განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019002906350
საქმე №3ბ/2287-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნანა დარასელია
სხდომის მდივანი - ნინო ჭაბუკიანი
აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - ლ----------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ,,გ--------ი“
დირექტორი - გ-------------–---–---–ი
წარმომადგენელი -გ-------–-------ი
დავის საგანი - თანხის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2015 წლის 30 ნოემბერს, შპს „გ--------სა“ (შემდგომში ,,დამკვეთად“ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N1---------––-------–--ა დაცვის მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად, დაცვა უზრუნველყოფდა დამკვეთის ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტის დაცვას, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ხ--–-------–----------–----------ებს, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვ----–---------ს შორის. დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების ღირებულება, რომლის საფასური ერთ თვეზე შეადგენდა 2 650 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობის შესრულებისაგან ფორს-მაჟორული შემთხვევის დროს, რომლის დროსაც შეუძლებელია დაკისრებული მოვალეობის შესრულება და რაც დადასტურებულია შესაბამისი ორგანოების მიერ (ხელშეკრულების მე-6 მუხლი).
2018 წლის 14 მარტის თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის N---------- დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით დგინდება, რომ 2017 წლის 02 ივლისს ქ. თბილისში, ხ--–-------–----------–----------ებს, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვ----–---------ს შორის არსებულ ობიექტებში ე.წ. „სექტორებში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად შპს „გ--------ს“ მიადგა მატერიალური ზარალი, რის გამოც იგი ცნობილი იქნა დაზარალებულად.
2017 წლის 20 სექტემბერს გ---------------–-–---–სა (როგორც მეიჯარემ) და შპს „გ--------ს“ (მოიჯარე) შორის დადებული იქნა შეთახმება, რომლითაც დასტურდება, შპს „გ--------ს“ აღდგენილ და საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში გადასცა ხანძრის შედეგად განადგურებული საიჯარო ქონება. მოიჯარე ადასტურებს, რომ ქონება შეესაბამება მხარეებს შორის არსებული ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტებს და ვარგისია ექსპლუატაციისათვის. იგი თანახმაა გაგრძელდეს 2012 წლის 24 აპრილის იჯარის ხელშეკრულება ყველა ძირითადი პირობით.
2018 წლის 28 დეკემბრის N4318 ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე, შპს ,,გ--------სა“ და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2015 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული N1---------––-------–--ის ვადა გაგრძელდა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
შპს „გ--------ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის არ გადაუხდია დაცვის მომსახურების საფასური 2017 წლის ივლისის თვეში 2 650 ლარის ოდენობით და 2017 წლის აგვისტოს თვეში 2 650 ლარის ოდენობით.
3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების მე-22 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვნება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვნება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს.
რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს, შპს „გ--------სა“ (შემდგომში ,,დამკვეთად“ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N1---------––-------–--ა დაცვის მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად, დაცვა უზრუნველყოფდა დამკვეთის ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტის დაცვას, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ხ--–-------–----------–----------ებს, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვ----–---------ს შორის. დამკვეთი კი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების ღირებულება, რომლის საფასური ერთ თვეზე შეადგენდა 2 650 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობის შესრულებისაგან ფორს-მაჟორული შემთხვევის დროს, რომლის დროსაც შეუძლებელია დაკისრებული მოვალეობის შესრულება და რაც დადასტურებულია შესაბამისი ორგანოების მიერ (ხელ-ის მე-6 მუხლი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ 2018 წლის 14 მარტის თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის N---------- დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით დგინდება, რომ 2017 წლის 02 ივლისს ქ. თბილისში, ხ--–-------–----------–----------ებს, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვ----–---------ს შორის არსებულ ობიექტებში ე.წ. „სექტორებში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად შპს „გ--------ის“ მიადგა მატერიალური ზარალი, რის გამოც იგი ცნობილი იქნა დაზარალებულად.
2017 წლის 20 სექტემბრის ურთიერთშეთანხმების აქტით დგინდება, რომ გ---------------–-–---–მა, როგორც მეიჯარემ მოიჯარეს შპს „გ--------ს“ აღდგენილ და საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში გადასცა ხანძრის შედეგად განადგურებული
საიჯარო ქონება, რომელიც შეესაბამებოდა მხარეებს შორის არსებული ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტებს და ვარგისი იყო ექსპლუატაციისათვის, რის შემდეგაც მხარეებს შორის გაგრძელდა იჯარის ხელშეკრულება.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ობიექტის დაწვის გამო, შპს „გ--------ი“ 2017 წლის 02 ივლისიდან 2017 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით ვერ ახორიცელებდა იმ ობიექტით სარგებლობას, რომლის დაცვაც 2015 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებით იკისრა მოსარჩელე მხარემ. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც მოპასუხე ვერ სარგებლობდა აღნიშნული ობიექტით და მას ობიექტი სათანადო მდგომარეობაში გადაეცა მხოლოდ სექტემბრის თვეში, გაუგებარია რა ობიექტის დაცვას ახორციელებდა მოსარჩელე მხარე და რომელი მომსახურებისათვის ითხოვს თანხების ანაზღაურებას. სასამართლოს მოსაზრებით, სახეზეა ვითარება, როდესაც 2017 წლის 02 ივლისიდან 20 სექტემბრამდე, ფორს-მაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის შეუძლებელი იყო დაკისრებული მოვალეობის შესრულება, რაც ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის საფუძველზე ათავისუფლებს მათ ნაკისრი მოვალეობის შესრულებისაგან. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მიუხედავად ფორს-მაჟორული გარემოებისა იგი 2017 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებშიც ახორციელებდა ობიექტის დაცვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნა, რომ არ არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა მიუთითა, რომ მოსამართლემ საქმეზე არსებული მტკიცებულებები და გარემოებები არ შეაფასა სწორად და მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
აპელანტის განმარტებით, საქმეზე დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს „გ--------"-ს შორის გაფორმდა N1---------––-------–--ა, რომლის შესაბამისად სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა აიღო ვალდებულება განეხორციელებინა შპს „გ--------ი"-ს ობიექტის საპოლიციო ძალებით დაცვა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, ხ--–-------–----------–----------ებს, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვ----–---------ს შორის. აღნიშნული მომსახურებისთვის შპს ,,გ--------ი"-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის ყოველ თვეში უნდა გადაეხდა 2650 ლარი. 2017 წლის ივლისი და აგვისტოს თვეების მომსახურების საფასური შპს „გ--------ი"-ს არ აუნაზღაურებია, შესაბამისად დეპარტამენტის მიმართ წარმოეშვა დებიტორული დავალიანება 5 300 ლარის ოდენობით.
აპელანტის მოსაზრებით, მოსამართლემ არასწორად იმსჯელა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 2017 წლის 2 ივლისიდან 2017 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით ვერ ახორციელებდა შპს „გ--------ი"–ს ობიექტის დაცვას. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ N1---------––-------–--ა ითვალისწინებს არა მარტო შპს „გ--------ი"-ს ობიექტის დაცვას, არამედ ამასთანავე 9 კომპანიის ობიექტების დაცვას, რომელიც ერთობლიობაში ხორციელდება ერთი დაცვის უფროსის, სამი უფროსი ინსპექტორის და 42 უმცროსი ინსპექტორის მეშვეობით, ხოლო ჯამური დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 37 325 ლარს. ამდენად, აპელანტის განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში სრულად ხორციელდებოდა სავაჭრო ობიექტის დაცვა და ადგილზე დასაქმებულ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს დეპარტამენტის მხრიდან ეძლეოდათ ხელფასი. შესაბამისად, შპს „გ--------ი"-ს გადასახდელი წილი 2017 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში შეადგენდა 5300 ლარს.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მოსაზრება ასევე მცდარია იმასთან დაკავშირებით, როდესაც უთითებს N1---------––-------–--ის მე-6 მუხლზე (ფორს-მაჟორი პირობების შესახებ) და განმარტავს თითქოსდა ობიექტზე მომხდარი ხანძარი მოიცავს ფორს-მაჟორულ ვითარებას და მხარეები გათავისუფლებული არიან მოვალეობის შესრულებისგან, რასაც აპელანტი არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ხანძრის შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დასრულებული არ არის, შესაბამისად, არ არის დადგენილი ხანძრის წარმოშობის მიზეზები, ბუნებრივი მოვლენებით, დაუდევრობით თუ განზრახ იყო გამოწვეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის განმარტებით, შემთხვევა არ შეიძლება ჩაითვალოს ფორს-მაჟორულ მდგომარეობად, მითუმეტეს, როდესაც ხანძარი მხოლოდ ერთი დღით გაგრძელდა და ორი თვის მანძილზე სახელშეკრულებო ურთიერთობებზე არ ვრცელდება.
ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, მოსამართლეს უნდა გაეთვალისწინებინა და უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მოქმედება სადავო პერიოდში არ იყო შეჩერებული და დაცვის მომსახურების მიწოდება ხორციელდებოდა სრულ სავაჭრო ობიექტზე დაცვის თანამშრომლების სრული შემადგენლობით და მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად აქვს სხვა 9 კომპანიასთან ერთად შპს „გ--------საც''.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე მიღებულად, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში არ დაურღვევია კანონი, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით დადგენილ საფუძვლებს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
აპელანტი საქართველოს შინაგანს საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ შპს ,,გ--------ს“ ერიცხება დებიტორული დავალიანება 5300 ლარის ოდენობით, კერძოდ, შპს „გ--------ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის არ გადაუხდია დაცვის მომსახურების საფასური 2017 წლის ივლისის თვეში 2 650 ლარის ოდენობით და 2017 წლის აგვისტოს თვეში 2 650 ლარის ოდენობით, შესაბამისად, სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია შპს „გ--------ი“-თვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ 2017 წლის ივლისი-აგვისტოს თვეების მომსახურების ანაზღაურების 5 300 ლარის ოდენობით დაკისრება.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, 2015 წლის 30 ნოემბერს, შპს „გ--------სა“ (შემდგომში ,,დამკვეთად“ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N1---------––-------–--ა დაცვის მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად, დაცვა უზრუნველყოფდა დამკვეთის ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტის დაცვას, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ხ--–-------–----------–----------ებს, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვ----–---------ს შორის. დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების ღირებულება, რომლის საფასური ერთ თვეზე შეადგენდა 2 650 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობის შესრულებისაგან ფორს-მაჟორული შემთხვევის დროს, რომლის დროსაც შეუძლებელია დაკისრებული მოვალეობის შესრულება და რაც დადასტურებულია შესაბამისი ორგანოების მიერ (ხელშეკრულების მე-6 მუხლი).
სააპელაციო სასამართლო მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე მართებულად მიიჩნევს დავის სახელშეკრულებო-ვალდებულებით ნორმებზე მითითებით გადაწყვეტას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების სწორი გამოყენებისა და შეფარდების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესაბამისად.
როგორც აღინიშნა, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლითაც, მოსარჩელემ, სათანადო საფასურის სანაცვლოდ, ივალდებულა განეხორციელებინა მოპასუხის კუთვნილი ქონების დაცვა.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისაკენ მიმავალი ნების გამოხატვის შედეგად და დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამასთან, შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს სათანადო მოვალის მიერ, სათანადო ვალდებულების, სათანადო კრედიტორის წინაშე შესრულებას სათანადო დროსა და ადგილას. კრედიტორისთვის მნიშვნელოვანია ვალდებულების შესრულების შედეგის დადგომა, რომელიც შესრულების ქმედებით მიიღწევა და აშკარაა, რომ შესრულების შედეგი ნაკისრ ვალდებულებას შეესაბამება.
რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ აღნიშნული პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს „გ--------სა“ (შემდგომში ,,დამკვეთად“ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის 2015 წლის 30 ნოემბერს გაფორმებულ N1/4481 დაცვის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლზე, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობის შესრულებისაგან ფორს-მაჟორული შემთხვევის დროს, რომლის დროსაც შეუძლებელია დაკისრებული მოვალეობის შესრულება და რაც დადასტურებულია შესაბამისი ორგანოების მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო პრინციპულად მიიჩნევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 14 მარტის თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის N---------- დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით დგინდება, რომ 2017 წლის 02 ივლისს ქ. თბილისში, ხ--–-------–----------–----------ებს, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვ----–---------ს შორის არსებულ ობიექტებში ე.წ. „სექტორებში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად შპს „გ--------ს“ მიადგა მატერიალური ზარალი, რის გამოც იგი ცნობილი იქნა დაზარალებულად.
2017 წლის 20 სექტემბერს გ---------------–-–---–სა (როგორც მეიჯარემ) და შპს „გ--------ს“ (მოიჯარე) შორის დადებული იქნა შეთახმება, რომლითაც დასტურდება, შპს „გ--------ს“ აღდგენილ და საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში გადასცა ხანძრის შედეგად განადგურებული საიჯარო ქონება. მოიჯარე ადასტურებს, რომ ქონება შეესაბამება მხარეებს შორის არსებული ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტებს და ვარგისია ექსპლუატაციისათვის. იგი თანახმაა გაგრძელდეს 2012 წლის 24 აპრილის იჯარის ხელშეკრულება ყველა ძირითადი პირობით.
ამასთან, 2018 წლის 28 დეკემბრის N4318 ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე, შპს ,,გ--------სა“ და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2015 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული N1---------––-------–--ის ვადა გაგრძელდა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ობიექტის დაზიანების გამო, შპს „გ--------ი“ 2017 წლის 02 ივლისიდან 2017 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით ვერ ახორიცელებდა იმ ობიექტით სარგებლობას, რომლის დაცვაც 2015 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებით იკისრა მოსარჩელე მხარემ. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ვერ სარგებლობდა აღნიშნული ობიექტით და მას ობიექტი სათანადო მდგომარეობაში გადაეცა მხოლოდ სექტემბრის თვეში, გაუგებარია რა ობიექტის დაცვას ახორციელებდა მოსარჩელე მხარე და რომელი მომსახურებისათვის ითხოვს თანხების ანაზღაურებას. ადმინისტრაციული პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სახეზეა ვითარება, როდესაც 2017 წლის 02 ივლისიდან 20 სექტემბრამდე, ფორს-მაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის შეუძლებელი იყო დაკისრებული მოვალეობის შესრულება, რაც ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის საფუძველზე ათავისუფლებს მათ ნაკისრი მოვალეობის შესრულებისაგან.
სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობას. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც აპელანტის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი და ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ნანა დარასელია