განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.11.2019
საქმის ნომერი
330210118002405152
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002405152

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/ 7202-18 11 ნოემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ელენე ომანიძე

 

აპელანტი - შპს „ი-----–----------–-----–------------“

 

წარმომადგენელი - უ--------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ-------------------ი

 

წარმომადგენელი - ვ--------------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს დაკისრება

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შპს „ი-----–----------–-----–-------------“ წარმომადგენელმა უ--------–---–-- თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე მ-------------------ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და 69 951.78 ლარის გადახდა მოითხოვა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 60 000 ლარი, სარგებელია - 35 791.78 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს - 74160 ლარია.

 

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, დავალიანების - 60 000 ლარისა და სარგებლის - 8580 ლარის ნაწილში ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 77000 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 60 000 ლარი, სარგებელი - 16 000 ლარი და პირგასამტეხლო - 1000 ლარია.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ი-----–----------–-----–------------“ სააპელაციო წესით პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოწინააღმდეგე მხარისთვის, პირგასამტეხლოს სახით, 32 985 ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2015 წლის 9 ივნისს მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც შპს „ი-----–-----------–-----–-------–-----------------“ მსესხებელს 6 თვის ვადით, 115 000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებლის 20%-ის დარიცხვით გადასცა, რაც 2015 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით 11 531.5 ლარს შეადგენდა. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, ვადამოსული გადასახდელი გადახდის დაგვიანების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მსესხებელისთვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადამოსული დავალიანების 0.15%-ის ოდენობით მოეთხოვა (ს.ფ. 19-22).

 

6. 2015 წლის 9 ივნისს მხარეებს შორის დამატებითი შეთანხმება შედგა, რომლითაც სესხის ხელშეკრულების პირველ პუნქტში ცვლილება შევიდა და სესხის ოდენობად 160 000 ლარი განისაზღვრა, წლიური საპროცენტო სარგებელი 20% შეთანხმდა, რომელიც 2015 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით (ხელშეკრულების მოქმედების ვადით) 16 000 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების დანარჩენი პირობები უცვლელი დარჩა (ს.ფ 23).

 

7. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა და კრედიტორს სესხის ძირითადი თანხის ნაწილი - 100 000 ლარი, აუნაზღაურა (ს.ფ 24-25).

 

8. შპს „ი-----–----------–-----–-------–----------------“ რეორგანიზაციისა და სახელწოდების ცვლილების შედეგად სამოქალაქო ბრუნვაში შპს „ი-----–----------–-----–-------------“ სახელით მონაწილეობს (ს.ფ 26-28).

 

9. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო არაგონივრულ ოდენობამდე იქნა შემცირებული და მოწინააღმდეგე მხარეს პირგასამტეხლოს სახით დამატებით 5 000 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.

 

კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე, პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს. სასამართლოსთვის აღნიშნული უფლების მინიჭების მნიშვნელობაზე სააპელაციო სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს, მანამდე კი პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებასა და მისი მოვალისთვის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებზე გაამახვილებს ყურადღებას.

 

სააპელაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. გარდა აღნიშნულისა, კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას, სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და, ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. შესაბამისად, ნათელია, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიც, მხარეთა მიერ კეთილსინდისიერად უნდა იქნეს გამოყენებული.

 

10. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ვინაიდან სადავო ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა -გამოსახული (ს.ფ. 19-22, 23).

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა სადავოდ არ არის გამხდარი.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დგინდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება შეთანხმებული იყო. კერძოდ, სადავო ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნა, რომ სესხის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადამოსული დავალიანების 0.15%-ის ოდენობით, დაეკისრებოდა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს და განმარტავს, რომ იგი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს, ხოლო, ისეთ შემთხვევაში როდესაც პირი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შეუსაბამო ოდენობამდე შემცირებას ხდის სადავოდ, ამგვარი შეუსაბამობა მანვე უნდა ამტკიცოს.

 

პირგასამტეხლოს შემცირებაზე/გაზრდაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ შემცირებული პირგასამტეხლოს გაზრდას, ან პირიქით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოდ შემცირებას გულისხმობს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას ემსახურება, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.

 

პალატა განმეორებით განმარტავს, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, როდესაც კრედიტორის უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვა ხდება, მაშინ სასამართლოს მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეუძლია პირგასამტეხლოს შეუსაბამო ოდენობამდე შემცირების თაობაზეც იმსჯელოს.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატამ მხედველობაში მიიღო რა, სესხად გაცემული საკმაოდ სოლიდური თანხის ოდენობა, ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლა კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით ხდებოდა, ვინაიდან მოვალეს პირგასამტეხლოს ოდენობა არა სრული თანხის, არამედ ვადამოსული დავალიანების 0.15%-ის ოდენობით ეკისრებოდა, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო, რომელიც 1 000 ლარით განისაზღვრა, ამ სამართლებრივი ინსტიტუტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს - ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირებას, ვერ ასრულებს. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც სახეზეა საკმაოდ სოლიდური სესხის გაცემის ფაქტი, პირგასამტეხლო, როგორც თანხის არამართლზომიერი მოცდენისთვის დაკისრებული სანქცია, პროპორციულად უნდა იქნეს გამოანგარიშებული, რათა არცერთი მხარის უფლება არ იქნეს არაგონივრულად ხელყოფილი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა, ძირითადი თანხის ნაწილში ხსენებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, თუმცა, ამ დრომდე, მოწინააღმდეგე მხარეს ძირითადი ვალდებულება არ შეუსრულებია. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს რა, შესრულების ღირებულებას, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადასა და მოცულობას, ითვალისწინებს პირგასამტეხლოს ფუნქციას, ასევე აპელანტისთვის დაკისრებულ ძირითად თანხასა და პირგასამტეხლოს ოდენობას შორის შეუსაბამო სხვაობას, მიდის დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მცირე ოდენობამდე შემცირდა და მოვალეს, პირგასამტეხლოს სახით, დამატებით, 5 000 ლარი უნდა დაეკისროს.

 

11. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდ წილად სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება განაპირობებს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

რაც შეეხება მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების ფაქტი სწორედ აპელანტს უნდა ემტკიცებინა. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მხარემ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობაზე, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასა და დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე. საქმის მასალების კვლევისა და აპელანტის ახსნა-განმარტების შეჯერების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი დასძლია რაც სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და მოწინააღმდეგე მხარეს პირგასამტეხლოს სახით დამატებით 5 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი - 200 ლარის ოდენობით მოწინააღმდეგე მხარეს მოსარჩელისთვის (აპელანტისთვის) გადასახდელად უნდა დაეკისროს, ხოლო აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩენილ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „ი-----–----------–-----–-------------“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში;

 

3. პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და მ-------------------ს შპს „ი-----–----------–-----–-------------“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით, დამატებით, 5 000 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისროს;

 

4. მ-------------------ს დაეკისროს შპს „ი-----–----------–-----–-------------“ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის - 200 ლარის გადახდა, აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩენილ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

 

მოსამართლეები თამარ ალანია

 

თამარ ზამბახიძე