განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119003053475
საქმე № 1ბ/1997-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მაკა გველესიანი
სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა
ბრალდების მხარე: პროკურორი: ხ-----------------ი
დაცვის მხარე: ადვოკატი: მ-----------–-----ი
გამართლებული: გ--------------, დაბადებული 1----–-–--------------, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------–----------------------------
წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილი.
განაჩენის მიხედვით: გ-------------- გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თარჯიმანი: ი-----------------
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-----------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გ--------------ს მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ--------------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას, კერძოდ, აპელანტის მოსაზრებით, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ აღნიშნული მტკიცებეულები შეაფასა სწორხაზოვნად, რა დროსაც არ გაითვალისწინა განსახილველი საქმის სპეციფიკა, არასამართლიანად მიიჩნია - გ------------------ს ჩვენება ირიბ მტკიცებულებად. სასამართლომ არ შეაფასა სრულყოფილად, ყოველმხრივ და ობიექტურად ო------------------ს და ვ--–-------------------ს ჩვენებები. აღნიშნული განაჩენით მოხდა ოჯახში ძალადობის ერთგვარი წახალისება, რადგან ამ დანაშაულის პირდაპირი მოწმეები არიან დაზარალებულები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მოძალადის შიშით არ აძლევენ მის საწინააღმდეგო ჩვენებას. აპელანტს მიაჩნია, რომ დაზარალებულის, მამამისის ჩვენებების ანალიზის და გ------------------ს ჩვენებით, ასევე საქმეში უდავოდ ცნობილი წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ--------------მ დაზარალებულის მიმართ განახორციელა ძალადობა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასათვალისწინებელია სახელმწიფოს მიდგომა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე, რაზედაც სახელმწიფომ დაისახა პრიორიტეტულად ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ--------------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათავლისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვს გ--------------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 111 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (იხ.სააპელაციო საჩივარი).
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა ხ-----------------მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, გამართლებულმა გ--------------მ და მისმა ადვოკატმა მ-----------–-----მა ითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა გ--------------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------------ს წარედგინა ბრალდება, რომ მან ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------------ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, ქ----------–---–---------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ--------------მ ო------------------ს, რომელთან ერთადაც ორი წელი ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც ო------------------მ ქალა ტვინის დახურული ტრამვის, ტვინის შერყევისა და მარცხენა თვალ-ბუდის მოტეხილობის სახით, მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
ე.ი. გ--------------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ ო------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი დაქორწინებულია სხვა მამაკაცზე და არასოდეს უცხოვრია გ--------------სთან ერთად. მასთან მხოლოდ ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. შემთხვევის დღეს, იგი იყო ნასვამ მდგომარეობაში და კიბეზე ჩასვლის დროს კაბაზე ფეხი დაედგა და დაგორდა, დაეცა სახით. გ------- მას ეჩხუბა სიმთვრალის და დაზიანებების გამო, მაგრამ მას არ უცემია. არ უნდოდა, რომ ამ მდგომარეობაში მამას ენახა, ამიტომ არ გამოჩნდა რამდენიმე დღე და გ---------ნ დარჩა. პროკურორის კითხვაზე და გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით მან განმარტა, რომ ჩვენება მისი მამის ნააზრევია და ხელი მხოლოდ იმიტომ მოაწერა, რომ გ------- არ დაეკავებინათ. მან დაურეკა ტ---------------–------ს და უთხრა, რომ გ---------ნ იყო და ეთქვა ეს მამამისისთვის. ტ-------მ არასწორად გაიგო და მამამამის ისე უთხრა, რომ მას კამათი მოუვიდა გ---------ნ და ამიტომ მიმართა პოლიციას.
მოწმე ვ--–-------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ პოლიციას მიმართა დასახმარებლად შვილის, ო------------------ს, გამო, რადგან ის სამი დღე სახლში არ იმყოფებოდა. მეზობლისგან შეიტყო, რომ იგი გ---------ნ იყო და როდესაც ნახა შვილი, მან უთხრა, რომ სახეზე დაზიანებები კიბეზე დაგორების შედეგად მიიღო და უსაყვედურა პოლიციისთვის მიმართვის გამო. ო----- ოცი წელია რაც დაქორწინებულია და ჰყავს მეუღლე, რომელიც პერიოდულად დადის ა------------–ი. გ------- და ო-----ს ერთად არასოდეს უცხოვრიათ და გ------- მისი სიძე არ ყოფილა, როგორც იცის ო----- და გ------- მეგობრობენ. ო----- ცხოვრობს 2---------–- მასთან ერთად, სხვა სახლი მას არ აქვს და გ------- მათთან არ რჩება ხოლმე. პირადად მას არ უნახავს სცემა თუ არა გ------მა ო-----, მან მხოლოდ იმიტომ მიმართა პოლიციას, რომ ო----- სამი დღე არ ჩანდა.
მოწმე ტ---------------–------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იცნობს ო------------------ს და მის მამას. ო-----მ მას დაურეკა და სთხოვა მამისთვის ეთქვა, რომ იმყოფებოდა გ--------------სთან. სხვა მას არაფერი უთქვამს და არც მამისთვის დაუბარებია რამე. პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ ჩვენებას არ ადასტურებს, მას ამდენი არც ულაპარაკია, მხოლოდ ის უთხრა, რომ ო----- იმყოფებოდა გ---------ნ, ასე დააბარა თავად ო-----მ.
ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების ირგვლივ დაიკითხა გ------------------- რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 23 მაისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიმართა მოქალაქე ვ--–-------------------ა და განაცხადა, რომ შ-----------------–- მდებარე ბინაში იმყოფებოდა მისი შვილი ო------------------, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ--------------მ და არ უშვებდა სახლიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები.
მოწმე რ------------ გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილ იქნა შემდეგი:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, 2019 წლის 23 მაისს, შს------------------–-----------------–-----------–-----------–---–- დაიწყო გამოძიება, დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
N1------ შეტყობინების თანახმად, 2019 წლის 23 მაისს, პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოცხადდა მოქალაქე ვ--–-------------------, რომელმაც განაცადა, რომ მისი შვილი ო------------------ იმყოფებოდა ქ.--------–---–-----------------------------–ი, 1----–--–- დაბადებულ გ--------------ს საცხოვრებელ ბინაში, რომელიც არის ნაცემი და მის შვილს ზემოაღნიშნული ბინიდან არ უშვებს გ---------
N1------ შეტყობინების თანახმად, 2019 წლის 24 მაისს, შსს რუსთვის საქალაქო სამმართველოს სამორიგეოში ელსმენის საშუალებით დაუკავშირდა კლინიკა რუსთვის მორიგე დ---–---------, რომელმაც შეატყობინა, რომ მათთან მიყვანილი იქნა მოქალაქე 1----–ელს დაბადებული ო------------------, რომელმაც განაცხადა, რომ 2019 წლის 19 მაისს, მეუღლე გ--------------მ საცხოვრებელ ბინაში, ქ------------–------------------------------–- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2019 წლის 3 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ სამედიცინო ბარათით და პირადი გასინჯვით ო------------------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ორივე თვალ-ბუდის, სახის მარჯვენა ნახევრის და მარცხენა მხრის მიდამოში, კლინიკო-ლაბორატორიული და კტ კვლევით დაუდგინდა: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მარცხენა თვალ-ბუდის მოტეხილობა ცდომის გარეშე, აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებები კი არ შეიცავს გ--------------ს მამხილებელ საკმარის ინფორმაციას.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა რა პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ გ--------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო პალატა იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს გ--------------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ--------------ს მიერ ო------------------ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და პასუხისმგებლობაა დაწესებული ისეთი ქმედებისათვის, რაც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია და დამთავრებულად ცნობისათვის საჭიროა ხსენებულ მუხლში ჩამოთვლილ შედეგთაგან ერთ-ერთის დადგომა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სააპელაციო პალატამ, გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ გ--------------მ მიაყენა ო------------------ს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და გ--------------ს დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა გ--------------ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და ასევე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ გ--------------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ--------------ს მიერ 2019 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, ო------------------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს. მოცემულ შემთხვევაშიც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირების - დაზარალებულისა და გ--------------ს გარდა კონფლიქტს სხვა პირი არ შესწრებია, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ დაზარალებულს და გ--------------ს. მოცემულ შემთხვევაში, როცა დაზარალებულმა -ო------------------მ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იგი იყო ნასვამ მდგომარეობაში, კიბეზე ჩასვლის დროს კაბაზე ფეხი დაედგა, დაგორდა, დაეცა სახით და მიიღო დაზიანება, ხოლო გ--------------ს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია სასამართლოს, ასეთ ვითარებაში ობიექტურად საჭიროა სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გ--------------ს მიერ. ასეთ ვითარებაში, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირები ინფორმაციას გ--------------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულთან დაკავშირებით არ იძლევიან, ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში გ--------------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია მოწმეების: ვ--–-------------------ს, ტ---------------–------ს და გ------------------ს ჩვენებები, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული პირები არ არიან შემთხვევის თვითმხილველი. ამასთან, ვ--–-------------------ს და ტ---------------–------ს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას არ დაუდასტურებიათ გ--------------ს მხრიდან დაზარალებულ ო------------------ს მიმართ განხორციელების ფიზიკური ძალადობის ფაქტი და ასევე, ის გარემოებაც რომ ისინი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. რაც შეეხება მოწმე გ------------------ს ჩვენებას, ის არის ირიბი ხასიათის, რადგან მის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია ეფუძნება დაზარალებულის და მოწმეთა მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მისი ჩვენება, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს. სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც პალატას მისცემდა შესაძლებლობას დადასტურებულად მიეჩნია გ--------------ს მხრიდან ო------------------ს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირის მსჯავრდების საფუძვლიანობაზე.
სასამართლო პროცესზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ო------------------ს და მოწმე ტ---------------–------ს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომელთა სისწორე არც ერთმა მათგანმა არ დაადასტურა.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად, დაზარალებულ ო------------------ს და მოწმეთა - ვ--–-------------------ს და ტ---------------–------ს მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და ვერ მიიჩნევს, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია უცილობლად უტყუარია. იგი უნდა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებებით და მხოლოდ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს მათი ნათქვამის ნამდვილობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, პალატა იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05, 45553/05, 35680/05, 36085/05, 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10, 31/).
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წერილობითი მტკიცებულებების შეფასებას. შეტყობინებები, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, პალატა არ მიიჩნევს გ--------------ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან აღნიშნული ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებს, რამდენადაც ისინი მხოლოდ შეტობინებაა, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო და რომელშიც აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტების ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო. მასში აღწერილი ფაქტების ნამდვილობა კი შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებით უნდა დადასტურებულიყო. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ო------------------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ორივე თვალ-ბუდის, სახის მარჯვენა ნახევრის და მარცხენა მხრის მიდამოში, კლინიკო-ლაბორატორიული და კტ კვლევით დაუდგინდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მარცხენა თვალ-ბუდის მოტეხილობა ცდომის გარეშე, აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაც ვერ გამოდგება გ--------------ს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რამდენადაც იგი ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ო------------------ს სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ გ--------------მ თუ სხვა პირმა) მიაყენა, ან როდის და რა ვითარებაში (განზრახ, თუ გაუფრთხილებლობით ან სხვა გზით) მიიღო ო------------------მ აღნიშნული დაზიანებები. შესაბამისად, შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით დანაშაულის სუბიექტის დადგენა და იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება განზრახ მიაყენა კონკრეტულმა პირმა.
მოცემულ შემთხვევაში, სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების თანახმად ასევე არ დგინდება, რომ გ-------------- და ო------------------ მუდმივად ეწეოდნენ ორი წელი ერთიან საოჯახო მეურნეობას, ვინაიდან დაზარალებულმა ო------------------მ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის და გ-------------- არ არიან მეუღლეები, ერთად არასოდეს უცხოვრიათ და მას ჰყავს მეუღლე, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაშია. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს დაზარალებულის მამამ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ო----- ცხოვრობს მის სახლში და გ-------------- არასოდეს ყოფილა მისი სიძე. შესაბამისად, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ო------------------ და გ-------------- დროის გარკვეულ მონაკვეთში ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ გ--------------მ მიაყენა ო------------------ს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება გ--------------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ--------------ს დამნაშავეობაში.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ-------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
გ--------------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი