განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2020
საქმის ნომერი
180100119003256990
ინსტანცია
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100119003256990

საქმე #1ბ/66-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ლ-------–-----ის, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), განქორწინებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ–------------------------–-------ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-------–-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ლ-------–-----ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ლ-------–-----ე დედამთილ რ---------------–---–ს, რომელთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა მ–------------------------–-------ში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც რ---------------–---–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 2019 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მ–------------------------–-------ში მდებარე სამარშრუტო ტაქსების გაჩერებასთან, ლ-------–-----ე სრულიად უმიზეზოდ და მოულოდნელად, ზურგიდან მიეპარა დედამთილ რ---------------–---–ს, ძლიერად მოქაჩა თმებზე, წააქცია მიწაზე და რამდენჯერემე მუშტი ჩაარტყა თავისა და ზურგის არეში. აღნიშნული ძალადობის შედეგად, რ---------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მ–------------------------–-------ში მდებარე სამარშრუტო ტაქსების გაჩერებასთან, ლ-------–-----ემ დედამთილზე - რ---------------–---–ზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა. აღნიშნულის შემდეგ, ლ-------–-----ე დედამთილ რ---------------–---–ს დაემუქრა მოკვლით, კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა. ვინაიდან ლ-------–-----ე იყო აგრესიული დედამთილის მიმართ, რ---------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:

 

ლ-------–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

ლ-------–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-------–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----–--–--ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ლ-------–-----ის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულ ლ-------–-----ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ლ-------–-----ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ-------–-----ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეების - რ---------------–---–ის, ნ-------------–---–ის, შ-----------------–---–ის, ლ--–----------–---–ის, ნ-----–-----–--------–---–ისა და რ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმების, ლ-------–-----ის გამოკითხვის ოქმების და მის მიერ დანაშაულის აღიარების, ამოღების ოქმის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), N0----- შემაკავებელი ორდერის, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ-------–-----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ლ-------–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი ქმედების სპეციფიკური ხასიათი. აპელანტის მოსაზრებით ასევე, გასათვალისწინებელია მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე და მოძალადის მხრიდან ძალადობის ფაქტების განმეორების რისკები. აგრეთვე, პროკურორი აპელირებს, რომ მსჯავრდებულ ლ-------–-----ისათვის ასეთი ლმობიერი სასჯელის დანიშვნა ვერ მოახდენს ზემოქმედებას სხვა პირებზე, რათა მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური დანაშაული (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში ლ-------–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულისთვის ლმობიერი სასჯელის დანიშვნა ვერ იქნება ეფექტური და შემაკავებელი მსჯავრდებულისა და სხვა პირების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ლ-------–-----ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ლ-------–-----ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება, ზოგადად, სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ლ-------–-----ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. ლ-------–-----ემ როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, იგი ნასამართლევი არ არის. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, პალატა მიიჩნევს, რომ ლ-------–-----ემ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ლ-------–-----ე არის მრავალშვილიანი, მარტოხელა დედა, აქედან სამი შვილი არასრულწლოვანია და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ლ-------–-----ე ხასიათდება დადებითად. აგრეთვე, ლ-------–-----ემ სადავოდ არ გახადა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ლ-------–-----ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ლ-------–-----ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული და პირობითად ჩათვლილი სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ-------–-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ლ-------–-----ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ლ-------–-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

ლ-------–-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-------–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

 

პირობით მსჯავრდებულ ლ-------–-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე