განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310019003149157
საქმე №3ბ/2536-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნანა დარასელია
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
წარმომადგენელი - ე------–-----–--
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ---------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ,,ზ---------------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 1------------------- პ/შ ბრძანება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ზ---------------ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან, ასეთი საშტატო ერთეულის არარსებობის შემთხვევაში, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა მოსარჩელე ზ---------------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის - თანამდებობრივი სარგოსა და წოდების დანამატის ანაზღაურება მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენების დღიდან - 2013 წლის 26 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა მოსარჩელე ზ---------------ის განაცდური პერიოდის უწყვეტ სამუშაო სტაჟში ჩათვლა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა მოსარჩელე ზ---------------ის სასარგებლოდ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.2.1. ზ---------------ე 2013 წლის 01 ივლისიდან დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად.
2.2.2. ზ---------------ე დაკავებული იქნა 2013 წლის 26 ნოემბერს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა, მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის გამო.
2.2.3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 0----------------------– ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის N832 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, იუსტიციის პოლკოვნიკი ზ---------------ე დროებით გადაყენებული იქნა თანამდებობიდან 2013 წლის 26 ნოემბრიდან.
2.2.4. ზ---------------ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ფაქტზე 2013 წლის 02 დეკემბერს მიღებული დასკვნით დგინდება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - ,,სამსახურიდან გათავისუფლება“.
2.2.5. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 1------------------- პ/შ ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, იუსტიციის პოლკოვნიკი ზ---------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2013 წლის 02 დეკემბრიდან.
2.2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით, ზ---------------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განაჩენით, პროკურორ ზ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი.
დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
2.2.7. მოსარჩელე ზ---------------ემ 2018 წლის 26 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, წარუდგინა მისი გამართლების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენები და ითხოვა სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, რაც არ დაკმაყოფილდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ზ---------------ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ფაქტზე 2013 წლის 02 დეკემბერს მიღებული დასკვნა.
2.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
2.3.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 0----------------------– და 2013 წლის 1------------------- პ/შ ბრძანებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს. ამრიგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლოს მსჯელობის საგანს ასევე წარმოადგენს მოსარჩელე ზ---------------ის სამსახურში აღდგენის, მისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის - თანამდებობრივი სარგოს და წოდების დანამატის ანაზღაურებისა და განაცდური პერიოდის საერთო სამუშაოს უწყვეტ სტაჟში ჩათვლის საკითხი.
2.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", გვ.9).
სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებზე მითითებით, განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. სასამართლომ ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლზე, რომლითაც განმტკიცებულია პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ შრომითსამართლებრივი საქმიანობა წარმოადგენს პირადი ცხოვრების უფლებით დაცული სფეროს შემადგენელ ნაწილს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საქმეზე ,,ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ" (განაცხადი N21722/11) გვ.48-49).
სასამართლომ დამატებით მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და 23-ე მუხლის პირველ პუნქტზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის პირველ, მე-4, 24-ე მუხლებზე.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის, გულისხმობს საჯარო დაწესებულების ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული.
2.3.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 0----------------------– ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი ,,,პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის N832 ბრძანებულების პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავდა და აწესრიგებდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და მის დაქვემდებარებაში არსებულ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში - პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესს, სისტემის ორგანოს მოსამსახურეთა სტატუსს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისტემის ორგანოს მოსამსახურე იყო საჯარო მოსამსახურე, რომელსაც, როგორც წესი, მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო სპეციალური წოდება.
მითითებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ამ წესით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული, მოსამსახურის გადაყვანა/თანამდებობრივი გადაადგილება ხორციელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უფლებამოსილ თანამდებობის პირს შეეძლო თანამდებობიდან დროებით გადაეყენებინა სისტემის ორგანოს თანამშრომელი.
ზ---------------ე 2013 წლის 01 ივლისიდან დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ---------------ე დაკავებული იქნა 2013 წლის 26 ნოემბერს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა, რის საფუძველზეც საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 0----------------------– ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის N832 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, იუსტიციის პოლკოვნიკი ზ---------------ე დროებით გადაყენებული იქნა თანამდებობიდან 2013 წლის 26 ნოემბრიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ---------------ის სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
2.3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მიხედვით, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/გათავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ.
დადგენილია, რომ ზ---------------ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ფაქტზე 2013 წლის 02 დეკემბერს მიღებული იქნა დასკვნა იმავე ქმედების გამო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენების თაობაზე, რომლის გამოც მის მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება და სასამართლოს განაჩენი არ ჰქონდა გამოტანილი.
სასამართლომ მიუთითა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 1------------------- პ/შ ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლებოდა, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდებოდა კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ,,,პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის N832 ბრძანებულების მე-10 მუხლით, სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო თანამდებობიდან დროებით გადაყენება, რომლის მიზანიც იყო კანონით დადგენილი წესით დაუდასტურებელი, სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების გამო პირის სამსახურიდან უსაფუძვლოდ დათხოვნის და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის თავიდან აცილება. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, პირის სამსახურიდან დათხოვნა ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უდანაშაულობის პრეზუმფციის, ისე თვით მითითებული წესით მოწესრიგებულ შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს.
სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 1------------------- პ/შ ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, იუსტიციის პოლკოვნიკი ზ---------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2013 წლის 02 დეკემბრიდან სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის საფუძველზე, რომელიც შედგენილი იყო იმავე ქმედების გამო, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისამართლებრივი დევნა და რის გამოც იგი დროებით იყო გადაყენებული თანამდებობიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ზ---------------ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ფაქტზე, 2013 წლის 02 დეკემბერს მიღებული დასკვნა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და მე-601 მუხლებზე მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ---------------ის სასარჩელო მოთხოვნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 1------------------- პ/შ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით იყო საფუძვლიანი, რის გამოც ბათილად ცნო დასახელებული ბრძანება.
2.3.5. სასამართლომ მიუთითა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებზე, რომლებითაც მოწესრიგებულია სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი პირისთვის განაცდურის ანაზღაურების წესი. საქმის ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე და 331 მუხლების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან უკანონოდ იქნა მიჩნეული ზ---------------ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურებისა და განაცდური პერიოდის უწყვეტ სამუშაო სტაჟში ჩათვლის თაობაზე ასევე საფუძვლიანია.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
აპელანტი აღნიშნავს, რომ ზ---------------ე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 04 ივლისის N6-- პ/შ ბრძანებით დაინიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად პირველი ივლისიდან. ზ---------------ე არ იყო დანიშნული განუსაზღვრელი ვადით, არამედ სამსახურში მიღებულ იქნა თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელად – კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე. სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დროებით მოვალეობის შემსრულებელი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვის ვადით. იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.
აპელანტის განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ზ---------------ე, როგორც მოვალეობის შემსრულებელი, უნდა გათავისუფლებულიყო 3 თვის გასვლის შემდგომ, თუმცა 2013 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიმდინარე ცვლილებებიდან გამომდინარე ვერ მოხდა ზ---------------ის გათავისუფლება, ხოლო შემგომ იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 2----------------------- ბრძანებით გადაყენებული იქნა თანამდებობიდან, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბერის N832 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 2013 წლის 1------------------- პ/ნ ბრძანებით კი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოებები, ზ---------------ის დანიშვნის ბრძანების სამართლებრივი ნორმები და უსაფუძვლოდ ცნო ბათილად 2013 წლის 1-------------------- პ/შ ბრძანება. ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის ნორმები, რომლებიც განუსაზღვრელი ვადით დანიშნულ მოხელეთა მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული. ზ---------------ისთვის დანიშვნის ბრძანების გამოცემის დღიდან იყო ცნობილი, რომ ის დროებით იყო დანიშნული კონკრეტულ თანამდებობაზე. ზ---------------ე დააკავეს 2013 წლის 26 ნოემბერს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა, რის გამოც პირველად გამოიცა ბრძანება ზ---------------ის სამსახურიდან გადაყენების თაობაზე, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ხანგრძლივობიდან გამომდინარე (ზ---------------ის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა 4 წელი და 6 თვე), რადგან მოსარჩელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად იყო დანიშნული და იმ თანამდებობაზე უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/განთავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას. მითითებული ნორმის საფუძველზე ზ---------------ის სამსახურში აღდგენას აპელანტი მიიჩნევს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, რადგან მოსარჩელე სამსახურში მიღებული იყო განსაზღვრული ვადით.
აპელანტი აღნიშნავს, 2013 წლიდან განხორციელდა არაერთი ცვლილება, მათ შორის, არ არსებობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, 2015 წელს განხორციელდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაცია, 2018 წელს გაუქმდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, არაერთხელ დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა, მოხდა საშტატო ერთეულის შემცირება, კადრების მომზადება/გადამზადება, ვაკანტურ ადგილებზე ახალი კადრების მიღება და დანიშვნა კონკურსის წესით. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, რადგან აღარ არსებობს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა ან მისი ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა. სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანს აყენებს იმ პირს, რომელიც კანონის შესაბამისად განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა ვაკანტურ ადგილზე.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში, რადგან მოვალეობის შემსრულებელი დროებით, განსაზღვრული ვადით ინიშნება. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრება, რადგან სასამართლო პროცესებზე ზ---------------ე თვითონ გამოდიოდა და მას წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე არ ჰყოლია.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 384-ე, 394-ე მუხლებზე და ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
5.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
5.2.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ მოპასუხის მიერ, იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აფასებს რა სააპელაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, უნდა განიმარტოს, რამდენად არსებობდა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის, მისთვის განაცდურის ანაზღაურებისა და განაცდური პერიოდის უწყვეტ სამუშაო სტაჟში ჩათვლის წინაპირობები.
5.2.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე დაკავებული იქნა 2013 წლის 26 ნოემბერს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 0----------------------– ბრძანებით ზ---------------ე დროებით გადაყენებული იქნა თანამდებობიდან 2013 წლის 26 ნოემბრიდან. ამასთან, მოსარჩელის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ფაქტზე 2013 წლის 02 დეკემბერს მიღებულ იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, ზ---------------ის მიმართ გამოყენებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „სამსახურიდან გათავისუფლება“. შედეგად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 1------------------- პ/შ ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, იუსტიციის პოლკოვნიკი ზ---------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2013 წლის 02 დეკემბრიდან.
სადავო პერიოდში საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს ადგენდა, საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებდა, მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავდა 1997 წლის პირველი დეკემბრიდან მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც ძალადაკარგულია 2017 წლის პირველი ივლისიდან.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ხსენებული რედაქციის 79-ე მუხლი ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომა - სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. ამავე კანონის 103-ე მუხლიდან გამომდინარე კი, მოხელე თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც მას შეეფარდა სასჯელი განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის, ან სასჯელი, რომელიც გამორიცხავს სამსახურის გაგრძელებას. მოხელე თავისუფლდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს მოხელის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სანქციის უკიდურეს ზომას, რომელიც გამოიყენება ნორმატიულად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას, პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით კი პირდაპირ იყო განსაზღვრული პირის სამსახურიდან გათავისუფლება, თუკი მას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით შეეფარდებოდა სასჯელი განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის ან სასჯელის ბუნება გამორიცხავდა სამსახურის გაგრძელებას.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, მართალია, საჯარო მოსამსახურეს, მისი მაღალი სტატუსიდან, უფლება-მოვალეობათა ფართო სპექტრიდან, სამსახურებრივი დანიშნულების მნიშვნელობიდან გამომდინარე, გააჩნია მაღალი პასუხისმგებლობა და უნდა აკმაყოფილებდეს კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის მაღალ სტანდარტს, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს გამოყენებული უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და დასაქმებულის სოციალურ უფლებებში გაუმართლებელი და უსაფუძვლო ჩარევის გამართლებისათვის. სწორედ კონსტიტუციითა და საერთაშორუსი აქტებით განმტკიცებული უდანაშაულობის პრეზუმფციის (ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით) დაცვას ემსახურება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული მითითება, რომელიც პირის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას არ მიიჩნევს სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად და გათავისუფლებას მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლას უკავშირებს.
ამასთან, საჯარო სამსახურის სათანადო ფუნქციონირებისთვის, ვინაიდან მოსამსახურე პატიმრობის დროს ვერ შეძლებდა დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის N832 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ მე-10 მუხლის მე-7 პუნქტით, სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უფლებამოსილ თანამდებობის პირს შეეძლო თანამდებობიდან დროებით გადაეყენებინა სისტემის ორგანოს თანამშრომელი. ამრიგად, მითითებული ნორმა პროპორციულად, თანაზომიერების პრინციპის დაცვით, იცავდა სამსახურის ინტერესს, აძლევდა რა შესაძლებლობას დროებით გადაეყენებინა თანამდებობიდან დასაქმებული, ასევე დაცული იყო დასაქმებულის ინტერესი, რადგან მისი სამსახურიდან გადაყენება ატარებდა დროებით ხასიათს და არ ნიშნავდა სამსახურიდან გათავისუფლებას. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა აღნიშნული შესაძლებლობა, თუმცა თანამდებობის გადაყენების შემდგომ, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის განმავლობაში, მოსარჩელე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობაზე მითითებით მაშინ, როდესაც საქმეზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული არ იყო გამამტყუნებელი განაჩენი, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, ვინაიდან „უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფცია წარმოადგენს სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპს, რომელიც მათ შორის გულისხმობს, ყველას მოექცნენ იმ დაშვებით, რომ ის უდანაშაულოა მანამ, ვიდრე ჯეროვანი პროცედურის გავლით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება მისი დამნაშავეობა.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62). ამასთანავე, ,,უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას მაშინაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება გამამტყუნებელი განაჩენის ან რაიმე სასჯელის დაკისრების გარეშე, თუ სასამართლო ან სხვა ხელისუფლების ორგანო პირს ეპყრობა იმგვარად, თითქოს დადასტურებული იყოს პირის დამნაშავეობა მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებაში. აღნიშნული მიუთითებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არა მხოლოდ ,,შედეგზე-ორიენტირებული” გარანტიაა, რომლის მიზანია, მიკერძოებისა და წინასწარ შექმნილი მოსაზრებებისგან თავისუფალი, სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფა, უდანაშაულობის პრეზუმპციის მიზანია აგრეთვე პირის რეპუტაციის დაცვა მას შემდეგ, რაც სამართალწარმოება მის სასარგებლოდ დასრულდება, რათა საზოგადოების სხვა წევრების მიერ ის არ იქნეს აღქმული დამნაშავედ, როდესაც დამნაშავეობა არ დადასტურებულა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენით. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის № 3/1/633, 634 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-31).
პალატა განმარტავს, რომ სადავო შემთხვევაში უდანაშაულოს პრეზუმფციის დარღვევით ადმინისტრაციულმა ორგანომ იმავდროულად დაარღვია კანონის მოთხოვნები, რადგან მას დასაქმებულის გათავისუფლება სამსახურიდან შეეძლო მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ამასთან, სამსახურიდან გადაყენება სისხლისსამართლებრივი დევნისას ასევე გრძელდებოდა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სადავო ბრძანების გამოცემისას კი ასეთი განაჩენი არ არსებობდა. უფრო მეტიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით, ზ---------------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. ამრიგად, სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენით არ დადასტურდა მოსარჩელის ბრალეულობა და დამნაშავეობა. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ზ---------------ის სამსახურიდან გათავისუფლებისას არ არსებობდა ასეთი სანქციის გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, ასეთი საფუძველი არც სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებისას გამოიკვეთა. მითითებულ გარემოებათა ერთობლიობა კი ცალსახად ადასტურებს მოსარჩელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას. საყურადღებოა, რომ ასეთი უკანონობა თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერაც იქნა აღიარებული, როდესაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ზ---------------ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ფაქტზე 2013 წლის 02 დეკემბერს მიღებული დასკვნა.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ „ზ---------------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 1------------------- პ/შ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ,,ზ---------------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 1------------------- პ/შ ბრძანება.
5.2.4. მოსარჩელე ასევე ითხოვს სამსახურში აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებასა და განაცდური პერიოდის სტაჟში ჩათვლას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/გათავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას. (პირველი პუნქტი). ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ. (მეორე პუნქტი).
იმავე კანონის 37-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობს სამსახურში აღდგენაზე. ამ კანონის შესაბამისად თანამდებობიდან გადაყენებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე სამსახურში აღდგენას ექვემდებარება პირადი განცხადების საფუძველზე, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხდება ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე, მისივე თანხმობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ პირის უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული ასეთი პირის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, ვაკანტური თანამდებობის არარსებობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე Nბს-610-610(კ-18)), რომელშიც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონოდ ცნობა საკმარისია მოსარჩელის იმ უფლებებში აღსადგენად, რაც გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე გააჩნდა. ამავე ნორმის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით."
სააპელაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ვინაიდან „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის N3129-რს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში) გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა ორგანოებმა უზრუნველყონ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებების ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრმა უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ის გარემოება, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ასეთი სახელწოდებით აღარ არსებობს, არ ნიშნავს, რომ არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობა, ვინაიდან მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰყავს უფლებამონაცვლე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სახით, რომელიც კისრულობს იმ ფუნქციებს, რასაც მოსარჩელე ახორციელებდა დამსაქმებელ ორგანოში. ამასთან, აპელანტს ნორმატიულად დაევალა შტატით დასაქმებულ თუ შტატგარეშე მომუშავეთა შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა. ამრიგად, სისტემაში განხორციელებული ცვლილებები ვერ მოახდენს მოსარჩელის სამსახურში აღდგენაზე გავლენას და არსებული ვითარება არ იცვლება იმითაც, რომ ზ---------------ე იყო მოვალეობის შემსრულებელი.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას სერტიფიკატთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის უკანონო და ბრალეული ქმედებით იქნა გამოწვეული მოსარჩელის მიერ კონკრეტულ პროცედურათა გავლის შეუძლებლობა, რაც ვერ იქნება გამოყენებული მოსარჩელის საწინააღმდეგოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებისა და განაცდური პერიოდის უწყვეტ სამუშაო სტაჟში ჩათვლის თაობაზე კანონიერია.
6. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟი გადახდისგან.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის სირთულის გათვალისწინებით, ასევე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის გონივრულ ოდენობად მიიჩნია 500 ლარი, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა მოპასუხე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, საქმეში წარმოდგენილია გადახდის ქვითარი, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი აქვს 800 ლარი (ტ. 1, ს.ფ. 171). შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მოახდინა საპროცესო ხარჯების განაწილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ნანა დარასელია