განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115001201590
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/ 6599 -17 03 დეკემბერი, 2019 წელი
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - შპს ,,დრანკ ოკტოპუსი“ , შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუცია" (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
წარმომადგენელი - გოჩა სვანიძე, ნუგზარ წერეთელი, ქ------- გაბაძე (შპს ,,დრანკ ოკტოპუსის“ წარმომადგენელი)
მოწინააღმდეგე მხარე - ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ , ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ (მოსარჩელე , მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენელი - გიორგი თაქთაქიშვილი, გიორგი ცატავა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.08.2017 წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-სთვის 86 792.28 ლარის, ხოლო ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-სთვის 61 398.2 ლარის დაკისრების ნაწილში (ტ.4, ს.ფ.54,55)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. აეკრძალოს მოპასუხეებს სასაქონლო ნიშნების JACK DANIEL'S და FINLANDIA უკანონო გამოყენება. კერძოდ, აეკრძალოთ ამ სასაქონლო ნიშნებით მარკირებული ვისკის და არყის იმპორტი, დასაწყობება, დისტრიბუცია, გასაყიდად შეთავაზება და რეალიზაცია ისეთ პროდუქციასთან მიმართებაში, რომელიც არ არის წარმოებული სასაქონლო ნიშნების მფლობელების, ჯეკ დენიელს პროფერთიზ, ინკ.-ის და ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს მიერ.
1.2. განადგურდეს შპს ,,დრანკ ოკტოპუსის" მიერ იმპორტირებული ვისკის JACK DANIEL'S და არყის FINLANDIA ბოთლები, რომლებიც მარკირებულია მოსარჩელეთა კუთვნილი სასაქონლო ნიშნების JACK DANIEL'S და FINLANDIA იდენტური სასაქონლო ნიშნებით და რომლებიც არ არის წარმოებული მოსარჩელეთა მიერ.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ.-ი მრავალი ათწლეულის განმავლობაში აწარმოებს საყოველთაოდ ცნობილ ალკოჰოლურ სასმელს, ვისკის JACK DANIEL'S, მასვე ეკუთვნის განსაკუთრებული უფლებები საქართველოში დარეგისტრირებულ არაერთ სასაქონლო ნიშანზე JACK DANIEL'S , რომელიც საქართველოს გარდა დარეგისტრირებულია მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში.
2.2. ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ ასევე ათწლეულების განმავლობაში აწარმოებს ძალიან ცნობილ ალკოჰოლურ სასმელს, არაყს FINLANDIA, მასვე ეკუთვნის საქართველოში დარეგისტრირებული რამდენიმე სასაქონლო ნიშანი FINLANDIA, რომელიც საქართველოს გარდა, აგრეთვე დარეგისტრირებულია მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში.
2.3. შპს ,,დრანკ ოკტოპუსი" ახდენს ისეთი პროდუქციის იმპორტს საქართველოში, რომელიც არ არის წარმოებული მოსარჩელეთა მიერ, თუმცა მარკირებულია მათი კუთვნილი სასაქონლო ნიშნებით JACK DANIEL'S და FINLANDIA, ხოლო შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუცია" ახდენს ამ პროდუქციის დისტრიბუციასა და რეალიზაციას.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ შპს ,,დრანკ ოკტოპუსი" ნამდვილად ახორციელებს ვისკის ,,JACK DANIEL'S"-ის და არყის ,,FINLANDIA"-ს იმპორტს საქართველოში, თუმცა იმპორტირებული ყველა ბრენდის ალკოჰოლური სასმელი შეიცავს საქართველოს მთავრობის 31.12.2013წ. N441 დადგენილებით განსაზღვრულ საქონლის პარტიის შესახებ ინფორმაციას.
3.2. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად დგინდება, რომ ჯეკ დენიელსისა და ფინლანდიის ოფიციალური იმპორტიორის/დისტრიბუტორის GD ALCO-ს პროდუქტი და საწყობიდან ამოღებული ალკოჰოლური სასმელების ნიმუშები აბსოლუტურად შეესაბამება ერთმანეთს. ამდენად, დაუსაბუთებელია სარჩელი საპატენტო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.
4. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
4.1. ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-ს დაეკისროს 400 000 ლარის გადახდა.
4.2. ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს დაეკისროს 2 300 000 ლარის გადახდა.
5. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
5.1. სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შედეგად მოპასუხეებს ხელი შეეშალათ მათ საკუთრებაში არსებული ისეთი ალკოჰოლური სასმელების ბრუნვა/რეალიზაციაში, რომლებსაც გააჩნდათ ე.წ. „მწარმოებლის სტანდარტით გათვალისწინებული კოდები“ (და რომლებიც არასდროს გამხდარა სადავო თავდაპირველი სარჩელით).
5.2. აღნიშნული (ე.წ. “კოდირებული“) ბოთლების საერთო რაოდენობა 13 904 ერთეულ ბოთლს შეადგენს (რასაც ემატება ფოთის საბაჟო ტერმინალში არსებული ჯეკ დენიელსის დასახელების ალკოჰოლური სასმელი 720ც. ბოთლი), საიდანაც 6102 ც (+720ც) შეადგენს ჯეკ დენიელსის დასახელების ალკოჰოლურ სასმელს, ხოლო 7802 ც. შეადგენს ფინლანდიას დასახელების ალკოჰოლურ სასმელს.
5.3. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო განჩინება, რითაც შემცირდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ე.წ. „კოდირებულ“ ალკოჰოლურ სასმელს, თუმცა უსაფუძვლო უზრუნველყოფის ღონისძიების გამო შეგებებული სარჩელის მოსარჩელეებმა 2015 წლის 29 დეკემბრიდან 2016 წლის 26 ოქტომბრამდე ვერ განახორციელეს მართლზომიერი სამეწარმეო საქმიანობა, რის შედეგადაც განიცადეს ზიანი.
6. შეგებებული სარჩელის მოპასუხეების პოზიცია:
6.1. შეგებებული სარჩელში არ არის დასაბუთებული, საიდან არის გამოთვლილი მიყენებული ზიანის ოდენობა, ასევე არ არის წარმოდგენილი ზიანის მიყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ასეთად არ ჩაითვლება წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა. მასში მითითებული გარემოებები არ არის ზუსტი, რის გამოც დაკვნაში მითითებული ზიანის ოდენობაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
6.2. სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელეებმა ჩაატარეს საკონტროლო შესყიდვები სხვადასხვა მაღაზიიდან, რომელთა თანახმადაც შეძენილი ალკოჰოლური სასმელები არ შეიცავდნენ მწარმოებლის კოდებს. აღნიშნულის შესახებ მხარემ წერილობით მიმართა შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს, თუმცა მათ საპასუხოდ არანაირი ფორმით არ უცნობებიათ, რომ არალეგალურ საქონელთან ერთად გაყიდვაში ჰქონდათ ასევე ისეთი ალკოჰოლური სასმელები, რომლებზეც დატანილი იყო პარტიის კოდები, რაც დაადასტურებდა თითოეული ბოთლის ნამდვილობას. სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას დოკუმენტების წარმოდგენის და აღნიშნული ინფორმაციის შეტყობისთანავე შეგებებული სარჩელის მოპასუხემ იშუამდგომლა ამ საქონელზე ყადაღის მოხსნის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.08.2017წ. გადაწყვეტილებით:
1. ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-ის და ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა.
1.1. აეკრძალა შპს ,,დრანკ ოკტოპუსს", შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციას" სასაქონლო ნიშნების: JACK DANIEL'S და ,,FINLANDIA" უკანონოდ გამოყენება, კერძოდ ამ ნიშნებით მარკირებული ვისკის და არყის იმპორტი, დასაწყობება, დისტრიბუცია, გასაყიდად შეთავაზება და რეალიზაცია ისეთ პროდუქციასთან მიმართებაში, რომელიც არ არის ნაწარმოები მოსარჩელეთა მიერ.
1.2. დადგინდა განადგურდეს იმპორტირებული ვისკის JACK DANIEL'S და არყის ,,FINLANDIA"-ს ბოთლები, რომლებიც მარკირებულია მოსარჩელეთა კუთვნილი სასაქონლო ნიშნების JACK DANIEL'S და ,,FINLANDIA" იდენტური სასაქონლო ნიშნებით და რომლებიც არ არის წარმოებული მოსარჩელეთა მიერ.
1.3. შპს ,,დრანკ ოკტოპუსს", შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციას" დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობით.
2. შპს ,,დრანკ ოკტოპუსს", შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციას" შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. ჯეკ დენიელ'ზ პროფერთიზ ინკ-ი არის სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის JACK DANIEL'S-ის და ბოთლის სამგანზომილებიანი ფიგურის მფლობელი.
7.2. ბრაუნ-ფორმან ფინლანდ ლტდ. არის სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის FINLANDIA-ს და ბოთლის სამგანზომილებიანი ფიგურის მფლობელი.
7.3. შპს ,,დრანკ ოკტუპუსი" ახორციელებს ვისკის ,,JACK DANIEL'S"-ის და არყის ,,FINLANDIA"-ს იმპორტს საქართველოში, ხოლო შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუცია" ახდენს ამ პროდუქციის დისტრიბუციასა და რეალიზაციას.
7.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.12.2015წ. განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯეკ დენიელს პროფრითის ინკ-ის და ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ყადაღა დაედო მოპასუხეების მფლობელობაში არსებულ, ბოთლში ჩამოსხმულ იმ ალკოჰოლურ სასმელებს, რომლებიც მარკირებულია მოსარჩელეთა სასაქონლო ნიშნებით JACK DANIEL'S და FINLANDIA და რომელიც განთავსებულია: ქ.თბილისი, კეკელიძის ქ.№15-ში მდებარე მაღაზიაში ,,სმაგლერს”, ასევე აეკრძალა ორივე მოპასუხეს მოსარჩელეთა კუთვნილი სასაქონლო ნიშნებით JACK DANIEL'S და FINLANDIA მარკირებული ბოთლში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელის იმპორტი, დასაწყობება, დისტრიბუცია, გასაყიდად შეთავაზება და რეალიზაცია.
7.5. 09.03.2016წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,დრანკ ოკტუპუსისა" და შპს ,,დრანკ ოკტუპუს დისტრიბუციის" საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება.
7.6. მას შემდეგ, რაც მხარეებისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეების მფლობელობაში არსებულ ალკოჰოლურ სასმელებს შორის იყო ე.წ. ,,მწარმოებლის კოდიანი" ბოთლები (რომლებც თავდაპირველი სარჩელით სადავო არ გამხდარა), მხარეებმა მომართეს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მოეხსნა ყადაღა და დაუბრუნდეთ მოპასუხეებს სასაქონლო ნიშნებით JACK DANIEL'S და FINLANDIA ნიშანდებული ისეთი ალკოჰოლური სასმელები, რომლებზეც დატანილია მწარმოებლის სტანდარტით გათვალისწინებული სავალდებულო პარტიის კოდი და რომლებიც განთავსებულია ქ.თბილისში, კეკელიძის ქ.N15-ში მდებარე მაღაზიაში ,,სმაგლერს" და რომლებიც დაყადაღებული იქნა 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით; დანარჩენ ალკოჰოლურ სასმელებზე კი, რომლებიც ნიშანდებულია სასაქონლო ნიშნებით JACK DANIEL'S და FINLANDIA და რომლებზეც არ არის დატანილი მწარმოებლის სტანდარტით გათვალისწინებული სავალდებულო პარტიის კოდი და რომლებიც განთავსებულია ქ.თბილისში, კეკელიძის ქ.N15-ში მდებარე მაღაზიაში ,,სმაგლერს", დარჩა ყადაღა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. ასევე, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე მოპასუხეებს აეკრძალა მოსარჩელეთა კუთვნილი სასაქონლო ნიშნებით JACK DANIEL'S და FINLANDIA მარკირებული ბოთლში ჩამოსხმული ისეთი ალკოჰოლური სასამელების იმპორტი, დასაწყობება, დისტრიბუცია, გასაყიდად შეთავაზება და რეალიზაცია, რომლებზეც არ არის დატანილი მწარმოებლის სტანდარტით გათვალისწინებული სავალდებულო პარტიის კოდი, ხოლო მოპასუხეებს მიეცათ უფლება მოახდინონ სასაქონლო ნიშნებით JACK DANIEL'S და FINLANDIA მარკირებული ბოთლში ჩამოსხმული ისეთი ალკოჰოლური სასმელების იმპორტი, დასაწყობება, დისტრიბუცია, გასაყიდად შეთავაზება და რეალიზაცია, რომლებზეც დატანილია მწარმოებლის სტანდარტით გათვალისწინებული სავალდებულო პარტიის კოდები.
7.7. საქონლის კონტრაფაქციულობის მტკიცების ტვირთის გადანაწილება უკავშირდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ინსტიტუტს. განსაკუთრებული უფლების მქონე პირი თავისი უფლებებს სასაქონლო ნიშანზე ადასტურებს რეგისტრაციის მოწმობით, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. აღნიშნულზე მიუთითებს ისიც, რომ რეესტრში რეგისტრირებული უფლება დაცულია როგორც საერთაშორისო კონვენციებით (პარიზის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი), ისე ქვეყნის შიდა კანონმდებლობით („ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი). შესაბამისად, რეგისტრაციის ფაქტი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ რეგისტრირებული უფლების მქონე პირს წარმოეშვას საკუთარი „ქონების“ დაცვის უფლება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 45-ე მუხლების საფუძველზე. კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელეები წარმოადგენენ სადავო სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლების მფლობელს, მხოლოდ მათ შეეძლოთ მოპასუხისათვის მიეცათ ამ ნიშნის გამოყენების უფლება. შესაბამისად, არ შეიძლება მოსარჩელეს დაეკისროს არარსებული ფაქტის მტკიცების ტვირთი. ის ფაქტი, რომ მოპასუხეს გააჩნდა ამ ნიშნის გამოყენების უფლება, უნდა ამტკიცოს მოპასუხემ.
7.8. მხარეები სადავოდ არ ხდიან სასაქონლო ნიშნების JACK DANIEL'S და FINLANDIA მოსარჩელეების საკუთრებაში არსებობის ფაქტს. სადავოა ის გარემოება, არის თუ არა მოსარჩელეების მიერ ჩამოსხმულ ყველა ალკოჰოლურ სასმელზე დატანილი პარტიის კოდი. შესაბამისად, სადავოა ის ფაქტი, რომ მოპასუხეების მფლობელობაში მოსარჩელეების კუთვნილი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული ე.წ. ,,უკოდო" ალკოჰოლური სასმელი გულისხმობს იმას, რომ ეს საქონელი არის უპირობოდ კონტრაფაქციული. წარმოდგენილ სამართალწარმოებაში სახეზე გვაქვს შემდეგი მოცემულობა: ჯეკ დენიელ'ზ პროფერთიზ ინკ-ი არის სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის JACK DANIEL'S-ის და ბოთლის სამგანზომილებიანი ფიგურის მფლობელი, ბრაუნ-ფორმან ფინლანდ ლტდ. არის სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის FINLANDIA-ს და ბოთლის სამგანზომილებიანი ფიგურის მფლობელი. ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-ის პრეზიდენტისა და მმართველი დირექტორის მიერ გაცემული აფიდავიტით დგინდება, რომ JACK DANIEL'S Tennessee ვისკის ყველა ბოთლი წარმოებულია მხოლოდ ჯეკ დენიელ დისტილერ-ში (ამერიკის შეერთებული შტატები, ტენესის შტატი, ლინჩბურგი), ჩამოსასხმელ ქარხანაში თითოეული ბოთლის ჩამომსხმელ ხაზზე მოძრაობისას, ჭავლური პრინტერით მათზე დაიტანება ორი კოდი (,,მწარმოებლის კოდები") ეს კოდები დაიტანება მინაზე და შემდეგ იფარება წინა ეტიკეტით, აღნიშნული კოდები აუცილებელია იმ მიზეზით, რომ დადგინდეს პროდუქციის ავთენტურობა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს მთლიანი პარტიის გახმობა, კოდების მითითება სავალდებულოა ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოში კი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N441 დადგენილების თანახმად, ეტიკეტზე სავალდებულოა პარტიის აღნიშვნა.ანალოგიური მიდგომაა არაყი ,,FINLANDIA"-ს შემთხვევაშიც; ბრაუნ ფორმან ფინლანდის დირექტორი აფიდავიტში განმარტავს, რომ ,,FINLANDIA"-ს ყველა ბოთლი იწარმოება მხოლოდ ,,ალთა, პლც"-ში, რომელიც მდებარეობს ჰელსინკში, ფინეთში (,,ალთია") BFF-სთან ხელშეკრულების საფუძველზე და თითოებული ბოთლის ჩამომსხმელ ხაზზე მოძრაობისას, ჭავლური პრინტერით მათზე დაიტანება კოდები. ეს კოდები დაიტანება მინაზე და შემდეგ იფარება უკანა ეტიკეტით.
აფიდავიტში მითითებულ გარემოებებს ამყარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 12 იანვარს გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელეების მიერ წარდგენილი (სავარაუდოდ ავთენტური) ბოთლების შემოწმებისას JACK DANIEL'S-ის ბოთლის ზედაპირზე წინა ეტიკეტების და და ,,FINLANDIA"-ს ბოთლების ზედაპირზე უკანა ეტიკეტების ადგილებზე გამოვლინდა კოდების რელიეფური სარკისებური გამოსახულებები წერტილების სახით.შესაბამისად, სასაქონლო ნიშნების მესაკუთრეების მიერ წარმოდგენილი მკიცებულებებით (აფიდავიტით, ექსპერტიზის დაკვნით და ფაქტების კონსტატაციის ოქმებით) დასტურდება, რომ მათ მიერ ნაწარმოები ალკოჰოლური სასმელები შეიცავს მწარმოებლის პარტიის კოდებს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ მოპასუხეების მფლობელობაში არსებული ალკოჰოლური სასმელების ნაწილს არ აქვს დატანილი პარტიის კოდი.
ამდენად, მოსარჩელეების მიერ სასაქონლო ნიშანებზე განსაკუთრებული უფლების არსებობისა და მოწინააღმდეგე მხარის მიერ იდენტურ ან მსგავს საქონელზე იდენტური ან მსგავსი ნიშნის გამოყენების ფაქტების დადასტურება იწვევს მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის უნებართვოდ გამოყენების (მოპასუხის საქონლის კონტრაფაქციულობის) პრეზუმფციის ამოქმედებას. ამ პრეზუმფციის გაქარწყლება ეკისრება იმ მხარეს, ვის საწინააღმდეგოდაც ის მოქმედებს, ე.ი. მოპასუხეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაადასტურა ორივე ფაქტი, რაც საკმარისი იყო პრეზუმფციის ასამოქმედებლად.
მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების და ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის საწინააღმდეგოდ, მოპასუხეების მიერ მითითებულია მხოლოდ ორი გარემოება:
1) მათ მიერ იმპორტირებული და მოსარჩელეების ოფიციალური დისტრიბუტორის მიერ შემოტანილი სადავო ალკოჰოლური სასმელები ქიმიურად აბსოლუტურად შეესაბამება ერთმანეთს, (ერთიდაიგივეა), რის დამადასტურებელ მტკიცებულებადაც მოპასუხეები მიუთითებენ მათი ინიციატივით ჩატარებულ ქიმიურ ექსპერტიზაზე, სადაც მათი განმარტებით წარადგინეს ჯეკ დენიელსისა და ფინლანდიას ოფიციალური დისტრიბუტორის - GD alco-ს მიერ იმპორტირებული და სადავო (ანუ ე.წ. "უკოდო") ალკოჰოლური სასმელები, რათა დაედგინათ გამოსაკვლევი ალკოჰოლური სასმელების ფიზიკო ქიმიური მაჩვენებლები. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მოპასუხეების ინიციატივით ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ 2016 წლის 15 იანვარს გაცემულ დასკვნებში მითითებულია წარდგენილი ნიუმუშების ალკოჰოლის ქიმიური შემადგენლობა. სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს ,,დრანკ ოკტოპუსის" და შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციის" მოსაზრებას სადავო (ე.წ. "უკოდო") ალკოჰოლური სასმელების მოსარჩელეების მიერ იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელებთან იდენტურობის შესახებ, ვინაიდან წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება, რომ შესადარებლად წარდგენილი იყო ნამდვილად სადავო - ე.წ. "უკოდო" ბოთლები და მათი შემადგენელი ალკოჰოლური სასმელები; გარდა ამისა, ექსპერტიზისათვის დასმული ერთადერთი კითხვა იყო წარდგენილი ნიმუშების ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების დადგენა და დასკვნაშიც მოცემულია მხოლოდ გამოსაკვლევად წარმოდგენილი ალკოჰოლური სასმელების ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები, ამასთან მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლევან კაკაურიძემ განმარტა, რომ შესადარებელი ორი სასმელის ერთიდაიგივე წარმომავლობის დადგენა საქართველოში არსებული ტექნიკური საშუალებების პირობებში შეუძლებელია, ამდენად 2016 წლის 15 იანვრის ექსპერტიზის დასკვნები ვერ იქნება განხილული როგორც იდენტურობის დამადასტურებელი მტკიცებულება.
2) მეორე გარემოებას კი წარმოადგენდა მოპასუხეების მოსაზრება იმის შესახებ, რომ მათ მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის უნებართვოდ გამოყენებას გამორიცხავს ფაქტი, როცა ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-ს და ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს ,,ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ჰქონდათ დაცული მათ საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნები, თუმცა მიუხედავად ამისა, სადავო ალკოჰოლური სასმელების საქართველოში იმპორტისას საქართველოს საბაჟო ტერმინალებში ტვირთის შემოტანისა და გაფორმების დროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ ხდებოდა ამ ტვირთის შეჩერება, რაც დადასტურებულია შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის 12 იანვრის წერილით, სადაც მითითებულია: ,,ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტს არ ჰქონია ვარაუდის საფუძველი იმისა, რომ საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცულ ინტელექუალური საკუთრების რეგისტრირებულ ობიექტზე უფლებების დარღვევით, შესაბამისად არ განხორციელებულია საქონლის შეჩერება".
ამდენად, მოსარჩელეებმა დაადასტურეს მათ მიერ მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ მათ მიერ ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელლის ყველა ბოთლი ნიშანდებული იყო ე.წ. პარტიის კოდით და მოპასუხეები არღვევდნენ მოსარჩელეების განსაკუთრებულ უფლებას, შპს ,,დრანკ ოკტოპუსმა" და შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციამ" კი ვერ წარმოადგინეს რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლებაზე. გასაზიარებელია მოსარჩელეთა წარმომადგენლი პოზიცია, რომ მოპასუხეებს, რაიმე რეალური მტკიცებულება, ან გონივრული მსჯელობა, რომელიც გააბათილებდა მოსარჩელეთა პოზიციებს, არ შემოუთავაზებიათა სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
აქედან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მიმდინარე დავაში სასაქონლო ნიშნებით: JACK DANIEL'S და ,,FINLANDIA" ნიშანდებული ალკოჰოლური სასმელები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება მოსარჩლეების მიერ ნაწარმოებ პროდუქციად, თუ ისინი ჩამოსხმულია ბოთლებში სადაც დატანილია ე.წ. პარტიის კოდები.
7.9. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, აქ უმთავრესი სადავო ფაქტობრივი გარემოებაა: სახეზე არის თუ არა შეგებებული სარჩელის მოპასუხეების მხრიდან მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.
შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მოსაზრებით სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით ყადაღა დაედო ე.წ. მწარმოებლის კოდიან საქონელს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მოპასუხეებს, კერძოდ, შპს ,,დრანკ ოკტუპუსმა" და შპს ,,დრანკ ოკტუპუს დისტრიბუციამ" 2015 წლის 29 დეკემბრიდან 2016 წლის 26 ოქტომბრამდე ვერ განახორციელეს მართლზომიერი სამეწარმეო საქმიანობა, რის შედეგადაც კომპანიებმა ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-ის მხრიდან მიადგათ ზიანი 400 000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს მიერ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2 300 000 ლარი.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-მა და ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-მ სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვის შესახებ, სადაც ისინი ასევე შუამდგომლობდნენ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის მოსარჩელეებისათვის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროისათვის ცნობილი არ ყოფილა მათ მფლობელობაში არსებულ ალკოჰოლურ სასმელებს შორის ე.წ. ,,კოდიანი" ბოთლების არსებობის ფაქტი, ვინაიდან როგორც სარჩელს თანდართული მტკიცებულებით - მოსარჩელეების მიერ 2015 წლის 22 დეკემბერს გაგზავნილი წერილიდან დგინდება, მათ მიმართეს მოპასუხეებს და მოითხოვეს მათი კუთვნილი სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენების შეწყვეტა იმ საქონლის დისტრიბუციის შეჩერებით, რომელიც არ შეიცავს ,,მწარმოებლის კოდებს" და ამდენად, კვალიფიცირდება როგორც უფლების დამრღვევი საქონელი, ასევე მოითხოვეს მოპასუხეებს მიეწოდებინათ ინფორმაცია მათ მფლობელობაში არსებული იმ საქონლის შესახებ, რომელიც არ შეიცავს ,,მწარმოებლის კოდებს", ასევე იგივე ინფორმაცია ბოლო სამწლიანი პერიოდისთვის. ეს ინფორმაცია მოპასუხეებს მოსარჩელეთათვის არ მიუწოდებიათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მათ სასამართლოსათვის არ მოუწოდებიათ არც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გასაჩივრებისას, არც შესაგებლის წარმოდგენისას და არც დამატებითი შუამდგომლობით (უზრუნველყოფის შეცვლაზე) მოუმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის. დაყადაღებულ ალკოჰოლურ სასმელებში ,,სავარაუდოდ კონტრაფაქციულ" საქონელთან ერთად ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-ის და ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს მიერ ჩამოსხმული ვისკის და არყის არსებობის შესახებ ინფორმაცია სასამართლოსთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
იმ შემთხვევაშიც კი, რომ დადასტურებულიყო ზიანის მიყენების ფაქტი, გაურკვეველია შეგებებული სარჩელის მოსარჩელეების კალკულაცია ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით; კერძოდ, მოთხოვნილ ზიანს შეგებებული სარჩელის მოსარჩელეები ანგარიშობენ მათ მიერ წარმოდგენილი აუდიტის დაკვნაში მითითებული თანხების შეჯამებით, თუმცა ზიანის ოდენობის მტკიცებულებად წარმოდგენილ ამ ერთადერთ დოკუმენტში არ არის დაზუსტებული მიუღებელი მოგების ოდენობებში მითითებული თანხის გამოთვლის ზუსტი ხერხი.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.08.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის ავტორმა) და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-სთვის 86 792.28 ლარის, ხოლო ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-სთვის 61 398.2 ლარის დაკისრების ნაწილში (ტ.3, ს.ფ.151-170; ტ.4, ს.ფ.54,55).
აპელანტი აღნიშნავს, რომ:
8.1. სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა იმ უტყუარი ინფორმაციის შესახებ, რომ 02.06.2016წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იცოდა მოპასუხეთა მფლობელობასა და საკუთრებაში მოსარჩელეთა სასაქონლო ნიშნებით მარკირებული ისეთი ალკოჰოლური სასმელის არსებობა, რომელიც შეიცავდა ე.წ მწარმოებლის სტანდარტით განსაზღვრულ კოდებს და რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ესაჭიროებოდა მარწმუნებელთან შეთანხმება, რათა მომხდარიყო ამ სახის პროდუქციის უზრუნველყოფისგან გამოთავისუფლება.
8.2. რწმუნებულს მარწმუნებლისგან აღნიშნული თანხმობის მოსაპოვებლად ოთხი თვე დასჭირდა. შესაბამისად, უსწოროა სასამართლოს მსჯელობა, თითქოს მას შემდეგ, რაც მხარეებისთვის ცნობილი გახდა მწარმოებლის კოდიანი ბოთლების არსებობის შესახებ, მხარეებმა მიმართეს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
8.3. სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია ის გარემოება, რომ შეგებებულ მოსარჩელეთა მფლობელობასა და საკუთრებაში საქმიანობის დაწყების დღიდან იყო ე.წ „კოდიანი“ ბოთლები, მარკირებული ჯეკ დენიელსის და ფინლანდიას სასაქონლო ნიშნებით. 2015 წლის დეკემბრის თვეში არასწორად და უსაფუძვლოდ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მოპასუხეები 10 თვის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ მათ მფლობელობაში არსებული პროდუქციის რეალიზებას, რამაც ფაქტობრივად აღნიშნული კომპანიების პარალიზება მოახდინა.
8.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ის ფაქტი, რომ სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა ერთამანეთს აცდენილია. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა მოიცავს უფრო დიდ მასშტაბს, ვიდრე სასარჩელო მოთხოვნა.
8.5. სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთის საქონლის კონტრაფაქციულობის საკითხთან მიმართებაში. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს ამ დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იქნა უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე. ის ფაქტი, რომ მოპასუხეთა/შეგებებულ მოსარჩელეთა მიერ ალკოჰოლური სასმელების იმპორტი განხორციელებულია საქართველოში არსებული კანონმდებლობის მოთხოვათა განუხრელი დაცვით, წარმოშობს ზუსტად იმ სამართლებრივ გარანტიას, როდესაც ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ახორციელებს დამოუკიდებელ, თავისუფალ და კანონით აუკრძალავ კომერციულ საქმიანობას. ამასთან, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების არსებობისა და მოწინააღმდეგე მხარის მიერ იდენტურ ან მსგავს საქონელზე იდენტური ან მსგავსი ნიშნის გამოყენების ფაქტების დადასტურებასთან დაკავშირებით ე.წ სასქონლო ნიშნების უნებართვოდ გამოყენების პრეზუმფციის ამოქმედებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთის მოპასუხე მხარეზე გადაკისრების საკითხი.
8.6. უსწოროა სასამართლოს მსჯელობა, თითქოს მოსარჩელეებმა დაადასტურეს გარემოებები იმის შესახებ, რომ მათ მიერ ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელის ყველა ბოთლი ნიშანდებული იყო ე.წ პარტიის კოდით და მოპასუხეთა მხრიდან ხდებოდა მათი განსაკუთრებული უფლებების დარღვევა. “სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამავე კანონის მე-3 მუხლით სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ აუკრძალავი და კანონმდებლობით დაუცველი ნიშანი (ე.წ კოდი, რომლის არსებობის და დანიშნულების საკითხი მხოლოდ მხარის განმარტებების საფუძელზე იქნა გაზიარებული) გააიგივა სასაქონლო ნიშანთან და აღნიშნული ნიშნის არარსებობის გამო გადაწყვიტა, რომ მოპასუხეთა მიერ იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელი ფალსიფიცირებულია. სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სასაქონლო ნიშნებით: ჯეკ დენიელს და ფინლანდია ნიშანდებული ალკოჰოლური სასმელები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება მოსარჩელეების მიერ ნაწარმოებ პროდუქციად, თუ ისინი ჩამოსხმულია ბოთლებში, სადაც დატანილია ე.წ პარტიის კოდები. “სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, მსგავსი სახის მსჯელობის საფუძველს იძლევა სწორედ სასაქონლო ნიშანი და არა პარტიის კოდი. შესაბამისად, სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული უფლებების პარტიის კოდის მეშვეობით დაცვა დასაწყისშივე ეწინააღმდეგება “სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების /უცვლელად დატოვების დასაბუთება
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
10. ჯეკ დენიელ'ზ პროფერთიზ ინკ (შემდგომში „პირველი მოსარჩელე“, „პირველი მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“) არის სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის JACK DANIEL'S-ის და ბოთლის სამგანზომილებიანი ფიგურის მფლობელი (ტ.1, ს.ფ.22-24).
11. ბრაუნ-ფორმან ფინლანდ ლტდ (შემდგომში „მეორე მოსარჩელე“, „მეორე მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“) არის სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის FINLANDIA-ს და ბოთლის სამგანზომილებიანი ფიგურის მფლობელი (ტ.1, ს.ფ. 25-28).
12. მხარეთა შორის უდავოა, რომ შპს ,,დრანკ ოკტოპუსი" (შემდგომში „პირველი მოპასუხე“, „პირველი შეგებებული მოსარჩელე“) ახორციელებს ვისკის - ,,JACK DANIEL'S"-ის და არყის - ,,FINLANDIA"-ს იმპორტს საქართველოში, ხოლო შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუცია" (შემდგომში „მეორე მოპასუხე“, „მეორე შეგებებული მოსარჩელე“) ახდენს ამ პროდუქციის დისტრიბუციასა და რეალიზაციას.
13. პირვანდელი სარჩელის მოთხოვნაა:
- აეკრძალოს მოპასუხეებს სასაქონლო ნიშნების JACK DANIEL'S და FINLANDIA უკანონო გამოყენება. კერძოდ, აეკრძალოთ ამ სასაქონლო ნიშნებით მარკირებული ვისკის და არყის იმპორტი, დასაწყობება, დისტრიბუცია, გასაყიდად შეთავაზება და რეალიზაცია ისეთ პროდუქციასთან მიმართებაში, რომელიც არ არის წარმოებული სასაქონლო ნიშნების მფლობელების, ჯეკ დენიელს პროფერთიზ, ინკ.-ის და ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს მიერ.
- განადგურდეს შპს ,,დრანკ ოკტოპუსის" მიერ იმპორტირებული ვისკის JACK DANIEL'S და არყის FINLANDIA ბოთლები, რომლებიც მარკირებულია მოსარჩელეთა კუთვნილი სასაქონლო ნიშნების JACK DANIEL'S და FINLANDIA იდენტური სასაქონლო ნიშნებით და რომლებიც არ არის წარმოებული მოსარჩელეთა მიერ.
14. საქართველოს კონსტიტუციის 20-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია.
ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენს სასაქონლო ნიშანი. სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ”. გარდა ამისა, აღნიშნული ობიექტების სამართლებრივი დაცვის საფუძველს წარმოადგენს “სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია”, რომელიც საქართველოში ძალაშია 1993 წლის 14 ივნისიდან.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ - საქონელი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში, „საქპატენტში“ მათი რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს.
15. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის სასაქონლო ნიშნების JACK DANIEL'S-ის და FINLANDIA-ის მოსარჩელეების საკუთრებაში არსებობის ფაქტი. სადავოა გარემოება მასზედ, არის თუ არა მოსარჩელეების მიერ ჩამოსხმულ ყველა ალკოჰოლური სასმელის ბოთლზე დატანილი ე.წ. ჭავლური კოდი და ამდენად, მოსარჩელეების კუთვნილი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული, თუმცა ,,უკოდო" ალკოჰოლური სასმელი, უპირობოდ წარმოადგენს თუ არა კონტრაფაქციულ საქონელს.
მოსარჩელეები განმარტავენ, რომ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებით ნიშანდებული ალკოჰოლური სასმელები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება მათ მიერ (ანუ ამ სასაქონლო ნიშნების მესაკუთრეების) ნაწარმოებ პროდუქციად, თუ ისინი ჩამოსხმულია ბოთლებში, რომლებზეც დატანილია ე.წ. პარტიის კოდები (ჭავლური პრინტერით ბოთლზე დატანილი კოდი, რომელზეც ხდება ეტიკეტის განთავსება). მოპასუხეები არ იზიარებენ აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავენ, სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებული უფლების ე.წ პარტიის კოდის მეშვეობით დაცვა ეწინააღმდეგება “სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონს.
16. პალატა მიუთითებს, რომ ინტელექტუალური საკუთრების სამართალში კონტრაფაქცია გულისხმობს ინტელექტუალური საკუთრების უფლების უნებართვო გამოყენებას.
კონტრაფაქციულობის სამართლებრივი დეფინიცია მოცემულია „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, საქონლის კონტრაფაქციულად მიჩნევისათვის უნდა დაკმაყოფილდეს რამდენიმე პირობა: (1) საქონელი უნდა იყოს იმ საქონლის იდენტური ან მსგავსი (შედიოდეს იმ საქონლის ჩამონათვალში), რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი; (2) საქონელზე მოთავსებული უნდა იყოს ამ საქონელთან დაკავშირებით რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშანი; (3) იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშანი მოთავსებული უნდა იყოს უნებართვოდ (სუსგ. საქმეზე N ას-718-686-2016, 03 ოქტომბერი, 2016წ.). შინაარსობრივად ანალოგიური განმარტების საშუალებას იძლევა „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ ახალი კანონის მე-2 მუხლში მოცემული დეფინიციაც.
17. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია ფაქტობრივი გარემოება სასაქონლო ნიშანზე მოსარჩელის განსაკუთრებული უფლების არსებობის შესახებ, იმ ვალდებულების მტკიცების ტვირთი, რომ ამგვარი ნიშნის საქონელზე დატანება და მისი სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება წარმოადგენდა მოპასუხის უფლებას, ეკისრებოდა მოპასუხეს (სუსგ. საქმეზე N ას-718-686-2016, 03 ოქტომბერი, 2016წ.).
18. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ მათ მიერ ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელის ყველა ბოთლი ნიშანდებულია მათი სტანდარტით გათვალისწინებული კოდით, ხოლო მოპასუხეების მიერ გასაყიდად შეთავაზებულ ბოთლებზე აღნიშნული კოდები დატანილი არ არის. მოსარჩელეები მიუთითებენ ალკოჰოლური სასმელების ბოთლებზე ჭავლური დატანილი კოდების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ფუნქციურ დანიშნულებაზე. კერძოდ, აღნიშნული კოდი, სხვა ელემენტებთან ერთად, წარმოადგენს სასაქონლო ნიშნებით: JACK DANIEL'S და ,,FINLANDIA" ნიშანდებული ალკოჰოლური სასმელების წარმომავლობისა და ავთენტურობის დასადგენ ერთ-ერთ საშუალებას, რაც აუცილებელია საქონლის მიკვლევადობის პრინციპის დაცვისთვის (იხ.: შესაგებელი, ტ.4, ს.ფ. 26,27).
ამდენად, მოსარჩელე ალკოჰოლური სასმელის ბოთლზე დატანილი კოდების არსებობას უკავშირებს პროდუქტის უსაფრთოხებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხსნის იმით, რომ აღნიშნული კოდების მეშვეობით ხორციელდება წარმოებული პროდუქციასთან დაკავშირებული მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენა.
19. პალატა მიუთითებს, რომ მიკვლევადობის მოთხოვნები და მათი დაცვის აუცილებლობა რეგულირებულია საქართველოს კანონდებლობით. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში, რომლის მე-2 მუხლის „ჰ7“ პუნქტის თანახმად, მიკვლევადობა წარმოადგენს სურსათის/ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების, სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ტარისა და შესაფუთი მასალის, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან აგროქიმიკატის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა მათი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მიკვლევადობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 10.11.2015წ. N577 დადგენილებით, რომლითაც დამტკიცებულია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნები. დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე მიკვლევადობის დანერგვას უზრუნველყოფს ბიზნესოპერატორი. დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად, მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნებია:
ა. მიკვლევადობის საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს შეუსაბამო პროდუქციის წარმოქმნის მიზეზის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში, ასეთი პროდუქციის ბაზარზე განთავსების შეზღუდვასთან/აკრძალვასთან ან ბაზრიდან მის ამოღებასთან დაკავშირებით, სათანადო ზომების გატარება;
ბ. პროდუქციის მიკვლევადობის განსახორციელებლად აუცილებელია, ბიზნესოპერატორს ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია, აწარმოებდეს შესაბამის დოკუმენტაციასა და ჩანაწერებს. შემოღებული უნდა ჰქონდეს სისტემები და პროცედურები, რომლებიც ამგვარი ინფორმაციით უზრუნველყოფს სააგენტოს მოთხოვნისამებრ.
20. პირველი მოსარჩელის პრეზიდენტისა და მმართველი დირექტორის მიერ გაცემული აფიდავიტით განმარტებულია, რომ: JACK DANIEL'S Tennessee ვისკის ყველა ბოთლი წარმოებულია მხოლოდ ჯეკ დენიელ დისტილერ-ში (ამერიკის შეერთებული შტატები, ტენესის შტატი, ლინჩბურგი). ჩამოსასხმელ ქარხანაში თითოეული ბოთლის ჩამომსხმელ ხაზზე მოძრაობისას, ჭავლური პრინტერით მათზე დაიტანება ორი კოდი (,,მწარმოებლის კოდები") ეს კოდები დაიტანება მინაზე და შემდეგ იფარება წინა ეტიკეტით, აღნიშნული კოდები აუცილებელია იმ მიზეზით, რომ დადგინდეს პროდუქციის ავთენტურობა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს მთლიანი პარტიის გახმობა. კოდების მითითება სავალდებულოა ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოში კი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N441 დადგენილების თანახმად, ეტიკეტზე სავალდებულოა პარტიის აღნიშვნა. თუმცა თუ რომელიმე ქვეყანაში კოდები არ არის სავალდებულო, მწარმოებლის მიერ მაინც, ყველა შემთხვევაში ხდება კოდის დატანა, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაფუჭებული (ნაკლიანი ან დაზიანებული) პროდუქტის მოხმარება, რამეთუ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ბრენდს (ტ.1, ს.ფ. 261-271).
21. მეორე მოსარჩელის დირექტორი აფიდავიტში განმარტავს, რომ ,,FINLANDIA"-ს ყველა ბოთლი იწარმოება მხოლოდ ,,ალთია, პლც"-ში, რომელიც მდებარეობს ჰელსინკში, ფინეთში (,,ალთია") BFF-სთან ხელშეკრულების საფუძველზე და თითოებული ბოთლის ჩამომსხმელ ხაზზე მოძრაობისას, ჭავლური პრინტერით მათზე დაიტანება კოდები. ეს კოდები დაიტანება მინაზე და შემდეგ იფარება უკანა ეტიკეტით. აღნუშნული ნომრების გარეშე მწარმოებელს არ შეუძლია პროდუქციის ავთენტურობის ეფექტურად დადგენა კონტრაფაქციის შეთხვევაში და არც მათი გახმობა საჭიროების შემთხვევაში. მსგავსი მიყოლა-აღმოჩენის შესაძლებლობა მოითხოვება ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით, ევროკავშირის ჩათვლით. თუმცა თუ რომელიმე ქვეყანაში კოდები არ არის სავალდებულო, ორიგინალ პროდუქტზე ყოველთვის დაიტანება კოდები, რამეთუ ეს გლობალურად მიჩნეულია როგორც საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც კომპანიას ეხმარება დაიცვას მომხმარებელი და ბრენდი (ტ.1, ს.ფ. 272-280).
22. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, გამოსაკვლევად წარდგენილ ორი JACK DANIEL'S-ის ბოთლის ზედაპირზე წინა ეტიკეტების და ორი ,,FINLANDIA"-ს ბოთლების ზედაპირზე უკანა ეტიკეტების ადგილებზე გამოვლინდა კოდების რელიეფური სარკისებური გამოსახულებები წერტილების სახით (იხ.: 29.12.2015წ. ექსპერტიზის დასკვნა, ტ.1, ს.ფ. 290-299; 12.01.2016წ. წერილი, ტ.1, ს.ფ. 288,289).
23. სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი დადგენილია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატას დადასტურებულად მიაჩნია გარემოება მასზედ, რომ სასაქონლო ნიშნების მესაკუთრეთა მიერ ჩამოსხმულ ყველა ვისკის და არყის ყოველ ბოთლზე დატანილია პარტიის კოდი, რასაც მწარმოებელი უკავშირებს კონკრეტული პროდუქციის მიკვლევადობის უზრუნველყოფას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოპასუხეების მფლობელობაში არსებული ალკოჰოლური სასმელების ნაწილს არ აქვს დატანილი პარტიის კოდები.
24. მოპასუხეები ვერ ხსნიან მათ მფლობელობაში ე.წ. უკოდო ბოთლებში ჩამოსხლული ალკოჰოლური სასმელების არსებობის ფაქტს და სარჩელისაგან თავის დასაცავად მიუთითებენ მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომ: ა) მათ მიერ იმპორტირებული და მოსარჩელეების ოფიციალური დისტრიბუტორის მიერ შემოტანილი სადავო ალკოჰოლური სასმელები ქიმიური შემადგენლობის მხრივ ერთიდაიგივეა და ბ) სადავო ალკოჰოლური სასმელების საქართველოში იმპორტისას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ტვირთის გაჩერება არ მომხდარა.
24.1. ქიმიურ შემადგენლობასთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ არ დასტურდება გარემოება მასზედ, რომ მოპასუხეთა მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის 15.01.2016წ. დასკვნების მოსამზადებლად შესადარებლად წარდგენილი იყო ნამდვილად სადავო - ე.წ. "უკოდო" ბოთლები და მათი შემადგენელი ალკოჰოლური სასმელები (ტ.1, ს.ფ.218-242).
პალატას მიაჩნია, რომ მიკვლევადობის პრინციპის დარღვევით წარმოებული თუ იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელის ბრუნვაში დაშვებაზე საუბრისას, სამართლებრივად არ არის რელევანტური საკითხი, რამდენად მაღალი თუ დაბალი ხარისხისაა საქონელი, რამეთუ უფლებამოსილ მწარმოებელს დაკარგული აქვს მასზე კონტროლი, რაც თავისთავად, რისკის მატარებელია და არღვევს მომხმარებელთა უფლებებს.
24.2. რაც შეეხება პროდუქციის საქართველოს საზღვარზე შეუფერხებლად შემოსვლის ფაქტს, პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ აღნიშნული გარემოება ვერ შეფასდება როგორც სასაქონლო ნიშნის უნებართვო გამოყენების გამომრიცხველი გარემოება. საბაჟო წესების დაცვით განხორციელებული იმპორტირებული საქონელი შესაძლებელია მაინც არღვევდეს მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და ამ სავარაუდო დარღვევის შესახებ ინფორმაციის შეტყობისას სასაქონლო ნიშნის მესაკუთრეს უფლება აქვს მომართოს სასამართლოს საერთო წესების დაცვით.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურდა მოსარჩელეთა მიერ ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელის ყველა ბოთლის ე.წ. პარტიის კოდით ნიშანდების ფაქტი. ამდენად, სასაქონლო ნიშნებით: JACK DANIEL'S და ,,FINLANDIA" ნიშანდებული ალკოჰოლური სასმელები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება მოსარჩელეების მიერ ნაწარმოებ პროდუქციად, თუ ისინი ჩამოსხმულია ბოთლებში, სადაც დატანილია ე.წ. პარტიის კოდები. შესაბამისად, დგინდება, რომ მოსარჩელეების კუთვნილი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული, თუმცა ე.წ. ,,უკოდო" ალკოჰოლური სასმელი, წარმოადგენს კონტრაფაქციულ საქონელს და მოპასუხეთა მხრიდან მათი იმპორტი და დისტრიბუცია წარმოადგენს სასაქონლო ნიშნებზე მოსარჩელეების განსაკუთრებულ უფლების დარღვევას.
26. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტურია და საქონელიც იდენტური. სადავო არ არის ფაქტი მასზედ, რომ სასაქონლო ნიშნები JACK DANIEL'S და ,,FINLANDIA" დაცულია საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორის 33-ე კლასში.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად აეკრძალა მოპასუხეებს სასაქონლო ნიშნების: JACK DANIEL'S და ,,FINLANDIA" უკანონოდ გამოყენება, კერძოდ ამ ნიშნებით მარკირებული ვისკის და არყის იმპორტი, დასაწყობება, დისტრიბუცია, გასაყიდად შეთავაზება და რეალიზაცია ისეთ პროდუქციასთან მიმართებაში, რომელიც არ არის ნაწარმოები მოსარჩელეთა მიერ.
27. სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს: გ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი; დ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის ან აბრის განადგურება, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დადგინდა განადგურდეს იმპორტირებული ვისკის JACK DANIEL'S და არყის ,,FINLANDIA"-ს ბოთლები, რომლებიც მარკირებულია მოსარჩელეთა კუთვნილი სასაქონლო ნიშნების JACK DANIEL'S და ,,FINLANDIA" იდენტური სასაქონლო ნიშნებით და რომლებიც არ არის წარმოებული მოსარჩელეთა მიერ.
28. შეგებებული სარჩელის ავტორები ითხოვენ სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას იმ საფუძვლით, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფით მოპასუხეებს ხელი შეეშალათ მათ საკუთრებაში არსებული ისეთი ალკოჰოლური სასმელების ბრუნვა/რეალიზაციაში, რომლებსაც გააჩნდათ ე.წ. ,,მწარმოებლის სტანდარტით გათვალისწინებული კოდები" და რომლებიც არასდროს გამხდარა სადავო თავდაპირველი სარჩელით.
სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სააპელაციო მოთხოვნის შემცირების შედეგად შეგებებული სარჩელის ავტორთა მოთხოვნას წარმოადგენს ზიანის სახით შეგებებული სარჩელის პირველი მოპასუხისთვის 86 792.28 ლარის, ხოლო მეორე მოპასუხისთვის 61 398.2 ლარის დაკისრება (იხ.: 24.09.2018წ. განცხადება , ტ.4, ს.ფ. 54,55).
29. თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.12.2015წ. განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და:
ა. საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ყადაღა დაედო მოპასუხეების მფლობელობაში არსებულ, ბოთლში ჩამოსხმულ იმ ალკოჰოლურ სასმელებს, რომლებიც მარკირებულია მოსარჩელეთა სასაქონლო ნიშნებით JACK DANIEL'S და FINLANDIA და რომელიც განთავსებულია: ქ.თბილისი, კეკელიძის ქ.№15-ში მდებარე მაღაზიაში ,,სმაგლერს”;
ბ. ასევე აეკრძალა ორივე მოპასუხეს მოსარჩელეთა კუთვნილი სასაქონლო ნიშნებით JACK DANIEL'S და FINLANDIA მარკირებული ბოთლში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელის იმპორტი, დასაწყობება, დისტრიბუცია, გასაყიდად შეთავაზება და რეალიზაცია (ტ.1, ს.ფ.117-127). 09.03.2016წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული 29.12.2015წ. განჩინება (ტ.1, ს.ფ.311-315).
30. თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.10.2016წ. განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.12.2015წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მოეხსნა ყადაღა და დაუბრუნდეთ მოპასუხეებს სასაქონლო ნიშნებით JACK DANIEL'S და FINLANDIA ნიშანდებული ისეთი ალკოჰოლური სასმელები, რომლებზეც დატანილია მწარმოებლის სტანდარტით გათვალისწინებული სავალდებულო პარტიის კოდი და რომლებიც განთავსებულია ქ.თბილისში, კეკელიძის ქ.N15-ში მდებარე მაღაზიაში ,,სმაგლერს" და რომლებიც დაყადაღებული იქნა 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით; დანარჩენ ალკოჰოლურ სასმელებზე კი, რომლებიც ნიშანდებულია სასაქონლო ნიშნებით JACK DANIEL'S და FINLANDIA და რომლებზეც არ არის დატანილი მწარმოებლის სტანდარტით გათვალისწინებული სავალდებულო პარტიის კოდი და რომლებიც განთავსებულია ქ.თბილისში, კეკელიძის ქ.N15-ში მდებარე მაღაზიაში ,,სმაგლერს", დარჩა ყადაღა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. ასევე, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე მოპასუხეებს აეკრძალა მოსარჩელეთა კუთვნილი სასაქონლო ნიშნებით JACK DANIEL'S და FINLANDIA მარკირებული ბოთლში ჩამოსხმული ისეთი ალკოჰოლური სასამელების იმპორტი, დასაწყობება, დისტრიბუცია, გასაყიდად შეთავაზება და რეალიზაცია, რომლებზეც არ არის დატანილი მწარმოებლის სტანდარტით გათვალისწინებული სავალდებულო პარტიის კოდი, ხოლო მოპასუხეებს მიეცათ უფლება მოახდინონ სასაქონლო ნიშნებით JACK DANIEL'S და FINLANDIA მარკირებული ბოთლში ჩამოსხმული ისეთი ალკოჰოლური სასმელების იმპორტი, დასაწყობება, დისტრიბუცია, გასაყიდად შეთავაზება და რეალიზაცია, რომლებზეც დატანილია მწარმოებლის სტანდარტით გათვალისწინებული სავალდებულო პარტიის კოდები (ტ.2, ს.ფ.339-345).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.10.2016წ. განჩინებაზე, რომლითაც ნაწილობრივ გაუქმდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, სააღსრულებო ფურცელი გაიცა 26.10.2016წ. (ტ.2, ს.ფ.405). ანუ, ამ დროიდან მიეცა შესაძლებლობა მოპასუხეს წარედგინა მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.
31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.: სუსგ საქმეზე #ას-72-72-2018).
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს გონივრული, ემსახურებოდეს სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების შესრულებისათვის გარანტიების შექმნას. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისათვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში..., მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად. ანუ ისეთ შემთხვევებში, როცა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია მოთხოვნაზე, რომელიც არ იქნება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიჩნეული დაცვის ობიექტად, მოპასუხეს აქვს უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
შესაბამისად, თუ უზრუნველყოფა თავიდანვე შეეხებოდა უფლებას, რომელიც არ არის სარჩელით დაცვის ობიექტი, მოსარჩელემ კი მოითხოვა მისი გამოყენება (არათანაზომიერი უზრუნველყოფა), რითაც მოპასუხეს მიადგა ზიანი, მოპასუხე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი ანაზღაურება.
34. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.12.2015წ. განჩინებით დაყადაღებულ მოპასუხეების მფლობელობაში არსებულ ალკოჰოლურ სასმელებს შორის იყო ე.წ. ,,მწარმოებლის კოდიანი" ბოთლები (რომლებიც თავდაპირველი სარჩელით არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა).
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებულია იმით, რომ ინფორმაცია დავაში მონაწილე პირებისთვის და სასამართლოსთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სამართალწარმოების მიმდინარეობისას, რაც გამორიცხავს ზიანის დადგომაში შეგებებული სარჩელის მოპასუხეების ბრალს.
35. პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსკ-ის მე-3 მუხლი) რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (სსკ-ის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცეო ოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს სარჩელის საგნის პროპორციული და თანაზომიერი ღონისძიების გამოყენების საჭიროება.
36. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ სარჩელის წარდგენისას იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მოითხოვა ყადაღა დაედოს: „მოპასუხეების მფლობელობაში არსებულ, ბოთლში ჩამოსხმულ იმ ალკოჰოლურ სასმელებს, რომლებიც მარკირებულია მოსარჩელეთა სასაქონლო ნიშნებით JACK DANIEL'S და FINLANDIA, ასევე მოპასუხეებს აეკრძალოთ მოსარჩელეთა კუთვნილი სასაქონლო ნიშნებით მარკირებული ბოთლში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელის იმპორტი, დასაწყობება, დისტრიბუცია, გასაყიდად შეთავაზება და რეალიზაცია“ (ტ.1, ს.ფ. 12), რაც დაკმაყოფილდა კიდეც სასამართლოს 29.12.2015წ. განჩინებით. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, იგი ფორმულირებულია შემდეგი სახით: „მოპასუხეებს აეკრძალოთ სასაქონლო ნიშნების JACK DANIEL'S და FINLANDIA უკანონო გამოყენება, კერძოდ, აეკრძალოთ ამ სასაქონლო ნიშნებით მარკირებული ვისკის და არყის იმპორტი, დასაწყობება, დისტრიბუცია, გასაყიდად შეთავაზება და რეალიზაცია ისეთ პროდუქციასთან მიმართებაში, რომელიც არ არის წარმოებული სასაქონლო ნიშნების მფლობელების, ჯეკ დენიელს პროფერთიზ, ინკ.-ის და ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს მიერ“ (ტ.1, ს.ფ. 8).
ამდენად, დგინდება, რომ სასარჩელო მოთხოვნისგან განსხვავებით, სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაში მოსარჩელე არ აკონკრეტებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა უნდა შეეხოს არა მოპასუხეების მფლობელობაში არსებულ ყველა იმ ალკოჰოლურ სასმელს, რომლიც მარკირებულია მოსარჩელეთა სასაქონლო ნიშნებით JACK DANIEL'S და FINLANDIA, არამედ იმ პროდუქციას, რომელიც, მართალია, მარკირებულია სადავო სასაქონლო ნიშნებით, თუმცა არ არის წარმოებული სასაქონლო ნიშნების მფლობელების მიერ, რაც სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე მხარის მხრიდან კეთლსინდისიერ ქმედებად ვერ შეფასდება.
37. პალატა განმარტავს, რომ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპია ის ბერკეტი, რომლითაც უნდა დაბალანსდეს მხარეთა ინტერესები. ეს პრინციპი გამოიყენება სამოქალაქო ბრუნვის იმ მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებისთვისაც ნების ავტონომია ბაზარზე დაუსაბუთებელი (უსაფუძვლო) უპირატესობის მიღების საშუალებად იქცა. სამოქალაქო ურთიერთობებში კეთილსინდისიერებას აქვს ორმაგი შინაარსი:
37.1. კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები;
37.2. მეორე შემთხვევაში კეთილსინდისიერება არის სუბიექტის მიერ არცოდნა იმისა, რომ მისი ქცევა მართლსაწინააღმდეგოა, ლახავს სხვა პირის უფლებას. ასეთ შემთხვევაში საუბარია კეთილსინდისიერებაზე სუბიექტური გაგებით.
კეთილსინდისიერების ერთიანი ცნების შემუშავება შუძლებელია. სუბიექტის თითოეული ქმედების კეთილსინდისიერების პრინციპთან შესაბამისობაში ანალიზის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თითოეული ურთიერთობის სპეციფიკა და ამ ურთიერთობის ჩამოყალიბება-განვითარების თავისებურებები.
38. პალატა საკითხზე მსჯელობისას ყურადღებას ამახვილეს ასევე იმ გარემოებაზე, რომ როგორც მოსარჩელეები, ისე მოპასუხეები, ალკოჰოლური სასმელების სამეწარმეო ურთიერთობებში ჩართული სუბიექტები არიან, რაც არ გამორიცხავს მათი ბიზნეს ინტერესების გადაკვეთას. შესაბამისად, პირვანდელი სარჩელის მოსარჩელეთა მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების ფართო ფორმულირებით მოთხოვნისას, გონივრული წინდახედულობის გამოჩენის შემთხვევაში, მათთვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო ის ზიანი, რაც ე.წ. კოდირებული ბოთლების დაყადაღებით, იმპორტის, დასაწყობების, დისტრიბუციის, გასაყიდად შეთავაზების და რეალიზაციის აკრძალვით შეიძლებოდა მიდგომოდა მოპასუხეებს.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.07.2016წ. სხდომის ოქმით დგინდება, ჯერ კიდევ ხუთ ივლისს, ანუ უზრუნველყოფის ღონისძიების სარჩელის მოთხოვნის პროპორციულ ოდენობამდე შემცირებამდე სამ თვეზე მეტი ხნით ადრე, მოსარჩელეთა წარმომადგენელი ამ საკითხზე საბოლოო პოზიციის დასაფიქსირებლად ითხოვდა დროს მარწმუნებელთან შესათანხმებლად და მკაფიო დასტურის მისაღებად (იხ.: 05.07.2016წ. სხდომის ოქმი CD დისკზე).
პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებულია კონკრეტულად და არაორაზროვნად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოპასუხეთა მფლობელობაში არსებულ, თუმცა არასადავო პროდუქციაზე, ვერ აღიქმება კეთილსინდისიერ ქმედებად და ქმნის წინაპირობას შეგებებული სარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
39. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 16.08.2018წ. დასკვნის თანახმად:
ა. 2016 წლის 05 იანვრიდან 2016 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში მოპასუხეთა მიუღებელმა საერთო მოგებამ საორიენტაციოდ შეადგინა 130 538,4 ლარი.
ბ. 2016 წლის 11 ნოემბრიდან 2018 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში მოპასუხეთა მიუღებელმა სარგებელმა საორიენტაციოდ შეადგინა 17 652 ლარი (ტ.4, ს.ფ. 57-62).
ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ზიანის ოდენობა დაანგარიშებულია 311 დღეზე.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 12.09.2018წ. წერილით ექსპერტიზის დამკვეთებს დამატებით ეცნობათ, რომ:
ა. 2016 წლის 05 იანვრიდან 2016 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში მოპასუხეთა მიუღებელმა საერთო მოგებამ JACK DANIEL'S შემთხვევაში საორიენტაციოდ შეადგინა 76 453,88 ლარი, ხოლო 2016 წლის 11 ნოემბრიდან 2018 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში მოპასუხეთა მიუღებელმა სარგებელმა საორიენტაციოდ შეადგინა - 10 338,4 ლარი.
ბ. 2016 წლის 05 იანვრიდან 2016 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში მოპასუხეთა მიუღებელმა საერთო მოგებამ FINLANDIA-ს შემთხვევაში საორიენტაციოდ შეადგინა 54 084,60 ლარი, ხოლო 2016 წლის 11 ნოემბრიდან 2018 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში მოპასუხეთა მიუღებელმა სარგებელმა საორიენტაციოდ შეადგინა - 7 313,6 ლარი (ტ.4, ს.ფ. 63,64).
40. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.05.2019წ. სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 16.08.2018წ. დასკვნის შემდგენელი ექსპერტი გვანცა ნაყოფია. ექსპერტმა განმარტა, რომ მის მიერ არის შედგენილი ასევე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 12.09.2018წ. წერილი, მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუმცა ბიუროში მოქმედი წესის შესაბამისად, მასზე ხელი მოაწერა დეპარტამენტის უფროსმა. რაც შეეხება უშუალოდ წერილში ასახულ მონაცემებს, ექსპერტის მითითებით, მათ თავიდანვე ჰქონდათ შესაბამისი ელექტრონული მონაცემები და მოგვიანებით უკვე თითოეული იურიდიული პირის მიმართ გამიჯვნა მოხდა ელექტრონულ მონაცემების ქსელში შესაბამისი ფილტრის გამოყენებით (იხ.: 06.05.2019წ. სხდომის ოქმი).
41. შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შეგებებული სარჩელის ავტორებს აუნაზღაურდეთ ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით 2015 წლის 29 დეკემბრიდან 2016 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით (იხ.: შეგებებული სარჩელი, ტ.3, ს.ფ. 3-21) იმ საფუძვლით, რომ უსაფუძვლო უზრუნველყოფის ღონისძიების გამო შეგებებული სარჩელის მოსარჩელეებმა 2015 წლის 29 დეკემბრიდან 2016 წლის 26 ოქტომბრამდე ვერ განახორციელეს მართლზომიერი სამეწარმეო საქმიანობა, რის შედეგადაც კომპანიებმა განიცადეს ზიანი.
გათვალისწინებით იმისა, რომ შეგებებული მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა შეიცავს მონაცემებს 2016 წლის 05 იანვრიდან პერიოდზე, პალატას მიაჩნია, რომ მართებული და დასაბუთებულია ზიანის მოთხოვნა 2016 წლის 05 იანვრიდან სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმებამდე პერიოდზე, ანუ 26.10.2016წ. ჩათვლით, რაც შეადგენს 296 დღეს.
42. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნაში მიუღებელი სარგებლის სახით მითითებულ თანხებს, JACK DANIEL'S შემთხვევაში 10 338,4 ლარის, ხოლო FINLANDIA-ს შემთხვევაში 7 313,6 ლარის ოდენობით, საექსპერტო დასკვნის თანახმად, აღნიშნული თანხა გამოანგარიშებულია მიუღებელი თანხის საბანკო ანაბარზე განთავსების პროცენტის შესაბამისად, რაც შეგებებული სარჩელის ავტორების მიერ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი არ ყოფილა (მოთხოვნა გულისხმობდა მართლზომიერი სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვით მიყენებულ ზიანს). ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული თანხის შეგებებული სარჩელის მოპასუხეებისთვის დაკისრების წინაპირობა.
43. გათვალისწინებით იმისა, რომ ექსპერტის მიერ 311 დღეზე ზიანის ოდენობა JACK DANIEL'S შემთხვევაში დაანგარიშებულია 76 453,88 ლარით, დგინდება, რომ 296 დღეზე ზიანის ოდენობა შეადგენს 72 765.68 ლარს. იგივე პრინციპით, ვინაიდან FINLANDIA-ს შემთხვევაში 311 დღეზე ზიანის ოდენობა შეადგენს 54 084,60 ლარს, 296 დღეზე ზიანი შეადგენს 51 474.4 ლარს.
ამდენად, შეგებებული სარჩელის პირველ მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 72 765.68 ლარის ოდენობით, ხოლო შეგებებული სარჩელის მეორე მოპასუხეს - 51 474.4 ლარის ოდენობით.
44. აპელანტის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აპელაციის მოთხოვნა შემცირდა ჯამში 148 190.48 ლარამდე. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს. ამასთან, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ მოთხოვნაზე სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის შეადგენს 150 ლარს. შესაბამისად, ჯამში სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელწიფო ბაჟი შეადგენს 6077.61 ლარს. გათვალისწინებით იმისა, რომ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია 7000 ლარი, აპელანტებს სახელწიფო ბიუჯეტიდან უკან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 922,39 ლარის ოდენობით.
45. სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-ს შემთხვევაში 72 765.68 ლარის, ხოლო ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს შემთხვევაში 51 474.4 ლარის ნაწილში, ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-ს შპს ,,დრანკ ოკტოპუსის“ და შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციას" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 2910,62 ლარის ოდენობით, ხოლო ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს უნდა დაეკისროს დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 2058,97 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება შეგებებულ სარჩელზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, დგინდება, რომ ჯამში სასარჩელო მოთხოვნა შეადგენდა 2 700 000 ლარს, საიდანაც ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-ს მიმართ მოთხოვნა შეადგენდა 400 000-ს , ხოლო ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს მიმართ 2 300 000 ლარს. ჯამში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 5000 ლარის ოდენობით (ტ.3, ს.ფ. 32). (სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი მთლიანი თანხის გათვალისწინებით და პროპორციის პრინციპის მხედველობაში მიღებით, ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-ს მიმართ მოთხოვნის ნაწილში გადახდილი ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 741 ლარით, ხოლო ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს მიმართ 4259 ლარით). დაკმაყოფილებული შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების პროპორციულად (ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-ს მიმართ დაკმაყოფილდა მოთხოვნის 18.19%, ხოლო ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს მიმართ 2.23 %-ის ნაწილში), დგინდება, რომ შეგებებული სარჩელის მოპასუხეს- ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-ს შპს ,,დრანკ ოკტოპუსის“ და შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციას" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შეგებებულ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 134,78 ლარის ოდენობით, ხოლო ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს შეგებებულ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 94,97 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „დრანკ ოკტოპუსის“ და შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციას" სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.08.2017წ. გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „დრანკ ოკტოპუსის“ და შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციას" შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
3.1. ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-ს შპს „დრანკ ოკტოპუსის“ და შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციას" სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 72 765.68 ლარის ოდენობით.
3.2. ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს შპს „დრანკ ოკტოპუსის“ და შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციას" სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 51 474.4 ლარის ოდენობით.
4. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.08.2017წ. გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
5. შპს ,,დრანკ ოკტოპუსს“ და შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციას" სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 922,39 ლარის ოდენობით.
6. ჯეკ დენიელს პროფერთიზ ინკ-ს შპს ,,დრანკ ოკტოპუსის“ და შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციას" სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 2910,62 ლარის ოდენობით, ასევე შეგებებულ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 134,78 ლარის ოდენობით.
7. ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდ-ს შპს ,,დრანკ ოკტოპუსის“ და შპს ,,დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციას" სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 2058,97 ლარის ოდენობით, ასევე შეგებებულ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 94,97 ლარის ოდენობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქ------- მესხიშვილი