განაჩენი

სისხლის სამართლის 21.01.2020
საქმის ნომერი
160100118002520725
ინსტანცია
თარიღი
21.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118002520725

საქმე №1ბ/405-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე : მზია ლომთათიძემ

 

მარინე თათრიაშვილის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - გ-----------------ის

ადვოკატ - ზ---------------ის

მსჯავრდებულ - ზ--------------–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ზ--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 03 ივლისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), ნასამართლევის, საშუალო განათლებით, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ბოლნისი, სოფელი რ---------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენით ზ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.

 

ზ--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2016 წლის 28 ივნისს დაახლოებით 21:00 საათზე ბოლნისის რაიონის სოფელ რ-------ში, კ-----–---–-------–---–ის საცხოვრებელი სახლის წინ, სარწყავ წყალთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკებისას, ზ--------------–---–მა თავში ჩაარტყა ჯოხი ლ-----------–-–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ--------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, ბრალდების მხარე შეეცადა დაეფარა მის მიმართ განხორციელებული თავდასხმა მეზობლად მცხოვრები ლ-----------–-–---–ის მხრიდან, რომელმაც დანაშაულებრივი ქმედებით დაახშო ზ--------------–---–ის სახლის უკან არსებული სასმელი წლის ონკანი და იქედან მოხსნილი პლასტმასის გოფრირებული მილი დაარტყა თავის, მხრების და ზურგის არეში, მოახდინა ყალბი ჩანაწერის გაკეთება პირის ბრალდების ოქმში სარწყავ წყალთან დაკავშირებით, სინამდვილეში კი არანაირი სარწყავი წყალი არ არსებობს, რასაც ადასტურებს ადგილის დათვალიერების ოქმი. აპელანტის მითითებით, დათვალიერებისას წარმოებული ფოტომასალები ბრალდების მხარემ დანაშაულებრივად გაანადგურა და მხოლოდ მისი მხრიდან მოკვლევის შემდეგ გადასცა მას გაყალბებული ფოტოები, რომლებზეც არ არის ასახული სასმელი წყლის ონკანი. ზ--------------–---–ის განმარტებით, ლ-----------–-–---–მა თავის ტრავმა მიიღო მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისას, წყლის ონკანის კონსტრუქციაზე (ფირფიტაზე) თავის მირტყმით. აღნიშნული ფაქტი მოხდა 2016 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 20:30 საათზე. იმავე დღეს, სამედიცინო დაწესებულების მიერ ლ-----------–-–---–ის სახელზე გაცემული ცნობით დასტურდება, რომ თავზე არსებული ჭრილობის ზომები ემთხვევა ონკანზე დამონტაჟებული ფირფიტის კუთხის ზომებს. აპელანტს ცრუ ბრალდებად მიაჩნია, თითქოს ლ-----------–-–---–მა ხის ჯოხის ძლიერი დარტყმით მიიღო ჭრილობა, ვინაიდან, მისი განმარტებით, ხის ჯოხი არ ჭრის კანს, ძლიერად მოხვედრის შემთხვევაში კი, გამოიწვევს ნახეთქს და დიდ შეშუპებას.

 

აპელანტის განმარტებით, ბათილად უნდა ჩაითვალოს მოწმე მ--–---------------–---–ის ჩვენება, ვინაიდან მისი განმარტებით, საგანგებო ზარი „112“-ში მან განახორციელა, საქმის მასალებში კი მითითებულია მ-------------–-–---–ი, მისი ტელეფონი და მონაცემები. აპელანტი ასევე უთითებს, რომ მისთვის სანდო წყაროდან ცნობილია, რომ მოწმე მ--–---------------–---–ი არის შეურაცხადი, რაც, მისი შუამდგომლობის მიუხედავად, არ გადაამოწმა სასამართლომ. ზ--------------–---–ის განმარტებით, ასევე ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ი----------------–---–მა, რომელმაც ვერ დაასახელა ჯოხის ზომები და აღწერილობა და შეკითხვებს პასუხობდა დაბნეულად. აპელანტმა მიუთითა, რომ ლ-----------–-–---–ის ოჯახი მის წინააღმდეგ იყო შეკრული, რასაც დაადასტურებდნენ მეზობლებიც, რომელთაგან ბევრმა ნახა და გაიგო მის მიმართ, ჯერ კიდევ 2016 წლის 27 ივნისს ლ-----------–-–---–ის, მ-------------–-–---–ის, ი----------------–---–ისა და მ--–---------------–---–ის მიერ განხორციელებული თავდასხმის შესახებ, რა დროსაც მან ეზოში შეასწრო, ხოლო მათ კვლავ დაგმანეს მის სახლთან არსებული წყლის ონკანი, აგინეს და ემუქრებოდნენ.

ზ--------------–---–ის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ ხის ჯოხის დარტყმის შედეგად შეიძლებოდა ლ-----------–-–---–ს მიეღო თავის არეში ასეთი ფორმის, ზომის და ხარისხის დაზიანება, შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოსაზრება, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ზემოთ აღნიშნულ ქმედებას. აპელანტის აზრით, საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა მისი მხრიდან ლ-----------–-–---–ის მიმართ ძალადობის ან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა მის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა ზ--------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---------------ემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში განიხილა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ზ--------------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აპელანტი მიუთითებს, დაზარალებულ ლ-----------–-–---–ისა და მისი ოჯახის მხრიდან მისი შევიწროვების თაობაზე წყლის მიწოდების გამო, ასევე აღნიშნავს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოწმეების - ლ-----------–-–---–ის, მ--–---------------–---–ის და ი----------------–---–ის ჩვენებები, ვინაიდან ისინი არიან მასთან დაპირისპირებული მხარეები. აპელანტის განმარტებით, ასევე არ არის გაზიარების ღირსი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ჩვენება, რომელმაც, მისი აზრით, ვერ დაადასტურა, ლ-----------–-–---–ს შეეძლო თუ არა მიეღო დაზიანება ხის ჯოხის ზემოქმედების შედეგად. პალატას მიაჩნია, რომ რაიმე ობიექტურ მიზეზებზე, რაც გახდებოდა საქმეზე წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი, დაცვის მხარეს არ მიუთითებია. აღნიშნული მოწმეები თანმიმდევრულად და ნათლად გადმოსცემენ შემთხვევის დღეს მომხდარ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

 

დაზარალებულ ლ-----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ბოლნისის რაიონის სოფელ რ-------ში. 2016 წლის 28 ივნისს საღამოს საათებში იმყოფებოდა კ-----–---–-------–---–ის სახლის წინ, რა დროსაც მას მიუახლოვდა ზ--------------–---–ი, რომელმაც დაარტყა ჯოხი და განიცადა ძლიერი ტკივილი, თავის არედან წამოუვიდა დიდი რაოდენობით სისხლი, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. შემთხვევის დროს მის გვერდით იყო მ--–---------------–---–ი, ხოლო ი----------------–---–ი იყო ეზოში. მისი განმარტებით სოფელ რ-------ის რამდენიმე მოსახლესა და ზ--------------–---–ს შორის კონფლიქტი წარმოიშვა წყლის გამო, რომელსაც მოიხმარდნენ, როგორც საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის, ასევე ბაღის მოსარწყავად. წყალი სოფლის მოსახლეობამ გამოიყვანა იმ პერიოდში, როდესაც ზ--------------–---–ი სასჯელს იხდიდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. განხორციელებული ძალადობის შემდეგ ზ--------------–---–ი გაიქცა და დაიმალა. ზ--------------–---–ი მათ ემუქრება და ამბობს, რომ ეს ორი ოჯახი უნდა ამოვწყვიტოო.

 

მოწმე მ--–---------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ბოლნისის რაიონის სოფელ რ-------ში. 2016 წლის 28 ივნისს საღამოს დაახლოებით 8-9 საათზე, ზ--------------–---–მა სოფელ რ-------ში მდებარე კ-----–---–-------–---–ის სახლის წინ ონკანთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ-----------–-–---–ს, დიდი ზომის ჯოხი ერთხელ დაარტყა თავში. აღნიშნული ფაქტი დაინახა მან და დედამისმა ი----------------–---–მა. ახლოს, როდესაც მივიდნენ დაინახეს, რომ ლ-----------–-–---–ს თავის არედან სდიოდა დიდი რაოდენობით სისხლი. ზ--------------–---–ი სახლში შევიდა, მათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, სასწრაფო დახმარებას პატრულიც მოჰყვა. ინციდენტის დროს იგი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში. ზ--------------–---–ი ხშირად კამათობდა წყლის გამო ლ-----------–-–---–თან და ი----------------–---–თან, ზ--------------–---–მა მის დედას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ონკანით, რომლის სარგებლობასაც არ ანებებდა ზ--------------–---–ი, სარგებლობდა რამდენიმე ოჯახი. ზ---------–---–ი კეტავდა ონკანს და არ აძლევდა მათ წყლით სარგებლობის საშუალებას.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებას, რომ მოწმე მ--–---------------–---–ის ჩვენება არ არის სარწმუნო, რადგან ის არის შეურაცხადი, რის გამოც ის არ გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. პალატა მიუთითებს, რომ მ--–---------------–---–ის შერაცხადობის საკითხზე სათანადო მტკიცებულება დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია და ამ საფუძვლით აღნიშნული მოწმის სანდოობის საკითხი ეჭვის ქვეშ არ დამდგარა, რადგან მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია სხვა მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან.

 

მოწმე ი----------------–---–ის ჩვენების გაუზიარებლობის საფუძვლად აპელანტი უთითებს იმ ფაქტს, რომ მან ვერ დაასახელა ჯოხის ზომები, აღწერილობა და შეკითხვებს პასუხობდა დაბნეულად, რასაც პალატა არ იზიარებს და მოიხმობს აღნიშნული მოწმის ჩვენებას, რომლითაც დადგენილია, რომ ცხოვრობს ბოლნისის რაიონის სოფელ რ-------ში. 2016 წლის 28 ივნისს სოფელ რ-------ში მდებარე კ-----–---–-------–---–ის სახლის წინ ონკანთან კონფლიქტი მოუვიდა ზ--------------–---–თან, წყალთან დაკავშირებით. საერთო სარგებლობაში არსებული ონკანიდან ის და მისი ვაჟი ყოფითი საჭიროებისათვის და ბაღის მოსარწყავად აგროვებდნენ წყალს, ბრალდებული კი არ აძლევდა მათ უფლებას წყალი აეღოთ, რა დროსაც ზ--------------–---–მა მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც გამოიძახეს პატრული. მისი განმარტებით, ზ--------------–---–თან აღნიშნული მიზეზით კონფლიქტი უკვე ორი წელია რაც აქვთ. ხსენებული ინციდენტისას მას გამოესარჩლა მისი მეზობელი ლ-----------–-–---–ი. ზ--------------–---–ს ხელში ეჭირა ჯოხი, რომლითაც ცემა ლ-----------–-–---–ი, მას ერთხელ დაარტყა ჯოხი, ლ----ს სისხლი წამოუვიდა, რის გამოც გამოიძახეს, როგორც სასწრაფო დახმარება, ისე საპატრულო ეკიპაჟი. მის გარდა ადგილზე იყვნენ სხვა პირებიც, როდესაც პატრული მივიდა ზ--------------–---–ი დაიმალა. მისი განმარტებით ზ--------------–---–ის მხრიდან ადგილი აქვს მუქარას მათ მიმართ, რის გამოც განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, წყალთან დაკავშირებული დაპირისპირების გამო აღნიშნულ მოწმეთა მიკერძოებულობის თაობაზე, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულად გადმოსცემენ მოვლენებს, რომლებიც გამყარებულია საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №003809716 დასკვნის თანახმად, 1,2,3,4/ შპს ბოლნისის ახალი სამედიცინო ცენტრის ფორმა №100, რეგისტრაცია №4----ის მონაცემებით ლ-----------–-–---–ს 28.06.2016წ. აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა თხემის არეში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით ხანდაზმულობა ვერ განისაზღვრა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------–----------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ჯოხი, სხვა საგნებთან ერთად წარმოადგენს მკვრივ, ბლაგვ საგანს, რომლის ზემოქმედებით შესაძლებელია დასკვნაში მითითებული ჭრილობის ზომაზე მეტიც და ნაკლებიც გამოიწვიოს. მისი განმარტებით, თხემის მიდამო უხვადაა მომარაგებული სისხლძარღვებით, არის ძლიერი სისხლმდენი მიდამო და პატარა ჭრილობასაც შეუძლია ძლიერი სისხლდენის გამოწვევა.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მითითება ლ-----------–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის გამცემი ექსპერტის ჩვენების არასრულყოფილებაზე, რომ თითქოს მან ვერ განმარტა, ხის ჯოხის დარტყმის შედეგად შეიძლებოდა თუ არა ლ-----------–-–---–ს მიეღო თავის არეში შესაბამისი ფორმის, ზომის და ხარისხის დაზიანება. ექსპერტმა საკმაოდ ნათლად ახსნა ლ-----------–-–---–ის ჭრილობის წარმოშობის შესაძლებლობა ხის ჯოხის ზემოქმედებით და სისხლდენის ინტენსივობის მიზეზები.

 

პალატა განმარტავს, რომ დაზარალებული და ორი მოწმე, რომლებიც ადასტურებენ ზ--------------–---–ის მხრიდან ძალადობის ფაქტს, არიან თვითმხილველები, რომელთა მხრიდან ჯოხის დარტყმის ფაქტის აღქმა არაა საეჭვო და არ საჭიროებს ცალკე დასაბუთებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის ვერსია, თითქოს ლ-----------–-–---–მა თავის ტრავმა მიიღო წყლის ონკანის კონსტრუქციაზე თავის დარტყმით. ამასთან, დაზარალებულისა და მოწმეების მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გასაბათილებლად თანაზომიერი მტკიცებულებები დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

 

პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, კონფლიქტის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე სახის აცდენას ადგილი არ ჰქონია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე ზ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ--------------–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება რა გასაჩივრებულ განაჩენში განვითარებულ მსჯელობას ზ--------------–---–ის ქმედების შესაბამისი რედაქციით კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ--------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენი ზ--------------–---–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ზ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ლ-----------–-–---–ის ტანსაცმელი (ინახება ბოლნისის შს რაიონულ სამმართველოში) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე