განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2020
საქმის ნომერი
330100115774359
ინსტანცია
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115774359

საქმე №1ბ/264-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ვ-------–-----–---–ის

ადვოკატ - გ--–----------–--ის

მსჯავრდებულ - ვ--------------ას

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვ--------------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ვ--------------ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 23 ივლისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 0----------), ნასამართლობის არმქონის, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ბ-----------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ვ--------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ვ--------------ას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების წესის დარღვევა, ე. ი. უსაფრთხოების წესის დარღვევა, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „----–----- გენერალური დირექტორის 2014 წლის 13 იანვრის №39-კ ბრძანებით, ვ--------------ა დაინიშნა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „----–----- საინჟინრო დეპარტამენტის მთავარ ინჟინრად. საინჟინრო დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ვ--------------ა, როგორც მთავარი ინჟინერი ვალდებული იყო სამშენებლო ობიექტებზე განეხორციელებინა შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის კონტროლი და სამშენებლო ობიექტებზე საწარმოო პროცესისათვის მოთხოვნილი სამშენებლო მასალების და საწარმოო საშუალებების, საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი. საინჟინრო დეპარტამენტი აწარმოებდა სამეურნეო სასაწყობო შენობის და ავტო-ტექნიკის ფარეხის მშენებლობას გ-----------------–-–---–ის სახელობის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე. რა დროსაც მთავარ ინჟინერ ვ--------------ას მითითებით, „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში „CHиП III-4-80*-ის N2.26*-ის“ მოთხოვნის დარღვევით, ელექტრო შედუღებითი სამუშაოების წარმოებისათვის, აიგო დაახლოებით 3,9 მეტრის სიმაღლის ხარაჩო, რომელსაც არ გააჩნდა შემოღობვა. ამავდროულად არ განახორციელა კონტროლი, რათა შემოუღობავი ხარაჩოს პირობებში, სამუშაოების წარმოებისას, „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“ „CHиП III-4-80*-ის N2.26*-ის“ და სტანდარტ „ГOCT 12.4.050-89“-ის N2.2.5-ის და N2.2.7-ის პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოთა მწარმოებელ პერსონალზე გაცემულიყო უსაფრთხოების ქამრები. 2014 წლის 20 იანვარს დაახლოებით 17:00 საათზე, აღნიშნული ხარაჩოდან, ელექტრო შედუღებითი სამუშაოების წარმოებისას, დაახლოებით 3,9 მეტრის სიმაღლიდან, გადმოვარდა ელექტროშემდუღებელი ს------------------–---–ი, რომელიც მასზე მუშაობდა ზემოაღნიშნული წესების დარღვევით. გადმოვარდნის შედეგად ს------------------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ, ხერხემლის ტრავმა, წელის მე-2 მალის სხეულის კომპრესიული მოტეხილობა და წელის მე-5 მალის წინა კიდის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ--------------ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–----------–--ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ--------------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, ვ--------------ა მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „----–----- საინჟინრო დეპარტამენტის მთავარ ინჟინრად. მას საინჟინრო დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მიხედვით, ევალებოდა სამშენებლო ობიექტზე განეხორციელებინა შრომის დაცვის და უსაფრთხოების კონტროლი, ხოლო სამშენებლო წესების უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის დებულების მიხედვით, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს და უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია, ვ--------------ას, როგორც დეპარტამენტის მთავარ ინჟინერს, ევალებოდა უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვის კონტროლის ორგანიზება. აპელანტის განმარტებით, არც ერთი ნორმატიური აქტის გადასახედიდან ვ--------------ას ბრალეულობა არ იკვეთება.

აპელანტის მითითებით, ვ--------------ა იყო დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი, სადაც შედიოდა ექვსი სამმართველო. თითოეულს ჰქონდა რამდენიმე სამშენებლო ობიექტი და გაფანტული იყო ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე, რომლებსაც ჰყავდათ თავიანთი საქმისმწარმოებელი ინჟინრები, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ სამშენებლო ობიექტებს. ვ--------------ა თეორიულადაც ვერ შეძლებდა უშუალოდ თვალყური მიედევნებინა მუშების საქმიანობისათის. აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ობიექტზე იყო რამდენიმე ხარაჩო და დამცავი ქამრები. ის, თუ რატომ არ აიგო წესების დაცვით ხარაჩო ან რატომ არ გამოიყენეს დამცავი ქამრები, აპელანტის აზრით, არ წარმოადგენს ვ--------------ას პასუხისმგებლობას. ის არ შესწრებია დაზარალებულის მუშაობას ხარაჩოზე და არც არავის შეუტყობინებია უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ. აპელანტის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება ხარაჩოს ვარგისიანობის საწინააღმდეგოდ, არც ექსპერტს უთქვამს, რომ ის არ შეესაბამებოდა აღნიშნულ სამუშაოს. მასზე ერთი თვის მუშაობის მანძლზე არავინ დაშავებულა. დაშავება ხარაჩოს წაქცევას ან დაშლას არ გამოუწვევია, თუ იგი წესის დაცვით არ აიგო, ასევე, საწყობიდან არ მოხდა ქამრის გამოტანა და გამოყენება, ეს საქმისმწარმოებლის ბრალია.

აპელანტმა მიუთითა, რომ პასუხისგებაში არ არიან მიცემული საქმისმწარმოებელი, ოსტატი ათმეთაური, სამმართველოს მთავარი ინჟინერი ან მისი მოადგილე, არც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და მხოლოდ დეპარტამენტის მთავარ ინჟინერს წარედგინა ბრალი და იგი სცნეს დამნაშავედ, რაც პროკურატურის მხრიდან დაინტერესებაზე მიუთითებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ვ--------------ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–----------–--ემ მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა საჩივარი წარადგინა იმ მიმართებით, რომ მისი, როგორც მთავარი ინჟინრის ბრალეულობა არ იკვეთება სამშენებლო ობიექტებზე წესების დარღვევით ხარაჩოს აგებისას და მუშების მიერ დამცავი ქამრების გამოუყენებლობისას, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ რიგში, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. სამშენებლო სამუშაოთა წარმოება გულისხმობს შენობა-ნაგებობის აღმართვასა და რემონტს. სამშენებლო სამუშაო არის საქმიანობა, დაკავშირებული ნაგებობათა აგებასთან, რეკონსტრუქციასთან, რემონტთან, აგრეთვე, სამშენებლო მანქანებისა და მექანიზმების, სპეციალური ტექნოლოგიური მოწყობილობის ექსპლუატაციასთან. დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც დაკავშირებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოთა წარმოებასთან, ე. ი. ის, ვინც თავისი თანამდებობრივი მდგომარეობით ან პროფესიული ფუნქციით, მოვალეა დაიცვას უსაფრთხოების სპეციალური წესები მითითებულ სამუშაოთა წარმოებისას.

2014 წლის 13 იანვრის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „----–----- გენერალური დირექტორის №39-კ ბრძანებით დადგენილია, რომ ვ--------------ა (გათავისუფლდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას" საინჟინრო დეპარტამენტის მთავარი ინჟინერის დროებით მოვალეობის შემსრულებლობიდან), დაინიშნა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „----–----- საინჟინრო დეპარტამენტის მთავარ ინჟინრად. სსიპ „----–----- საინჟინრო დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, მთავარი ინჟინრის ძირითადი ფუნქციებია: სამშენებლო ობიექტებზე შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის კონტროლი, სამშენებლო ობიექტების საწარმოო პროცესისათვის მოთხოვნილი სამშენებლო მასალებისა და საწარმოო საშუალებების შესაბამისობა საპროექტო დოკუმენტაციასთან. მთავარი ინჟინრის ფუნქციების ჩამონათვალი ასევე დაადასტურა საქმეზე დაკითხულმა სსიპ „----–----- საინჟინრო დეპარტამენტის იურისტმა ლ-----------ამ. ასევე, თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო კვლევითი საწარმო „----–----- სამშენებლო-საინჟინრო დეპარტამენტის უფროსის რ-----------–---–ის განმარტებით, მათი დეპარტამენტის სახელმძღვანელო იყო სამშენებლო საინჟინრო დეპარტამენტის შრომითი დებულება, რომლითაც განსაზღვრული იყო თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები. დებულების თანახმად, სამუშაო ობიექტებზე უსაფრთხოება წარმოადგენდა მთავარი ინჟინრის, უსაფრთხოების ინჟინრის, საქმეთა მწარმოებლის, 20 მეთაურის და 10 მეთაურის ფუნქციას. მთავარი ინჟინერი ითვლებოდა მის მოადგილედ, რომლის მოვალეობაში შედიოდა ზედამხედველობა, ხელმძღვანელობა, გადანაწილება, დაგეგმვა და სამუშაოს მსვლელობის თვალყური. ყველა ქმედება თანხმდებოდა ქვევიდან ზევით, რომელიც დღის ბოლოს გროვდებოდა ვ--------------ასთან. ვ--------------ას უნდა გაეკონტროლებინა მისი ქვემდგომი, რომ მომხდარიყო აგება, დაშლა და ა. შ. უსაფრთხოების უზრუნველყოფა პირდაპირ ექვემდებარებოდა მთავარ ინჟინერს. მას ჰქონდა უფლება ნებისმიერი სამმართველოს უფროსი გამოეყვანა და მოეთხოვა შეეჩერებინა სამუშაოები. მოწმის განმარტებით, ხარაჩოს აგებაზე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ვ--------------ას კომპეტენცია იყო.

დასახელებულ დებულებათა და მოწმეთა ჩვენებების ანალიზიდან ირკვევა, რომ მთავარი ინჟინრის უშუალო ფუნქციას წარმოადგენდა სამშენებლო ობიექტებზე შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის კონტროლი და არგუმენტაციას მოკლებულია აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ვ--------------ა ან უნდა შესწრებოდა ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტს ან უნდა შეეტყობინებინათ მისთვის. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ვ--------------ას გამართლების თაობაზე, მისი ბრალეულობის არარსებობის გამო, არის უსაფუძვლო, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

პალატა აღნიშნავს, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს განსახილველ სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისა და ამის გამო ს------------------–---–ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში განსახილველ საკითხს წარმოადგენს ვ--------------ას, როგორც მთავარი ინჟინრის ბრალეულობა მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებაში, რაც, სააპელაციო პალატის აზრით, დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

დაზარალებულ ს------------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ელექტრო შემდუღებელი და შემთხვევის დღეს მუშაობდა №3--------–--- ქარხნის ტერიტორიაზე, აკეთებდა კონსტრუქციას, თუმცა დამცავი ქამარი არ ეკეთა. დამცავი ქამარი ფიზიკურად არ ჰქონდათ ობიექტზე და არც მოთხოვნა ყოფილა ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ გაეკეთებინა. ზოგადად დამცავი ქამრის დამაგრება, როგორც წესი, ხდება მოაჯირზე, თუმცა აღნიშნულ ხარაჩოს არ ჰქონდა მოაჯირი, შესაბამისად, ქამარი ვერ დამაგრდებოდა. ხარაჩო არ იყო მყარი, რადგან ნიადაგი იყო არასწორი, რომელზეც ე. წ. „ბალასტი“ იყო დაყრილი. აღნიშნულ ობიექტზე მისვლისას მისთვის ინსტრუქტაჟი არ ჩაუტარებიათ, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.

მართალია, დაზარალებულისთვის ცნობილი არ იყო, თუ ვინ ააწყო ხარაჩო ან ვისი მითითებით, თუმცა საქმეზე დაკითხული მოწმე მ-----–-----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2013 წლის იანვრის თვეში ვ--------------ასთან ერთად მუშაობდა სსიპ „----–----- შემადგენლობაში. მის მოვალეობაში შედიოდა პირადი შემადგენლობის, უსაფრთხოების და სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი. ვ--------------ას შეხვდა სამუშაოების პერიოდში მომხდარ ინციდენტამდე ერთი თვით ადრე, რომელთანაც ისაუბრა სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით. ვ--------------ამ მას უთხრა, რომ აგებულიყო ხარაჩო, რომელიც გამოიყენებოდა მაღალი სიმაღლეებისთვის ადვილად მისაწვდომად, რომელიც კედელზე მაგრდებოდა კონსტრუქციულად პულტებით ან ჩაიხრახნებოდა შიგნით, ზურგის და წინა მხრიდან დაცული იყო, რომლითაც ხდებოდა მუშაობა ფასადებზე. თავად ვ--------------ას არ დაეთანხმა და უთხრა, რომ წინააღმდეგი იყო ხარაჩოს აგების, ვინაიდან მიწა, რომელზეც უნდა აგებულიყო ხარაჩო, არ იყო დატკეპნილი, გასწორებული, იყო წერტილოვანი საძირკვლები და თვლიდა, რომ ხარაჩო არამყარად დამაგრდებოდა. პარალელურად ვ--------------ას შესთავაზა ალტერნატიული ვარიანტი - ამწე კალათის სახით, რომელიც გამოიყენებოდა ელექტრო ფასადის შესაღებად, თუმცა ვ--------------ა მის წინადადებას არ დაეთანხმა და მისი ბრძანებით აიგო ხარაჩო. რ----–--–---–---საც ესაუბრა ხარაჩოსთან დაკავშირებით, თუმცა მას აზრი არ გამოუხატავს. აიწყო ხარაჩო, რომელზეც მუშაობდა დაზარალებული ისე, რომ არ ეკეთა დამცავი ქამარი. როგორც მისთვის ცნობილი გახდა, არ ჩათვალეს საჭიროდ ქამრის გაკეთება. ასევე ხარაჩოს არ ჰქონდა სამაგრი.

ის ფაქტი, რომ ობიექტზე ვ--------------ა ხშირად მიდიოდა და ბუნებრივია ხედავდა რომ მუშაობის დროს უსაფრთხოების ქამრებს არ იყენებდნენ და აღნიშნული ქამრები მხოლოდ შემთხვევის შემდეგ დაარიგეს დასტურდება გ----------–--–---–ის, შ----------–--–---–ის, ი-----–---–----–---–ის, რ----–--–---–--ის, ნ----------------ის და რ-----------–ის ჩვენებებით. მათივე ჩვენებებით დასტურდება, რომ სწორედ ვ--------------ას მითითებით მოხდა ასეთი ხარაჩოს აგება და მიუხედავად პროტესტისა, რომ ხარაჩო არ იყო უსაფრთხო, მუშაობის გაგრძელება, კერძოდ:

მოწმე გ----------–--–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2014 წლის იანვრის თვეში მუშაობდა სსიპ „----–----- სამეცნიერო საინჟინრო კვლევით ცენტრში ელექტრო შემდუღებლის პოზიციაზე, მათ შორის, №3---------- ტერიტორიაზე, სადაც აკეთებდა გადახურვის წინა სამუშაოებს. აღნიშნულ ობიექტზე ხარაჩოს მოაჯირი არ ჰქონდა. დაახლოებით ერთი თვე მუშაობდნენ აღნიშნული ხარაჩოთი და ამ პერიოდში ვ--------------ა მისული იყო ობიექტზე. მათ ობიექტზე უსაფრთხოების ქამრები არ ჰქონდათ, ქამრები მისცეს მხოლოდ ს------------------–---–ის ხარაჩოდან ჩამოვარდნის შემდეგ.

მოწმე რ-----------–ის განმარტებით, რომელიც იგივე ობიექტზე ელექტრო შემდუღებლის პოზიციაზე მუშაობდა, დასტურდება, რომ ვ--------------ა ხარაჩოზე მუშაობის პერიოდში ხშირად მიდიოდა ობიექტზე და მას არ უთქვამს მათთვის, რომ დამცავი ქამრის გარეშე არ ემუშავათ, არც ის უთქვამს, რომ ხარაჩოსთვის შემოღობვა გაეკეთებინათ.

სსიპ „----–---–-- მეარმატურე-მებეტონის პოზიციაზე მომუშავე მოწმე შ----------–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ობიექტზე ხელმძღვანელი პირები იყვნენ უბნის უფროსი ზ------------–---–იძე და სამუშაოთა მწარმოებელი ი-----–-, გვარი არ ახსოვს. ვ--------------ა მთავარი ინჟინერის თანამდებობაზე მუშაობდა. თანამდებობრივად ვ--------------ა იყო ზემდგომი ხელმძღვანელი პირი. მთავარმა ინჟინერმა უნდა მისცეს დავალება სამუშაოთა მწარმოებელს, რომელმაც დავალება უნდა მისცეს მუშებს, რომ მათ შეასრულონ სამუშაო. მოწმის ჩვენებით, იგი შეესწრო ფაქტს, რომ ზ------------–---–იძე არ უშვებდა თანამშრომლებს ხარაჩოზე, რადგან ხარაჩო არ იყო მყარი. ვ--------------ამ მას უთხრა, რომ თავად იყო პასუხისმგებელი, ასულიყვნენ მუშები და ემუშავათ, რადგან არავის არაფერი არ მოუვიდოდა. ვ--------------ა საკმაოდ ხშირად დადიოდა ობიექტზე.

სამუშაოთა მწარმოებლის მოწმე ი-----–---–----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ უბნის უფროსი იყო ზ------------–---–იძე, ასევე იყვნენ ოც მეთაურები და ა. შ. სამმართველოს უფროსი იყო მ-----–-----------ე, რომელთანაც ჰქონდა საუბარი, რომ ამ ხარაჩოებით არ შეიძლებოდა მუშაობა. მან უთხრა, რომ რამდენჯერმე კამათი ჰქონდა ვ--------------ასთან. კამათი შეეხებოდა იმას, რომ ხარაჩოების მდგრადობა არასაიმედო იყო და ხელოვნურად მასზე დამცავი ჯებირების მოწყობა მიზანშეუწონლად მიაჩნდა. მოწმემ აღნიშნა, რომ ხარაჩოებს არა აქვთ დამცავი მექანიზმი, ეს არ არის ქარხნული წესით დამზადებული ხარაჩო, რომელიც არ ითვალისწინებს წინა მხარის დაცვას, ამიტომ იძულებული იყვნენ, რომ ხელოვნურად გაეკეთებინათ. როგორც იცის, სამმართველოს უფროსი მ-----–-----------ე მოითხოვდა კალათების მიტანას, რომელიც ეკიდებოდა და ჰქონდა დამცავი მექანიზმი, მაგრამ იმის მიტანა დაგვიანებით მოხდა. იმ პერიოდში ერთადერთი რეალური დაცული ხარაჩო იყო გერმანული წარმოების ხარაჩო. აღნიშნული შემთხვევის დღეს ვ--------------ა იყო მისული ობიექტზე რ----–--–---–---სთან ერთად. მათი დაშორების შემდგომ დაახლოებით ერთი საათისა და 40 წუთის შემდეგ ის და ზ------------–---–იძე იდგნენ 20-30 მეტრის დაშორებით და უყურებდნენ სამუშაოს მიმდინარეობას, რა დროსაც დაინახეს, რომ შემდუღებელი წამოდგა, აიწია დამცავი ფარი და უცბად გადავარდა ხარაჩოდან უკან. მოწმის განმარტებით, ყოველ შეხვედრაზე იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ხარაჩოს გამოყენება იყო საშიში, იქედან გამომდინარე, რომ ხშირად ხდებოდა მისი დაშლა და გადატანა, რაც დაუშვებელი იყო. ვინაიდან ხარაჩოს სჭირდება სტაციონარული მიმაგრება და ყველანაირად დაცვა, რაც არ ხდებოდა მოცემულ შემთხვევაში. სამმართველოს უფროსი მ-----–-----------ე ძალიან აქტიურად მოითხოვდა, რომ სხვა ხარაჩოები მიეტანათ. ადგილზე იყო სხვა ორი ტიპის ხარაჩო, რომელიც თანამედროვე ტიპის გერმანული წარმოების ხარაჩო იყო. ხარაჩოს დამონტაჟება გამოყენება ხდებოდა ვ--------------ას დავალებით. გადმოცემით იცის, რომ ეს ხარაჩო გაკეთებული იყო ვ--------------ას რეკომენდაციით. ვ--------------ა კვირაში 3-4-ჯერ მიდიოდა ობიექტზე, ათვალიერებდა და ყველაფერს ნახულობდა. დამცავი ქამარი რომ ჰქონოდათ, ქამარი ხარაჩოზე მაინც ვერ მიმაგრდებოდა, რადგან არ ჰქონდათ დამცავი ბუდე და ჩამოსაკიდი არ არსებობდა. აღნიშნულის მიმაგრება შესაძლებელი იყო მხოლოდ ხელოვნური დამცავი ჯებირის გაკეთების შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში ხარაჩო მავთულით იყო ბოძზე მიმაგრებული, ძირი არ იყო გასწორებული. მისთვის ცნობილი გახდა, რომ სამმართველოს უფროსმა მოითხოვა კრწანისის ობიექტიდან კალათის ჩამოტანა, რის გამოც შელაპარაკება მოუვიდა ვ--------------ასთან, თუმცა კალათის ჩამოტანა ძალიან გვიან მოხდა.

საინჯინრო-ტექნიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის მოწმე რ----–--–---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნული ობიექტის მშენებლობა დაიწყო ოქტომბრის თვეში, სადაც მივიდა მთავარ ინჟინერთან - ვ--------------ასთან ერთად. დაინახეს, რომ არ მუშაობდნენ მუშები და იკითხეს რა ხდებოდა, უპასუხეს, რომ უბნის უფროსმა - ზ------------–---–იძემ, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაოთა მწარმოებლის არ ყოფნის შემთხვევაში, განაცხადა, რომ ხარაჩო ირხეოდა და ვერ აუშვებდა მუშებს სამუშაოდ. ვ--------------ამ ზ------------–---–იძეს უთხრა, რომ მავთული მიეტანა. ზ-------- მიუტანა მავთული, რომლითაც ვ--------------ამ ხარაჩო მიამაგრა დგარზე. შემდეგ ზ------------–---–იძეს უთხრა, რომ ემუშავათ ამ ხარაჩოზე. ხარაჩო სადაც იდგა, იყო მოხრეშილი ტერიტორია. დებულების თანხმად, მთავარ ინჟინერს ევალება სამსახურში უსაფრთხოების ტექნიკის, შრომის დაცვის ორგანიზება და კონტროლი. შემდუღებელს სხვა მუშისგან განსხვავებით სჭირდება სპეციალური დაცვა. მას სიმაღლეზე მუშაობისას უნდა ეკეთოს უსაფრთხოების ქამარი, რაც ს------------------–---–ს არ ეკეთა.

მოწმე ნ----------------ის განმარტებით, შემთხვევის დღეს ვ--------------ა იყო ობიექტზე და შემდეგ გავიდა. ვ--------------ას სამუშაოთა მწარმოებლისთვის რომ მიეცა მითითება, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებული იყო შეესრულებინა მისი მითითება. ვ--------------ას მითითება რომ ყოფილიყო ხარაჩოს შეცვლაზე, ამ მითითებას შეასრულებდნენ, ვინაიდან მის გარეშე იქ არაფერი კეთდებოდა.

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მოწმეთა სიმრავლე, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ მთავარი ინჟინრის - ვ--------------ას ფუნქცია-მოვალეობებზე როგორც დებულების მიხედვით, ასევე მის პიროვნულ გავლენაზე ხაზგასმით, საფუძველს აცლის მსჯავრდებულის პოზიციას მომხდარ დანაშაულში მისი ბრალეულობის გამორიცხვასთან დაკავშირებით. ვ--------------ას მითითება, თითქოს მთავარ ინჟინერს ევალებოდა კონტროლის ორგანიზება და არა კონტროლი, შეუსაბამოა იმ ქმედებებთან, რომელსაც იგი ახორციელებდა უშუალოდ ობიექტზე და კონკრეტულად აღნიშნული ხარაჩოს ექსპლუატაციასთან მიმართებით, რასაც ადასტურებს საქმის ირგვლივ დაკითხული თითქმის ყველა მოწმე.

სამშენებლო სამუშაოთა წარმოებისას უსაფრთხოების კუთხით განსახორციელებელ მოქმედებათა თვალსაზრისით მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს 2014 წლის 23 აგვისტოს საინჟინრო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, მაშინ როდესაც, 2014 წლის 20 იანვარს „-----–-----–----- ტერიტორიაზე ავტოპარკის მშენებარე ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა საინჟინრო სამშენებლო ბაზის ელექტროშემდუღებელი ს------------------–---–ი, დაახლოებით 17:00 საათზე სსიპ „----–----- ავტოპარკის N24 ობიექტზე მეტალოკონსტრუქციის შედუღებისას იგი გადმოვარდა 3.9 მეტრი სიმაღლის ხარაჩოდან და მიიღო სხეულის დაზიანება, დარღვეული იყო „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“ „CHиII III-80*“-ის N2,26* პუნქტის და სტანდარტ „ГOCT 12.4.050-89“-ს N2.2.5 და N2.2.7 პუნქტების მოთხოვნები, რაც იმაში მდგომარეობს, რომ 3.9 მეტრი სიმაღლის ხარაჩო, რომელზეც დამდგარი ს------------------–---–ი აწარმოებდა შედუღების სამუშაოებს, საერთოდ არ იყო შემოღობილი და როცა ხარაჩო არ იყო შემოღობილი, ს------------------–---–ი დამცავი ქამრის გარეშე მუშაობდა 3.9. მეტრის სიმაღლეზე. ასევე დარღვეული იყო N1.19 პუნქტის მოთხოვნა, რაც იმაში გამოიხატება, რომ უსაფრთხოებაზე ინსტრუქტაჟი არ ჩაუტარებიათ დაზარალებულისთვის. „CHиII III-80*“-ის N1.19 თანახმად, ს------------------–---–ს უნდა ჩატარებოდა ინსტრუქტაჟი და სწავლება უსაფრთხოების ტექნიკაში. მისი გამოკითხვის და დაკითხვის ოქმიდან (იხ. სტ I, ს.ფ. 110 და 130) ჩანს, რომ მასზე არ ჩაუტარებიათ უსაფრთხოების ტექნიკაში ინსტრუქტაჟი, რითაც დარღვეულია ზემოთ მითითებულ N1.19 პუნქტის მოთხოვნა. „CHиII III-80*“-ის N1 დანართის N2 და N3 პუნქტების მოთხოვნების თანახმად, ორგანიზაციის ხელმძღვანელს ევალება ზოგადი ხელმძღვანელობა უსაფრთხოების დაცვაზე მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ფინანსური უზრუნველყოფა. ამავე ნორმატივის N4 პუნქტის თანახმად, მთავარ ინჟინერს ევალება უსაფრთხოების წესების ინსტრუქტაჟის ორგანიზება და უსაფრთხოების წესების დაცვაზე კონტროლი. ამავე ნორმატივის N12 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, სამუშაოთა მწარმოებელს ოსტატს მასზე განპიროვნებულ უბანში უშუალოდ ევალება კონტროლი მუშების მხრივ უსაფრთხოების წესების დაცვაზე და ყოველ სამუშაოს დაწყების წინ მუშებზე ინსტრუქტაჟის ჩატარება სამუშაოს უსაფრთხოდ წარმოებაზე, რაც როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, არ ჩატარებულა. ამავე ნორმატივის N5 პუნქტის თანახმად, უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინერს ევალება ინსტრუქტაჟების ჩატარება და კონტროლი ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების გამოყენებაზე. აქედან გამომდინარე, აქ ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს ევალებოდათ სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარებაზე კონტროლი და ხელმძღვანელობა. ხარაჩო შემოღობილი რომ არ იყო, ამით დარღვეული იყო „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“ „CHиII III-4-80*“-ის N2,26 პუნქტის მოთხოვნები. ასეთ პირობებში სამუშაო უნდა შეეჩერებინა პირველ რიგში სამუშაოთა მწარმოებელს, რამდენადაც სამუშაო წარმოებდა დამცავი ქამრის გარეშე. ს------------------–---–ის მიერ დამცავი ქამრის გარეშე სამუშაოს შესრულებისას დარღვეული იყო „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“ „CHиII III-4-80*“-ის N2,26* პუნქტების მოთხოვნები. ასეთ პირობებში სამუშაო უნდა შეეჩერებინა პირველ რიგში სამუშაოთა მწარმოებელს და ასევე მეორე კითხვაზე გაცემულ პასუხში ჩამოთვლილ იმ პირებს, რომლებიც ხედავდნენ, რომ ს------------------–---–ი შემოუღობავ ხარაჩოზე 3.9. მეტრ სიმაღლეზე სამუშაოს ასრულებდა დამცავი ქამრის გარეშე.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საფუძვლიანად არის უარყოფილი დაცვის მხარის პოზიცია ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაში ვ--------------ას პასუხისმგებლობის არარსებობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებით დასტურდება საწინააღმდეგო. მსჯავრდებულის ასეთ პოზიციას აქარწყლებს პირველ რიგში საინჟინრო დეპარტამენტის დებულების შესაბამისი მუხლი, მოწმეთა ურთიერთშეთანხმებული ჩვენებები და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა. აპელანტის მოსაზრება, პროკურატურის მხრიდან ვ--------------ას მიმართ განსაკუთრებული დაინტერესების თაობაზე არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით. ასევე არ იკვეთება რაიმე სახის მიკერძოება იმ მოწმეების მხრიდან. რაიმე წონადი არგუმენტი ან უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აპელანტების მოსაზრებას ვ--------------ას უდანაშაულობის თაობაზე, დაცვის მხარის მიერ არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ყოფილა წარმოდგენილი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ--------------ასათვის შერაცხული ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი არის როგორც მისი პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი ვ--------------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ვ--------------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ვ--------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ვ--------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ნივთიერი მტკიცებულება: - 1 (ერთი) ცალი CD დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე