განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2020
საქმის ნომერი
160210118002727247
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160210118002727247

საქმე №2ბ/4021-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი 2020 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები -ოთარ სიჭნავა, მიხეილ გოგიშვილი

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - შპს ,,ა-----------ი’’

მოსარჩელის წარმომადგენლები - ვ----------------------------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ი-–-----–----ო

წარმომადგენელი - ზ--------–------ე

 

დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გასვლის გამო ნასყიდობის საგნის დაბრუნება;

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2017 წლის 25 ოქტომბერს კ--------- მ--------ისა და ი-–-----–----ოს შორის გაფორმდა ბოლნისის რაიონის სოფელ ფ------ში მდებარე უძრავი ქონების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით 8----------- დაზუსტებული ფართობით 40900 კვ.მ. ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხემ იყიდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი. გამყიდველი და მყიდველი შეთანხმდნენ, რომ ღირებულება მიწის ნაკვეთისა შეადგენს 75 000 ლარს.

 

2. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად გამყიდველი და მყიდველი სრულად იგებენ ხელშეკრულების აზრს და საგანს და გარიგების დამთავრებისას ფინანსური, მატერიალური, ეკონომიკური და მორალური ხასიათის არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

3. ხელშეკრულების გაფორმებისას, გამყიდველს წარმოადგენდა კ--------- მ--------ი და მყიდველს - ი-–-–-- მ-–----ო. (იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება)

 

4. ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შეძენილი უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

5. 2018 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებული წერილიდან ირკვევა, ირკვევა, რომ გამყიდველმა ი-–-–-- მ-–----ოს სახელზე შეადგინა წერილი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2017 წლის 25 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, მის მიერ არ იქნა შესრულებული ვალდებულება მისი ნაკვეთის საფასურის გადახდის შესახებ და ერთწლიანი უშედეგო თხოვნების მიუხედავად მან არ შეასრულა აღნიშნული ვალდებულება, აცნობა, რომ იგი გადიოდა ხელშეკრულებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 15 ოქტომბრისა და ითხოვდა მიწის ნაკვეთის ნატურით დაბრუნებას. საფოსტო უკუგზავნილის თანახმად აღნიშნული წერილი ადრესატს ჩაბარდა 2018 წლის 23 ოქტომბერს.

 

6. 2018 წლის 1 ნოემბერს კ--------- მ--------მა და შპს ,,ანკა ჯგუფმა’’ დადეს უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კ.მ--------მა სრული მოცულობით დაუთმო მოთხოვნის უფლება, კერძოდ, კ.მ--------სა და ი.მ-–----ოს შორის 2017 წლის 25 ოქტომბერს დადებული მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლებები.

 

7. გამყიდველის უფლებამონაცვლემ შპს ,,ა-----------“-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად შპს ,,ა-----------ს’’ ი-–-–-- მ-–----ოსგან ნატურით საკუთრებაში დაუბრუნდეს, ნასყიდობის საგანი: ბოლნისის რაიონის სოფელ ფ------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 8----------- დაზუსტებული ფართობით 40900 კვ.მ. და განხორცილდეს შესაბამისი ცვლილებები საჯარო რეესტრში.

 

7.1. სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 25 ოქტომბერს კ--------- მ--------სა და ი-–-–-- მ-–----ოს შორის დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ გაყიდა, ხოლო მოპასუხემ იყიდა ბოლნისის რაიონის სოფელ ფ------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 8----------- დაზუსტებული ფართობით 40900 კვ.მ. ხელშეკრულების 2.1 მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 75 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე საჯარო რეესტრში აღირიცხა ბოლნისის რაიონის სოფელ ფ------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 8----------- დაზუსტებული ფართობით 40900 კვ.მ. მესაკუთრედ. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და არ გადაიხადა ნასყიდობის ფასი 75 000 ლარის ოდენობით. კ.მ--------მა არაერთგზის მოთხოვა ი-–-–-- მ-–----ოს ნასყიდობის საფასურის გადახდა ან ნასყიდობის საგნის დაბრუნება თუმცა, მოპასუხემ უარი თქვა 2017 წლის 25 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულებაზე. კ--------- მ--------ი იძულებული შეიქმნა გამოსულიყო ხელშეკრულებიდან და მოეთხოვა ნასყიდობის საგნის დაბრუნება. აღნიშნულის თაობაზე მან წერილობით აცნობა ი-–-–-- მ-–----ოს, რომელსაც წერილი ჩაბარდა 2018 წლის 11 ოქტომბერს. სადავო ხელშეკრულების (რომელიც დადებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) მე-3 პუნქტის ქართულენოვან თარგმანში, აღნიშნულია, რომ ,,გამყიდველი და მყიდველი სრულად იგებენ ხელშეკრულების აზრსა და საგანს და გარიგების დამთავრებისას ფინანსური, მატერიალური, ეკონომიკური და მორალური ხასიათის არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ’’. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული პუნქტის რუსულენოვანი ტექსტის შესაბამისი ქართულენოვანი თარგმანი გულისხმობს რომ ,,გამყიდველი და მყიდველი სრულად იგებენ ხელშეკრულების აზრსა და საგანს და გარიგების დასრულების შემდეგ ფინანსური, მატერიალური, ეკონომიკური და მორალური ხასიათის არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ’’, შესაბამისად გარიგების დამთავრებაში ნაგულისხმევია სწორედ თანხის გადახდა, რაც არასწორად აისახა ხელშეკრულების ქართულენოვან ტექსტში, თუმცა ვინაიდან კ--------- მ--------ი არ ფლობდა ქართულ ენას, ის გაეცნო ხელშეკრულების რუსულენოვან ტექსტს, საიდანაც არ გამომდინარეობდა ის გარემოება, რომ ნასყიდობის საფასური, ხელშეკრულების გაფორმებამდე წინსწრებით ან თუნდაც ხელმოწერამდე დაუყოვნებლივ იქნა გადახდილი.

 

8. მოპასუხის პოზიცია -- მოპასუხემ სარჩელი არ ცნო;

 

8. 1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ ნასყიდობის საფასური გადახდილია სრულად. კერძოდ, 2017 წლის 25 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მარნეულის ფილიალში ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე მან 75 000 ლარი ნაღდი ანგარიშსწორებით გადასცა კ--------- მ--------ს, რის შესახებაც ცალსახად იქნა კიდეც მითითებული ხელშეკრულების მე-3 პუნქტში, სადაც დაფიქსირდა, რომ ,,გამყიდველი და მყიდველი სრულად იგებენ ხელშეკრულების აზრსა და საგანს და გარიგების დასრულებისას ფინანსური, მატერიალური, ეკონომიკური და მორალური ხასიათის არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ’’. ამასთან, მოპასუხის მტკიცებით, თუკი ხელშეკრულების სადავო ტექსტში ნაცვლად ხელშეკრულების დასრულებისას მიეთითებოდა ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ჩანაწერი მაინც ანალოგიურ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რამეთუ ხელშეკრულების ორივე ტექსტი, მასზე ხელმოწერის შემდეგ რაიმე სახის პრეტენზიის შენარჩუნებას გამორიცხავდა, სწორედ ამიტომ განხორციელდა კიდეც სადავო მიწის ნაკვეთზე ი-–-–-- მ-–----ოს მესაკუთრედ აღრიცხვა.

 

9. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. გადაწყვეტილება)

 

10. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ. (იხ. სააპელაციო საჩივარი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

11. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

12. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა და ნასყიდობის საგნის დაბრუნება/მესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნები ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილს (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი.) ამავე კოდექსის 352-405-ე მუხლებს. (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)

 

ამდენად პალატას მიაჩნია რომ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ორ საკვანძო საკითხი უნდა გაირკვეს - 1) შეუძლია თუ არა ხელშეკრულების მხარეს მოშალოს ხელშეკრულება და მოითხოვოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა მაშინ, როცა მყიდველმა ნასყიდობის საფასური არ გადაიხადა; 2) დასტურდება თუ არა ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი გარიგებაა, რაც გამოიხატება ერთის მხრივ გამყიდველის ვალდებულებაში, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მეორეს მხრივ მყიდველის ვალდებულებაში, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის მყიდველის მხიდან ვალდებულების შესრულებას, ნასყიდობის ფასის გადახდას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფაქტების არსებობის მტკიცების ტვირთი შემდეგნაირად არის განაწილებული მხარეებს შორის: ხელშეკრულების არსებობისა და ნივთის გადაცემის მტკიცება ევალება გამყიდველს, ხოლო ფასის გადახდა მყიდველის მტკიცების საგანია.

 

მოპასუხის განმარტებით, მან ხელშეკრულების ფასი გადაიხადა სრულად ჯერ კიდევ ხელშეკრულების ხელმოწერამდე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსზე და განმარტავს შემდეგს: ხელშეკრულების მე-3 პუნქტში, დაფიქსირდა, რომ ,,გამყიდველი და მყიდველი სრულად იგებენ ხელშეკრულების აზრსა და საგანს და გარიგების დამთვრებისას ფინანსური, მატერიალური, ეკონომიკური და მორალური ხასიათის არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ’’ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს რომ მყიდველი მიერ ნასყიდობის საფასური გადახდილია და მხარეებმა ერთდროულად შეასრულეს ვალდებულება ქონების გადაცემის და თანხის გადახდის. სასამართლო ამ დასკვნამდე მივიდა ნასყიდობის ხელშეკრულების, მხარეთა ახსნა-განმარტების და საქმეში წარმოდეგენილი სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და შეფასების გათვალისწინებით.

 

13. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლო განმარტავს, რომ ასეთი დოკუმენტის გაცემის დანიშნულიებაა დაადასტუროს ვალდებლების შესრულების ფაქტი. როდესაც ხელშეკრულებით არ არის დადგენილი საფასურის გადახდის წესი და ვადა, აღნიშნული იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ ვალდებულება შესრულებულია. ასეთ ვითარებაში დამატებითი დოკუმენტის გაცემას თავად ხელშეკრულების ჩანაწერი ენაცვლება.

 

სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლით, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა. საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ მხარეებს ერთდროულად შესასრულებელი ვალდებულება გააჩნდათ ერთმანეთს მიმართ. ამდენად, მოსარჩელეს შეეძლო უარი განეცხადებინა თავის მხრივ ვალდებულების შესრულებაზე (ნასყიდობის საგნის გადაცემაზე), სანამ არ მიიღებდა საპასუხო შესრულებას (ნასყიდობის ფასის გადახდას). როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, სადავო ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხის სახელზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენლია, რომ მხარეებმა ერთმანეთს მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები შეასრულეს სრულად. კერძოდ, გამყიდველმა გადასცა მყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება, ხოლო მყიდველმა გადაიხადა შეთანხმებული საფასური. სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყვეტილია და გამყიდველს მისგან გამომდინარე მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია.

 

14. გარდა ზემოაღნიშნულისა სასამართლო დამატებით განმარტავს, სასამართლოს რომც დაედგინა ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნა უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგი მხარეების სამომავლოდ ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლება, ხოლო უკვე განხორციელებული შესრულების რესტიტუცია არის. სსკ-ის 316-ე I მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს მოსთხოვოს შესრულება. ვალდებულება შეიძლება გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან ან კანონიდან. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების მოთხოვნა მიეკუთვნება პირველად მოთხოვნათა რიგს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების – პირველადი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დღის წესრიგში დგება მეორადი მოთხოვნების განხილვის საკითხი. ვალდებულების შეუსრულებლობა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს: ვალდებულების დაგვიანებული შესრულებით (ვადის გადაცილება) ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება რეგულაციური უფლებაა რაც გულსხმობს რომ მხარეს დამოუკიდებლად და მესამე პირთა თანამოქმედების გარეშე შეუძლია სამართლებრივი მიზნის მიღწევა. სწორედ ამ ნიშნით განსხვავდება იგი მოთხოვნისაგან, რომლის რეალიზებაც ადრესატის ნებაზეა დამოკიდებული ---- შეასრულოს მოთხოვნის პირობა, თუმცა წინაპირობათა თვალსაზრისით ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესი პირობითად სამ კატეგორირიად შეიძლება დაიყოს: ხელშეკრულებიდან გასვლა ვადის გადაცილების ან არაჯეროვანი შესრულების გამო, ხელშეკრულებიდან გასვლა მისი შესრულების შეუძლებლობის გამო და ხელშეკრულებიდან გასვლა გულისხმიერების დარღვევის გამო. შეუძლებლობა შესრულების ვალდებულების სრული ანტიპოდია. ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადაცემულის უკან დაბრუნების (რესტიტუციის) უფლება წარმოადგენს მეორადი მოთხოვნის უფლებებს, რომლებიც წარმოიშვება ხელშეკრულების დარღვევიდან. თუმცა მათი რეალიზაცია დამოკიდებულია იმ ფაქტზე, ვალდებულების შესრულება ვალდებულების დარღვევის მიუხედავად შესაძლებელია თუ არა. იმ პირობებში, როდესაც შესასრულებელია ფულადი ვალდებულება, მხარემ ეს მოთხოვნა უნდა დააყენოს და არ გადავიდეს ისეთ მეორად მოთხოვნაზე, როგორიც ხელშეკრულებიდან გასვლაა. სასამართლო განმარტავს რომ ფულადი ვალდებულებების მიმართ (მოცემულ შემთხვევაში ნასყიდობის ფასისი გადახდის) შეუძლებლობის ინსტიტუტი არ მოქმედებს. ფულადი ვალდებულება გვაროვნული ვალდებულების უმკაცრეს ფორმას წარმოადგენს და მისი მოპოვება ბაზარზე ყოველთვის შეუზღუდავად არის შესაძლებელი. (მით უმეტეს მოცემულ შემთხვევაში აღსრულება შესაძლებელია მოვალის საკუთრებაში არსებული ქონებიდან) გარდა ამისა ფულადი ვალდებულების განსაზღვრა ყოველთვის წინასწარ არის შესაძლებელი და მის შემთხვევაში მოვალის მოსალოდნელი რისკისაგან და ვალდებულებათა დისბალანსისაგან დაცვის აუცილებლობა არ არსებობს. (ამ წესიდან გამონალისს ითვალისწინებს მხოლოდ 398-ე მუხლი) შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის და ასეთის შესრულების შესაძლებლობის შემთხვევაშიც კრედიტორის მოთხოვნა უნდა იყოს ვალდებულების შესრულება -- ნასყიდობის ფასის გადახდა და არა ხელშეკრულებიდან გასვლა.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

15. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,ა-----------ი’’-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლე: ოთარ სიჭინავა

 

მიხეილ გოგიშვილი