განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2020
საქმის ნომერი
330100119003275207
ინსტანცია
თარიღი
04.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003275207

საქმე №1ბ/53-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ზ----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 11 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ. თბილისი, ფ-------------------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ზ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 2019 წლის 30 სექტემბრიდან 2019 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ გადასახდელად დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ზ----------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 30 სექტემბერს, დღის საათებში, ქ. თბილისში, ტ----------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის კიბის უჯრედზე, ზ----------------ემ პირად საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ-----------------ს, კერძოდ, ხელი ჰკრა ზურგისა და წელის არეში, მიაჯახა კიბის რკინის სახელურის კუთხეს, გადაუგრიხა მარცხენა ხელი, ფეხი ჩაარტყა მარცხენა ბარძაყის არეში და სამჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ლ-----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----–----–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ზ----------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, თუმცა გამოიყენა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, საზოგადოებრივ საშიშროებას და დაზარალებულის პოზიციას. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული არის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი. აპელანტის მოსაზრებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

აპელანტს მიაჩნია, რომ მიუხედავად ზ----------------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა, მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი. აღნიშნულის საფუძველს ქმნის არაერთი გარემოება, რომელიც მეტყველებს მსჯავრდებულის პიროვნებაზე. აპელანტის აზრით, გასათვალისწინებელია ზ----------------ის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათი, სპეციფიკა, ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება განახორციელა ქალის მიმართ, ამასთან, იყო არა ერთჯერადი, არამედ, დაზარალებულის განმარტებით, დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში სხვადასხვა ხერხით აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება, ზემოაღნიშნული ქმედება მსჯავრდებულმა განახორციელა მხოლოდ გაბრაზების ნიადაგზე. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ზ----------------ის მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე იმგვარ პროვოკაციულ ქმედებას, რაც ამ უკანასკნელის გაღიზიანებას გამოიწვევდა. ბრალდების მხარე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერის შინაარსზე, სადაც დაზარალებული დამატებით გამოთქვამს შიშს, რომ მოძალადე კვლავ განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას და მიაყენებს მას ფიზიკურ შეურაცხყოფას, ამასთანავე, დაზარალებული აფიქსირებს, რომ დაშორების შემთხვევაში ზ----------------ე მას სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით და რეპუტაციის შელახვით დაემუქრა. აპელანტის განმარტებით, ბრალდების მხარემ არსებითი განხილვის სხდომაზე დააფიქსირა დაზარალებულის პოზიცია, რომ ზ----------------ე საერთო ნაცნობებში მუდმივად ახდენდა მის დისკრედიტაციას და მიუხედავად იმისა, რომ პირადად ლ-----------------სთან არ ჰქონდა კონტაქტი, შემოვლითი გზით, ყოველთვის ცდილობდა მისი სახელისა და რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას. შესაბამისად, მსჯავრდებულისათვის სათანადო სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი ყოფაქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ. მოცემულ შემთხვევაში, ზ----------------ის ქმედებები არ ყოფილა მიმართული დაზარალებულთან შერიგებისა და მისთვის ზიანის ანაზღაურებისაკენ, რაც ვერ შეამსუბუქებს მის მდგომარეობას და სასჯელს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნების მისაღწევად, იმისათვის, რათა შენარჩუნდეს საზოგადოების მხრიდან კანონისადმი პატივისცემა და საზოგადოება არ განიმსჭვალოს დაუცველობის განცდით, ასევე, სასჯელის ზოგადი და კერძო პრევენციიდან გამომდინარე, რომელიც მიმართულია საზოგადოების ყველა დელიქტუნარიანი წევრისაკენ, რომ მათ არ ჩაიდინონ დანაშაული და იმისათვის, რათა მსჯავრდებულს აღარ ჰქონდეს სურვილი ახალი დანაშულის ჩადენისა, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ----------------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი და არა სასჯელის მინიმალური ოდენობა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მას დაზარალებულისათვის ზიანი არ აუნაზღაურებია, ქმედების ჩადენის შემდგომ მისი ყოფაქცევა არ გაუმჯობესებულა და განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მას არ ჰქონია მცდელობა დაზარალებულთან შერიგებისათვის.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ზ----------------ის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ვიზუალური დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ზ----------------ემ ნამდვილად ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიერ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა ქალის მიმართ და ძალადობა გამოიხატა არაერთჯერად დარტყმაში, ასევე მხედველობაში მიიღო ზ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ასევე ყურადღება მიაპყრო ზ----------------ისაგან მომდინარე საფრთხეებს, რა მიმართებითაც აღნიშნა, რომ მათ შორის ურთიერთობა შეწყვეტილია და არც სამომავლოდ აპირებენ ურთიერთობის გაგრძელებას, რის საფუძველზეც მიიჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული მნიშვნელოვნად ამცირებს სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკს და სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სააპელაციო პალატა, იზიარებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დადგენილ კვალიფიკაციას, ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით მის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომას და შესაბამისად, არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი სასჯელის გამკაცრების შესახებ შეიცავს მხოლოდ ზოგადი ხასიათის მსჯელობას და არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებზე სასჯელის ნაწილში განაჩენის საუარესოდ შეცვლისათვის. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის საკმარისად მკაცრი სასჯელის მიზნების მისაღწევად, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ ზ----------------ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ასევე იმ გარემოებას, რომ არ არის ნასამართლევი, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნას.

პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მითითებას ზ----------------ისათვის სასჯელის განსაზღვრისას ინდივიდუალიზაციის პრინციპზე და მიაჩნია, რომ სწორედ ამ პრინციპის სრული დაცვით განხორციელდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის სასჯელის შეფარდება, კერძოდ, სასამართლოს მხედველობაში აქვს მიღებული როგორც დანაშაულის ჩადენის ფორმა და ხასიათი, ასევე მისგან სამომავლოდ მომდინარე საფრთხეები, ასევე მსჯელობს ზ----------------ისათვის მსჯავრად შერაცხული მუხლის სანქციით გათვალისწინებულ ალტერნატიულ სასჯელებთან დაკავშირებით და მათ შეუსაბამობაზე ზ----------------ის ქმედების მიმართ. აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა განსხვავებული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა ზ----------------ის ქმედების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.

ამდენად, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი ზ----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასანართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ზ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 2019 წლის 30 სექტემბრიდან - 2019 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ გადასახდელად დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ზ----------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო, გაუქმებულია. გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა -7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ლ-----------------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე