განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2019
საქმის ნომერი
010210019002922046
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210019002922046

საქმე №2/ბ-1146-19წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - თამარ სვანიძე

აპელანტი: გ---–----- ს-----ე

მოწინააღმდეგე მხარე: თ----- ა----–--ე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

აღწერილობითი ნაწილი

1აპელანტის მოთხოვნა

1.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2019 წლის 01 აპრილს ბ------ის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა თ----- ა----–--ემ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) მოპასუხის (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი) გ---–----- ს-----ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. (იხ.ს.ფ. 1-14).

 

2.1.სარჩელის საფუძვლები

 

2.1.1.მოსარჩელის განმარტებით, საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება მდებარე ბ------ი, ქ----------, 278 კვ.მ. ფართი, ს.კ. 0-----------, რომელიც უკანონოდ აქვს დაკავებული მოპასუხეს. მიუხედავად არაერთი თხოვნისა იგი არ ათავისუფლებს უძრავ ქონებას. დარღვეულია მოსარჩელის როგორც მესაკუთრის უფლებები, რადგან იგი თავისუფლად ვერ ფლობს თავის ქონებას, ვერ სარგებლობს ქონებით და ვერ განკარგავს მას. შესაბამისად მიმართა სასამართლოს თავისი დარღვეული უფლების აღსადგენად.

 

2.2.მოპასუხის პოზიცია

 

2.2.1. მოპასუხე გ---–----- ს-----ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მართალია სახლის მესაკუთრეა მოსარჩელე თ----- ა----–--ე, რომელმაც ეს ქონება მიიღო შვილისგან ჩუქების ხელშეკრლების საფუძველზე. მაგრამ იგი თ----- ა----–--ის რძალია- შვილის გ-- ა----–--ის მეუღლე რომელთანაც იმყოფება არარეგისტრიებულ ქორწინებაში, გ-- ა----–--ესთან ერთად ყავს სამი თვის შვილი. მოსარჩელე არ იყო წინააღმდეგი გ---–----- ს-----ეს რომ მასთან ეცხოვრა. თუმცა რეგისტრირებული ქორწინებაში რომ არ გატარდეს გ-- ა----–--ესთან და გ-- ა----–--ემ ბავშვებს მამის გვარი მისცეს ამაში თ----- ა----–--ე უშლის ხელს. ფაქტიურად იგი ქუჩაში რჩება მის შვილთან ერთად, რომლებიც ასევე თ----- ა----–--ის შვილიშვილიც არის. (იხ. შესაგებელი ს.ფ. 30-38).

 

2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით: 1. თ----- ა----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა; 2. გამოთხოვილ იქნა გ---–----- ს-----ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ------ი, ქ---ის ქუჩა №-, ს/კ 0----------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს თ----- ა----–--ეს; 3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი;

 

2.4.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4.1. თ----- ა----–--ეს საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბ------ი, ქ---ის ქუჩა №-, ს/კ 0-----------. საქმის განხილვის დროისათვის აღნიშნულ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს და სარგებლობს მოპასუხე.

 

2.5.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის მუხლებზე და განმარტა შემდეგი:

 

2.5.1. სსკ-ის 170-ე, 172-ე, 183-ე,168-ე, 312-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. განსახილველ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილი იქნა, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ------ი, ქ---ის ქუჩა №-, ს/კ 0----------- წარმოადგენს თ----- ა----–--ის საკუთრებას. მოპასუხეს გ---–----- ს-----ეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად, მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელს. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი. მას ამ კუთხით რაიმე არსებითი შედავება არ წარუდგენია. შესაბამისად, ვერ დაადასტურა ნივთის მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი კი, კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით და მიიჩნევს, რომ მოპასუხის უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად. მართალია მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელესთან აქვს გარკვეული ნათესაური კავშირი, კერძოდ, არის მოსარჩელის რძალი და შვილიშვილის დედა. თუმცა, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება მესაკუთრის კანონიერ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

 

სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლზე მითითებით ასევე განმარტა, რომ გადაწყვეტილების დ/აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა გ---–----- ს-----ემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

 

3.1. აპელანტმა მიუთითა, რომ: ქონება მართლაც არის დარეგისტრირებული მოსარჩელეზე, მაგრამ მან იგი მიიღო ჩუქებით თავისი შვილის გ-- ა----–--ისაგან, რომელთანაც იგი იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ყავს 3 თვის შვილი. აპელანტი არის თ----- ა----–--ის შვილის გ-- ა----–--ის მეუღლე, და ყავს 3 თვის შვილი ამდენად იგი უკანონოდ არ ცხოვრობს ამ სახლში. ქორწინება მოხდა შეთანხმებით და ამას არ ეწინააღმდეგებოდა თავად მოსარჩელე. მაგრამ დღეის მდგომარეობით მოსაჩელე ძალადობს მათზე.

 

აპელანტს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და ამიტომ იგი მცირეწლოვანი ბავშვით ფაქტურად რჩება ქუჩაში ღია ცის ქვეშ.

 

მიაჩნია,რომ მასარჩელე ამ შემთხვაში ბოროტად იყენებს თავისი როგორც მესაკუთრის უფლებებს რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 8-ე და 115-ე მუხლების მოთხოვნებს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატა იზიარებს წინამდებარე გადაწყვეტილების პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2.4.1 პუნქტში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, ასევე ამავე განჩინების 2.5.1-პუნქტში მითითებულ სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა განსახილველი სამართაურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.

 

4.2.სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა-შეფასება აპელანტს(მოპასუხეს) გ---–----- ს-----ეს გააჩნია თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის - თ----- ა----–--ის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.

 

4.3. პალატის მოსაზრებით, სრულიად მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებზე დაყრდნობით, რომელთა თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. როგორც ზემოხსენებული ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით ხდება. მოთხოვნა დაკმაყოფილდება სამი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

ამდენად, დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება, თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე.

 

4.4.განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.4.1. . უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ბ------ი, ქ---ის ქუჩა №-, ს/კ 0----------- მესაკუთრეა თ----- ა----–--ე.

 

4.4.2. მოპასუხე გ---–----- ს-----ე უკანონოდ ფლობს მოსარჩელის საკუთრებას და არ ათავისუფლებს მას. გ---–----- ს-----ე ამ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ისე, სააპელაციო საჩივარშიც. იგი აცხადებს,რომ არის რძალი მოსარჩელის ანუ შვილის მეუღლე.

 

4.4.3. პალატის განმარტებით, ცალსახად დგინდება, რომ მოპასუხე/აპელანტი (მის მიერ წარდგენილ როგორც შესაგებელში, ისე სააპელაციო საჩივარში), ადასტურებს მისი მხრიდან სადაო უძრავი ქონების ფლობის ფაქტს, საიდანაც მის გამოსახლებას ითხოვს მოსარჩელე. უფრო მეტიც, გ---–----- ს-----ე ადასტურებს, რომ სადაო ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია თ----- ა----–--ე.

 

4.4.4.პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეს/აპელანტს არ აქვს მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების ფართის ფლობის უფლება, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლად საქმის განხილვის დროისათვის შეიძლება განხილულიყო.

 

4. 5.სააპელაციო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასების მიზნით უპირველესად მიუთითებს იმაზე, რომ ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ის ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და რომ ეს ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.

 

4.5.1 განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად უტყუარად დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბ------ი, ქ---ის ქუჩა №-, ს/კ 0----------- - საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე თ----- ა----–--ის სახელზე, რასაც ადასტურებს მოპასუხე/აპელანტიც (საფუძველია 2017 წლის 29 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულება). საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი გაუქმებული არ არის და ამ მიმართებით არც ადმინისტრაციული და არც სხვა სახის წარმოება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციას ეჭვქვეშ დააყენებდა, არ მიმდინარეობს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია შედავებული არ არის.

 

4.5.2.სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტის- გ---–----- ს-----ის- მიერ ვერ იქნა დადასტურებული მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების - უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.სახელდობრ, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლება შეცილებულ და სადავოდ გამხდარი არ არის, უძრავ ქონებას ვალდებულებით-სამართლებრივი შეზღუდვა არ გააჩნია. რაც შეეხება მითითებას იმის თაობაზე, რომ თ----- ა----–--ე აპელანტის დედამთილია, და რომ მას ყავს 3 თვის შვილი თ----- ა----–--ის შვილისაგან რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება-პალატა ვერ მიიჩნევს თ----- ა----–--ის სანივთო უფლების (საკუთრების) შეზღუდვისათვის საკმარის გარემოებად, რადგან მოპასუხეს თავისი შვილის გამო შეიძლება გარკვეული უფლები გააჩნდეს ბავშვის მამის მიმართ. და თუ დადასტურდება რომ ამ მიმართებით ბავშვის უფლებები ვერ იქნება დაცული მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოპასუხემ სხვა კანონიერი გზებით იდაოს ბავშვის უფლებების დასაცავად.

 

4.6.სააპელაციო სასამართლო ზემოხსენებულთან ერთად მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ კანონმდებლის ნებით, საკუთრების არსებითი შინაარსი მის ექსკლუზიურობაშია - გამორიცხოს ყველა ადამიანი სხვა პირის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვისაგან. საკუთრების უფლების ექსკლუზიურობა პირს აძლევს ძალაუფლებას დაუპირისპირდეს სხვა ნებისმიერი პირის ჩარევას. საკუთრების უფლება თავისი სრული, ექსკლუზიური ხასიათის გამო განსაკუთრებული უფლებაა, თუმცა მის გამოყენებასაც ახლავს შეზღუდვები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას, რადგან პირის ქმედება ობიექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად, თუ მის ქმედებას სხვა მიზანი არ ჰქონდა, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა და მისი განხორციელება მესაკუთრის ინტერესში არ შედიოდა. ამდენად, უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს უფლებით ისეთ სარგებლობას, როდესაც უფლების გამოყენება მხოლოდ სხვა პირებისათვის არის ზიანის მომტანი, ხოლო მესაკუთრის კანონიერი ინტერესებისათვის არ არის სარგებლის მომტანი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა, სახელდობრ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტი უკანონოდ ფლობს მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) უძრავ ქონებას, რადგან მხარეთა შორის არ არსებობს კანონშესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან (აპელანტთან) მიმართებაში, იგი არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს, შესაბამისად, არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სააპელაციო პალატის მიერაც. აპელანტს კი მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი, ასევე, მის მიერ სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დასაშვები და დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია არ წარუდგენია.

4.8. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს მსჯელობა სრულად შეესაბამება როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალს, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას მსგავსი ტიპის დავებზე.(იხ. სუსგ ას-1099-2019წ. 3 ოქტომბერი, 2019 წელი, ქ. თბილისი).

4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, ასევე დავის განხილვისას საპროცესო ნორმათა მოთხოვნები არ დაურღვევია და თ----- ა----–--ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გ---–----- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-80 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---–----- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე თამარ სვანიძე