განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2019
საქმის ნომერი
330210016001277684
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001277684

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/ 7579-18 20 ნოემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - ტ------- კ--------––------ი

 

წარმომადგენელი - რ-----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - თ------- ც---------–---–ი

 

წარმომადგენელი - გ----------------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმება, ქონების ½ წილის საკუთრებაში აღრიცხვა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა, უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. თ------- ც---------–---–მა ტ------- კ--------––------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა. ი----- ც---------–---–სა და ტ------- კ--------––------ს შორის 2013 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ასევე, თ------- ც---------–---–ის უძრავი ქონების მდებარე: ქ, თბილისში, ს---------–------------–-----------, ტ------- კ--------––------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული N109 ბინის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0-------------------------) ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო ჩანაწერში უძრავი საკადასტრო კოდი: 0------------------------- ½ ნაწილის მესაკუთრედ თ------- ც---------–---–ის რეგისტრაცია მოითხოვა. ასევე, ტ------- კ--------––------ის უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების: ძველებური დესაუ (კარადა) - 1 ცალი, ძველებური სარკე მოოქროვილი ჩარჩოში - 1 ცალი, შანდლები რაინდის ფორმის - 2 ცალი, ძველებური ვაზები ხილისათვის და კანფეტებისათვის - 1 ცალი, ძველებური საათი ამპირის სტილში - 1 ცალი, დიდი გრავიურა „მოცარტი“ ძველებურ ჩარჩოში -1 ცალი, ტორშერი - 1 ცალი, უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თ------- ც---------–---–ის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ქონების ½ წილის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო, სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ტ------- კ--------––------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თ------- ც---------–---–ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები: ძველებური დესაუ (კარადა) - 1 ცალი (ღირებული 200 ლარად), ძველებური სარკე მოოქროვილი ჩარჩოში - 1 ცალი (ღირებული 150 ლარად) და თ------- ც---------–---–ს გადაეცა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ტ------- კ--------––------მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 1998 წლის 29 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე ი----- ც---------–---–ს უსასყიდლოდ, საკუთრებაში ქ. თბილისის გ-----------------–---------------- საბინაო საქესპოლატაციო უბნის კუთვნილი ბინა, მდებარე: ქ-------–--–-------------–----------- 2, ბინა 109. სამი ოთახი, საცხოვრებელი ფართი - 35.9 კვ.მ, საერთო ფართი 60 კვ.მ. გადაეცა (ს.ფ. 172-173).

 

6. თ------- ც---------–---–ი ვ-------------–------ და ი----- ც---------–---–ის ქალიშვილია (ს.ფ. 26-27).

 

7. თ------- ც---------–---–ის დედა - ვ------ ს-----–---ი 2000 წლის 19 მარტს გარდაიცვალა (ს.ფ. 91).

 

8. 2000 წლის 25 აგვისტოს ი----- ც---------–---–ი მოპასუხე ტ------- კ--------––------ზე დაქორწინდა (ს.ფ. 214-219).

 

9. 2007 წელს ი----- ც---------–---–ი საჯარო რეესტრში უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ თბილისში, ს---------–--------------------------------9, ს/კ N---------------------- მესაკუთრედ აღირიცხა (ს.ფ. 22-23).

 

10. ტ------- კ--------––------მა - ი----- ც---------–---–ისაგან უძრავი ქონება ს/კ: 0---------------------., საკუთრებაში მიიღო. უძრავი ქონება სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისთვის ტ------- კ--------––------ის სახელზე იყო აღრიცხული (ს.ფ. 18-19, 20-21).

 

11. ი----- ც---------–---–ი 2015 წლის 18 მაისს გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდგომ მის უფლებამონაცვლეს მეუღლე ტ------- კ--------––------ წარმოადგენს (ს.ფ. 105-107, 214-219, 124-125).

 

12. თ------- ც---------–---–ი მისამართზე: ქ. თბილისი, ს---------–--------------, 1980 წლის 27 ივნისიდან იყო რეგისტრირებული, რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღია 2014 წლის 23 ოქტომბერი (ს.ფ. 28-31).

 

13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, თ------- ც---------–---–ი სადავო უძრავი ქონების პრივატიზაციის მომენტში და შემდგომაც ქ. თბილისი, ს---------–-------------- მდებარე ბინაში ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ არის მიმართული. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

„საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პირვატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა იმ პირს, ვინც იყო დამქირავებლის ოჯახის წევრი და პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, წარმოეშობოდა უფლება, საკუთრებაში მიეღო უსასყიდლოდ გადაცემული საცხოვრებელი ბინა, მიუხედავად იმისა, სრულწლოვანი იქნებოდა იგი თუ არასრულწლოვანი. ყველა მათგანი ბინის პოტენციურ თანამესაკუთრედ უნდა ჩათვლილიყო, იმის მიუხედავად, ბინის პრივატიზაცია ოჯახის რომელი წევრის სახელზე განხორციელდა. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ოჯახის წევრების თანხმობა მასზედ, რომ ბინის პრივატიზაცია ოჯახის რომელიმე ერთი წევრის სახელზე განხორციელდეს, არ ნიშნავს იმას, რომ ბინა მხოლოდ ამ უკანასკნელის საკუთრებაა და დანარჩენები საკუთრებიდან თავიანთ წილს თმობდნენ.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ თ------- ც---------–---–ი ი----- ც---------–---–ის ერთადერთი შვილია. სადავო უძრავი ქონება 1998 წლის 29 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ი----- ც---------–---–ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობიდან ირკვევა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადასაცემ ბინაში ი----- ც---------–---–თან ერთად მისი ოჯახის წევრები ც---------–---–ი თ--- და ს-----–---ა ვ------ ცხოვრობდნენ. შესაბამისად, ნათელია, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პირვატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის პირველი თებერვლის №107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, მათაც მსგავსად ი----- ც---------–---–ისა, გადაცემულ ქონებაზე თანაბარი საკუთრების უფლება გადაეცათ. მოსარჩელის დედა 2000 წელს გარდაიცვალა.

 

2013 წლის 12 ნოემბერს სადავო უძრავი ქონება ი----- ც---------–---–მა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ტ------- კ--------––------ს, მის მეორე მეუღლეს, გადასცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათიდან უტყუარად დგინდება, რომ მოსარჩელე სადავო ბინაში 1995 წლის 24 მაისიდან იყო რეგისტრირებული და მისი რეგისტრაცია მოპასუხის ინიციატივით 2014 წლის 23 ოქტომბერს გაუქმდა (ს.ფ. 28).

 

საქმეში არსებული მოსარჩელის სარეგისტრაციო ბარათებითა და მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო ბინაში, როგორც მისი პრივატიზაციის მომენტში, ასევე მისი გათხოვების შემდგომ ცხოვრობდა. კერძოდ, საქმეზე დაკითხულმა მოწმემ, განმარტა, რომ მოსარჩელის მეზობლად მისი ოჯახი 1975 წლიდან ცხოვრობდა. თ------- ც---------–---–ის ოჯახი, დაახლოებით, 1987-1988 წლიდან საცხოვრებლად გაგარინზე მდებარე ვ------ ს-----–---ას მშობლების სახლში გადავიდა. დაახლოებით 1990-1992 წლიდან სადავო ბინაში თ------- ც---------–---–ი და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ, ხოლო, ი----- ც---------–---–ი აღნიშნულ ბინაში მას შემდეგ გადავიდა, რაც ტ------- კ--------––------ზე იქორწინა (2018 წლის 08 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის, თანახმად მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. საქმის მასალებით მოსარჩელის მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების სხვა პირთა სასარგებლოდ დათმობის ფაქტი არ დგინდება. სადავო პერიოდში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიხედვით ყველა იმ პირს, ვინც დამქირავებლის ოჯახის წევრი იყო და პრივატიზაციის დროს ბინაში ცხოვრობდა, უსასყიდლოდ გადაცემულ საცხოვრებელი ბინაში თანასაკუთრების უფლება წარმოეშობოდა (მიუხედავად იმისა, სრულწლოვანი იქნებოდა იგი თუ არასრულწლოვანი) ამასთან, ყველა მათგანი ბინის პოტენციურ თანამესაკუთრედ უნდა ჩათვლილიყო იმის მიუხედავად, ბინის პრივატიზაცია თუ ოჯახის რომელ წევრზე მოხდებოდა. გამომდინარე აღნიშნულიდან, სადავო ბინის პრივატიზაციის მომენტში ი----- ც---------–---–ის საკუთრების უფლება მხოლოდ სადავო ქონების 1/3 ნაწილზე ვრცელდებოდა, ხოლო, მოსარჩელის დედის - სვ----–--- ს-----–---ას გარდაცვალების შემდეგ, მან საკუთრების უფლება, დამატებით დანაშთი ქონების ½ წილზეც შეიძინა, რაც საბოლოოდ ნიშნავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დროს იგი გადაცემული ქონების მხოლოდ ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენდა და მთელი ქონების, როგორც საკუთარის, განკარგვის უფლება არ გააჩნდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდ წილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესებიც ილახება. ეს იმიტომ, რომ საჯარო წესრიგით დაცული სიკეთე საზოგადო ფასეულობისაა და მისი დარღვევა ძირს უთხრის საზოგადოების არსებობის საფუძვლებს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ბათილად მიიჩნევს ამ წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებას. აქედან აშკარა ხდება, რომ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება შებოჭილია და გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებშია მოქცეული.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან ი----- ც---------–---–მა 2013 წელს უძრავი ქონების ის წილიც გაასხვისა, რომელზეც მას რეალურად საკუთრების უფლება არ გააჩნდა, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით განმტკიცებულ გარიგებათა ტიპს მიეკუთვნება და ნაწილობრივ ბათილად ცნობას ექვემდებარება.

 

14. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

 

ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ვინაიდან ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე (სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები) ხანდაზმულობა არ უნდა გავრცელდეს. მოცემულ საქმეზე, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელეს საკუთრების უფლება აღუდგება, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა საკუთრების უფლების აღდგენასთანაა დაკავშირებული და მასზე ხანდაზმულობის ვადა არ უნდა გავრცელდეს.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელს და ხანდაზმულობის თაობაზე განხორციელებულ შედავებას განსახილველ საქმეზე გაავრცელებდა, იგი მაინც უსაფუძვლო იქნებოდა. სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება მოსარჩელემ მისი ნების საწინააღმდეგოდ დაკარგა, ასეთი ქმედება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლითა და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გარანტირებულ მესაკუთრის უფლებას, თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ მატერიალური უფლების შეცილების ვადა მხოლოდ საცილო გარიგებებზე ვრცელდება. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან სახეზეა უცილოდ ბათილი გარიგება, მისი ამორალურობისა და საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობის გამო, რომელზეც შეცილების ვადა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი არაა, მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ხანდაზმულობის საერთო - ათწლიანი ვადა. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ჩუქების ხელშეკრულება 2013 წლითაა დათარიღებული, სარჩელი კი, 2015 წლის 27 აგვისტოსაა აღძრული, ნათელია, რომ ხანდაზმულობის 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული არაა და შესაბამისად, მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი დაუსაბუთებელია.

 

15. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები, კერძოდ, ძველებური დესაუ და ძველებური სარკე მოოქროვილ ჩარჩოში, მოპასუხის უკანონო მფლობელობაშია.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსი მოძრავი ნივთის შეძენისათვის სავალდებულო წერილობითი დოკუმენტების შედგენას არ ითვალისწინებს შესაბამისად, მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობისთვის მოსარჩელეს არ შეიძლება რაიმე კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა დაევალოს ასეთი ფაქტების დადასტურება მოწმეთა ჩვენებებითაც უნდა იყოს შესაძლებელი.

 

სარჩელში მოსარჩელეს მითითებული ჰქონდა იმ უძრავი ქონების დეტალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომელთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასაც მოითხოვდა. ამასთან, მისივე განმარტებით, აღნიშნული ნივთები მან საჩუქრად დედისგან ე.წ „მზითვის სახით“ მიიღო, თუმცა, ვინაიდან დაოჯახების შემდგომ სადავო ბინაში განაგრძო ცხოვრება, ნივთები დატოვა და ბინიდან გადასვლის შემდგომაც არ გადაუტანია. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ფაქტობრივი გარემოება, იმის თაობაზე, რომ მოძრავი ნივთები, რომლის გადაცემასაც ითხოვს მოსარჩელე წინამდებარე სარჩელით, ტ------- კ--------––------ის საკუთრებაში რიცხულ ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, ს---------–-------------------------------9 არის განთავსებული. ასევე, მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში უზრუნველყო მოწმის გამოცხადება, ი---------------- მიუთითა, რომ იგი 1975 წლიდან ქ. თბილისში, ს---------–-------–-, მოსარჩელის მეზობლად ცხოვრობდა და მის ოჯახთან დაახლოებულ პირს წარმოადგენდა. მოწმის ჩვენებით, ძველებური ავეჯი (სავარძლები, მაგიდები, ლოგინი) ლამპები, სარკეები და სხვა თ------- ც---------–---–ის დედის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც მან მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო. ამ ნივთების ნაწილი (უზარმაზარი ყავისფერი კარადა (სერვანდი) დიდი სარკით, მაგიდა, მოზაიკით მოპირკეთებული ლამფა, თ---ს დედის თოჯინები, დიდი ლოგინი მუქი ყავისფერი, ქ. თბილისში, ს---------–-------–- მდებარე ბინაში, ხოლო, ნაწილი ნივთებისა გაგარინზე მდებარე ბინაში იყო განლაგებული. მოწმის განმარტებით, მოსარჩელეს დედის მიერ ნაჩუქარი ეს ნივთები გაგარინზე მდებარე სახლში სრულად არ გადაუტანია.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ, მართალია, მოწმემ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნივთების მოპასუხის სარგებლობაში ყოფნის ფაქტი დაადასტურა, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც მფლობელობის ფაქტს უტყუარად დაამტკიცებდა, კერძოდ, მოწმემ ვერ აჩვენა, რომ სწორედ ზემოაღნიშნული ნივთები იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, გარდა „კარადისა დიდი სარკით“. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ დანარჩენი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი.

 

16. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ მოთხოვნები დაესაბუთებინა.

 

პირველ მოთხოვნასთან მიმართებით, მოსარჩელემ მისი დაბადების მოწმობა, მშობლების გარდაცვალების მოწმობები, პრივატიზაციის ხელშეკრულება, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათები, ჩუქების ხელშეკრულების ასლი და საჯარო რეესტრიდან ამონაწერები წარმოადგინა, ასევე მოწმეთა დაკითხვა უზრუნველყო. ხსენებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგინდა, რომ პრივატიზაციის დროს მოსარჩელე მშობლებთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრობდა, რამაც იმ დროს მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად პრივატიზაციით გადაცემულ ქონებაზე თანასაკუთრების მოპოვების პოტენციური უფლება წარმოუშვა. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, აღნიშნული მოთხოვნის უსაფუძვლობის დასადასტურებლად მას მოსარჩელის მოთხოვნის უფლების არარსებობა უნდა ემტკიცებინა. მოპასუხემ შესაგებლით განმარტა, რომ სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე კანონიერად ფლობდა. ი----- ც---------–---–ი ჩაწერილი იყო აღნიშნულ მისამართზე და მართლზომიერად, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, თავისი საკუთრება კანონიერ მეუღლეს გადასცა. მოპასუხემ ასევე, მიუთითა, რომ მხოლოდ სადავო ბინაში რეგისტრაცია საკუთრების უფლებას ვერ წარმოუშობდა, მაშინ როდესაც 20 წლის განმავლობაში მოსარჩელეს სადავო ბინაში არ უცხოვრია. პალატის მოსაზრებით, აპელანტის შედავება დასაბუთებულად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან მტკიცებას არა მხოლოდ სარჩელის, არამედ შესაგებლის საფუძვლებიც საჭიროებს. იმ პირობებში, როდესაც საქმეში არაერთი წერილობითი მტკიცებულება და მოწმეთა ჩვენებებია, მხოლოდ მოპასუხის ზეპირსიტყვიერი შედავება ფაქტების უსწორობის თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება. გარდა ამისა, აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 1997 წელს ამოქმედდა სადავო საკითხი სამოქალაქო კოდექსის და არა N107 დადგენილების საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო. აღნიშნულ შედავებასაც პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ განსახილველი საკითხი სპეციალური კანონით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება, კერძოდ სადავო უძრავი ქონების დაუფლების საფუძველს პრივატიზაციის ხელშეკრულება წარმოადგენდა, რომლის ძალითაც უძრავი ქონების მოქირავნეებს დაკავებული ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემოდათ. ხსენებული დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადებული არ არის, შესაბამისად, სასამართლოს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მართებულად იქნა გამოყენებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის თაობაზე, მოსარჩელემ გამოსათხოვი ნივთების დეტალური აღწერა და მათი მახასიათებლების ამომწურავი ჩამონათვალი წარუდგინა სასამართლოს, ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმეთა გამოცხადება უზრუნველყო. აღნიშნულის მიუხედავად, მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მხოლოდ იმ ნივთების გამოთხოვა დადგინდა, რომელთა იდენტიფიცირება და მოპასუხის სარგებლობაში არსებობაც უცილობლად იქნა დადასტურებული. სააპელაციო საჩივრით აღნიშნული მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე შედავება არ განუხორციელებია, თუმცა გადაწყვეტილების გასაჩივრების გრაფაში აპელანტს მითითებული აქვს, რომ გადაწყვეტილებას სრულად ასაჩივრებს. პალატა მიიჩნევს, რომ სათანადო შედავების არარსებობისა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების პირობებში, ამ ნაწილშიც სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ საფუძვლებს არ ქმნის.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა, აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა მოსარჩელისთვის მამის მიერ, ქორწინების პერიოდში შეძენილი, მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემისა და რუსეთის ფედერაციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც თ------- ც---------–---–ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოქმედებების ბათილად ცნობის შესახებ, განსახილველ დავასთან შემხებლობაში არ არის და მასზე სასამართლო სამართლებრივ შეფასებას ვერ განახორციელებს.

 

17. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის საოქმო განჩინება მოწმეთა გამოკითხვაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და არ უნდა გაუქმდეს.

 

მოპასუხე შუამდგომლობას მოწმეთა დაკითხვის თაობაზე ამყარებდა იმ გარემოებას, რომ მათ შეეძლოთ დაედასტურებინათ გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელე სადავო ბინაში გათხოვების შემდეგ აღარ ცხოვრობდა. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდაა გამხდარი ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს სადავო ქონებაზე პოტენციური თანასაკუთრების უფლება გააჩნდა, მამის მიერ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას მას ნება არ გამოუხატავს, რის გამოც იგი ნაწილობრივ ბათილად უნდა მიჩნეულიყო. წინამდებარე განჩინებაში პალატამ უკვე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პირვატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის პირველი თებერვლის №107 დადგენილების მე-5 პუნქტის ძალით, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. ყველა იმ პირს, ვინც იყო დამქირავებლის ოჯახის წევრი და პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, წარმოეშობოდა უფლება, საკუთრებაში მიეღო უსასყიდლოდ გადაცემული საცხოვრებელი ბინა, მიუხედავად იმისა, სრულწლოვანი იქნებოდა იგი თუ არასრულწლოვანი. ყველა მათგანი ბინის პოტენციურ თანამესაკუთრედ უნდა ჩათვლილიყო, იმის მიუხედავად, ბინის პრივატიზაცია ოჯახის რომელი წევრის სახელზე განხორციელდა. ამასთან, ოჯახის წევრების თანხმობა მასზედ, რომ ბინის პრივატიზაცია ოჯახის რომელიმე ერთი წევრის სახელზე განხორციელდეს, არ ნიშნავს იმას, რომ ბინა მხოლოდ ამ უკანასკნელის საკუთრებაა და დანარჩენები საკუთრებიდან თავიანთ წილს თმობდნენ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილია პრივატიზაციის ხელშეკრულება, საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ პრივატიზაციის დროს მოსარჩელე მშობლებთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრობდა და მას პრივატიზაციის შედეგად გადაცემულ ქონებაში თანასაკუთრების წილი არ დაუთმია, მოწმეთა ჩვენებით, თუნდაც, იმ ფაქტის დადასტურება, რომ იგი გათხოვების შემდგომ სადავო ბინაში არ ცხოვრობდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ვერ შექმნიდა და განკუთვნად მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.

 

18. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინება სამკვიდრო მოწმობის მტკიცებულებათა სიიდან ამორიცხვის თაობაზე საქმეში არსებული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმში არ იძებნება, ასეთი შუამდგომლობა ხსენებულ პროცესზე მოპასუხის მიერ დაყენებული არ ყოფილა. შინაარსობრივად მხარე ასაჩივრებს საოქმო განჩინებას, რომლითაც კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა საქმეს დამატებითი მტკიცებულების სახით დაერთო. 2017 წლის 28 ნოემბერს 11:46:26 საათზე მოპასუხის წარმომადგენელმა რ-----------------მ აღნიშნული მტკიცებულების დართვაზე თანხმობა განაცხადა, რის შემდგომაც მტკიცებულება საქმეს დაერთო.

 

გარდა ამისა, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ ან/და კანონის დარღვევითაა მოპოვებული. ყველა სხვა შემთხვევაში საქმეზე დართული მტკიცებულებები ერთობლიობაში, მათი სარწმუნოობის, სანდოობისა და განკუთვნადობის მიხედვით ფასდება. საქმეში რომელიმე მტკიცებულების არსებობა აპრიორი მათი სასამართლოს მიერ გაზიარებას არ ნიშნავს. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სადავოდ გახდილ მტკიცებულებას სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას არ დაყრდნობია და იგი არცერთი სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენილად ცნობას საფუძვლად არ დასდებია, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეს კანონით მინიჭებული არცერთი უფლება არ შეზღუდვია, რაც მის შუამდგომლობას უსაფუძვლოს ხდის.

 

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტს სასამართლო ბაჟი - 1400 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ტ------- კ--------––------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტ ტ------- კ--------––------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ბაჟის სახით, 1400 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისროს;

 

4. აპელანტის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის 2017 წლის 28 ნოემბრის საოქმო განჩინებისა და 2018 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

 

მოსამართლე თამარ ალანია

 

თამარ ზამბახიძე