განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210019002933967
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/9010-19 16 დეკემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – მარიამ ირემაშვილი
აპელანტი - ს----------–----–------------------------------------------–-------–-–--------------------
წარმომადგენელი - მ-----–------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ--------------ი“
წარმომადგენელი - გ--------------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ს----------–----–------------------------------------------–-------–-–--------------------- თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შპს „მ--------------ის“ მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხისთვის, პირგასამტეხლოს სახით, 11 016 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო, მოგვიანებით მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელიც წარადგინა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა, ხანდაზმულობის გამო, არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ს----------–----–------------------------------------------–-------–-–--------------------- სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2016 წლის 25 იანვარს მხარეებს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, მოპასუხემ, როგორც მიმწოდებელმა, პრეისკურანტში მიცემული ფასების შესაბამისად, მოსარჩელისთვის (შემსყიდველისთვის) სხვადასხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების, განხორციელების ვალდებულება იკისრა. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულება, ფაქტობრივად გასაწევი მომსახურების ღირებულების, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გადასახადების გათვალისწინებით, 270 000 ლარს შეადგენდა.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულებას იღებდა მასზედ, რომ ხელშეკრულების გაფორმების დღიდან - 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, დანართი №1-ში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებას (დანართ №3-ში მითითებულ მისამართზე) ოპერატიულად უზრუნველყოფდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპერატიული შეკეთება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სახის სამუშაოებს გულისხმობდა, მათ შორის, მიმდინარე და კაპიტალურ რემონტს, პროფილაქტიკურ და დიაგნოსტიკურ სამუშაოების ჩატარებას, უწესრიგობების აღმოფხვრას, სათადარიგო ნაწილების მოხსნა-დაყენებას, შეკეთებას ან/და გამოცვლას, საპოხი მასალების გამოცვლას, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებს, ელექტროგაყვანილობების რემონტსა და სხვა ძირითად კვანძებსა და სამუშაოებს, რომლებიც მთლიანობაში დანართ №2-ში იყო ასახული.
ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულებას იღებდა, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილ უფლებამოსილ პირთან ერთად, ავტოტრანსპორტის სერვისცენტრში შეყვანისთანავე, დეფექტური აქტი შეედგინა და მასში დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ფირმა, მოდელი, გამოშვების წელი, საიდენტიფიკაციო ნომერი, აღმოჩენილი ხარვეზი, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭირო გასაწევი მომსახურებების ჩამონათვალი (საჭიროების შემთხვევაში შესაცვლელი სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) მიეთითებინა. ასევე, შემსრულებელი ვალდებულებას იღებდა, დეფექტური აქტის შედგენიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, პრეისკურანტში მითითებული ღირებულებების შესაბამისად, აღდგენითი და პროფილაქტიკური მომსახურება განეხორციელებინა.
ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3 (მომსახურების გაწევის ვადები) და 5.2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელისთვის პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.04%-ის ოდენობით, დაეკისრებინა (ს.ფ. 16-34, 35).
6. 2016 წლის 01 თებერვალს, მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მარკა/მოდელი - „ტოიოტა 200“, სახელმწიფო ნომრით - „B------“, დეფექტური აქტი შედგა. აღნიშნული ავტომობილის შეკეთების თაობაზე, მხარეთა შორის, 2016 წლის 09 მარტს შესრულებული სამუშაოს აქტი გაფორმდა (ს.ფ. 36-38).
7. 2016 წლის 01 თებერვალს, მხარეთა შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მარკა/მოდელი - „შკოდა სკაუტი 1.8“, სახელმწიფო ნორმით - „Q------“, დეფექტური აქტი შედგა. აღნიშნული ავტომობილის შეკეთების თაობაზე, მხარეთა შორის, 2016 წლის 26 თებერვალს შესრულებული სამუშაოს აქტი გაფორმდა (ს.ფ. 39-41).
8. 2016 წლის 04 თებერვალს, მხარეთა შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მარკა/მოდელი - „ტოიოტა ლენდკრუიზერი“, სახელმწიფო ნორმით - „T--------“ დეფექტური აქტი შედგა. აღნიშნული ავტომობილის შეკეთების თაობაზე, მხარეთა შორის, 2016 წლის 23 თებერვალს შესრულებული სამუშაოს აქტი გაფორმდა (ს.ფ. 42-45).
9. მოსარჩელეს მოპასუხისთვის, მის მიერ, ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების ღირებულება, სრულად აქვს ანაზღაურებული (ს.ფ. 49-84).
10. 2016 წლის 13 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების: მოდელი - „ტოიოტა 200“, სახელმწიფო ნომრით - „B-----“, მოდელი - „შკოდა სკაუტი 1.8“, სახელმწიფო ნომრით - „Q------“ და მოდელი - „ტოიოტა ლენდკრუიზერი“, სახელმწიფო ნომრით - „T--------“ ვადაგადაცილებით შეკეთებისათვის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, პირგასამტეხლოს - ჯამში 11 016 ლარის, გადახდის შესახებ მიმართა (ს.ფ. 45-47).
11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ლეგიტიმურ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა მოითხოვოს. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც მოთხოვნის უფლება წარმოიშვა, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე გამორიცხოს. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას უწყობს ხელს; ბ) ინარჩუნებს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას.
აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება ისპობა. ხანდაზმულობის ვადა უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით სპობს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე. ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს.
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დროის გარკვეულ მონაკვეთს გულისხმობს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა მოითხოვოს. ამ ვადის გაცდენა კი, ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას გულისხმობს. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას კარგავს.
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე, საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად მიიჩნევა. კერძოდ, გადაწყვეტილება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ეფუძნება, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად უმნიშვნელოვანესია. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება გამოიწვიოს, რაც, საბოლოო ჯამში, სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას გაართულებს. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, ასევე სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი გაიზრდება. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.
ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერი მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადები რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სახელშეკრულებო ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის შესრულებას მოითხოვდა, რაზეც თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა მოქმედებს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
12. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენა მის მიერ მოთხოვნის აღიარებად და შესაბამისად, დაზუსტებულ შესაგებელში მოყვანილი ხანდაზმულობის არგუმენტის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლად, მართებულად არ იქნა მიჩნეული.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით მხარე სადავოდ არ ხდის გარემოებას მასზედ, რომ სარჩელის აღძვრის მომენტში სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, თუმცა, აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ვინაიდან მოპასუხის მიერ პირველად წარდგენილი შესაგებლით მოთხოვნა აღიარებულ იქნა, აღნიშნული არ შეიძლებოდა გაქარწყლებულიყო მოგვიანებით წარდგენილი დაზუსტებული შესაგებლით, სადაც მხარე მოთხოვნას ხანდაზმულად მიიჩნევდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
ამავე კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2019 წლის 17 მაისს, მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებლით, სასარჩელო მოთხოვნის აღიარება, როგორც ეს საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის დისპოზიციითაა განსაზღვრული, არ მომხდარა. შესაგებელში თვალნათლივ არის მითითებული, რომ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და სარჩელში მითითებული მოთხოვნისგან თავის დასაცავად სამართლებრივ არგუმენტებს ავითარებს, ანუ მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე, მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა, რაც თავისთავად, მოსამზადებელ სტადიაზე, მოთხოვნის განხორციელების თაობაზე შემაფერხებელი შესაგებლის წარდგენას არ გამორიცხავს.
რაც შეეხება 2019 წლის 25 ივნისს, მოპასუხის მიერ დაზუსტებული შესაგებლის წარდგენას და მასში მოყვანილი მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი არგუმენტის სასამართლოს მიერ გაზიარებას, პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლში მოყვანილი უფლებები, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილად რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, როგორც მოსარჩელეზე, ასევე მოპასუხეზეც ვრცელდება. შესაბამისად, ნათელია, რომ სასამართლოს მიერ მთავარი სხდომის დანიშვნამდე დაზუსტებული სარჩელის/შესაგებლის წარდგენა მხარეებს შეუძლიათ, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც აღნიშნულ უფლებას კოდექსის არცერთი ნორმა არ კრძალავს, მეტიც, საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი საპროცესო ანალოგიის გამოყენების შესაძლებლობას განამტკიცებს.
ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 25 ივნისს თბილისის საქმის განმხილველ სასამართლოს მთავარი სხდომა არ ჰქონდა დანიშნული და მოპასუხემ სწორედ ამ დღეს წარმოადგინა დაზუსტებული შესაგებელი, პალატა ადგენს, რომ სასამართლოს დაზუსტებული შესაგებლით უნდა ეხელმძღვანელა, რაც მართებულად განხორციელდა.
რაც შეეხება, აპელანტის მიერ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე აპელირებას, პალატის მოსაზრებით, იგი არარელევანტურია და პროცესის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული მუხლი მოსარჩელის/კრედიტორის უფლების დამდგენი ნორმაა, რომელიც უკვე ხანდაზმულ მოთხოვნას შეეხება, კერძოდ, ხანდაზმულად ცნობილი მოთხოვნის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე, ავანსის, პროცენტის გადახდის, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარი აღიარებით მოთხოვნის არსებობას აღიარებს. ასეთ დროს, ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება, რაც კრედიტორს შესაძლებლობას აძლევს, მოთხოვნის იძულებით დასაკმაყოფილებლად სასამართლოს მიმართოს. განსახილველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს, არა სასამართლო განხილვამდე ვალდებული პირის მიერ განხორციელებულ აღიარებასთან, რომელიც მოთხოვნას ხელახალ ხანდაზმულობის ვადას დაუკავშირებდა, არამედ პროცესუალური მოქმედების განხორციელების სისწორესთან, რასაც სასამართლოს მიერ მისი გაზიარების ან გაზიარებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგი უკავშირდება.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის თაობაზე გაკეთებული შედავება ლეგიტიმურად ჩაითვალა, ასევე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ავტომობილების, დეფექტური აქტის შედგენიდან ორ სამუშაო დღეში შეკეთება ივალდებულა და ამავდროულად დგინდება, რომ დეფექტური აქტები 2016 წლის 01 თებერვალს, 2016 წლის 01 თებერვალსა და 2016 წლის 04 თებერვალს არის შედგენილი, ცალსახაა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა თითოეული მათგანის შედგენიდან ორი დღის შემდეგ დაიწყებოდა. როგორც ობიექტური ასევე, სუბიექტური თვალსაზრისით, ივარაუდება, რომ მოსარჩელემ სწორედ ამ დროს შეიტყო/უნდა შეეტყო უფლების დარღვევისა და მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ. ამასთან, უდავოა, რომ სარჩელი 2019 წლის 08 აპრილსაა წარდგენილი, ანუ თითოეული ეპიზოდიდან ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი მართებულად გახდა.
13. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდ წილად სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება განაპირობებს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
რაც შეეხება მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობა მოპასუხე მხარეს უნდა ემტკიცებინა. რაც შეეხება აპელანტს, მას სასამართლოს წინაშე მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის უსაფუძვლობის თაობაზე უნდა მიეთითებინა. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სასამართლოში, მთავარი სხდომის დანიშვნამდე, მოპასუხის მიერ წარდგენილი დაზუსტებული შესაგებლის წარდგენის უფლებამოსილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 და 83-ე მუხლებით იყო უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით კი, ისეთ პირობებში, როდესაც პირველად წარდგენილ შესაგებელში მხარე სასარჩელო მოთხოვნას არ ცნობდა, რაც შესაძლებელია საპროცესო კანონმდებლობის 131-ე მუხლით განმტკიცებულ აღიარებად ყოფილიყო მიჩნეული. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ აპელანტმა მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია და მოთხოვნის ხანდაზმულობის გამომრიცხველი არგუმენტები ვერ წარადგინა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საქმის სრული, ობიექტური და სამართლიანი გამოკვლევის შედეგად პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსი საფუძვლიანად შეისწავლა, სწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102, 386-ე, 377-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს----------–----–------------------------------------------–-------–-–--------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებულია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი