განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2020
საქმის ნომერი
330100119003250578
ინსტანცია
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003250578

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

საქმე №1ბ/81-20 31 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: გ---- ა---------–-ს ძე რ------- (პირადი № 1-----------) დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განთლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ვ----------------------–----–-----–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენით გ---- რ------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1100 (ათას ასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 09 ოქტომბრიდან 2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გ---- რ------ის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ გ---- რ-------ს სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გ---- რ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ი--------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------ემ და ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა მისი რეალურად მოხდით.

 

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სისხლის სამართლის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2010 წლის 17 იანვარს.

 

2020 წლის 22 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის ი--------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-------------ის სააპელაციო საჩივარი დაშვებული იქნა საქმის ზეპირის მოსმენის გარეშე განსახილველად.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 02ოქტომბერს გ---- რ------- ტელეფონით დაუკავშირდა მეუღლეს თ----- გ-–-----–-ას და დაემუქრა, რომ ,,არ აცოცხლებდა და გაამწარებდა“. მუქარა თ----- გ-–-----–-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ე.ი. გ---- რ-------მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გ---- რ-------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი არცერთი მტკიცებულება. გ---- რ------ის მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულ თ----- გ-–-----–-ას, მოწმე ა--------ას გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით და ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ---- რ------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ---- რ-------მ ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ---- რ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი გასაჩივრებულია სწორედ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით და სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ქ. თბილისის ი--------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა საჭიროების მიხედვით უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს, ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებული იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმული იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ გ---- რ------- 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თ----- გ-–-----–-ასთან. ჰყავთ სამი შვილი, მათ შორის - ორი არასრულწლოვანი და ერთი მცირეწლოვანი. გ---- რ-------მ ფინანსური პრობლემების გამო დაახლოებით 2-3 წლის წინ დაიწყო ალკოჰოლური სასმელის მიღება და გახდა კონფლიქტური. კონფლიქტების დროს სახლში ამტვრევდა სხვადასხვა ნივთებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. მის მიმართ ამგვარი აგრესიული ქცევის გამო გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი. ფსიქოლოგიური ექსპერიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ გ---- რ------ის ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

პალატა თვლის, რომ გ---- რ------ის მიერ ამგვარი ქმედებების განხორციელება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიუთითებს მის მიდრეკილებაზე ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისადმი. ეს კი არა მარტო დაზარალებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, ასევე საფრთხის შემქმნელია არასრულწლოვანთა ფსიქიკისთვისაც. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არა მხოლოდ დაზარალებულია, არამედ ბავშვიც, რომელიც ასეთი ძალადობის მოწმე გახდა. გ---- რ------ის მიერ განხორციელებული ქმედების არასრულწლოვანი მოწმე ასევე შეიძლება ჩაითვალოს მსხვერპლად. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ გ---- რ------ისათვის დანიშნული სასჯელი - ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულზე ისეთი სახის ზემოქმედებას, რომ მოხდეს მისი რესოციალიზაცია.

 

შემამსუბუქებელი გარემოებანი, როგორიცაა ნასამართლობის არ ქონა, აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა აპრიორი არ უნდა გახდეს გ---- რ------ისათვის შებამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელებიდან ყველაზე მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი.

 

გ---- რ------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული და კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის მე-111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელები, რომლითაც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ---- რ------ისათვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად არ გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება (დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ) და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ გ---- რ------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული არ არის. მსჯავრდებული დანიშნული სასჯელით უნდა აცნობიერებდეს თავისი ქმედების სიმძიმეს, რაც დაეხმარება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ მართალია, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, თუმცა მხედველობაში იღებს იმას, რომ გ---- რ------ის ძალადობრივ ქცევას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი და გრძელდებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაზედაც მიუთითებს როგორც დაზარალებულის ჩვენების შინაარსი, ასევე მის მიმართ წარსულში შემაკავებელი ორდერის გაცემის ფაქტი. ამიტომ მომავალშიც მისი ამგვარი ქმედების პრევენციისთვის არ არის საკმარისი ჯარიმის დაკისრება, მით უმეტეს, რომ საქმის მასალების თანახმად სწორედ უმუშევრობამ და მატერიალურმა პრობლემებმა განაპირობეს გ---- რ------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ გ---- რ-------ს არ დაურღვევია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით დაკისრებული ვალდებულებები. ამასთან, ძალადობის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემდეგ. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ ეფექტური აღმოჩნდა სამართლებრივი ღონისძიებები, რომელთა ფარგლებში ხორციელდებოდა კონტროლი გ---- რ------ის ქცევაზე. ამიტომ პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მიღწევისათვის დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის ოპტილმალურ სახეს.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაული, იგი აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პიობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ გ---- რ------ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

მსჯავრდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედების ჩადენის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება თავისუფლების აღკეთის სახით დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდის საკითხი, რაც მიჩნეული უნდა იქნას აუცილებელი ეფექტურ შემაკავებელ ფაქტორად.

 

ამდენად, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის საჭიროა მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

 

პალატას ეჭვი არ შეაქვს მსჯავრდებულის გულწრფელ სურვილში, მეუღლესთან აღდგეს ნორმალური ოჯახური ურთიერთობა და ერთად იზრუნონ შვილების აღზრდაზე, თუმცა ითვალისწინებს იმასაც, რომ სწორედ მისი გაუწონასწორებელი ქცევა გახდა დანაშაულის ჩადენის მიზეზი. ამიტომ მიზანშეწონილად მიიჩნევს, გ---- რ-------ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაეკისროს მოვალეობა, გაიაროს სავალდებულო სწავლების კურსი, რომელიც ორიენტირებულია ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე. ამ მოვალეობის დაკისრება ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციის მიზნის მიღწევას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენში გ---- რ------ის მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ი--------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენში გ---- რ------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

გ---- რ------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

გ---- რ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2019 წლის 09 ოქტომბრიდან 2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ---- რ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე გ---- რ-------ს დაეკისროს მოვალეობა, გაიაროს სავალდებულო სწავლების კურსი, რომელიც ორიენტირებულია ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე.

 

პირობით მსჯავრდებულ გ---- რ------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მასვე დაევალოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე