განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2020
საქმის ნომერი
010100119003226160
ინსტანცია
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119003226160

საქმე №1/ბ-58-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2020 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----- ი-----ის ძე დ--------ს მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ბათუმი, თ---------------–--ა N27 ბინა N52;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი----- დ--------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 14 სექტემბერს დაახლოებით 11:00 საათის შემდგომ ქ. ბათუმში, თ--------------------–--ა N27, ბინა N55-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკების დროს წარმოქმნილი კონფლიქტისას ი----- დ--------მ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, დედამისს ლ------ კ---–---ს დაარტყა მუშტი თავში, სახეში გაარტყა გაშლილი ხელი და გააგდო ბინიდან, რა დროსაც ლ------ კ---–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ი----- დ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 09 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 02 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ი----- დ--------ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2019 წლის 14 სექტემბრიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - მსჯავრდებული ი. დ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი გ. თ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ი----- დ--------ს სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ყველა მტკიცებულება მიჩნეულ იქნა უდაოდ, იგი შერიგებულია დაზარალებულთან. აპელანტს მიაჩნია, რომ ი----- დ--------ს მიმართ დანიშნული სასჯელი უსამართლოა.

 

პროკურორს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი. დ--------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი. დ--------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ნ---- ჩ----ის, ი-----–- ბ---–--ის, ლ------ კ---–---ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ი. დ--------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი) ითხოვს მსჯავრდებულს გასაჩივრებული განაჩენით სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

ი----- დ--------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ი----- დ--------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის წარსულს, ასევე, იმ გარემოებებს, რომ მან აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან, რაც დასტურდება დაზარალებულ ლ------ კ---–---ს მიერ წარმოდგენილი განცხადებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ი----- დ--------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათი, შესაბამისად, პალატას გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის მიმართ კიდევ უფრო სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ი----- დ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ---–- თ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ი----- დ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 09 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ი----- დ--------ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 14 სექტემბრიდან.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ი----- დ--------ს ზედამხედველობა და კონტროლი განახორციელოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; დაევალოს ი----- დ--------ს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე