განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2020
საქმის ნომერი
330100117002061297
ინსტანცია
თარიღი
17.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002061297

საქმე №1ბ/766-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის, მარიამ ცისკარიშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ა---------ს

ადვოკატ - თ----–------------–--ის

მსჯავრდებულ - თ-------------------–--ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ თ-------------------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ თ----–------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

თ-------------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 02 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ. თბილისი, რ------------------–--–-----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, გ--------–----------–---------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის განაჩენით თ-------------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

თ-------------------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2017 წლის 8 ივნისს, დღის საათებში, ქ. თბილისში, გ--------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ-------------------–--ემ ხელი რამდენჯერმე დაარტყა რ-------------–ს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ-------------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ----–------------–--ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ-------------------–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე არარსებული ჩვენებების მიხედვით, სრულიად უკანონოდ აღწერა მომხდარი ფაქტის მიმდინარეობა და ასევე, სრულიად უკანონოდ მოახდინა მათი შეფასება. სასამართლოს მიერ თ-------------------–--ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ იმ მოწმეებს, რომელთა ჩვენებებიც წინააღმდეგობაში მოდიან, როგორც მთლიანად მომხდარი ინციდენტის მოვლენათა აღწერისას, ისე დანაშაულის ჩადენის ადგილის იდენტიფიცირებისას. აპელანტის აზრით, სასამართლომ ჩამოაყალიბა მოვლენათა მსვლელობისა და მოწმეთა ჩვენებების მისეული ვერსია. საყურადღებოა, განაჩენში დასახელებულ მოწმეთა მიერ მომხდარი ფაქტის დროზე მითითება, კერძოდ, გამამტყუნებელ განაჩენში მოწმეების - რ-------------–ის, ქ---------------ას და ს--------------–---ის ჩვენებებში მითითებულია, რომ ინციდენტი მოხდა 2017 წლის 09 ივნისს, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2017 წლის 08 ივნისს, რაც, აპელანტის აზრით, სასამართლოს მიერ მოწმეთა ჩვენებების ინტერპრეტაციის, კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია სასამართლოს არ უმსჯელია ასევე, მოწმეთა მიერ აღწერილ იმ გარემოებებზე, რომელიც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იქნებოდა მომხდარი ფაქტის შედეგთან. სასამართლოს არ შეუფასებია და არ უმსჯელია, არსებობდა თუ არა თ-------------------–--ის ქმედებაში მისი ბრალის გამომრიცხავი გარემოებები და იყო თუ არა ეს ქმედება მისი ბრალეული ქმედებით გამოწვეული შედეგი. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს არ უმსჯელია მისთვის მტკიცებულების სახით წარდგენილი თ-------------------–--ისათვის მიყენებული დაზიანებების შესახებ ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე, რომელიც სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ იქნა როგორც მტკიცებულება და მოწმის სახით დაიკითხა ამ ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი კ- ც-----–---–-. აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლომ შეგნებულად არ იმსჯელა თ-------------------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, რადგან ამ დასკვნაში ნათლად ჩანს ბრალდებულის დაზიანების ხარისხი, ე. წ. დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულზე თავდასხმის მოულოდნელობის ეფექტის შედეგი, რითაც გამოირიცხებოდა თ-------------------–--ის ბრალეული ქმედება.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ მოწმეთა ჩვენებების მისეული ინტერპრეტაცია გამოიხატა შემდეგში: დაზარალებულმა რ-------------–მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ 2017 წლის 08 ივნისს მოხდა ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ინციდენტი, რომლის ადგილიც ქ. თბილისში, გ--------–---------------- მდებარე ტერიტორიაა, თუმცა პირველი და მეორე ინციდენტის ადგილი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დემონსტრირებულ იქნა ფოტოსურათებით დაცვის მხარის მიერ. სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში რ-------------–მა მიუთითა, რომ იგი იმყოფებოდა მის სამუშაო კაბინეტში, როდესაც მოესმა გინების ხმა და ბრახუნი მისი კაბინეტის მინაზე, რის შემდგომაც იგი გავიდა „ზალაში“, სადაც, ჯერ იქ მყოფ პირებთან იკითხა, თუ რა ხდებოდა და შემდგომ გაიხედა გარეთ, რასაც ადასტურებენ მოწმეები ქ---------------ა და ს--------------–---ი. აპელანტის განმარტებით, რ-------------–ის კაბინეტი მდებარეობს შენობის შიგნით მეორე სართულზე და მას რაიმე დამატებითი გასასვლელი ან მისადგომი გარეთა მხრიდან არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, მოწმის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც ასახავს პირველი ინციდენტის დროს მომხდარ მოვლენებს, არასარწმუნოა. ინციდენტის ადგილად მან მიუთითა ოპტიკის მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ, ოპტიკიდან 3-4 მეტრი. მის მიერ სასამართლოსათვის არ იქნა ნახსენები ის ფაქტი, თუ როგორ მიაყენა თ-------------------–--ეს სხეულის დაზიანება და საერთოდ, ჰქონდა თუ არა ასეთს ადგილი. მხოლოდ დაცვის მხარის მიერ შეკითხვის დასმისას მან განაცხადა, რომ მას, როდესაც მოხვდა ხელი რამდენჯერმე, დაეცა და არ ახსოვს, ხელში ეჭირა თუ არა რაიმე ნივთი ან მოახდინა თუ არა ამ ნივთით თ-------------------–--ის დაზიანება. დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ მან იცოდა მ-------–--–--–---–ისა და თ-------------------–--ის კავშირის შესახებ. იგი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ სამუშაო დროის განმავლობაში, რასაც ასევე ადასტურებენ სასამართლოში მიცემული ჩვენებით მოწმეები ქ---------------ა და ს--------------–---ი. დაზარალებულმა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გარშემო მყოფი ადამიანების მივიდნენ მათ გასაშველებლად, იგი 5-10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა ისევ ჩხუბის ადგილზე.

 

აპელანტის განცხადებით, მოწმე ქ---------------ამ სასამართლოში მიცემული ჩვენებაში განაცხადა, რომ იგი იმყოფებოდა რ-------------–ის კლინიკის ფოიეში, როდესაც მას შემოესმა გინების საშინელი ხმა ე. წ. პირველი ინციდენტის დროს. მან შეამჩნია ორი პიროვნება კლინიკის კარებთან, თუმცა ვერ ამოიცნო ეს პირები, რადგან არ დაუნახავს, თუ ვინ იყვნენ ისინი. მისი განცხადებით, იმის შემდგომ ივარაუდა, თუ ვინ იყო პირველი კონფლიქტის მონაწილე, რაც მოხდა მეორე ინციდენტი. მოწმე უშუალოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იგი მონაწილეობდა მეორე ინციდენტის დროს ჩხუბში, რის შედეგადაც იგი სამედიცინო შემოწმების მიზნით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის განცხადებით, პოლიციაში მხოლოდ მაშინ დარეკეს, როდესაც უკვე მომხდარი იყო მეორე ინციდენტი. აპელანტის განმარტებით, მოწმე ქ---------------ა თავის ჩვენებაში ადასტურებს, რომ ის და ს--------------–---ი ესწრებოდნენ ჩხუბის ფაქტს პირადად, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოწმე ს--------------–---ის ჩვენებასთან, რომელმაც განაცხადა, რომ ის მომხდარ ფაქტს თვალს ადევნებდა კლინიკის აივნიდან და შემთხვევის ადგილას საერთოდ არ ჩასულა.

 

აპელანტის მითითებით, მოწმე ს--------------–---ი სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ე. წ. პირველი ინციდენტის დროს ის და ქ---------------ა იმყოფებოდნენ კლინიკის ფოიეში, ხოლო რ-------------–ი იმყოფებოდა მის სამუშაო კაბინეტში. პირველი ინციდენტის დროს მან დაინახა ორი პიროვნება, რომლებიც რ-------------–ის მიმართულებით იგინებოდნენ, რასაც შემდგომ მოჰყვა კლინიკის კარებზე ბრახუნის ხმა. ამ დროს იგი კარისკენ იჯდა ზურგით, ხოლო როდესაც მოიხედა, დაინახა, როგორ შემოდგა ფეხი ვიღაც პირმა და მეორე ადამიანმა გაიყვანა იგი. მოწმის განცხადებით, მან ვერ აღიქვა, თუ ვინ იყო ეს პიროვნება და მხოლოდ შემდეგ თავისი სუბიექტური აზრით დაუკავშირა ერთმანეთს პირველი ინციდენტისა და შემდგომ უშუალოდ ჩხუბში მონაწილე პირები, როდესაც მეორე ინციდენტი მოხდა, სადაც, მისი განმარტებით, მან კარგად დაინახა, რომ ეს იყო მ-------–--–--–---–ის შეყვარებული თ-------------------–--ე. აპელანტის განმარტებით, მოწმემ ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ რ-------------–ი ნამდვილად გამოვიდა კაბინეტიდან პირველი ინციდენტის დროს. ს--------------–---მა ასევე განმარტა, რომ მეორე ინციდენტის დროს ის და ქ---------------ა იმყოფებოდნენ კლინიკის აივანზე, საიდანაც ხედავდა, თუ როგორ ურტყამდნენ რ-------------–ს. მან ასევე დაადასტურა, რომ რ-------------–ი თავისი ფეხით ავიდა კლინიკაში და მას არავინ დახმარებია. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ჩხუბი მოხდა გ--------–ის ქუჩიდან კლინიკის მხარეს ამომავალ ქუჩაზე კლინიკის აივნიდან რამდენიმე მეტრში და არა ოპტიკის მაღაზიასთან, როგორც ეს აღნიშნეს დაზარალებულმა და მოწმე ქ---------------ამ.

 

აპელანტის განმარტებით, მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებიდან ნათლად ჩანს, თუ რამდენად განსხვავებულად აღწერს თითოეული მოწმე მომხდარ ფაქტს, მაგრამ მიუთითებენ მხოლოდ ერთი პიროვნების - თ-------------------–--ის დანაშაულზე. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეები ს. ჩობალიანი და ქ-------- არიან იმავე კლინიკის თანამშრომლები, რომლის მფლობელიც არის დაზარალებული, მათ მიერ სასამართლოში მიცემული ბუნდოვანი, ურთიერთგამომრიცხავი, წინააღმდეგობრივი და მათ ვარაუდებზე დაყრდნობით მიცემული ჩვენებები წარმოქმნიან საფუძვლიან ეჭვს იმის შესახებ, რომ ისინი იცავენ დაზარალებულის ინტერესებს და მიზანმიმართულად მიუთითებენ თ-------------------–--ის ბრალეულ ქმედებაზე. აპელანტის მითითებით, სასამართლოში მიცემული ჩვენებებიდან ვერც ერთი მოწმე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პირველი ინციდენტისას აგრესიის გამომხატველ პირს წარმოადგენს თ-------------------–--ე.

 

აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან დგინდება ის ფაქტი, რომ ე. წ. დაზარალებულმა და მსჯავრდებულმა ნამდვილად მიაყენეს ერთმანეთს ფიზიკური დაზიანება. თუმცა პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოსავლენად, მნიშვნელოვანია, სასამართლოს ემსჯელა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც მის მიერ იქნა გამოკვლეული, თუ ვინ მოქმედებდა ძალადობრივად პირდაპირი განზრახვით და არსებობდა თუ არა რომელიმე დაპირისპირებული პიროვნების ქმედებაში ბრალის გამომრიცხავი გარემოებები. აპელანტმა განმარტა, რომ სასამართლოს გამოკვლეული მტკიცებულებებისაგან რომ არ შეექმნა მისეული ვერსია, შეუძლებელი გახდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა თ-------------------–--ის მიმართ. მოწმეთა მიერ მიცემული ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანი ჩვენებებით, ასევე, გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ ბრალდებულს გააჩნდა საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელების განზრახვა და მისთვის რაიმე სახის დაზიანების მიყენების სურვილი. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ არც ერთი მოწმე არ შესწრებია რ-------------–ისა და თ-------------------–--ის დაპირისპირების საწყისს და მათი ჩვენებებით ვერ დაადასტურეს, რომ ძალადობის ინიციატორი იყო თ-------------------–--ე, შესაბამისად, ვერ დასტურდება ის ფაქტიც, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა ამჟამად მსჯავრდებულმა და არა ე. წ. დაზარალებულმა. აპელანტის განცხადებით, თ-------------------–--ე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მსჯავრდებულის დაზიანების ხარისხი ვერ იქნებოდა დაზარალებულის დაზიანების ხარისხზე გაცილებით მეტი. ამდენად, აპელანტს მიაჩნია, რომ თ-------------------–--ე უნდა გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

პროკურორმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში განიხილა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შეფასდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ-------------------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ სასამართლომ გამოკვლეული მტკიცებულებებისაგან შექმნა მისეული ვერსია, რაც გახდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი თ-------------------–--ის მიმართ, პალატა არ იზიარებს, ვინაიდან განაჩენში ასახულია დაზარალებულის და მოწმეთა ის ჩვენებები, რაც მათ სასამართლოში დააფიქსირეს და რაიმე სახის ინტერპრეტაციას, ჩვენებების შეფასებისას, ადგილი არ ჰქონია, კერძოდ:

 

დაზარალებულ რ-------------–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ის არის ქ. თბილისში, გ--------–ის ქ---------ში მდებარე ოფთალმოლოგიური კლინიკისა და ოპტიკის მაღაზიის მფლობელი. ხსენებულ მაღაზიაში დასაქმებული ჰყავდა მ-------–--–--–---–ი, რომელსაც ხშირად აკითხავდა მისი შეყვარებული თ-------------------–--ე. 2017 წლის 9 ივნისს კლინიკაში მყოფს, მოესმა ყვირილისა და მისი მისამართით გინების, აგრეთვე მინებზე ბრახუნის ხმა. როცა კამერებში ჩაიხედა, ვერავინ დაინახა. მერე კაბინეტიდან გავიდა. ოპტიკის მაღაზიიდან 3-4 მეტრში, თ-------------------–--ემ დაინახა რა რ-------------–ი, დაუწყო ყვირილი და გინება, შემდეგ კი თავში ჩაარტყა ხელი, რის გამოც გონება დაებინდა და ძირს დაეცა, თ--------მ კი რამდენჯერმე კვლავ დაარტყა ხელი. თ-------------------–--ესთან ერთად მისი ამხანაგიც იყო, ასევე იყვნენ მისი თანამშრომლები - ქ---------------ა და ს--------------–---ი. დაზარალებულმა განმარტა, რომ ძირს დაცემულს ხელში რაღაც მოხვდა და თავდაცვის მიზნით მოიქნია, შესაძლებელია ის იყო მეტლახი, მას არ დაუნახავს თ-------------------–--ეს სისხლის თუ მოსდიოდა. მისი ოფისის კარებამდე ცემდნენ. თ--------ს გარდა, მას სხვაც ცემდა. აღნიშნული შემთხვევა მოხდა დაახლოებით 17:50 საათზე. დაზარალებულის ჩვენებით, ინციდენტის ადგილზე შეკრებილმა ხალხმა ისინი გააშველა. რ-------------–ის განმარტებით, შემთხვევამდე, მას თ-------------------–--ე რამდენჯერმე ჰყავს ნანახი, თუმცა მათ კონფლიქტი ან შელაპარაკება არ ჰქონიათ, ვარაუდობს, რომ ძალადობის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ მ-------–--–--–---–ს აუკრძალა სამუშაო საათებში თ-------------------–--ესთან შეხვედრები და სამსახურისათვის შეუფერებელი ქცევა. დაზარალებულმა განმარტა, რომ მის მიმართ ბრალდებულის მიერ განხორციელებული ძალადობით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თავის არეში ჰქონდა ტრავმა, თავი და ყბა ტკიოდა და ექიმმა დაუნიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა.

 

დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, ფაქტის ესწრებოდნენ მისი თანამშრომლები - ქ---------------ა და ს--------------–---ი, რაც ასევე დაადასტურეს მათ მოწმის სახით დაკითხვისას, კერძოდ:

 

მოწმე ქ---------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლიდან მუშაობს რ-------------–ის კუთვნილ, ქ. თბილისში, გ--------–ის ქ---------ში მდებარე ოფთალმოლოგიურ კლინიკაში მენეჯერის პოზიციაზე. 2017 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 6-ის ნახევარზე, სამსახურში მყოფს შემოესმა რ-------------–ის მისამართით გინებისა და შუშებზე ხელების დარტყმის ხმა და დაინახა ქუჩაში მყოფი თ-------------------–--ე და მისი მეგობარი მამაკაცი. მეორე ბიჭმა გაიყვანა თ-------------------–--ე და ეგონათ, რომ ჩაწყნარდა მდგომარეობა, თუმცა მერე იგივე განმეორდა. მოხდა ჩხუბი რ-------------–სა და თ-------------------–--ეს შორის, რომელშიც თვითონაც ჩაერია და ჰქონდა დალურჯებები. მეორე ბიჭი აშველებდა, თუმცა, მისი აზრით, მერე მანაც დაარტყა. რ-------------–ს თავი ჰქონდა გატეხილი და თ--------საც. მოწმის განმარტებით, ჩხუბს ასევე შეესწრო მისი თანამშრომელი ს--------------–---იც, რომელმაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ თ-------------------–--ეს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ოპტიკის მაღაზიის თანამშრომელ მ-------–--–--–---–თან და ხშირად აკითხავდა მას, რაზეც რ-------------–მა უკმაყოფილება გამოთქვა და გაფრთხილება მისცა გოგონას, აღნიშნულმა კი გამოიწვია თ-------------------–--ის აგრესია. დაცვის მხარის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ მას თ-------- სახეზე ნანახი არ ჰყავდა, მას ს------მ უთხრა მერე იმ ბიჭის ვინაობა.

 

მოწმე ს--------------–---ის ჩვენებით კი დადგენილია, რომ 2017 წლის ივნისიდან მუშაობს რ-------------–ის კუთვნილ, ქ. თბილისში, გ--------–ის ქ---------ში მდებარე კლინიკაში სტომატოლოგის პოზიციაზე. 2017 წლის 9 ივნისს, 6 საათი სრულდებოდა, როდესაც სამსახურში მყოფს მოესმა ყვირილის, გინებისა და მინებზე ბრახუნის ხმა, დაინახა, რომ ორი ბიჭი იდგა და იგინებოდა რ-------------–ის მისამართით. ხმაურზე გარეთ გასულმა დაზარალებულმა იკითხა, თუ ვინ იგინებოდა, მაგრამ ვერ უპასუხეს, ვინ იყვნენ ისინი და თვითონ გავიდა ქუჩაში, სადაც იყო აყალ-მაყალი და ჩხუბი. მოწმის განმარტებით, ის და ქ---------------ა კლინიკის აივნიდან ხედავდნენ, რა ხდებოდა. ის არ ჩასულა ქვემოთ, ქ---------------ა ჩავიდა, ხელზე ნაკაწრიც ჰქონდა. ს--------------–---მა განმარტა, რომ დაინახა, ვინც ანგრევდა კარებს, ვინც შემოდგა ფეხი, ორი მამაკაცი იყო, იმ მომენტში ვერ აღიქვა, რადგან ზურგით იჯდა, მერე როცა კარგად დაინახა მიხვდა, რომ ის ბიჭი მ-------–--–--–---–ის შეყვარებული იყო, რომელიც ადრეც ჰყავდა ნანახი ოპტიკაში მარიამთან, რადგან თ-------- ხშირად მიდიოდა. ეს არ სიამოვნებდა რ-------------–ს და ს-------- მეშვეობით გააფრთხილა თანამშრომელი, რომ შეხვედრებს სამსახურში აღარ ჰქონოდა ადგილი. მოწმემ აღნიშნა, რომ დაინახა თ-------------------–--ე და მისი მეგობარი ურტყამდნენ რ-------------–ს.

 

აღნიშნული შემთხვევის კიდევ ერთი უშუალო მონაწილე არის თავად მსჯავრდებული თ-------------------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ მაღაზია ,,ლ-----–-’’ ჩავიდა მეგობართან ერთად, სადაც ჩხუბი მოხდა. მოულოდნელად, შემობრუნების დროს, თავში რაღაც მოხვდა და გონებას კარგავდა, თუმცა ფეხზე იდგა და არ დაცემულა. უცებ ბევრი ხალხი შეიკრიბა. მაშინვე ვერ აღიქვა, ვინ იყო და რა ხდებოდა. მანამდე რ-------------–თან შეხება არ ჰქონია, იცნობდა მხოლოდ მისალმებით. შემდეგ თავად დაზარალებული მივიდა მასთან და უთხრა, რომ შეცდომაში შევიდა და ბოდიში მოუხადა. მისივე განმარტებით, მ-------–--–--–---–ი მისი შეყვარებულია, თუმცა იმ დროს ის რ-------------–თან მუშაობდა თუ არა, არ იცის.

 

პალატა განმარტავს, რომ მართალია, მსჯავრდებული თ-------------------–--ე დაზარალებულისა და მოწმეებისაგან განსხვავებულად გადმოსცემს მომხდარ ფაქტს, თუმცა არ უარყოფს ფიზიკურ დაპირისპირებას რ-------------–თან. რაც შეეხება, თ-------------------–--ის მიერ განვითარებულ მოსაზრებას, რომ რ-------------–ი შეცდომაში შევიდა და ისე მოუქნია რაღაც ნივთი, არ არის გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით და ძირეულად ეწინააღმდეგება საქმეზე დაკითხულ დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გადმოცემულ ინფორმაციას. დაცვის მხარეს არც სააპელაციო ინსტანციაში წარმოუდგენია აღნიშნული ვერსიის დამადასტურებელი და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამაბათილებელი წონადი არგუმენტი, დაზარალებული კი ცალსახად განმარტავს, რომ მის შეკითხვაზე თუ რა უნდოდა, თ--------მ მაშინვე თავში ჩაარტყა ხელი, გონებას კარგავდა, თ-------- მის ცემას აგრძელებდა და თავდაცვის მიზნით, რაც ხელში მოხვდა ის მოუქნია.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის მოსაზრებაზე, მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ დაზარალებულ რ-------------–ისა და მისი თანამშრომლების ჩვენებაში არ აღინიშნება რაიმე არსებითი წინააღმდეგობა, რაც ინციდენტის არსებობისა და მასში თ-------------------–--ის მონაწილეობის ფაქტს ეჭვქვეშ დააყენებდა. მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულებრივ ფაქტში მონაწილე მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე სახის არსებით აცდენას ადგილი არ ჰქონია.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლოს არც კი უმსჯელია იმ საკითხზე, ხომ არ იმყოფებოდა თ-------------------–--ე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. დაცვის მხარის მოსაზრება სააპელაციო პალატას არადამაჯერებლად და უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი, ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. პალატა მიუთითებს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით. ამასთანავე, უნდა დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულება, კერძოდ, მოგერიება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია კონფლიქტში მონაწილე პირებისა და თვითმხილველი მოწმეების ჩვენებების ანალიზი.

სააპელაციო პალატამ უკვე მიმოიხილა თვითმხილველ მოწმეთა და კონფლიქტში მონაწილე პირების ჩვენებები და მიაჩნია, რომ თ-------------------–--ის ქმედება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილად, ვინაიდან დადგენილია, რომ დაზარალებული რ-------------–ი იმყოფებოდა თავის კაბინეტში, როდესაც შემოესმა გინებისა და მინებზე ხელების ბრახუნის ხმა. ის, სიტუაციაში გასარკვევად, გავიდა შენობიდან, სადაც მას თ-------------------–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

დაზარალებულისათვის დაზიანებების მიყენებაზე მეტყველებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, შპს. ნიუ ჰოსპიტალსის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №7--- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ჩანაწერების თანახმად, 2017 წლის 8 ივნისს მოქ. რ-------------–ს თავის მიდამოში აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა. პირადი შემოწმებით: 2017 წლის 9 ივნისს მოქ. რ-------------–ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ნიშნები ნაჭდევები და სისხლნაჟღენთების სახით (მარცხნივ შუბლ-თხემის მიდამოში, შუბლის მიდამოში მარცხნივ, მარჯვენა მტევნის თითების ფალანგთ შორის სახსრების უკანა ზედაპირებზე). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ--------------–-----–---–---

აპელანტი აქცენტს აკეთებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე, რომელშიც საუბარია თ-------------------–--ის მიმართ მიყენებულ დაზიანებებზე და მიაჩნია, რომ სასამართლომ შეგნებულად არ იმსჯელა აღნიშნულ დასკვნაზე, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, იზიარებს რა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ამ მიმართებით. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 22 აგვისტოს დადგენილებით, თ-------------------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე რ-------------–ის მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ თ-------------------–--ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი არ გამორიცხავს მის მიერ რ-------------–ის მიმართ ცემის განხორციელების ფაქტს, მითუმეტეს რომ დაზარალებული არ უარყოფს თავდაცვის მიზნით რაღაც საგნის მოქნევის ფაქტს.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ-------------------–--ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენი თ-------------------–--ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო თ-------------------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ თ----–------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თ-------------------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ თ----–------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

თ-------------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - 1 (ერთი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე