განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2019
საქმის ნომერი
180310519003006943
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის არარად აღიარების თაობაზე
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 180310519003006943

საქმე №3ბ/2076-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მანანა ჩოხელი

 

აპელანტი - სსიპ სოციალურის მომსახურების სააგენტო

 

მოწინააღმდეგე მხარე - ქრ-----------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეს, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

1. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

ქრ-----------------–---–ს სააპელაციო შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ქრ-----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 15 აპრილის N2042/19-1 გადაწყვეტილება; დაევალა მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - ქრ-----------------–---–ს 2019 წლის 01 მაისიდან დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი (სოციალური პაკეტი).

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

მოსარჩელე ქრ-----------------–---–ი მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში. მოსარჩელემ 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობის დროს მიიღო ტრამვა და გახდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.

 

2019 წლის 10 აპრილს ქრ-----------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და მოითხოვა მისთვის სოციალური პაკეტის დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ცენტრმა 2019 წლის 15 აპრილს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში ეწევა საჯარო საქმიანობას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მოტივაციის საფუძველზე სადავო გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი არ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის ნამდვილი, ნორმატიული შინაარსიდან, რის გამოც გასაჩივრებული აქტი ბათილია.

 

3.3 დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ უპირველეს ყოვლისა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო; სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე; სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.

 

მაშასადამე, საქართველოს როგორც სოციალური სახელმწიფოს ერთ-ერთი მიზანია, რომ ქვეყანაში შექმნას ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამართლიანი პირობები. ამ მიმართულებით, სადავოობის შემთხვევაში, კანონმდებლობის გამოყენებისას ნორმის სწორად განმარტების საკითხში, მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფოს ხელისუფლების ერთ-ერთო შტოს - სასამართლოს აკისრია.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება (კონსტიტუციის ძველი რედაქცია) პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იურიკილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიერი შელახვა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით; საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 03 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილი) და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (შემდგომში – ეკომიგრანტი) მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ხოლო მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქცია და უფლებამოსილებაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური დახმარების მიმღებთა გამოვლენა, დადგენა, აღრიცხვა, დახმარების დანიშვნა და გაცემის ორგანიზება.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით სოციალური დახმარება

განიმარტება, როგორც ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის.

 

სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს სოციალური პაკეტის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

სასამართლომ მიუთითა ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა წრე, ოდენობები და დაფინანსების წყარო.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ქრ-----------------–---–ი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და ის წარმოადგენს სოციალური პაკეტის მიღების უფლების მქონე სუბიექტს.

 

იმავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა, ხოლო დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად, სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას სოციალური პაკეტის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში; თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და მაძიებელი აკმაყოფილებს სოციალური პაკეტის დანიშვნის პირობებს, სააგენტოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის არდანიშვნის თაობაზე. განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში არსებული მონაცემები დარდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციასთან.

 

სოციალური პაკეტი ინიშნება: ა) განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს; ბ) სოციალური პაკეტის უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.

 

აღსანიშნავია დადგენილების მე-6 მუხლი, რომელიც ადგენს სოციალური პაკეტის მიღებაზე შეზღუდვებს. მითითებული ნორმის მე-4 პუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.

 

დადგენილების მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით, საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, ადმინისტრირების ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ- სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ქრ-----------------–---–მა 2019 წლის 10 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და მოითხოვა მისთვის სოციალური პაკეტის დანიშვნა, ვინაიდან 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობის დროს მიიღო ტრამვა და გახდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა- მთიანეთის სამხარეო ცენტრმა 2019 წლის 15 აპრილს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) სოციალური პაკეტის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ქრ-----------------–---–ი ეწევა საჯარო საქმიანობას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ,,დელტაში’’ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად.

 

წინამდებარე სარჩელის თანახმად, მხარეთა შორის დავის ფაქტობრივი საფუძველია მხარეთა შეუთანხმებლობა შემდეგ საკითხზე: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ში საქმიანობა წარმოადგენს საჯარო სამსახურს თუ არა.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო- ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის N394 ბრძანებულების თანახმად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო- კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „სხივის“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, რომლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

 

ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების შემუშავება და დამტკიცება დაევალა. აღნიშნული ბრძანებულება ხაზს უსვამს „დელტას“ შექმნის მიზნებსა და საფუძვლებს, რომელიც სწორედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით შეიქმნა.

 

აღნიშნული ბრძანებულებით შექმნილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ბაზაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 08 აპრილის N164 დადგენილებით დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკური ცენტრი „დელტა“ (შემდგომში ‑ ცენტრი).

 

N164 დადგენილება საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 25 დეკემბრის №139 ბრძანებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ, რომლითაც განსაზღვრულია ცენტრის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი. დებულების მიხედვით, ცენტრის საქმიანობის ერთ- ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: საჯავშნე მასალების შექმნა, ცოცხალი ძალის უსაფრთხოებისა და სპეციალური ობიექტების დაცვითი სისტემების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფა; სპეციალური სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური პროცესების მაკონტროლებელი და მზომი – მეტროლოგიური დანიშნულების ხელსაწყოების შექმნა და წარმოების ორგანიზება; სპეციალური დანიშნულების ოპტიკური და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარების, სისტემებისა და მათი აღჭურვილობის შექმნა-დანერგვა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი.

 

ამდენად, „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით, უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), რომლითაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია. სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სადაც მოცემულ ვითარებაში მუშაობს მოსარჩელე ქრისტოფორე ბასიშვილი, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს, ცენტრში საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, შესაბამისად, მოსარჩელეს კანონის თანახმად, ცენტრში საქმიანობით არ შეუწყდება უფლება მიიღოს სოციალური პაკეტი კანონით დადგენილი წესით და ოდენობით, რაც არ გაითვალისწინა მოპასუხემ სადავო აქტით. შესაბამისად, მოსარჩელისათვის სოციალური პაკეტის დანიშვნაზე უარის გამომხატველი გადაწყვეტილება, ეწინააღმდეგება კანონს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.

 

გამომდინარე იქედან, რომ ის საფუძველი, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, არ არსებობს ანუ მოსარჩელე ,,დელტა’’-ში არ ასრულებს საჯარო საქმიანობას, რამდენადაც ,,დელტა’’ წარმოადგენს სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა- მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 15 აპრილის N2042/1 გადაწყვეტილება, ხოლო 33-ე მუხლით, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ქრ-----------------–---–ს 2019 წლის 01 მაისიდან დაენიშნება სოციალური პაკეტი.

 

4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი განმარტავს, რომ ქრ-----------------–---–ი დასაქმებულია სსიპ -სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ახორციელებს საჯარო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შეზღუდვაში სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,,დელტა“ ვერ იქნება გათვალისწინებული, რადგან აღნიშნული სსიპ არ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.

 

აპელანტი მოიხმობს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის N394 ბრძანებულებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის განმგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუს ,,სხივის“ მაზაზე, პროფილის შენარჩუნებით - შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა“. თუმცა, არც აღნიშნულ ბრძანებაშია უშუალოდ დელტას, როგორც მაკოორდინირებელი ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ბუნების შესახებ.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 08 აპრილის N264 დადგენილების მიხედვით: საჯარო სამართლის იურიდიული პირის -სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,,დელტას“ უფლებამოსილება განისაზღვრება ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. ამავე დადგენილების მიხედვით: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ,,დელტას“ დებულების დამტკიცებას, რომლის სახელმწიფო კონტროლსაც დაექვემდებარებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) ფერდინად თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; ბ0 რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; გ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი; დ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; ე) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ვ0 ინსტიტუტი ,,ოპტიკა“. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს N25 ბრძანებით, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტას“ დებულება. აღნიშნული დებულების მიხედვით: სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა“ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა“. არც მინისტრის აღნიშნულ ბრძანებაში, ასევე საქართველოს არცერთ საკანონმდებლო აქტში, არ არსებობს მითითება ან სამართლებრივი განმარტება, იმისა რომ სსიპ - სსსტც დელტა - უშუალოდ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, სამეცნიერო-კვლევით ადმინისტრაციულ ორგანოს. საყურადღებოა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N58 დადგენილების არსებობა ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ რომელთა ჩამონათვალში უშუალოდ დელტა არ გვხვდება.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტზე და მიუთითებს, რომ სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება მცხეთის რაიონული სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა წრე, ოდენობები და დაფინანსების წყარო.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ქრ-----------------–---–ი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და საჯარო საქმიანობის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ის წარმოადგენს სოციალური პაკეტის მიღების უფლების მქონე სუბიექტს. სადავოა, აქვს თუ არა მას სოციალური პაკეტის მიღების უფლება, რამდენადაც იგი მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში.

 

წინამდებარე დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, წარმოადგენს თუ არა სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ საქმიანობა - საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას, რაც გამორიცხავს სოციალური პაკეტის მიღების შესაძლებლობას.

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების მე-6.4 მუხლის მიხედვით, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.

 

ამ დადგენილების მიზნებისათვის, საჯარო საქმიანობა, მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, ადმინისტრირების ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე, (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)) რომელშიც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ - კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხდეს მათი მოტივირება და საპენსიო უზრუნველყოფის თუ სოციალური პაკეტის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში, შენარჩუნება, აღნიშნული კატეგორიის პირთა შესაძლებლობებისა და რესურსების გამოყენება. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის, განურჩევლად მათი საქმიანობის შინაარსისა, სოციალური პაკეტის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა, ემსახურება სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულების ინტერესებს.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია კანონმდებლის მიზანია, საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით, დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია დადგინდეს, რას წარმოადგენს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ შემოსავლის წყარო და არის თუ არა „დელტა“ ბიუჯეტზე დამოკიდებული დაწესებულება. „დელტას“ დებულების შესაბამისად, მისი შემოსავლის წყაროა: სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები; გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსულობები; საქველმოქმედო შემოწირულობები და კანონით ნებადართული სხვა შემოსავლები. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს, აღნიშნული, „დელტას“ დებულების 24-ე მუხლის შესაბამისად, შემოიფარგლება მხოლოდ მიზნობრივი სახსრებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ მოსარჩელის საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად და მას აქვს უფლება მიიღოს სოციალური პაკეტი დადგენილი წესით და ოდენობით, რაც ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლების შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, არ არსებობს წანამძღვრები მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);

 

მოსამართლე: მანანა ჩოხელი