განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190100119002990384
საქმე № 1ბ/1911-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივნები ეკატერინე დიხამინჯია და გიორგი ჩუბინიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლ---------–-------.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: რ--------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–----–---------------------
ადვოკატი - მ---------------.
თარჯიმანი - მ-------------–---.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები.
სასჯელი:
დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ----------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და რ--------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმე პოლიციელთა არასანდო ჩვენებები, რომლებიც დაკავების ადგილთან და სხვა გარემოებებთან მიმართებაში არის წინააღმდეგობრივი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ პატაკის ავტორის ა---------–----–-----–---–ის დაკითხვა დასრულდა 2019 წლის 12 აპრილს 16:07 საათზე, რ--------------ის პირადი ჩხრეკა კი, დაიწყო იმავე დღეს 16:30 საათზე. დაცვის მხარის მოსაზრებით, 23 წუთიან დროის შუალედში პოლიციის მუშაკების მითითებულ ადგილზე მისვლა, თარჯიმანთან დაკავშირება, ხალხმრავალ ადგილზე ტელეფონით გადაგზავნილი ფოტოსურათით რ--------------ის მოძებნა და იდენტიფიცირება ბადებს ეჭვს. ამასთან, რ--------------ი ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ მას ნამდვილად ექნებოდა ნარკოტიკული საშუალება, 30 მეტრის მოშორებით პოლიციის ფორმაში ჩაცმულ პირთა შემჩნევის შემთხვევაში აუცილებლად შეეცდებოდა მის თავიდან მოშორებას. რ--------------ს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. იგი ხელბორკილ დადებული გადაიყვანეს პარკში, სადაც გააჩერეს დაახლოებით ნახევარი საათი, რა დროსაც მას პოლიციის თანამშრომლებმა ჯიბეში ჩაუდეს ნარკოტიკული საშულება, რომელიც შემდეგ დაგვიანებით მისული თარჯიმნის თანდასწრებით ამოიღეს მისგან. დაცვის მხარის განმარტებით, დაკავებისას რ--------------ს პლასტმასის ჭიქით დაალევინეს წყალი, შესაძლოა ამ ჭიქიდან აღებული კვალი გადაიტანეს პოლიციელებმა ვითომდა მისგან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე. მას აღნიშნულ ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია, სწორედ ამიტომ განაცხადა თანხმობა მოგვიანებით მისგან ნიმუშის აღებაზე, რათა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარებით დადგენილიყო მისი უდანაშაულობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დაცვის მხარემ მოითხოვა რ--------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
რ--------------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებული რ---------------ი 2019 წლის 12 აპრილს 16:17 საათზე ქ-----------––------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადად ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით 0,502 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენით რ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 თებერვლის N------- განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით რ--------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
რ---------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლით ჩამოერთვა საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა რ--------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 12 აპრილს იმყოფებოდა ქ----------––-- სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც იგი დააკავა სამმა პოლიციის თანამშრომელმა და ხელზე ბორკილდადებული გადაიყვანეს ავტომანქანით მიტოვებულ პარკში, სადაც მას ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება. შემდეგ კი, თარჯიმნის თადასწრებით ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის ჯიბიდან ამოიღეს სიგარეტის კოლოფში მოთავსებული, შავი ფერის ცელოფანში გახვეული ნივთიერება, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. მას პოლიციელებმა უთხრეს, რომ აღიარების შემთხვევაში გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე, რის გამოც მან დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ნებაყოფლობით მოაწერა ხელი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------------–-------–-–-----------------------------------------–--–--------------–--- მოწმე ა---------–----–-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 12 აპრილს, მის მიერ მიღებული იქნა სატელეფონო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქ----------–-- ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა რ--------------ი, რომელსაც პირადად უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მან აღნიშნულის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე ზ---------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი დ----------------------–-------–-----------------–----–---------------------------------------------–-------–-–-------------------ში. მისი თანამშრომლის - ა---------–----–-----–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით ირკვეოდა, რომ რ--------------ი ქ----------–-- ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანანოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. 2018 წლის 12 აპრილს, იგი თანამშრომლებთან შ--------------თან და ი-----–------–---სთან ერთად გავიდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, სადაც დაინახეს რ--------------ი, რომელსაც თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა და გააცნეს დადგენილება. რ--------------ის პირადი ჩხრეკისას, მუქი ფერის სპორტული შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ერთ წონაკად დაფასოებული მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება, სავარაუდოდ ,,ჰეროინი“, რაც ადგილზე დალუქეს. ჩხრეკის დასრულებისთანავე მოხდა რ--------------ის დაკავება გ-----------------------, რა დროსაც ამ უკანასკნელს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. რ--------------მა ოქმებს ნებაყოფლობით მოაწერა ხელი. მოწმის განმარტებით, თარჯიმანი მივიდა მალევე, რის შემდეგაც რ--------------ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა ადგილზე და იგი პარკში არ გადაუყვანიათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------------–-------–-–-----------------------------------------–--–--------------–--- მოწმე შ-------------- ჩვენებით დასტურდება, რომ ამავე დეპარტამენტის თანამშრომელ ა---------–----–-----–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაცის საფუძველზე იგი 2018 წლის 12 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, თანამშრომლებთან ზ---------------–---–თან და ი-----–------–---სთან ერთად გავიდა ქ----------–-- ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ფეხით მოძრაობდა რ--------------ი, რომლის ვინაობაც მანამდე დადგენილი იყო, ნანახი ჰქონდათ ფოტოსურათიც. მათ აღნიშნული პირი შეაჩერეს და თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას რ--------------ის სპორტული შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთ წონაკად დაფასოებული, მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება. ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება დაილუქა ადგილზე. ამის შემდეგ მათ დააკავეს რ--------------ი, რომელსაც დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოწმის განმარტებით, რ--------------მა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმს ნებაყოფლობით მოაწერა ხელი. მოწმის განმარტებით, თარჯიმანი ადგილზე მალევე მივიდა.
მოწმე ი-----–------–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------------–-------–-–-------------------–- მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, ქ----------––- მცხოვრები რ--------------ი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. მათ დაახლოებით ხუთ წუთში ავტომანქანაში ჩაისვეს თარჯიმანი, რომელთან ერთადაც მივიდნენ მითითებულ ადგილზე, სადაც შენიშნეს რ--------------ი, რომელსაც თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა და გააცნეს გამომძიებლის დადგენილება. ამის შემდეგ ჩატარდა რ--------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამ უკანასკნელის მუქი ფერის სპორტული შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ერთ წონაკად დაფასოებული მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, რაც ადგილზე დაილუქა. ჩხრეკის დასრულებისთანავე მათ მიერ დაკავებული იქნა რ--------------ი, რომელმაც დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებს ნებაყოფლობით მოაწერა ხელი. მოწმის განმარტებით, მათ ზოგადად ღონისძების დროს აცვიათ ფორმა, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც შესაძლებელია ფორმა არ ეცვათ და შემდეგ უცბად გადაიცვან. მოცემულ შემთხვევაში დაკავებისას სავარაუდოდ გადაიცვამდნენ შავი ფერის სამსახურებრივ ქურთუკს. მას ზუსტად არ ახსოვს რა მანძილის დაშორებით გააჩერეს ავტომანქანა, შესაძლოა 20-30 მეტრში. მისთვის ასევე უცნობია შენიშნა თუ არა ისინი რ--------------მა, თუმცა თავად ცდილობდნენ ისე მისულიყვნენ, რომ მას არ დაენახა.
პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 12 აპრილს, 16:30-16:47 საათზე ქ----------–-------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა რ--------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამ უკანასკნელის მუქი ფერის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთ წონაკად დაფასოებული მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება.
ბრალდებულის დაკავების ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 12 აპრილს, 16:48 საათზე დაკავებული იქნა რ--------------ი.
ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 19 აპრილს, 12:40-12:50 საათზე, რ--------------ისგან მისივე თანხმობით აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე და მასში მითითებული გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თარჯიმანმა ვ-------------–---მა, ხოლო ნიმუშის აღების ოქმის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ს-------–--------ემ, ექსპერტ-კრიმინალისტმა გ-------------–---–მა და თარჯიმანმა ნ------------ემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–------------–-------------------------------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი რ--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ მოლურჯო ფერის პოლიეთილინის მილღობიალთავიან და მთლიანობადარღვეულ ნაჭერში მოთავსებული ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილოვანი ნივთიერება გამომშრალ მდომარეობაში, წონით 0,95 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობაა - 0,502 გრამი.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ი------------მ და მ----------–--მ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 29 მაისის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ,,...ნივთიერება წონით 094 გრამი/095 გრ. 2) პოლიეთ. ნაჭრები რომელშიც მოთავსებული იყო ნივთიერება...“ მოთავსებულ მოლურჯო ფერის პოლიეთილინის პარკის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი და რ--------------ის (ობ. N2 პაკეტი წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში... აღებული ბრალადებულ რ--------------ის პირის ღრუდან...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე----------ემ.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 თებერვლის N------- განაჩენით ირკვევა, რომ რ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 (ოთხი) წელი. რ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 01 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს N-------- განკარგულებით, რ--------------ს გაუნახევრდა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფოს საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის N---------- გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული რ--------------ი 2018 წლის 24 დეკემებრს გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 4 (ოთხი) თვით და 8 (რვა) დღით ადრე.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2018 წლის 24 დეკემბრის N------- ცნობით ირკვევა, რომ 2018 წლის 24 დეკემბერს რ--------------ი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე 4 (ოთხი) თვით და 8 (რვა) დღით ადრე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ--------------ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება რ--------------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად მიიჩნევს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენას და შენახვას. ამ დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ და შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, კერძოდ, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და ა.შ. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ა---------–----–-----–---–მა დაადასტურა, რომ მის მიერ მიღებული ინფორმაციით რ--------------ს თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. ინფორმაციაში მითითებულ ადგილზე გასვლის, რ--------------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ფაქტი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ზ---------------–---–მა, შ-------------მ და ი-----–------–---მ, რომლებმაც დეტალურად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები. აღნიშნულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ პირადი ჩხრეკისას რ--------------ის მუქი ფერის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთ წონაკად დაფასოებული მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“ 0,2 გრამიდან 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად. რ--------------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა ბევრად აღემატება ხსენებულ მინიმალურ ზღვარს, რისი გათვალისწინებითაც პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა.
პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 23 წუთში შეუძლებელი იყო პოლიციელები მისულიყვნენ ინფორმაციაში მითითებულ ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ადგილზე ეპოვათ ფოტოზე გამოსახული პირი, მოეხდინათ მისი იდენტიფიცირება და შეჩერება. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმეებმა განმარტეს, რომ ისინი ოპერატიულად მივიდნენ ადგილზე, სადაც შენიშნეს რ--------------ი, რომელის პიროვნებაც წინასწარ ჰქონდათ დადგენილი და იგი ამოიცნეს მათთვის გადაგზავნილი ფოტოსურათით. გარდა ამისა, რ--------------ის განმარტება, რომ დაახლოებით 30 წუთი ელოდნენ ადგილზე თარჯიმნის მისვლას, წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებმაც განმარტეს, რომ თარჯიმანი მალევე მივიდა ადგილზე.
პალატა ვერ გაიზიარებს რ--------------ის ჩვენებას, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა და რომ მასზე აღმოჩენილი კვალი სპეციალურად მათ მიერ იქნა დატანილი იმ ჭიქიდან, რომლითაც მან დალია წყალი, ვინაიდან აღნიშნული წინააღმდეგობაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციის თანამშრომელთა და თარჯიმნის ჩვენებებში, ასევე დაკავების და ჩხრეკის ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა მოწმეების და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. დაცვის მხარეს კი არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც პალატას გაუჩენდა მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
ამასთან, პალატა თვლის, რომ შესაძლოა მოწმეთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც პალატას მათი ჩვენებების გაზაირებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გავიდა რამდენიმე თვე, რის გამოც სრულიად შესაძლებელია მოწმეებს არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები, მაგრამ მათ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას“.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადგინდა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 თებერვლის N------- განაჩენით რ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. დანაშაულის ჩადენის დროს, კერძოდ 2019 წლის 12 აპრილს რ--------------ს ზემოაღნიშნული განაჩენით დადგენილი ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. შესაბამისად სახეზეა მის მიამრთ ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (მაგალითისთვის იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: KRASULYA v. RUSSIA, N12365/03 , პარ. 50). მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა თვლის, რომ იმსჯელა დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რ--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
პალატა თვლის, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი ხასიათდება ინდივიდუალურობით, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი შეურიგდეს დაზარალებულს“. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
პალატა თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას, ამასთან, იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, უკეთ გააცნობიეროს საკუთარი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნის მიღწევას.
პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. მსჯავრდება ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა სტანდარტს, დანიშნული სასჯელი კი სამართლიანია. რისი გათვალისწინებითაც პალატა თვლის, რომ დაცვის მხარის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ზემოაღნიშნული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
რ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს რ--------------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 თებერვლის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის N---------- გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით რ--------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. აღნიშნული უფლბების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
რ--------------ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
რ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 12 აპრილიდან.
რ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘ - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე