განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.12.2019
საქმის ნომერი
330310017002080012
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
11.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002080012

საქმე №3ბ/2359-19

განჩინება

საქართველოს სახელით

11 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

წარმომადგენლები - ლ--------------------–------–---

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ კონკურენციის სააგენტო

წარმომადგენელი - მა--------------–---–ი

მესამე პირი - სს „არდი დაზღვევა“

მესამე პირი -სს სადაზღვევო კომპანია „უნისონი“

წარმომადგენელი - სა-–------------–-–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2016 წლის 25 ოქტომბერს, სს "სადაზღვევო კომპანია უნისონმა" N01/1008 საჩივრით მიმართა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო შესყიდვების წესით განხორციელებულ ელექტრონულ ტენდერებში არსებულ პირობას, რომელიც ადგენდა, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებდა მხოლოდ ბანკების მიერ, ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაცემულ საბანკო გარანტიას და აღნიშნული პირობა არღვევდა "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს (ს.ფ 1-22, 185-191, ტომი მეორე);

 

2016 წლის 8 ნოემბრის განცხადებით, სს "სადაზღვევო კომპანია უნისონმა" დააზუსტა 2016 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოში წარდგენილ საჩივარზე მოპასუხეთა წრე, მათ შორის დასახელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ასევე იმ ტენდერთა სია, რომელთა შეფასებაც უნდა მომხდარიყო, საჩივრის განხილვის ფარგლებში "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით. მათ შორის დასახელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული NAT 160001892 ელექტრონული ტენდერი. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2016 წლის 22 ნოემბრის N213 ბრძანებით, სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრი დასაშვებად იქნა ცნობილი, დაიწყო მოკვლევა ,,კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე და აღნიშნული მოკვლევის წარმოებისათვის შეიქმნა შესაბამისი ჯგუფი, ხოლო წარდგენილ საჩივარზე მოპასუხე მხარეებად განისაზღვრნენ შპს "საქართველოს მელიორაცია", შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია‘’, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თვითმართველი ქალაქის- ბათუმის მერია, სსიპ "მუნიციპალური განვთარების ფონდი" და ხაშურის მუნიციპალიტეტი (მხარეს წარმოადგენდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა)(ს.ფ. 68-69, ტომი პირველი).

 

2017 წლის 23 იანვარს, სს ,,არდი დაზღვევამ", სს "სადაზღვევო კომპანია უნისონის" N01/1008 საჩივრის ანალოგიური შინაარსის N1/17-0099 წერილით მიმართა კონკურენციის სააგენტოს და მოითხოვა შესაბამისი მოკლევის დაწყება სახელმწიფო შესყიდვების წესით განხორციელებულ ელექტრონულ ტენდერებში მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების წარდგენის მოთხოვნის შეუსაბამობას "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან (ს.ფ. 21-59, ტომი მეორე).

 

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2017 წლის 8 თებერვლის N04/35 ბრძანებით სააგენტოს 2016 წლის 22 ნოემბრის N213 ბრძანების საფუძველზე დაწყებული მოკვლევა გაფართოვდა, სს "არდი დაზღვევა" განისაზღვრა სს "სადაზღვევო კომპანია უნისონის" თანამომჩივან მხარედ და დაწყებული მოკვლევა წარიმართა დასახელებული სადაზღვევო კომპანიების საჩივრების ერთობლივად შესწავლით და შემდგომი ჩატარების კვლევის გზით.(ს.ფ. 21-59, ტომი მეორე).

 

„სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ნოემბრის №213 ბრძანების შესაბამისად“ განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დადასტურდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ხაშურის მუნიციპალიტეტის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მოკვლევის ფარგლებში განხილულ ტენდერებთან მიმართებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი, ასევე დადასტურდა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, SPA160026719 ტენდერთან მიმართებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე 10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი. ხოლო სადავო გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით, სახელმწიფო შესყიდვებში (გარდა დონორების სახსრებითა და მათ მიერ წამოყენებული პირობებით გამოცხადებული ტენდერებისა), მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების მოთხოვნა ჩაითვალა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევად. საბოლოოდ, ამავე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეთხოვა, შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის გადაეგზავნა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გაცემული N1 და N2 რეკომენდაციები, რომლებიც შემუშავდა სახელმწიფო შესყიდვებისას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების გამოყენების პროცესში კონკურენტული გარემოს დაცვის მიზნით (ს.ფ. 21-59, ტომი მეორე).

 

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2017 წლის 5 სექტემბრის N4/248 ბრძანებით კომპანია უნისონი“-ს საჩივრის დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ნოემბრის N213 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული მოკვლევის თაობაზე“ თანდართული სახით, ამავე ბრძანების მე-4 პუნქტით დადასტურდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ხაშურის მუნიციპალიტეტის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მოკვლევის ფარგლებში განხილულ ტენდერებთან მიმართებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი. ამავე ბრძანების მე-6 პუნქტით, სახელმწიფო შესყიდვებში (გარდა დონორების სახსრებითა და მათ მიერ წამოყენებული პირობებით გამოცხადებული ტენდერებისა), მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების მოთხოვნა ჩაითვალა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევად (ს.ფ. 19-20).

 

სსიპ კონკურენციის სააგენტომ აღნიშნულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს გასაუმჯობესებლად, მიზანშეწონილად მიიჩნია შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. კერძოდ, შემსყიდველს მიეცა რეკომენდაცია თავი შეიკავოს აღნიშნული პირობის სატენდერო დოკუმენტაციაში ჩადებისაგან და თანაბრად დაუშვას ბანკები და სადაზღვევო კომპანიები გარანტებად, როდესაც საქმე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფას ეხება.

 

მეორე რეკომენდაცია შეეხო უპირობო გარანტიის არსებობისას საგარანტიო მოთხოვნის წარდგენის მინიმალურ სტანდარტს, კერძოდ, სსკ-ის 885-ე მუხლის მიხედვით, საგარანტიო მოთხოვნის ტექსტში ან მის დანართში აუცილებლად უნდა მიეთითოს ის, თუ რაში გამოიხატა იმ ძირითადი ვალდებულებების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. თუ გარანტიით არ მოითხოვება და საგარანტიო თანხის მოთხოვნისას არ ხდება დანართების წარდგენა, დარღვევის შინაარსი უნდა აისახოს მოთხოვნის ტექსტში. როგორც განხილვის შედეგად გამოჩნდა, გამონაკლისს არც უპირობო საბანკო გარანტია წარმოადგენს. შესაბამისად მიზანშეწონილად ჩაითვალა საგარანტიო მოთხოვნის წარდგენისას, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა დაიცვან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლში გაწერილი საბანკო გარანტიის ანაზღაურების მოთხოვნის შემოაღნიშნული მინიმალური სტანდარტი.

 

მესამე რეკომენდაციით გაიწერა გარანტიის გამცემ სუბიექტებთან და გარანტიის ფორმებთან დაკავშირებული კანონომდებლობის სრულყოფა, რამდენადაც მოკვლევის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ გარანტიასთან დაკავშირებული პრობლემები გარკვეულწილად გაპირობებულია აღნიშნული საკითხის არასრული საკანონმდებლო რეგულირებით.

 

მეოთხე რეკომენდაციით გარანტთა მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებთან მიმართებით მონიტორინგის გამკაცრება. მიზანშეწონილად ჩაითვალა, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გაამკაცროს მონიტორინგი ამ მიმართულებით და უზრუნველყოს საბანკო გარანტიების გაცემის უფლებამოსილების შეჩერება ისეთი კომპანიებისათვის, რომლებიც შემჩნეულნი იქნებიან საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვადის გადაცილებაში, საამისოდ საპატიო მიზეზის არსებობის გარეშე (ს.ფ. 164-166. ტომი პირველი).

 

ამდენად, საქმეში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, N5 ზონაში შემავალი საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) და პერიოდული შეკეთების სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მე-2 თავის (ტექნიკური დოკუმენტაცია) 2.13 პუნქტის (ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია) 2.13.1 ქვეპუნქტით პრეტენდენტისათის სავალდებულო პირობად დადგინდა, რომ პრეტენდენტს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა წარედგინა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია. აღნიშნული პირობის ,,კონკურენციის შესახებ‘’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლთან შესაბამისობის დადგენის საკითხის კანონიერების შესწავლა წარმოადგენს მოცემული დავის საგანს (ს.ფ. 119-146, ტომი მე-2).

 

3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, კერძოდ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა, ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა, ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

 

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში მოცემულია კონკურენციის დეფინიცია, რომლის თანახმად კონკურენცია არის შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად.

 

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სააგენტოს თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს). ხოლო კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კონკურენციის პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სააგენტო. ამავე კანონის მე-172 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, ამ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს.

 

აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია აწარმოოს საქმის მოკვლევა წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით, ხოლო 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოში საჩივრის წარდგენის უფლება აქვს მომჩივანს. მან სააგენტოში საჩივართან ერთად უნდა წარადგინოს მტკიცებულებები. მომჩივანი მხარედ განიხილება და ეკისრება მტკიცების ტვირთი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტო განცხადების ან/და საჩივრის მიღებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სწავლობს განცხადების ან/და საჩივრის დასაშვებობის საკითხს. თუ განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს განცხადების განხილვაში შესაბამისი ეკონომიკური აგენტის მონაწილეობა და მისცეს მას განცხადების თაობაზე საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა. სააგენტო ვალდებულია საჩივარი აცნობოს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს. მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები საჩივრის თაობაზე. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს წარუდგენს საჩივრის თაობაზე საკუთარ შენიშვნებსა და მოსაზრებებს, სააგენტო საქმის მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. სააგენტო განმცხადებელს ან/და მომჩივანს აცნობებს განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების ან მის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე. სააგენტოს უფლება აქვს, მოსთხოვოს განმცხადებელს ან/და მომჩივანს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ვადა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია. განცხადებისა და საჩივრის ფორმებს, მათი წარდგენის წესს და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ვადებს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

 

,,განცხადებისა და საჩივრის ფორმები, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები“ დამტკიცებულია კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-1 ბრძანებით. მითითებული წესის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, განცხადებისა და საჩივრის ფორმები, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები შემუშავებულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ეს პროცედურა განსაზღვრავს კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში “სააგენტო”) წარსადგენი განცხადების და საჩივრის ფორმებს, მათი წარდგენის წესს, დასაშვებობის პროცედურებსა და ვადებს. ამავე წესის მე-6 მუხლის თანახმად, სააგენტო განცხადების/საჩივრის მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების/საჩივრის ამ პროცედურის მე–5 მუხლისა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონითა და ამ პროცედურის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის დებულებები, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო განცხადებას/საჩივარს შეისწავლის მისი შემოსვლიდან 30 დღის ვადაში. საქმის სირთულიდან გამომდინარე, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 დღით. აღნიშნულ ვადაში სააგენტოს გამოაქვს გადაწყვეტილება საჩივრის/განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება განმცხადებელს/მომჩივანს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ოქტომბერს, სს "სადაზღვევო კომპანია უნისონმა" N01/1008 საჩივრით მიმართა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო შესყიდვების წესით განხორციელებულ ელექტრონულ ტენდერებში მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების წარდგენის პირობის შეუსაბამობას "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო განსახილველ საჩივარზე ერთერთ მოპასუხედ დასახელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 

საქმის მოკვლევის წესსა და პროცედურებს განსაზღვრავს ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო მის მიერ საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იწყებს საქმის მოკვლევას და იღებს გადაწყვეტილებას არაუგვიანეს 3 თვისა.

 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-5 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის‘’ მე-2 მუხლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა განცხადების ან საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. საქმის მოკვლევის დაწყების საფუძველია გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ დარღვეულია კანონის შესაბამისი მუხლი. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, განცხადების/საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყების ან მის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებზე, ამ პუნქტების თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ: ა) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შერწყმა, კავშირების, ასოციაციების, გაერთიანებების ან სხვა სახის სამეწარმეო სტრუქტურების შექმნა, თუ ეს იწვევს კონკურენციის შესუსტებასა და შეზღუდვას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათების დაწესება, რომლებიც მას კონკურენტებთან (პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით უპირატესობას ანიჭებს და ზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2016 წლის 22 ნოემბრის N213 ბრძანებით, სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი, დაიწყო მოკვლევა ,,კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე და აღნიშნული მოკვლევის წარმოებისათვის შეიქმნა შესაბამისი ჯგუფი, ხოლო წარდგენილ საჩივარზე მოპასუხე მხარეებად განისაზღვრნენ შპს "საქართველოს მელიორაცია", შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თვითმართველი ქალაქის ბათუმის მერია, სსიპ "მუნიციპალური განვთარების ფონდი" და ხაშურის მუნიციპალიტეტი (მხარეს წარმოადგენდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა). აღნიშნულის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი პროცედურების შესაბამისად სადაზღვევო კომპანიების საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად, რამდენადაც სახეზე იყო საქმის მოკვლევის დაწყების საფუძვლიანი გონივრული ეჭვი კანონის (ზემოაღნიშნული მუხლის) შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნული მუხლების დანაწესებიდან ცხადია, რომ მოქმედი კანონმდებლობა თანაბრად ანიჭებს უფლებას როგორც ბანკებს, ასევე სადაზღვევო კომპანიებს, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასცენ საბანკო გარანტია.

 

წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში სასამართლოს მიერ შეფასებას ექვემდებარება საკითხი, თუ რამდენად ჰქონდა მოსარჩელეს, როგორც კანონმდებლობით განსაზღვრულ სუბიექტს, საბანკო გარანტიის გამცემი სუბიექტის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, შეფასებულ უნდა იქნეს სადავო აქტით შესწავლილი ტენდერის ფარგლებში, პრეტენდენტების მიერ მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიების მიღების პირობა იყო თუ არა შესაბამისობაში "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლთან და აღნიშნულიდან გამომდინარე კანონმდებლობის მოთხოვნებს შეესაბამება თუ არა სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „შესყიდვების კანონი“) მე-2 მუხლის თანახმად, მისი მიზანია სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი მომსახურების გაწევის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომების უზრუნველყოფა.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილება განსაზღვრავს მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნების მინიმალურ სტანდარტს, ხოლო შემსყიდველ ორგანიზაციას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება თავად განსაზღვროს პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი.

 

სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი რედაქციის მიხედვით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ‘’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა, ხოლო 31 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო შესყიდვების წარმოების პროცედურები რეგულირდება „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით (შემდგომში - „N9 ბრძანება“).

 

ამ ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, მე-4 პუნქტის მიხედვით კი, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესდეს პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური ვალდებულებები და სხვ.)

 

სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საბოლოოდ, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა, გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ან ამ ვალდებულებების გაუქმების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.

 

მოსარჩელის ძირითადი არგუმენტაცია მდგომარეობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ინტერესის შესაბამისად მოქმედებაში, რაც გამოიხატება მის ვალდებულებაში სახელმწიფო ასიგნები ხარჯოს რაციონალურად და აღნიშნული ინტერესის სრულყოფილი რეალიზაცია განახორციელოს, ეს კი მიიღწევა იმით, რომ მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული არასასურველი კონტრაქტორის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და სახელმწიფო შესყიდვებში გაღებული ხარჯები სწრაფად და ეფექტურად ანაზღაურდეს, იმ შემთხვევაში თუ ტენდერით დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული, შემსრულებელი ორგანიზაციის მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევისა თუ სხვა შეფერხების გამო.

 

სწორედ ამიტომ მოსარჩელის მიერ სატენდერო პირობებში ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად წარსადგენ საბანკო გარანტიის ერთ-ერთი კრიტერიუმად მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის მიღება დადგინდა და აღნიშნულით დაუშვებლად იქნა ცნობილი პრეტენდენტების მიერ სადაზღვევო კომპანიების გაცემული საბანკო გარანტიის წარდგენა, რაც დასაბუთდა, სადაზღვევო კომპანიების "არასანდობით", სადაზღვევო კომპანიების "არასანდოობა" კი დაეფუძნა მათთან წარსულში ურთიერთობის ნეგატიურ პრაქტიკას, მათ ფინანსურად არამყარობასა და შესაბამის ბაზარზე სათანადო გამოცდილების არქონას, საბანკო გარანტიის ამოქმედების შემდგომ, შემსყიდველისათვის თანხების ანაზღაურების ხანგრძლივობასა და დაუსრულებელ სასამართლო დავებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დებულებით იმპერატიულად არის დადგენილი შემსყიდველი ორგანიზაციის ვალდებულება, რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები, მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, რადგან სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხების რაციონალურად ხარჯვისათვის პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას.

 

ამდენად, მოსარჩელე მხარე ძირითად აქცენტს აკეთებს სახელმწიფო ინტერესზე, სახელმწიფო ასიგნების რაციონალურად ხარჯვასთან დაკავშირებით, რომელსაც განამტკიცებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი. თუმცა ამავე კანონის მე-13 მუხლი ადგენს, რომ შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის, კერძოდ აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მე-7 მუხლით დაცული სახელმწიფო ასიგნების ხარჯვის რაციონალურად ხარჯვის ინტერესი უნდა გახორციელდეს სწორედ მე-13 მუხლის შესაბამისად, უპირატესად ჯანსაღი კონკურენციის დაცვით, რომელიც თავის თავში მოიცავს, როგორც სახელმწიფო ასიგნების ხარჯვის რაციონალურობას, ასევე სხვა მნიშვნელოვან პრინციპებს, რაც ერთობლიობაში იცავს სახელმწიფოს არასასურველი ეკონომიკური შედეგებისა და ბაზრის არასტაბილურობისაგან. აღსანიშნავია, რომ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც აერთიანებს ამა თუ იმ კანონს, უნდა განიმარტოს სისტემური განმარტების გზით, იმ მიზნის შესაბამისად, რომლის მისაღწევადაც კანონმდებელმა მიიღო ამა თუ იმ ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმათა ერთობლიობა. აღნიშნულიდან გამომდინარე ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ‘’ საქართველოს კანონის მე-7 და მე-13 მუხლები უნდა განიმარტოს სისტემურად და მე-7 მუხლით დადგენილი სახელმწიფო ინტერესის შესაბამისად მოქმედების ფარგლები არ უნდა გასცდეს მე-13 მუხლით დადგენილ ფარგლებს და უნდა დაბალანსდეს აღნიშნული მუხლით დადგენილი ჩარჩო პრინციპებით, რადგან აღნიშნული ბალანსით მიიღწევა კანონის მიზანი, ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრება და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობა. სასამართლო ასევე განმარტავს და ეთანხმება მოპასუხეს იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ასიგნების რაციონალურად ხარჯვა სწორედ რომ ჯანსაღის კონკურენციის ფარგლებშია შესაძლებელი და აღნიშნულიდან გამომდინარე არ შეიძლება კონკურენციის შეზღუდვა გამართლდეს "რაციონალური ხარჯვის" ინტერესით. წარმოდგენილი არგუმენტაცია დადასტურებულია ასევე სადავო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოპასუხის მიერ განხორციელებული ეკონომიკურ ფაქტორების კვლევითა და საბოლოოდ, სადაზღვევო კომპანიების საბანკო გარანტიებით ვაჭრობის ბაზარზე დაშვების გამორიცხვის ნეგატიური ზეგავლენის დადგენით.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამრთლოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებიდან ამონარიდზე და მის კავშირზე განსახილველ დავასთან, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული კონკრეტული ნორმის განმარტება ეფუძნება კონკრეტულ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების სუბსუმცირებას, შესაბამისად, მარტოოდენ გადაწყვეტილებიდან ამონარიდი, რომელიც შესაძლოა შინაარსობრივად ჰგავდეს რომელიმე სხვა საქმის არსს, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა საქმესთან მიმართებით, იდენტური ფაქტობრივი გარემობებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების არსებობის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ დასახელებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხებოდა კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის სარჩელს, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის სახელმწიფო ინტერესთან შეუსაბამობის გამო განხორციელდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, რომელიც ეფუძნებოდა შესაბამის მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემობებს, თუ რატომ მოიაზრებოდა სადაზღვევო კომპანიის გარანტია სახელმწიფო ინტერესთან შეუსაბამოდ და სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან ნათლდ ჩანს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიმართ უნდობლობის დასაბუთება განხორციელდა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილებით და არა დისკრეციის ფარგლებში მისაღები დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულების უგულვებელყოფით, როგორც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ განხორციელდა, მარტოოდენ შეხედულებაზე დაყრდნობით სადაზღვევო კომპანიების საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე დაშვების სრული გამორიცხვით. სწორედ ამ პირობებში და სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, დასახელებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის გარანტია სახელმწიფო ინტერესთან შეუსაბამო იყო, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სრულიად განსხვავებულ ფაქტობრივ მოცემულობასთან გვაქვს საქმე, როდესაც მოსარჩელე არათუ ასაბუთებს კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის სახელმწიფო ინტერესთან შეუთავსებლობას, არამედ ყოველგვარი დასაბუთებისა და ტენდენციურ შეფასებებზე დაყრდნობით ახდენს სრულიად სადაზღვევო სექტორის, 16 მოქმედი სადაზღვევო კომპანიისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების საბანკო გარანტიის გაცემის ბაზარზე დაშვების აკრძალვას, რაც ეწინააღმდეგება კონკურენციის მომწესრიგებელ სამართლის ნორმებს და ზღუდავს ეკონომიკური აგენტის საქმიანობას, რითაც ირღვევა "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დანაწესი.

 

სასამართლოს განმარტებით, ჯანსაღი კონკურენცია უპირველესყოვლისა იწვევს ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიერ მიწოდებული მომსახურების გაუმჯობესებასა და სრულყოფას, რაც სახელმწიფო ასიგნების რაციონალურად ხარჯვასთან პირდაპირ კავშირშია და ნაკლები დანახარჯით სახელმწიფო იღებს ხარისხიან მომსახურებას, სადაზღვევო სექტორს კი კანონმდებლობით დადგენილი ისეთივე თანაბარი უფლება აქვს გასცეს საბანკო გარანტია, როგორც სხვა სამართლის სუბიექტებს, შესაბამისად სადაზღვევო სექტორის კონსერვაცია და მისი არდაშვება საბანკო გარანტიის გაცემის ბაზარზე, იწვევს ამ მხრივ სადაზღვევო სექტორის განვითარების შეფერხებას, რაც ისევ და ისევ სრულყოფილი საბაზრო ეკონომიკის საწინააღმდეგო ქმედებაა და სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითრებას აფერხებს. შედეგად ვიღებთ ერთგვარ ჩაკეტილ წრეს, სადაც მოსარჩელე, ერთის მხრივ, სადაზღვევო კომპანიების არაკომპეტენტურობაზე აპელირებს, თუმცა მათი საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე არდაშვებით, თავადვე ზღუდავს ამ სეგმენტში მათი საქმიანობის ხარისხის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას, რაც, ცხადია, დაუშვებელია, ჯანსაღი კონკურენციისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის მიზანდასახული სახელმწიფოს შექმნის პირობებში.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას, რომ სააგენტომ მოსარჩელის მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტებას სახელმწიფო ინტერესთან მიმართებაში შეფასება არ მისცა დაუსაბუთებელია, რადგან, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მიერ დასახელებული სასამართლო გადაწყვეტილებიდან ამონარიდი/ განმარტება არ არის კავშირში მოცემულ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემობებთან და ვერ იქნება გაზიარებული სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთების კუთხით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმარტებული სამარლებრივი ნორმის, სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედ რედაქციის, კერძოდ, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანების 21- ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხოლოს მე-6 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში კონკრეტულ შემთხვევაში დაესაბუთებინა, თუ რატომ ეწინააღმდეგება სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია საქართველოს კანონმდებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა და მოსარჩელე სატენდერო პირობის განსაზღვრისას დაეყრდნო მარტოოდენ ტენდენციურ შეფასებასა და აბსტრაქტულ მოსაზრებებს, რომლებიც არ არის გამყარებული შესაბამისი სახის მტკიცებულებებით, რითაც დასაბუთდებოდა დასახელებული ეკონომიკური აგენტების მიმართ მსგავსი შეზღუდვის დაწესება.

 

წარმოდგენილი სარჩელითა და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარე თავის ახსნა- განმარტებაში არ ეთანხმება სადავო აქტში განვითარებულ არგუმენტებს, რომ ,,საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე" სადაზღვევო კომპანიების შეზღუდვა ვერ გააძვირებდა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერს, რადგან საბანკო გარანტიაზე პრეტენდენტის მიერ გაღებული ხარჯი წარმოადგენს მის ინდივიდუალურ დანახარჯს, რომელიც დამოუკიდებელია ტენდერის ხარჯისაგან. მოსარჩელის განმარტებით, საბანკო დაწესებულება და სადაზღვევო კომპანიები განსხვავებულ სფეროში მოღვაწე სუბიექტები არიან და სწორედ ამ მიზეზის გამო საბანკო დაწესებულებები უფრო მეტად კომპეტენტურნი არიან, სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან და როგორც საბანკო დაწესებულებებს, უფრო მეტად ახასიათებთ ფინანსური სიმყარე, სადაზღვევო კომპანიებისაგან განსხვავებით, რომლებიც, მიუხედავად მათი მაკონტროლებელი ორგანოს-სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უამრავი ბერკეტისა და რეგულაციისა, მაინც ვერ უზრუნველყოფენ იმ დონის ფინანსურ სიმყარეს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში არსებული ფინანსური რისკების დაზღვევა იტვირთონ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია, რომ მოსარჩელე მხარის ქმედება სადაზღვევო კომპანიების მიმართ არათუ ზოგავს სახელმწიფო სახსრებს, არამედ პირიქით, იწვევს სახელმწიფო ხარჯის ზრდას, რაც გამოიხატება ბანკების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის სიძვირეში და ამ მხრივ პრეტენდენტი ან საერთოდ არ იღებს მონაწილეობას ტენდერში ან მცირდება მათი რაოდენობა და შესაბამისად, სახელმწიფოს შეზღუდული არჩევანი აქვს და იძულებულია დათანხმდეს უფრო ძვირ მომსახურებას. ასევე, პრეტენდენტების მიერ სწორედ მომსახურების ფასის ზრდით ხდება კომპენსირება იმ საბანკო გარანტიის ხარჯისა, რომელსაც ბანკი გასცემს, აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ბანკის მიერ საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობით სახელმწიფო უფრო მეტ ფინანსურ ზარალს იღებს, ვიდრე ეს იქნებოდა სადაზღვევო კომპანიების საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე არსებობისა და ბანკებისათვის ჯანსაღი კონკურენციის გაწევის შემთხვევაში. აღნიშნული დასკვნა გამყარებულია სადავო აქტში ამ მიმართულებით ჩატარებული ეკონომიკური ანალიზის შედეგებითაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ასევე დაუსაბუთებელია მოსარჩელის არგუმენტი და მითითება სახელმწიფო ასიგნების რაციონალ ხარჯვაზე, საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე სადაზღვევო კომპანიების წვდომის შეზღუდვის პირობებში.

 

მოსარჩელის მიერ დასახელებული არგუმენტის "სადაზღვევო კომპანიების" არასანდოობასთან დაკავშირებით, რაც ეფუძნება შესაბამის სფეროში არაკომპეტენტურობასა და წარსულში სადაზღვევო კომპანიებთან "ურთიერთობის ნეგატიურ პრატიკას", სასამართლომ ამ მიმართულებით სხდომაზე დაკითხა სპეციალისტი, რომლის განმარტებებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადაზღვევო კომპანიების ფინანსურ გარანტიებს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა, ხოლო აღნიშნული პირობების დაცვის კონტროლი ევალება სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, სწორედ ამ სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიების სანდოობის უზრუნველყოფა. მარტოოდენ იმაზე მითითება, რომ აღნიშნული სამსახური ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ვერ გახდება მთლიანი სადაზღვევო კორპუსისათვის, საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე წვდომის შეზღუდვის საფუძველი. კანონმდებლობა ასევე ადგენს კონკრეტულ პირობებს და წესებს, იმ საწყის კაპიტალს, რის შემდგომაც სადაზღვევო კომპანია იღებს შესაბამის ლიცენზიას, სამსახურის კონტროლის მექანიზმი არ ამოიწურება მარტოოდენ ლიცენზიის გაცემის ეტაპზე კომპანიის მინიმალური ფინანსური რესურსების კონტროლით, არამედ მისი ერთიერთი მთავარი ფუნქციაა კომპანიის კონტროლი საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში და შესაბამისი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიის მიმართ სანქციის გამოყენება, რაც შესაძლოა გამოიხატოს მისი საქმიანობის შეჩერებითაც.

 

სამსახურის კონტროლის მექანიზმი ასევე გამოიხატება სადაზღვევო კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებისა და არსებული კაპიტალის ურთიერთშეფარდების კონტროლითაც. ასევე სადაზღვევო რეზერვისა და გადაზღვევის პრინციპების ერთობლიობა საკმაოდ მყარ ფინანსური სტაბილურობის საფუძველს ქმნის. აღნიშნული საკითხები კი სრულყოფილად იქნა გამოკვლეული მოპასუხე მხარის მიერ, რომლის თაობაზე მითითებულია ვრცლად სადავო აქტის შესაბამის ნაწილში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მარტოოდენ მოსაზრება სადაზღვევო კომპანიების ფინანსურ არამდგრადობასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია მრავალმხრივი კვლევა და დასაბუთებული არგუმენტები სადაზღვევო კომპანიების ფინანსურ სიმყარესთან დაკავშირებით დღეს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების პირობებში. თუნდაც იმ მოცემულობით, რომ გარკვეული სადაზღვევო კომპანიების მიმართ წარსულში ნამდვილად ჰქონდა დასაბუთებული პრეტენზიები მოსარჩელე მხარეს, სასამართლო იზიარებს სააგენტოს პოზიციას, რომლითაც მიზანშეუწონლად არის მიჩნეული სახელმწიფო შესყიდვებში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების ბაზრის ჩაკეტვა მთელი სექტორისათვის. სწორედ ამიტომ გაიცა წერილობითი რეკომენდაციები კონკურენციის სააგენტოს მიერ, როდესაც მითითებულ იქნა გარანტთა მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებთან მიმართებით მონიტორინგის გამკაცრება. აღნიშნულზე კონტროლი კი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ამ სამსახურმა უზრუნველყოს საბანკო გარანტიების გაცემის უფლებამოსილების შეჩერება ისეთი კომპანიებისათვის, რომლებიც შემჩნეულნი იქნებიან საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვადის გადაცილებაში, საამისოდ საპატიო მიზეზის არსებობის გარეშე. ამდენად, სადავო შემთხვევასთან მიმართებაში სრულიად საფუძვლიანად იქნა მიჩნეულ ამ სექტორისათვის მონიტორინგის გამკაცრება და არა სახელმწიფო შესყიდვებში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების ბაზრის მთელი სექტორისათვის ჩაკეტვა.

 

მოქმედი კანონმდებლობით, საბანკო გარანტიის ამოქმედების შემთხევაში გარანტი ვალდებულია ბენეფიციარის მოთხოვნის შემდგომ განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები, რათა ბენეფიციარის მოთხოვნის შესაბამისობა დადგინდეს გაცემული გარანტიის პირობებთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 886-ე მუხლის მიხედვით, ბენეფიციარის მოთხოვნის შემდგომ, გრანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარის მიერ თანხის ანზღაურების მოთხოვნის შესახებ პრინციპალს და გადასცეს მოთხოვნის ასლი, მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციით, ხოლო გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული მასალით გონივრულ ვადაში უნდა განიხილოს და გამოიჩინოს გონუვრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა გარანტიის პირობებს. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესიდან ცხადია, რომ გარანტიის გამცემს, მოცემულ შემთხვევაში სადაზღვევოს კომპანიას, არათუ უფლება აქვს, არამედ იგი ვალდებულია, რომ დაადგინოს მოთხოვნის შესაბამისობა, გარანტიის პირობებთან, რისთვისაც იგი მიმართავს, როგორც ბენეფიციარს, ასევე პრინციპალს და აწვდის შესაბამის ინფორმაციას, რადგან გარანტიის საწინააღმდეგო პირობების არსებობის შემთხვევაში გარანტი კარგავს პრინციპალისაგან რეგრესის წესით თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული მოქმედებების ჩასატარებლად გარანტს კანონმდებლობით არ აქვს განსაზღვრული კონკრეტული ვადა, რადგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემობებიდან გამომდინარე, გარანტიით განსაზღვრული თანხის ანაზღაურებისათვის საჭიროა განსხვავებული პერიოდი, თუმცა ეს ვადაც შეზღუდულია "გონივრულობის" ფარგლებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლო დაეთანხმა მოპასუხეს, რომ „გარანტიის უპირობობა“ არ გულისხმობს ყოველგარი მოქმედებების გარეშე, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის თანხის ანაზღაურებას, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა როგორც ამ ინსტიტუტის მიზნებთან, ასევე ზოგად სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ იგი გულისხმობს გონივრულობის ფარგლებით შეზღუდულ ვადებში ბენეფიციარის მოთხოვნის განხილვას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სადაზღვევო კომპანია მოქმედებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებათა ფარგლებში, ყველა შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს, როგორც "არასანდო/არაკეთილსინდისიერი" მოქმედება. ყველა კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტიც ვერ იქნება გაზიარებული სადაზღვევო კომპანიების „არასანდოობის“ სტატუსის გასამყარებლად, რადგან საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა ორივე მხარის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და, ცხადია, აღნიშნული საფუძვლითაც ვერ დასაბუთდება მთლიანი სადაზღვევო სექტორის პარალიზება საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32- ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული 2016 წლის 22 ნოემბრის №213 ბრძანების შესაბამისად“ განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე გადაწყვეტილების მე-3 და მე-5 პუნქტები, ასევე „კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ნოემბრის №213 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 5 სექტემბრის №04/248 ბრძანების მე-4 და მე-6 პუნქტები მოსარჩელესთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში გამოცემულია კანონის სრული დაცვით, საქმის ფაქტობრივი გარემობების სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე და ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი.

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო არასწორად უთითებს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-13 მუხლები უნდა განიმარტოს სისტემურად და მე-7 მუხლით დადგენილი სახელმწიფო ინტერესის შესაბამისად მოქმედების ფარგლებში არ უნდა გასცდეს მე-13 მუხლით დადგენილ ფარგლებს. აღნიშნული ნორმები აძლევს შესაძლებლობას და აკისრებს ვალდებულებას დეპარტამენტს განსაზღვროს ფაქტობრივი გარემოებების შეფასების (კანონით დადგენილი დანაწესების ფარგლებში) შედეგად შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას. ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრების ხელშეწყობა და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობა არანაირად არ გულისხმობს უპირობოდ სახელმწიფო ინტერესის დაკნინებას ყველა შემთხვევაში. დეპარტამენტმა გადაწყვეტილება სატენდერო პირობად მხოლოდ საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით მიიღო არა იმიტომ რომ მას „ასე სურდა“, არამედ იმიტომ რომ (დეტალურად არის მითითებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში) არსებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდა აღნიშნულის საფუძველს და ეს ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ არ შეაფასა სათანადოდ.

 

სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტები (საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ ვადებში თანხის გადაუხდელობა) დადგენილია და წარმოდგენილია საქმეში. სასამართლოს მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 886-ე მუხლზე იმის დასტურად რომ სადაზღვევო კომპანიებს მხოლოდ „გონივრულობის“ ფარგლებში არსებული ვადები შეიძლება ქონდეთ ვალდებულების შესრულებისათვის მიუღებელია, ვინაიდან საბანკო გარანტიის არსის გათვალისწინებით, როდესაც გარანტია თავად ითვალისწინებს კონკრეტულ შესრულების ვადებს, რაც არის სწორედ უპირობო ვადა (მათ შორის „გონივრულიც“), ვალდებულება უპირობოდ უნდა შესრულდეს აღნიშნულ ვადაში. შესაბამისად, ცხადია, რომ სასამართლომ სადაზღვევო კომპანიებისაგან ვალდებულებების შეუსრულებლობის დადგენილი ფაქტები არ მიიჩნია დადგენილ ფაქტებად, ფაქტიურად „აპატია“ დარღვევები და შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ დადგენილი პირობა ჩათვალა, რომ იყო დეპარტამენტის უსაფუძვლო გადაწყვეტილება.

 

სადაზღვევო სექტორში არსებული პრობლემები არსებობს და აღნიშნულმა განაპირობა სათანადო მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა (2018 წლის 27 აპრილს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის N30 ბრძანებით შევიდა ცვლილება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის #03 ბრძანებაში „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“. კერძოდ, მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს დაემატა ფორმა N16 „ინფორმაციას ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში ზარალებისა და ამ სახეობაში მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ“);

 

სადაზღვევო კომპანიების „არასაიმედოობას“ ამყარებს სადაზღვევო კომპანიების შესაძლებლობა გასცენ გარანტიები რომლებიც არ ექნებათ პრინციპალის მხრიდან შესაბამისი ქონებით ან ფულადი თანხით უზრუნველყოფილი და არც გადაზღვეული ვალდებულება. შესაბამისად, საგარანტიო თანხის ანაზღაურების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიებს რეგრესის უფლებით თანხის მიღება საკმაო პრობლემად ექცევათ და ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად მაქსიმალურად თავს არიდებენ გარანტიით გათვალისწინებულ ვადებში (რა ვადაშიც ვალდებული არიან შეასრულონ აღებული ვალდებულებები) გასცენ თანხები. საბანკო რეგულაციებით პირდაპირ აკრძალულია არაუზრუნველყოფილი საბანკო გარანტიების გაცემა და მეტიც - იმ ვალდებულებების აღება, რომელიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, მაგრამ არ არის პირის საკრედიტო შესაძლებლობა მოკვლეული, მხოლოდ საკუთარი კაპიტალის 15%-ის ფარგლებში შეუძლიათ. შესაბამისად, საბანკო დაწესებულებიდან თანხების გამოთხოვის შემთხვევაში ბანკებს არ უდგებათ ის საკითხი, რომ რეგრესის წესით ანაზღაურება პრინციპალებისაგან უზრუნველყოფის გარეშე შეიძლება დაურჩეთ.

 

აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი შეფასებით და ამ ფაქტებთან მიმართებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-13 მუხლების სწორი განმარტებით სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა დეპარტამენტის სარჩელი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ოქტომბერს, სს ,,სადაზღვევო კომპანია უნისონმა“ N01/1008 საჩივრით მიმართა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო შესყიდვების წესით განხორციელებულ ელექტრონულ ტენდერებში არსებულ პირობას, რომელიც ადგენდა, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებდა მხოლოდ ბანკების მიერ, ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაცემულ საბანკო გარანტიას და აღნიშნული პირობა არღვევდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს (ს.ფ 1-22, 185-191, ტომი მეორე);

 

2016 წლის 8 ნოემბრის განცხადებით, სს ,,სადაზღვევო კომპანია უნისონმა“ დააზუსტა 2016 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოში წარდგენილ საჩივარზე მოპასუხეთა წრე, მათ შორის დასახელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ასევე იმ ტენდერთა სია, რომელთა შეფასებაც უნდა მომხდარიყო, საჩივრის განხილვის ფარგლებში ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით. მათ შორის დასახელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული NAT 160001892 ელექტრონული ტენდერი.

 

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2016 წლის 22 ნოემბრის N213 ბრძანებით, სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი, დაიწყო მოკვლევა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე და აღნიშნული მოკვლევის წარმოებისათვის შეიქმნა შესაბამისი ჯგუფი, ხოლო წარდგენილ საჩივარზე მოპასუხე მხარეებად განისაზღვრნენ შპს ,,საქართველოს მელიორაცია“, შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თვითმართველი ქალაქის- ბათუმის მერია, სსიპ ,,მუნიციპალური განვთარების ფონდი“ და ხაშურის მუნიციპალიტეტი (მხარეს წარმოადგენდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა)(ს.ფ. 68-69, ტომი პირველი).

 

2017 წლის 23 იანვარს, სს ,,არდი დაზღვევამ“, სს ,,სადაზღვევო კომპანია უნისონის“ N01/1008 საჩივრის ანალოგიური შინაარსის N 1/17-0099 წერილით მიმართა კონკურენციის სააგენტოს და მოითხოვა შესაბამისი მოკლევის დაწყება სახელმწიფო შესყიდვების წესით განხორციელებულ ელექტრონულ ტენდერებში მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების წარდგენის მოთხოვნის შეუსაბამობას "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან (ს.ფ. 21-59, ტომი მეორე).

 

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2017 წლის 8 თებერვლის N04/35 ბრძანებით სააგენტოს 2016 წლის 22 ნოემბრის N213 ბრძანების საფუძველზე დაწყებული მოკვლევა გაფართოვდა, სს "არდი დაზღვევა" განისაზღვრა სს "სადაზღვევო კომპანია უნისონის" თანამომჩივან მხარედ და დაწყებული მოკვლევა წარიმართა დასახელებული სადაზღვევო კომპანიების საჩივრების ერთობლივად შესწავლით და შემდგომი ჩატარების კვლევის გზით.(ს.ფ. 21-59, ტომი მეორე).

 

სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ნოემბრის №213 ბრძანების შესაბამისად“ განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დადასტურდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ხაშურის მუნიციპალიტეტის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მოკვლევის ფარგლებში განხილულ ტენდერებთან მიმართებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი, ასევე დადასტურდა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, SPA160026719 ტენდერთან მიმართებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე 10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი. ხოლო სადავო გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით, სახელმწიფო შესყიდვებში (გარდა დონორების სახსრებითა და მათ მიერ წამოყენებული პირობებით გამოცხადებული ტენდერებისა), მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების მოთხოვნა ჩაითვალა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევად. საბოლოოდ, ამავე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეთხოვა, შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის გადაეგზავნა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გაცემული N1 და N2 რეკომენდაციები, რომლებიც შემუშავდა სახელმწიფო შესყიდვებისას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების გამოყენების პროცესში კონკურენტული გარემოს დაცვის მიზნით (ს.ფ. 21-59, ტომი მეორე).

 

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2017 წლის 5 სექტემბრის N4/248 ბრძანებით კომპანია უნისონი“-ს საჩივრის დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ნოემბრის N213 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული მოკვლევის თაობაზე“ თანდართული სახით, ამავე ბრძანების მე-4 პუნქტით დადასტურდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ხაშურის მუნიციპალიტეტის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მოკვლევის ფარგლებში განხილულ ტენდერებთან მიმართებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი. ამავე ბრძანების მე-6 პუნქტით, სახელმწიფო შესყიდვებში (გარდა დონორების სახსრებითა და მათ მიერ წამოყენებული პირობებით გამოცხადებული ტენდერებისა), მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების მოთხოვნა ჩაითვალა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევად (ს.ფ. 19-20).

 

სსიპ კონკურენციის სააგენტომ აღნიშნულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს გასაუმჯობესებლად, მიზანშეწონილად მიიჩნია შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. კერძოდ, შემსყიდველს მიეცა რეკომენდაცია თავი შეიკავოს აღნიშნული პირობის სატენდერო დოკუმენტაციაში ჩადებისაგან და თანაბრად დაუშვას ბანკები და სადაზღვევო კომპანიები გარანტებად, როდესაც საქმე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფას ეხება.

 

მეორე რეკომენდაცია შეეხო უპირობო გარანტიის არსებობისას საგარანტიო მოთხოვნის წარდგენის მინიმალურ სტანდარტს, კერძოდ, სსკ-ის 885-ე მუხლის მიხედვით, საგარანტიო მოთხოვნის ტექსტში ან მის დანართში აუცილებლად უნდა მიეთითოს ის, თუ რაში გამოიხატა იმ ძირითადი ვალდებულებების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. თუ გარანტიით არ მოითხოვება და საგარანტიო თანხის მოთხოვნისას არ ხდება დანართების წარდგენა, დარღვევის შინაარსი უნდა აისახოს მოთხოვნის ტექსტში. როგორც განხილვის შედეგად გამოჩნდა, გამონაკლისს არც უპირობო საბანკო გარანტია წარმოადგენს. შესაბამისად მიზანშეწონილად ჩაითვალა საგარანტიო მოთხოვნის წარდგენისას, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა დაიცვან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლში გაწერილი საბანკო გარანტიის ანაზღაურების მოთხოვნის შემოაღნიშნული მინიმალური სტანდარტი.

 

მესამე რეკომენდაციით გაიწერა გარანტიის გამცემ სუბიექტებთან და გარანტიის ფორმებთან დაკავშირებული კანონომდებლობის სრულყოფა, რამდენადაც მოკვლევის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ გარანტიასთან დაკავშირებული პრობლემები გარკვეულწილად გაპირობებულია აღნიშნული საკითხის არასრული საკანონმდებლო რეგულირებით.

 

მეოთხე რეკომენდაციით გარანტთა მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებთან მიმართებით მონიტორინგის გამკაცრება. მიზანშეწონილად ჩაითვალა, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გაამკაცროს მონიტორინგი ამ მიმართულებით და უზრუნველყოს საბანკო გარანტიების გაცემის უფლებამოსილების შეჩერება ისეთი კომპანიებისათვის, რომლებიც შემჩნეულნი იქნებიან საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვადის გადაცილებაში, საამისოდ საპატიო მიზეზის არსებობის გარეშე (ს.ფ. 164-166. ტომი პირველი).

 

ამდენად, საქმეში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, N5 ზონაში შემავალი საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) და პერიოდული შეკეთების სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მე-2 თავის (ტექნიკური დოკუმენტაცია) 2.13 პუნქტის (ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია) 2.13.1 ქვეპუნქტით პრეტენდენტისათის სავალდებულო პირობად დადგინდა, რომ პრეტენდენტს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა წარედგინა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია (ს.ფ. 119-146, ტომი მე-2).

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში პალატის მიერ შეფასებას ექვემდებარება საკითხი, თუ რამდენად ჰქონდა მოსარჩელეს, როგორც კანონმდებლობით განსაზღვრულ სუბიექტს, საბანკო გარანტიის გამცემი სუბიექტის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, შეფასებულ უნდა იქნეს სადავო აქტით შესწავლილი ტენდერის ფარგლებში, პრეტენდენტების მიერ მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიების მიღების პირობა იყო თუ არა შესაბამისობაში "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლთან და აღნიშნულიდან გამომდინარე კანონმდებლობის მოთხოვნებს შეესაბამება თუ არა სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები.

 

,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტების თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ: ა) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შერწყმა, კავშირების, ასოციაციების, გაერთიანებების ან სხვა სახის სამეწარმეო სტრუქტურების შექმნა, თუ ეს იწვევს კონკურენციის შესუსტებასა და შეზღუდვას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათების დაწესება, რომლებიც მას კონკურენტებთან (პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით უპირატესობას ანიჭებს და ზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „შესყიდვების კანონი“) მე-2 მუხლის თანახმად, მისი მიზანია სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი მომსახურების გაწევის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომების უზრუნველყოფა.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილება განსაზღვრავს მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნების მინიმალურ სტანდარტს, ხოლო შემსყიდველ ორგანიზაციას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება თავად განსაზღვროს პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი.

 

სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი რედაქციის მიხედვით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა, ხოლო 31 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო შესყიდვების წარმოების პროცედურები რეგულირდება „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით (შემდგომში - „N9 ბრძანება“).

 

ამ ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, მე-4 პუნქტის მიხედვით კი, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესდეს პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური ვალდებულებები და სხვ.)

 

სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საბოლოოდ, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა, გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ან ამ ვალდებულებების გაუქმების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის არგუმენტაცია ეფუძნება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ინტერესის შესაბამისად მოქმედებას, რაც გამოიხატება მის ვალდებულებაში სახელმწიფო ასიგნები ხარჯოს რაციონალურად და აღნიშნული ინტერესის სრულყოფილი რეალიზაცია განახორციელოს, ეს კი მიიღწევა იმით, რომ მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული არასასურველი კონტრაქტორის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და სახელმწიფო შესყიდვებში გაღებული ხარჯები სწრაფად და ეფექტურად ანაზღაურდეს, იმ შემთხვევაში თუ ტენდერით დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული, შემსრულებელი ორგანიზაციის მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევისა თუ სხვა შეფერხების გამო.

 

სწორედ ამიტომ მოსარჩელის მიერ სატენდერო პირობებში ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად წარსადგენ საბანკო გარანტიის ერთ-ერთი კრიტერიუმად მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის მიღება დადგინდა და აღნიშნულით დაუშვებლად იქნა ცნობილი პრეტენდენტების მიერ სადაზღვევო კომპანიების გაცემული საბანკო გარანტიის წარდგენა, რაც დასაბუთდა, სადაზღვევო კომპანიების ,,არასანდობით“, სადაზღვევო კომპანიების ,,არასანდოობა“ კი დაეფუძნა მათთან წარსულში ურთიერთობის ნეგატიურ პრაქტიკას, მათ ფინანსურად არამყარობასა და შესაბამის ბაზარზე სათანადო გამოცდილების არქონას, საბანკო გარანტიის ამოქმედების შემდგომ, შემსყიდველისათვის თანხების ანაზღაურების ხანგრძლივობასა და დაუსრულებელ სასამართლო დავებს. ამდენად, მოსარჩელე მხარე ძირითად აქცენტს აკეთებს სახელმწიფო ინტერესზე, სახელმწიფო ასიგნების რაციონალურად ხარჯვასთან დაკავშირებით, რომელსაც განამტკიცებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი, რომლითაც იმპერატიულად არის დადგენილი შემსყიდველი ორგანიზაციის ვალდებულება, რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები, მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, რადგან სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხების რაციონალურად ხარჯვისათვის პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას, თუმცა სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამავე კანონის მე-13 მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის, კერძოდ აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-13 მუხლები უნდა განიმარტოს სისტემურად და მე-7 მუხლით დადგენილი სახელმწიფო ინტერესის შესაბამისად მოქმედების ფარგლები არ უნდა გასცდეს მე-13 მუხლით დადგენილ ფარგლებს და უნდა დაბალანსდეს აღნიშნული მუხლით დადგენილი ჩარჩო პრინციპებით, რადგან აღნიშნული ბალანსით მიიღწევა კანონის მიზანი, ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრება და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობა. სააპელაციო პალატა იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ რომ სახელმწიფო ასიგნების რაციონალურად ხარჯვა სწორედ ჯანსაღის კონკურენციის ფარგლებშია შესაძლებელი და აღნიშნულიდან გამომდინარე არ შეიძლება კონკურენციის შეზღუდვა გამართლდეს ,,რაციონალური ხარჯვის“ ინტერესით. წარმოდგენილი არგუმენტაცია დადასტურებულია ასევე სადავო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოპასუხის მიერ განხორციელებული ეკონომიკურ ფაქტორების კვლევითა და საბოლოოდ, სადაზღვევო კომპანიების საბანკო გარანტიებით ვაჭრობის ბაზარზე დაშვების გამორიცხვის ნეგატიური ზეგავლენის დადგენით.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელე მხარის ქმედება სადაზღვევო კომპანიების მიმართ არათუ ზოგავს სახელმწიფო სახსრებს, არამედ პირიქით, იწვევს სახელმწიფო ხარჯის ზრდას, რაც გამოიხატება ბანკების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის სიძვირეში და ამ მხრივ პრეტენდენტი ან საერთოდ არ იღებს მონაწილეობას ტენდერში ან მცირდება მათი რაოდენობა და შესაბამისად, სახელმწიფოს შეზღუდული არჩევანი აქვს და იძულებულია დათანხმდეს უფრო ძვირ მომსახურებას. ასევე, პრეტენდენტების მიერ სწორედ მომსახურების ფასის ზრდით ხდება კომპენსირება იმ საბანკო გარანტიის ხარჯისა, რომელსაც ბანკი გასცემს, აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ბანკის მიერ საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობით სახელმწიფო უფრო მეტ ფინანსურ ზარალს იღებს, ვიდრე ეს იქნებოდა სადაზღვევო კომპანიების საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე არსებობისა და ბანკებისათვის ჯანსაღი კონკურენციის გაწევის შემთხვევაში. აღნიშნული დასკვნა გამყარებულია სადავო აქტში ამ მიმართულებით ჩატარებული ეკონომიკური ანალიზის შედეგებითაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ასევე დაუსაბუთებელია მოსარჩელის არგუმენტი და მითითება სახელმწიფო ასიგნების რაციონალ ხარჯვაზე, საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე სადაზღვევო კომპანიების წვდომის შეზღუდვის პირობებში.

 

რაც შეეხება აპელანტის არგუმენტს ,,სადაზღვევო კომპანიების“ არასანდოობასთან დაკავშირებით, რაც ეფუძნება შესაბამის სფეროში არაკომპეტენტურობასა და წარსულში სადაზღვევო კომპანიებთან ,,ურთიერთობის ნეგატიურ პრატიკას“, როგორც საქმის მასალებით დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ მიმართულებით სხდომაზე დაკითხა სპეციალისტი, რომლის განმარტებებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, პალატის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორად დაასკვნა, რომ სადაზღვევო კომპანიების ფინანსურ გარანტიებს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა, ხოლო აღნიშნული პირობების დაცვის კონტროლი ევალება სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, სწორედ ამ სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიების სანდოობის უზრუნველყოფა. მარტოოდენ იმაზე მითითება, რომ აღნიშნული სამსახური ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ვერ გახდება მთლიანი სადაზღვევო კორპუსისათვის, საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე წვდომის შეზღუდვის საფუძველი. კანონმდებლობა ასევე ადგენს კონკრეტულ პირობებს და წესებს, იმ საწყის კაპიტალს, რის შემდგომაც სადაზღვევო კომპანია იღებს შესაბამის ლიცენზიას, სამსახურის კონტროლის მექანიზმი არ ამოიწურება მარტოოდენ ლიცენზიის გაცემის ეტაპზე კომპანიის მინიმალური ფინანსური რესურსების კონტროლით, არამედ მისი ერთიერთი მთავარი ფუნქციაა კომპანიის კონტროლი საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში და შესაბამისი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიის მიმართ სანქციის გამოყენება, რაც შესაძლოა გამოიხატოს მისი საქმიანობის შეჩერებითაც. სამსახურის კონტროლის მექანიზმი ასევე გამოიხატება სადაზღვევო კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებისა და არსებული კაპიტალის ურთიერთშეფარდების კონტროლითაც. ასევე სადაზღვევო რეზერვისა და გადაზღვევის პრინციპების ერთობლიობა საკმაოდ მყარ ფინანსური სტაბილურობის საფუძველს ქმნის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას სადაზღვევო კომპანიების ფინანსურ არამდგრადობასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია მრავალმხრივი კვლევა და დასაბუთებული არგუმენტები სადაზღვევო კომპანიების ფინანსურ სიმყარესთან დაკავშირებით დღეს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების პირობებში. თუნდაც იმ მოცემულობით, რომ გარკვეული სადაზღვევო კომპანიების მიმართ წარსულში ნამდვილად ჰქონდა დასაბუთებული პრეტენზიები მოსარჩელე მხარეს, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოსა და ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას, რომლითაც მიზანშეუწონლად არის მიჩნეული სახელმწიფო შესყიდვებში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების ბაზრის ჩაკეტვა მთელი სექტორისათვის. სწორედ ამიტომ გაიცა წერილობითი რეკომენდაციები კონკურენციის სააგენტოს მიერ, როდესაც მითითებულ იქნა გარანტთა მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებთან მიმართებით მონიტორინგის გამკაცრება. აღნიშნულზე კონტროლი კი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ამ სამსახურმა უზრუნველყოს საბანკო გარანტიების გაცემის უფლებამოსილების შეჩერება ისეთი კომპანიებისათვის, რომლებიც შემჩნეულნი იქნებიან საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვადის გადაცილებაში, საამისოდ საპატიო მიზეზის არსებობის გარეშე. ამდენად, სადავო შემთხვევასთან მიმართებაში სრულიად საფუძვლიანად იქნა მიჩნეულ ამ სექტორისათვის მონიტორინგის გამკაცრება და არა სახელმწიფო შესყიდვებში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების ბაზრის მთელი სექტორისათვის ჩაკეტვა.

 

სააპელაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 882-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტის მიერ, თუ გარანტიაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო 886-ე მუხლის მიხედვით კი, ბენეფიციარის მოთხოვნის მიღების შემდეგ გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ პრინციპალს და გადასცეს მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ. გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა განიხილოს გონივრულ ვადაში და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს.

 

ამ უკანასკნელი ნორმის საფუძველზე, როდესაც გაცემულია ჩვეულებრივი საბანკო გარანტია, ბენეფიციარის მხრიდან მოთხოვნის მიღება არ გულისხმობს მის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების ვალდებულებას. მიიღებს რა ამგვარ მოთხოვნას, გარანტმა ვალდებულების დადგენისათვის უნდა განახორციელოს რიგი მოქმედებები: ყველა დოკუმენტი გადასცეს პრინციპალს, რომელმაც უნდა დაადასტუროს ან უარყოს თავისი ვალდებულების შესრულება; თავის მხრივ გარანტმა უნდა შეაფასოს წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისობა გაცემული გარანტიის პირობებთან, წარმოდგენილია თუ არა გარანტიის მოქმედების ვადაში, ერთვის თუ არა ყველა საჭირო დოკუმენტაცია და სხვა, რადგან გარანტიის საწინააღმდეგო პირობების არსებობის შემთხვევაში გარანტი კარგავს პრინციპალისაგან რეგრესის წესით თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნის გარანტიის პირობებთან შესაბამისობის შემოწმების პროცედურა უნდა დასრულდეს გონივრულ ვადაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოსა და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მითითებას, რომ „გარანტიის უპირობობა“ არ გულისხმობს ყოველგარი მოქმედებების გარეშე, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის თანხის ანაზღაურებას, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა როგორც ამ ინსტიტუტის მიზნებთან, ასევე ზოგად სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ იგი გულისხმობს გონივრულობის ფარგლებით შეზღუდულ ვადებში ბენეფიციარის მოთხოვნის განხილვას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სადაზღვევო კომპანია მოქმედებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებათა ფარგლებში, ყველა შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს, როგორც ,,არასანდო/არაკეთილსინდისიერი“ მოქმედება. ყველა კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტიც ვერ იქნება გაზიარებული სადაზღვევო კომპანიების „არასანდოობის“ სტატუსის გასამყარებლად, რადგან საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა ორივე მხარის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და, ცხადია, აღნიშნული საფუძვლითაც ვერ დასაბუთდება მთლიანი სადაზღვევო სექტორის პარალიზება საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე.

 

რაც შეეხება აპელანტი მხარის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული არგუმენტაციის განსახილველ დავაში გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტის მიერ დასახელებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხებოდა კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის სარჩელს, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის სახელმწიფო ინტერესთან შეუსაბამობის გამო განხორციელდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, რომელიც ეფუძნებოდა შესაბამის მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემობებს, თუ რატომ მოიაზრებოდა სადაზღვევო კომპანიის გარანტია სახელმწიფო ინტერესთან შეუსაბამოდ და სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან ნათლად ჩანს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიმართ უნდობლობის დასაბუთება განხორციელდა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული დავისაგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში ისე რომ აპელანტის მიერ არ არის დასაბუთებული კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის სახელმწიფო ინტერესთან შეუთავსებლობა, იგი ახდენს სრულიად სადაზღვევო სექტორის, 16 მოქმედი სადაზღვევო კომპანიისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების საბანკო გარანტიის გაცემის ბაზარზე დაშვების აკრძალვას, რაც ეწინააღმდეგება კონკურენციის მომწესრიგებელ სამართლის ნორმებს და ზღუდავს ეკონომიკური აგენტის საქმიანობას, რითაც ირღვევა "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დანაწესი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ჯანსაღი კონკურენცია უპირველესყოვლისა იწვევს ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიერ მიწოდებული მომსახურების გაუმჯობესებასა და სრულყოფას, რაც სახელმწიფო ასიგნების რაციონალურად ხარჯვასთან პირდაპირ კავშირშია და ნაკლები დანახარჯით სახელმწიფო იღებს ხარისხიან მომსახურებას, სადაზღვევო სექტორს კი კანონმდებლობით დადგენილი ისეთივე თანაბარი უფლება აქვს გასცეს საბანკო გარანტია, როგორც სხვა სამართლის სუბიექტებს, შესაბამისად სადაზღვევო სექტორის კონსერვაცია და მისი არდაშვება საბანკო გარანტიის გაცემის ბაზარზე, იწვევს ამ მხრივ სადაზღვევო სექტორის განვითარების შეფერხებას, რაც ისევ და ისევ სრულყოფილი საბაზრო ეკონომიკის საწინააღმდეგო ქმედებაა და სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითრებას აფერხებს. შედეგად მიიღება ჩაკეტილი წრე, სადაც აპელანტი, ერთის მხრივ, სადაზღვევო კომპანიების არაკომპეტენტურობაზე აპელირებს, თუმცა მათი საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე არდაშვებით, თავადვე ზღუდავს ამ სეგმენტში მათი საქმიანობის ხარისხის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას, რაც ჯანსაღი კონკურენციისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის ცხადია, რომ დაუშვებელია.

 

სააპლაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის საამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულია სრულყოფილი დასაბუთება და სწორი სამართლებრივი შეფასება იმ საკვანძო საკითხებთან მიმართებით, რაცზეც აპელანტი უთითებს მის სააპელაციო საჩივარში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე,მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: დავით ახალბედაშვილი

 

მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი

 

მირანდა ერემაძე