავად არ შესწრებია მუქარის ან თუნდაც ყვირილისა და ჩხუბის ფაქტს, ხოლო უდავო მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულის განცხადებით და 2019 წლის 14 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით არ არის დადგენილი თუ როდის და რა ვითარებაში განხორციელდა მუქარის ფაქტი, ან თუნდაც გარკვეული ნივთების დაზიანება. რაც შეეხება ვ----– ჩ-------ს ნასამართლობას ოჯახში ძალადობისთვის, რისთვისაც მან სასჯელის სახით მოიხადა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას ც----- ს--------ს მიმართ განხორციელებული მუქარის დასადასტურებლად.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისთვის საკმარისი მტკიცებულებები, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით და 302-ე მუხლით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------- ჭ---------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გამამართლებელი განაჩენი ვ----– ჩ-------ს მიმართ.

 

ვ----– ჩ------- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვ----– ჩ-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და 2019 წლის 9 ივლისს გათავისუფლებულია სხდომის დარბაზიდან.

 

განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - 2 ცალი დანა (ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულს, ხოლო შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოცხრილი (ერთვის საქმეს) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად მიღებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე