განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #130100119003195248
საქმე №1ბ/182-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
მსჯავრდებულ გ--------- ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------- ჯ-----–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის და მცხოვრების ქ-----–--------------------–------------ში მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------- ჯ-----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 18 ნოემბერს ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გასამართლებულმა გ--------- ჯ-----–---–მა 2019 წლის 12 აგვისტოს, ღამის საათებში უკანონოდ შეაღწია ქ-----–--------------------–-------ში მდებარე გ------ი ჯ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ „სამსუნგ გალაქსი-ჯ2“ ფირმის მობილურ ტელეფონს ღირებულს 400 ლარად, ფულად თანხას 1500 ლარის ოდენობით და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენით:
გ--------- ჯ-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
გ--------- ჯ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 15 აგვისტოდან.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ--------- ჯ-----–---–მა. მსჯავრდებულმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ გ--------- ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ--------- ჯ-----–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--------- ჯ-----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, ბრალდებულ გ--------- ჯ-----–---–ის მიერ დანაშაულის აღიარების, მოწმეების: ი-----–----–-----ის, გ------ი ჯ-----–---–ის, რ------- ჯ-----–---–ის, თ-------------–--–ის გამოკითხვის ოქმების, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების, ნივთის ამოცნობის ოქმის, ამონაწერის სააბონენტო ნომრიდან გამავალ ზარებზე, გ--------- ჯ-----–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის განაჩენისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ--------- ჯ-----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მის მიმართ სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა გ--------- ჯ-----–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის აღიარება და მონანიება, მსჯავრდებულმა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე, სასამართლომ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ქმედების ჩადენის ხერხი, დამდაგარი შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება, დამამძიმებელი გარემოებების არ არსებობა და ისე განუსაზღვრა მას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რომლის შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენი გ--------- ჯ-----–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--------- ჯ-----–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ--------- ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ--------- ჯ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
გ--------- ჯ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 15 აგვისტოდან.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ--------- ჯ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საფულე - განადგურდეს;
გ------ი ჯ-----–---–ის მიერ წარმოდგენილი ამონაბეჭდი სააბონენტო ნომერზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვალი,, შპს „მ--------–იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია დატანილი „CD” დისკზე - დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
გ--------- ჯ-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი ასლარიანი კუპიურა, 1 ცალი ათლარიანი კუპიურა, „SAMSUNG“-ს ფირმის მობილური ტელეფონი იმეილ კოდებით: 3---------------------------------------, რომლებიც, ინახება შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი