განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.11.2019
საქმის ნომერი
330310119003002786
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2407-19

საქმე №330310119003002786

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

21 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ლეილა მამულაშვილი

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი

გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი: ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე): სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

წარმომადგენელი: თ---------------–-;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): კ---–------ კ----- (K------ K---, დაბ. 05.05.1---–, პასპორტი P IND K-------, ი--------ის რესპუბლიკა) ;

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და უარი ეთქვას მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) კ---–------ კ----- (K------ K---) სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, 1) კ---–------ კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა; 2) ბათილად იქნა ცნობილი ,,კ---–------ კ-----ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №1000662644 გადაწყვეტილება; 3) მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა კ---–------ კ-----ის (K------ K---, დაბ. 05.05.1983 წელს, პასპორტის № K-------) 2019 წლის 11 აპრილის N1000662644 განცხადების ხელახალი განხილვა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.2.1. ი--------ის რესპუბლიკის მოქალაქე - კ---–------ კ-----იმ (K------ K---, დაბ. 05.05.1983 წელს, პასპორტის № K-------) 2019 წლის 11 აპრილს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოში შემოვიდა 2017 წლის 02 ივნისს (02:13:58 სთ.) სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ,,თბილისის“ საშუალებით.

 

3.2.3. საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებით დგინდება, რომ მოსარჩელესა და საქართველოში რეგისტრირებულ შპს „ჯ---- ჰ-------–ს“ შორის 2018 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კ---–------ კ-----ი მიღებული იქნა მზარეულის პოზიციაზე 2 წლის ვადით.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის N01/60715 წერილის პასუხად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2018 წლის 27 თებერვლის N21-11/21388 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და აცნობა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,ჯ---- ჰ-------–ს‘’ (ს/ნ 4--------) უფიქსირდება დეკლარაციების წარდგენა, გადასახადების გადახდა, მიღებული ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები. არ აქვს მინიჭებული რაიმე სტატუსი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია.

 

3.2.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის N1000662644/7 წერილით კ---–------ კ-----ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენა დაევალა 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით, კერძოდ, 1) ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარდგენილ შრომით ხელშეკრულებაში კომპანია შპს ,,ჯ---- ჰ-------–ის‘’ დირექტორის სახელია ,,გ---–----- ლ--–‘’, ხოლო სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში ,,გ---–----- ლ--–‘’, მოპასუხემ მიიჩნია, რომ წარდგენილი უნდა ყოფილიყო ურთიერთშესაბამისი მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია. 2. წარსადგენი იყო დადგენილი ფორმის განცხადება ფოტოსურათით. 3. წარდგენილ შრომით ხელშეკრულებაში განმცხადებლის სახელია ,,კ---–------ კ---‘’, ხოლო საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებაში ,,კ---–----- ჯ-----‘’, შესაბამისად, მოსარჩელემ დაავალა განმცხადებელს ურთიერთშესაბამისი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენა.

 

აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება განმცხადებელს განესაზღვრა 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით. ინფორმაცია განთავსდა ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge იმავე დღეს 2019 წლის 12 აპრილს.

 

3.2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2019 წლის 19 აპრილს მიღებულ იქნა №1000662644 გადაწყვეტილება, რომლითაც განუხილველი დარჩა 2019 წლის 11 აპრილის №1000662644 განცხადება, განუხილველად დატოვების საფუძველია განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების წარუდგენლობა.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

3.3.2. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

 

კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;

 

3.3.2. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განისაზღვრა უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-5 მუხლში.

 

3.3.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის N1000662644/7 წერილით კ---–------ კ-----ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენა დაევალა 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით, აღნიშნული დფოკუმეტაციის წარდგენის ვალდებულება განმცხადებელს განესაზღვრა 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით. ინფორმაცია განთავსდა ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge იმავე დღეს 2019 წლის 12 აპრილს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2019 წლის 19 აპრილს მიღებულ იქნა №1000662644 გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, ვინაიდან განმცხადებელმა ხარვეზი არ შეავსო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

 

3.3.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. გარდა ამისა მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესი. მეორე ნაწილი ადგენს, რომ თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. ხოლო წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

 

ამავე კოდექსის 61-ე მუხლი ადგენს, რომ წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის N1000662644/7 წერილი (ხარვეზის დადგენის თაობაზე) განთავსდა ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge იმავე დღეს 2019 წლის 12 აპრილს. მოსარჩელეს ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით. ამდენად, განმცხადებელს უფლება ჰქონდა საპროცესო მოქმედება შეესრულებინა 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით, ანუ ოცდაოთხ საათამდე გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა მისთვის განსაზღვრული ვადით სრულად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია 2019 წლის 19 აპრილს - განმცხადებლისათვის ხარვეზის შევსების ამოწურვის ვადამდე. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №1000662644 გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

3.3.5. სასამართლო განმარტებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ კ---–------ კ-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №1000662644 გადაწყვეტილება, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს კ---–------ კ-----ის მიერ 2019 წლის 11 აპრილის N1000662644 განცხადების ხელახალი განხილვა.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 393-ე მუხლზე, 394-ე მუხლის ,,ე" და ,,ე1" ქვეპუნქტებზე. აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით კ---–------ კ-----ის სრულად უნდა ეთქვას უარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა – იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა, მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამავე კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული სახის საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. ამავე დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრულია შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი. კერძოდ, აღნიშნულ მუხლში მითითებულია, რომ შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D1/D2); დ) მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

აპელანტი აღნიშნავს, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კ---–------ კ-----ის სრულყოფილად არ წარუდგენია შრომითი ბინადრობის ნებართვის განსახილველად კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია, რის გამოც დაუდგინდა ხარვეზი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. ამასთან, 2019 წლის 12 აპრილის №1000662644/7 ხარვეზის წერილით მოსარჩელეს დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარედგინა დასახელებული დადგენილების მე-6 მუხლის ,,ვ" პუნქტით გათვალისწინებული ფოტოსურათი, ზომით 3/4, ამასთან, წარდგენილ შრომით ხელშეკრულებაში კომპანია შპს ,,ჯ---- ჰ-------–ი"-ს დირექტორის სახელად მითითებულია ,,გ---–----- ლ--–", ხოლო სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში - ,,გურბაჩან ლ--–", შესაბამისად, წარსადგენი იყო ურთიერთშესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, წარდგენილ შრომით ხელშეკრულებაში განმცხადებლის სახელი იყო ,,კ---–------ კ-----", ხოლო საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებაში - ,,კ---–------ კ-----", წარსადგენი იყო ურთიერთშესაბამისი მონაცემების შემცველი დოკუმეტაცია 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეს სასამართლო პროცესზეც არ წარუდგენია ხსენებული დოკუმენტები. ვინაიდან 2019 წლის 12 აპრილის №1000662644/7 წერილით განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელს არ წარუდგენია ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო დოკუმენტები, განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დარჩა განუხილველად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიუთითებს, რომ მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის, 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 96-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონისა და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილების შესაბამისად, არ არსებობდა სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის N1000662644 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის N3/3772-19 გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

5.1. კ---–------ კ----- საქართველოში შემოვიდა 2017 წლის 02 ივნისს (02:13:58 სთ.), სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ,,თბილისის“ მეშვეობით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაცია (იხ. ს.ფ. 51).

 

5.2. ი--------ის რესპუბლიკის მოქალაქე - კ---–------ კ-----მა (K------ K---) 2019 წლის 11 აპრილს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 11.04.2019 წლის განცხადება (იხ.ს.ფ. 52-55).

 

5.3. კ---–------ კ-----სა და საქართველოში რეგისტრირებულ შპს „ჯ---- ჰ-------–ი-ს“ (ს/ნ 4--------) შორის 2018 წლის 30 სექტემბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კ---–------ კ-----ი მიღებულ იქნა მზარეულის პოზიციაზე, 2 (ორი) წლის ვადით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 58)

- 30.09.2018 წლის შრომითი ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 62-71)

 

5.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 27.02.2018 წლის N21-11/21388 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მისივე 2019 წლის 25 თებერვლის N01/60715 წერილის პასუხად, ეცნობა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,ჯ---- ჰ-------–ი-ს‘’ (ს/ნ 4--------) უფიქსირდება დეკლარაციების წარდგენა, გადასახადების გადახდა, მიღებული ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები. არ ჰქონდამინიჭებული რაიმე სტატუსი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 20.07.2017წ.

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 27.02.2019 წლის N21-11/21388 წერილი (იხ. ს.ფ. 72)

 

5.5. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 12.04.2019 წლის N1000662644/7 წერილით კ---–------ კ-----ს ეცნობა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქობისა და მიგრაციის სამასახურის წარმოებაშია კ---–------ კ-----ის (დაბ. 05.05.1---–) 11.04.2019 წლის N1000662644 განცხადება საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართის გაცემის თაობაზე.

 

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ: 1) წარდგენილ შრომით ხელშეკრულებაში კომპანია შპს ,,ჯ---- ჰ-------–ის" დირექტორის სახელია ,,გ---–----- ლ--–", ხოლო სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში - ,,გურბაჩან ლ--–". ამდენად, წარსადგენი იყო ურთიერთშესაბამისი მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია. 2) წარსადგენი იყო დადგენილი ფორმის განცხადება ფოტოსურათით. 3) წარდგენილ შრომით ხელშეკრულებაში განმცხადებლის სახელია ,,კ---–------ კ-----", ხოლო საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებაში - ,,კ---–------ კ-----“, შესაბამისად, წარსადგენია ურთიერთშესაბამისი მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია.

 

ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-5 მუხლის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო ხარვეზით დადგენილი დოკუმენტის წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით.

ასევე განემარტა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიტითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

5.6. ინფორმაცია განთავსდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge, იმავე დღეს, 2019 წლის 12 აპრილს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 12.04.2019 წლის N1000662644/7 წერილი (იხ. ს.ფ. 44)

- ინფორმაცია ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge განთავსების შესახებ (იხ.ს.ფ. 45)

 

5.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 19.04. 2019 წლის №1000662644 გადაწყვეტილების (კ---–------ კ-----ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე) თანახმად, 1) განუხილველი იქნა დატოვებული 2019 წლის 11 აპრილის №1000662644 განცხადება, კ---–------ კ-----ისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. 2) გადაწყვეტილება განთავსდეს სააგენტოს ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge. 3) განიმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.

გადაწყვეტილებაში აღინიშნა: ,,უცხოელთა და მოაქალაქობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განიხილა 2019 წლის 11 აპრილის №1000662644 განცხადება ი--------ის რესპუბლიკის მოქალაქის - კ---–------ კ-----ისთვის (დაბ. 05.05.1---–.) საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მას დაევალა წარედგინა: 1. წარდგენილ შრომით ხელშეკრულებაში კომპანია შპს ,,ჯ---- ჰ-------–ის" დირექტორის სახელია ,,გ---–----- ლ--–", ხოლო სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში - ,,გურბაჩან ლ--–". ამდენად, წარსადგენი იყო ურთიერთშესაბამისი მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია. 2. წარსადგენი იყო დადგენილი ფორმის განცხადება ფოტოსურათით. 3. წარდგენილ შრომით ხელშეკრულებაში განმცხადებლის სახელია ,,კ---–------ კ-----", ხოლო საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებაში - ,,კ---–------ კ-----“, შესაბამისად, წარსადგენია ურთიერთშესაბამისი მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენის აუცილებლობის თაობაზე სააგენტოს 12.04.2019 წლის N1000662644/7 გადაწყვეტილება გამოქვეყნდა სააგენტოს ინტერნეტგვერდზე.

 

განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის N117 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 ივლისის N311/ს ბრძანების საფუძველზე, მიღებულ იქნა განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 19.04.2019 წლის №1000662644 გადაწყვეტილება (იხ.ს. ფ. 11-12)

 

6. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე .

 

6.1. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხი არსებითად სწორად გადაწყვიტა, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

6.2. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

ამ კანონის 14.1 მუხლით, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 15.1.,,ა“ მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები: ა) შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე.

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა - იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით, შესაბამისად, სახელმწიფო გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილოს და გადაწყვიტოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების დადგენისა და შესწავლის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.

 

6.3. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 17.10. მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი.“

 

მითითებული ,,წესის" მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-5 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D1/D2); დ) მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში კ---–------ კ-----ის (K------ K---) მიერ წარდგენილი განცხადების განხილვის პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ განცხადება წარდგენილი იყო ხარვეზით. კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 12.04.2019 წლის N1000662644/7 წერილით განმცხადებელ კ---–------ კ-----ის (K------ K---) ეცნობა, რომ 1. წარდგენილ შრომით ხელშეკრულებაში კომპანია შპს ,,ჯ---- ჰ-------–ის" დირექტორის სახელია ,,გ---–----- ლ--–", ხოლო სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში - ,,გურბაჩან ლ--–". ამდენად, წარსადგენი იყო ურთიერთშესაბამისი მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია. 2. წარსადგენი იყო დადგენილი ფორმის განცხადება ფოტოსურათით. 3. წარდგენილ შრომით ხელშეკრულებაში განმცხადებლის სახელია ,,კ---–------ კ-----", ხოლო საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებაში - ,,კ---–------ კ-----“, შესაბამისად, წარსადგენია ურთიერთშესაბამისი მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია. ამასთანავე ეცნობა, რომ უნდა უზრუნველეყო ხარვეზით დადგენილი დოკუმენტის წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით. სააგენტოს 12.04.2019 წლის N1000662644/7 გადაწყვეტილება გამოქვეყნდა სააგენტოს ინტერნეტგვერდზე - sda.gov.ge - იმავე დღეს, 2019 წლის 12 აპრილს.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83.1. მუხლით, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. ამავე ნორმის, მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე-69-ე მუხლებით დადგენილი წესი, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. ხოლო წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

 

ამ კოდექსის 61-ე მუხლით, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი უფებამოსილ გახლდათ, ხარვეზით დადგენილი დოკუმენტები წარედგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით ანუ 2019 წლის 19 აპრილის ოცდაოთხ საათამდე (მათ შორის შეეძლო მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარედგინა ფოსტის მეშვეობით).

 

ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2019 წლის 19 აპრილის №1000662644 გადაწყვეტილებით, კ---–------ კ-----ის (K------ K---) განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად, იმ საფუძლით, რომ განმცხადებელმა არ შეავსო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზი, განსაზღვრულ ვადაში.

 

ყოველივე ზაემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პლატა იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას აღნიშნულთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელ (მოსარჩელე) კ---–------ კ-----ის (K------ K---) არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადით სრულად, ვინაიდან, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გმოცემული იქნა 2019 წლის 19 აპრილს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განმცხადებლისათვის ხარვეზის შევსების ამოწურვის დადგენილი ვადის (24:00 საათი) გასვლამდე და ამდენად, დასტურდება, რომ განცხადებელს ხარვეზის გამოსწორების რეალური, ფაქტობრივი შესაძლებლობა მისთვის დადგენილ ვადაში არ მიეცა, რაც თავის მხრივ არ შეესაბამება ზემოთ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ამ კოდექსის 331 მუხლით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხი მართებულად გადაწყვიტა, რამეთუ არსებობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №1000662644 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის კ---–------ კ-----ის 2019 წლის 11 აპრილის N1000662644 განცხადების ხელახალი განხილვის დავალების წინაპირობები.

 

ამრგად, სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38.1.,,ვ“ მუხლით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ვ) სააპელაციო საჩივარზე.

 

8.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი (იხ. ს.ფ. 108), რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე, 386-ე, 390-ე-391-ე; 397-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. აპელანტ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N6), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე, ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: ლეილა მამულაშვილი

 

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი

 

გიორგი ტყავაძე